„ქალბატონო მარია, შაბათს მე ვიყავი თქვენს სტუმრებს შორის. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ნამცხვარი ‘ნაპოლეონი’, რომლითაც სტუმრებს გაუმასპინძლდით, ძალიან ცხიმიანი გახლდათ. ვინღა აკეთებს ჩვენს დროში ნაღების კრემს? მე გეახელით ოთხ ნაჭერს იმ იმედით, რომ გამერკვია, რა იყო მასში განსაკუთრებული, მაგრამ ამაოდ. როდესაც მე ვაცხობ ‘ნაპოლეონს’, ვუსვამ მას მოხარშულ, ჰაეროვან კრემს, თქვენი ნამცხვარი კი ნამდვილი საძაგლობა გახლდათ!
უფრო მეტიც, ქალბატონო მარია, ძალიან ბევრი წიწაკა ჩაგიყრიათ წვნიანში. თქვენ რა, გადაწყვიტეთ განწყობა წაგეხდინათ თქვენი სტუმრებისთვის? ჩვენ ხომ მექსიკელები არ ვართ? ეს საშინელება იყო! სხვათა შორის, თქვენს სახლში ავეჯიც ძველმოდურია. თანამედროვე სახლებში დიდი ხანია ასეთ ავეჯს აღარ იყენებენ.
აი, ეს იყო ყველაფერი, რაც მინდოდა, რომ თქვენთვის მომეწერა. მომავალ შაბათს კი, როდესაც თქვენთან ჩაის დასალევად კვლავ მოვალ, ვიმედოვნებ, რომ თქვენ დამახვედრებთ ფრანგულ ბეზეს ჰაეროვანი კრემით.
პატივისცემით, თქვენი უცნობი.“
აღწერილი სიტუაცია ეპითეტური გროტესკია. არც ერთ ჩვენგანს არ სწერენ მსგავს წერილებს. ჩვენ ზრდილობიანი ხალხი ვართ და როდესაც რაღაც არ მოგვწონს, თავაზიანად ვიხდით მადლობას და უარს ვაცხადებთ, როდესაც კვლავ გვეპატიჟებიან სტუმრად. და მაინც, ამგვარი უტიფარი ქცევა გავრცელებულია ინტერნეტში.
ადამიანები სტუმრობენ პოეტების, მწერლების, ფოტოგრაფების, მუსიკოსების და სხვა ცნობილი ადამიანების პირად გვერდებს და არ ერიდებათ გამოთქვან საკუთარი „ფუ“, ზიზღნარევი დამოკიდებულება იმ მასალის მისამართით, რომელსაც გულუხვად უზიარებს გვერდის ავტორი მის სტუმრებს. ხშირ შემთხვევაში კი ეს დამოკიდებულება არ არის მარტო „ფუ“, არამედ შეურაცხყოფა, უხეშობა და „თქვენი საყვარელი კერძების თქვენეული რეცეპტები“.
მოდით, ვიყოთ ისეთივე ზრდილობიანნი სოციალურ ქსელებში, როგორებიც ეკლესიაში ვართ მსახურების შემდეგ. ვფიქრობ, რომ არ ღირს ვრცლად საუბარი იმის შესახებ, რომ უხეშობა ქრისტიანული ეთიკის პირდაპირი დარღვევა და ცოდვაა ღვთის წინაშე, მაგრამ გირჩევთ, იყოთ სუფთანი გულით და თუ ‘ნაპოლეონი’ თქვენთვის ძალიან ცხიმიანია ან წვნიანი ზედმეტად ცხარე, ამის გამო ნუ იდავებთ, მოიმზადეთ თქვენი დიეტური კერძი.