ცხოვრებისეული სიძნელეები, კრიზისული სიტუაციები და ერთფეროვანი რუტინა ხშირად ჩვენს შინაგან ცეცხლს აქრობს და ყოველ ჯერზე გვჭირდება შეხსენება საკუთარი თავისთვის, თუ ვინ ვართ და რა მიზანი აქვს ჩვენს ცხოვრებას უფალში. ყოველდღიურობა მიზანმიმართულად ცდილობს, ჩვენი მზერა მარადიულიდან წუთიერზე გადაიტანოს და ეს შეუმჩნევლად ხდება.ზოგჯერ გვეჩვენება, რომ უფალი შორსაა ჩვენგან და მას არ ესმის ჩვენი, სინამდვილეში კი ეს ჩვენ ვშორდებით მას ჯერ რამდენიმე ნაბიჯით, შემდეგ ქვის სასროლ მანძილზე და შესაძლებელია, „უცხო ცეცხლთანაც” ამოვყოთ თავი. სულიერი განახლება თითოეულ ჩვენგანს ყოველდღე სჭირდება, მაგრამ საიდან უნდა დავიწყოთ?
დაბრუნდით ღმერთთან
სულიერი გაღვიძება ღმერთთან დაბრუნებას ნიშნავს. როდესაც გვეჩვენება, რომ ღმერთი შორსაა ჩვენგან, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა, თუ მასთან ვართ (2 ნეშტ. 15:2). თუ ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, ღმერთი ნამდვილად არაა ის, ვინც ამ ურთიერთობას ტოვებს. ღმერთი ამბობს: „…მობრუნდით ჩემკენ და მეც მოვბრუნდები თქვენკენ.“ (მალაქია 3:7).
სიწმინდე
შეუძლებელია, ცოდვაში ცხოვრობდე და ამავდროულად სულიერი განახლება მიიღო. ესაიას პირველ თავში, ღმერთი უარს აცხადებს ადამიანთა მიერ აღვლენილ თაყვანისცემაზე, როდესაც მის წინაშე წარსადგომად ცოდვით დამძიმებულნი მიდიან (ესაია 1:1-20). როდესაც წინასწარმეტყველმა ესაიამ ღმერთი იხილა, მაშინვე გააცნობიერა სიწმინდის ნაკლებობა თავის თავში (ესაია 6:5). ჩვენს თაყვანისცემაზე და მსახურებაზე მეტად, ღმერთს ჩვენი სიწმინდე სურს (ლევიანნი 11:44; 1პეტრე 1:15-16). იმ დროს, როდესაც ადამიანები თაყვანისცემისა და ლოცვების განახლებას გთავაზობენ მონანიების გარეშე, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს შეუძლებელი და არაბიბლიურია.
სულიწმიდით ავსება
მაშინ, როდესაც განახლება ხდება, ადამიანები სულიწმიდით ივსებიან. ქადაგებას მაშინ აქვს ძალა, როდესაც სულიწმიდითაა სავსე. ჯგუფმა, შესაძლოა, იგივე საგალობელი შეასრულოს, რომელსაც წესისამებრ გალობს, თუმცა მაშინ, როდესაც ის სულიწმიდის ცხებულებითაა სავსე, სიხარული და ღმერთის სულის თანდასწრება იგრძნობა. გააცნობიერეთ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი თქვენს სხეულში ცხოვრობს და იქონიეთ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა; უსმინეთ მის ხმას და ნუ დაანაღვლიანებთ მას თქვენი უგულისყურობით მისდამი.
მორჩილების სურვილი
განახლება ღმერთის მორჩილებისადმი სურვილს აძლიერებს. ხორციელი ქრისტიანობის მიზეზი ის კი არაა, რომ არ ვიცით, რა სურს ღმერთს ჩვენგან, არამედ სურვილის უქონლობა, რომ ვაკეთოთ ის, რაც ღმერთმა გვითხრა. განახლების დროს ადამიანები ღმერთს უბრუნდებიან, რისი გარდაუვალი შედეგიცაა სურვილი – აკეთო ის, რაც მას სურს. განახლება ღმერთის ხალხს მის მიმართ სიყვარულს უბრუნებს. როდესაც განახლება მოდის, ადამიანები აცნობიერებენ თავიანთ ცოდვილ მდგომარეობას.
თუ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვისაც სულიერი განახლება სჭირდება, ილოცეთ ამ სიტყვებით:
უფალო იესო, გმადლობთ, რომ შეგვიძლია აღსარების თქმა, რადგან თუ ჩვენს ცოდვებს ვაღიარებთ: „იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმენდს ყოველგვარი უკეთურებისგან.“ (1იოანე 1:9).
ღმერთო, მადლობელნი ვართ, რომ შეგვიძლია მონანიება და გვაქვს შესაძლებლობა, განვახლდეთ:
მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ.
ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ შეგვიძლია ლოცვა და შენ შეისმენ ჩვენს სათხოვრებს:
თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
შეგვინდე, უფალო, რადგან არ ვესწრაფვით სულიერ გაღვიძებას.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით სულიწმიდას, რომ მონანიების ადგილას წაგვიყვანოს და შეცვალოს ჩვენი გულები.
ძვირფასო ღმერთო, ვინანიებთ ჩვენი გაუბედაობის გამო.
ცხოვრებაში ხშირად გვაკლია სიწმინდე. გაგვწმინდე, უფალო.
ჩვენ რელიგიურები ვართ ნაცვლად იმისა, რომ შენთან ცოცხალი ურთიერთობა ვიქონიოთ. ვინანიებთ ჩვენს დაუდევრობას, იესო.
უფალო, რამდენადაც ვცდილობთ, სულიერი დისციპლინა გვქონდეს, ნება მოგვეცი, ვიყოთ ერთ-ერთი „მორჩილი და აკანკალებული“ შენს სიტყვებზე. (ესაია 66:2).
ჩვენო უფალო იესო, მარხვითა და ლოცვით, დაე, „ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგვშორდეს ყველა ბოროტებასთან ერთად.“ (ეფესელთა მიმართ 4:31).
ძვირფასო ღმერთო, ნება მოგვეცი, ესაიას მსგავსად შევძლოთ, ვთქვათ:
ვაიმე! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ მე და ბაგეუწმინდურ ხალხს შორის ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი იხილეს მეუფე, უფალი ცაბაოთი.
უფალო იესო, გზააბნეულნი ვართ; ამიტომ მოგვეცი ნება, დავბრუნდეთ შენთან:
მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმინდეთ გულები, ორჭოფნო.
შეგვინდე, უფალო, და განგვაახლე…
ავტორი: რიჩარდ ბლეკები