ყველას ვერ ვაიძულებთ გაჩუმებას. ვერ გავწმენდთ ინტერნეტს სიბინძურისგან და ვერ დავბლოკავთ ყველას. ჩვენ ვერ შევქმნით იდეალურ გარემოს. შურიანი და არაკეთილმოსურნე ადამიანები ვერ გაქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან. ახალ ამბებში კვლავ და კვლავ უარყოფითს მოვისმენთ, ფილმებში ისევ და ისევ გარყვნილებას ვიხილავთ, მსოფლიო კი ჯერჯერობით ასეთივე იქნება, ან უარესი…
სწორედ ამიტომ, სჯობს, ხანდახან ყური მოვიყრუოთ ყველაფრის მიმართ, რაც ანგრევს ცხოვრებას, ხანდახან დავმუნჯდეთ იმისათვის, რომ რეაქცია არ გამოვხატოთ. ოღონდ ყური სხვათა ტკივილსა და საჭიროებას კი არ მოვუყრუოთ, რადგან თანაგრძნობა არავის გაუუქმებია, არამედ დავყრუვდეთ იმისათვის, რაც ანადგურებს სულს, ბილწავს სინდისს, იპარავს რწმენას, იმედსა და სიყვარულს…
მე კი არ ვისმენ, ვითარცა ყრუ და მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს. და დავემსგავსე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ შეუძლია პასუხის გაცემა. მაგრამ შენ გენდობი, უფალო და შენ მიპასუხებ, უფალო, ღმერთო ჩემო.