„ყველა ადამიანი არამზადა როდია,“ – უთხრა ფაშისტებს ადამიანმა, რომელიც ბავშვებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში. ეს იყო იანუშ კორჩაკი. პოლონელი მწერალი, პედაგოგი და ექიმი. მან სამჯერ თქვა უარი საკუთარი სიცოცხლის ხსნაზე. პირველად ეს მოხდა, როცა იანუშმა მიიღო პოლონეთში დარჩენის გადაწყვეტილება ქვეყნის ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე, იმისათვის, რომ „ობოლთა სახლი“ ბედის ანაბარა არ დაეტოვებინა ფაშისტებთან მოსალოდნელი ომის წინ. მეორედ ეს მოხდა მაშინ, როცა მან უარი თქვა ვარშავის გეტოდან გაქცევაზე, ხოლო მესამედ იანუშმა უარი თქვა თავისი თავის გადარჩენაზე მაშინ, როცა „ობოლთა სახლის” ყველა მკვიდრი საკონცენტრაციო ბანაკში მიმავალ მატარებელში ავიდა. ამ დროს კორჩაკთან მივიდა სს-ის ოფიცერი და ჰკითხა: „ეს თქვენ დაწერეთ მეფე მათეუში? წაკითხული მაქვს ეს წიგნი ბავშვობაში. კარგი წიგნია. თავისუფალი ხართ.“ – „და ბავშვები?” – იკითხა იანუშმა. „ბავშვები გაემგზავრებიან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ვაგონის დატოვება,“ – მიუგო ოფიცერმა. „არა, ცდებით, არ შემიძლია. ყველა ადამიანი როდია არამზადა,“ – ასეთი იყო კორჩაკის პასუხი. რამდენიმე დღის შემდეგ იანუშ კორჩაკი, ბავშვებთან ერთად, შევიდა გაზის კამერაში. სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე კორჩაკს ხელში ეჭირა ორი ყველაზე პატარა ბავშვი და ზღაპარს უყვებოდა მათ, პატარებს, რომლებსაც ეჭვიც კი არ ჰქონდათ იმაზე, რა ელოდათ წინ….
სხვას ნამდვილად ვერაფერს ვერ დავამატებთ გარდა იმისა რომ წაიკითხოდ ათი პრინციპი ბავშვის აღზრდისათვის, რომელსაც იანუშ კორჩაკი პრაქტიკაში იყენებდა.
1. ნუ მოელით, რომ თქვენი შვილი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც თავად ხართ, ან ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ, რომ იყოს. დაეხმარეთ მას საკუთარი თავის პოვნაში.
2. არ მოითხოვოთ ბავშვისგან, რომ გადაგიხადოთ ყველაფრისათვის, რაც მისთვის გაგიკეთებიათ. თქვენ მას სიცოცხლე მიეცით, როგორ გადაგიხდით ის ამის სამაგიეროს? ის სხვას მისცემს სიცოცხლეს, სხვა სხვას მისცემს სიცოცხლეს და ეს არის შეუქცევადი კანონი მადლიერებისა.
3. ნუ გადაიტანთ საკუთარ უკმაყოფილებას ბავშვზე, რათა სიბერეში მწარე პური არ იგემოთ, რადგანაც რასაც დათესავთ, იმასვე მოიმკით.
4. ნუ დააკნინებთ მისი პრობლემების მნიშვნელობას. ცხოვრება ყველას თავის შესაძლებლობათა მიხედვით ეძლევა და დარწმუნებული იყავით, რომ მისთვის ცხოვრება არანაკლებ რთულია, ვიდრე თქვენთვის და შეიძლება კიდევ უფრო მეტად რთულიც კი, რადგან მას არა აქვს გამოცდილება.
5. ნუ დაამცირებთ მას.
6. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ადამიანისთვის, შვილებთან შეხვედრებია. მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ, ჩვენ არ ვიცით, ვის შევხვდებით ჩვენს შვილებში.
7. ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ არ შეგიძლიათ რაიმეს გაკეთება თქვენი შვილისთვის. გახსოვდეთ, ბავშვისთვის გაკეთებული მაშინ არ იქნება საკმარისი, თუ ყოველივეს არ მოიმოქმედებთ, რაც შეგიძლიათ.
8. ბავშვი ტირანი როდია, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად ეუფლება. ის არც მხოლოდ ხორცისა და სისხლის ნაყოფია. ბავშვი არის ძვირფასი ჭურჭელი, რომელიც ღმერთმა მოგცათ, რათა დაიცვათ და გააღვივოთ მასში შემოქმედებითი ცეცხლი. მან გამოათავისუფლა მამისა და დედის სიყვარული, რომლებიც გაზრდიან არა „ჩვენს“ და არა „ჩემს“ ბავშვს, არამედ სულს, რომელიც მათ დასაცავად ჰყავთ მიბარებული.
9. იცოდეთ, როგორ გიყვარდეთ სხვისი შვილი. არასოდეს გაუკეთოთ სხვის შვილს ისეთი რამ, რაც არ გინდათ, რომ თქვენ შვილს გაუკეთოს სხვამ.
10. გიყვარდეთ თქვენი შვილი ყველანაირი: უნიჭოც, წარუმატებელიც, გაზრდილიც. იქონიეთ მასთან ურთიერთობა, იმხიარულეთ მასთან ერთად, რადგან ბავშვი დღესასაწაულია, რომელიც ჯერ კიდევ თქვენთანაა.
წყარო