დღეს არსებული ვითარების გამო, უამრავი ადამიანი გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ერთი შეხედვით, ეს თითქოს მოსახერხებელია, მაგრამ ყველაფერს ახლავს თავისი სირთულეები. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ სახლიდან თქვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერი გახდეს.
გააცნობიერეთ, რომ სამსახურსა და სახლს შორის საზღვრები გადღაბნილია
ჩვენი უმეტესობა კარგად გაიაზრებს ამ დინამიკას იმ კონფლიქტის მეშვეობით, რომელიც აუცილებლად იჩენს თავს. ჩვენ გაღიზიანებულნი ვიქნებით იმის გამო, რომ ზედმეტს ვმუშაობთ (სახლიდან ვმუშაობ, მაგრამ უფრო ნაკლებ დროს ვატარებ ოჯახთან), ან პირიქით, ნაკლებს ვმუშაობ (რადგან სახლიდან ვმუშაობ, ნაკლებად პროდუქტიული ვარ).
იმის გამო, რომ სახლი და სამსახური დროისა (დილიდან საღამომდე) და სივრცის (ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლა) მიერ არ იქნება გამიჯნული, ჯანსაღი მუშაობისადმი გადადგმული პირველი ნაბიჯი გახლავთ იმის აღიარება, რომ სამსახურსა და სახლს მკაფიო ზღვარი აღარ ყოფს.
განსაზღვრეთ სამუშაო დღის დაწყებისა და დამთავრების დრო
ეს პირველი პრინციპიდან გამომდინარეობს. სამუშაო დღის დაწყებისა და დამთავრების დროის განსაზღვრა ცოტაოდენ მკაფიოს ხდის სამსახურსა და სახლს შორის არსებულ ზღვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობთ განსაზღვრული სამუშაო საათების შემდეგ. უკეთესი იქნება, თუ სამუშაოდ თქვენი სახლის ან ბინის ერთ კონკრეტულ ადგილს აირჩევთ და იქ მხოლოდ სამუშაოსთვის განკუთვნილ დროს გაატარებთ. რაც უფრო მეტად დაიცავთ ამ დადგენილ საზღვრებს თქვენთვისაც და სხვებთან მიმართებითაც, მით უფრო მეტად ეფექტიანნი იქნებით.
გააცნობიერეთ, რამდენად ხართ დამოკიდებულნი საკუთარ ჩვევებზე დღის განმავლობაში და როგორ უნდა შეიძინოთ ახალი ჩვევები
ჩვევები ჩვენს ტვინს იმის საშუალებას აძლევს, რომ თავიდან აირიდოს განმეორებად გადაწყვეტილებათა მიღება. ძალიან დამღლელი იქნებოდა, ყოველდღიურად იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რომ ვიყოთ დამოკიდებულნი, გავიდეთ თუ არა სახლიდან: გავიღვიძებ და შემდეგ გადავივლებ წყალს? თუ გავიღვიძებ და ყავას მოვიდუღებ? კბილებს გავიხეხავ და შემდეგ გავალ სამზარეულოში? ან იქნებ, ჯერ ჩავიცვა და შემდეგ გავიხეხო კბილები?
გჯერათ თუ არა, ყველაზე წარმატებული ადამიანები ყველაზე ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ მსგავს გადაწყვეტილებათა მიღებაში. ისინი ჩვევებს იყენებენ, რომლებსაც „ავტომატურად“ მიჰყავს ისინი საწოლიდან სამუშაო მაგიდამდე და ამავდროულად, ისინი უკვე ჩართულნი არიან უფრო მაღალი დონის გადაწყვეტილებათა პროცესში.
მაშინ, როცა ჩვენი ყველა ჩვევა ირევა გარემოებათა მკვეთრი ცვლილებების გამო, წარმატებული ადამიანები სწრაფად გამოიმუშავებენ ახალ ჩვევებს, ახალ რუტინას. დაიწყეთ კვირა საკუთარი თავისთვის ახალი რუტინის დადგენით. გამოიმუშავეთ კარგი ჩვევები მომდევნო კვირისათვის.
გამიჯნე გართობა და სოციალური ქსელის თვალიერება
გახანგრძლივებული სოციალური იზოლაციის დროს თქვენი ტვინი დაიწყებს იმის შემჩნევას, რომ რაღაც აკლია. მას აკლია ის სტიმული, რომელსაც ის, ჩვეულებისამებრ, იღებს დღის განმავლობაში. ამ სიცარიელის შევსების ყველაზე ადვილი ხერხი სოციალური ქსელის თვალიერებაა. მე წიგნებთან დაკავშირებული პროფესია მაქვს და იქნებ ამიტომაც ვამბობ ამას, მაგრამ არ გიფიქრიათ, რომ ეს დრო წიგნების საკითხავად გამოგეყენებინათ? ტვინის გამდიდრების სხვადასხვა მრავალფეროვანი საშუალება: წიგნები, ე.წ. პოდკასტები, აუდიოწიგნები, ხატვა ‒ დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ იმ შემპარავ გრძნობას, რომელიც გეუბნებათ: „რა მომდის ამ კვირაში?“
კვირის ბოლოს შეაფასეთ გასული კვირა და დაგეგმეთ შემდეგი
თავდაპირველად ყველაფერი ისე კარგად არ იქნება, როგორც გვსურს, მაგრამ არა უშავს! გაანაწილეთ დრო კვირის ბოლოს იმისათვის, რომ თქვენი ჩვევები ახალ გარემოებებს მოარგოთ მომდევნო კვირაში. უფრო მეტი გეცოდინებათ, ვიდრე ახლა იცით იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა ესწრაფოდეთ ამ პირობებში ყოფნისას.
იპოვეთ შესაფერისი საშუალებები როგორც სოციალური კავშირის, ისე განმარტოებისათვის
ეს უკავშირდება გართობის შესახებ საკითხს; თქვენი ტვინისათვის აუცილებელია, დაკავშირებული იყოს სხვა ტვინებთან, მაგრამ მას სხვა ადამიანებისგან დასვენებაც ესაჭიროება. განმარტოება უფრო ძნელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ, მაგრამ ინტროვერტებსაც და ექსტრავერტებსაც, მეტ-ნაკლები დოზით, სჭირდებათ განმარტოება.
იპოვეთ შესაფერისი საშუალებები ვარჯიშისათვის/მოძრაობისათვის
ჩვეულებისამებრ, მე რამდენიმე მილს დავდივარ ყოველდღიურად ჩემი სახლიდან ოფისამდე და პირიქით. გავდივარ სახლიდან, მივდივარ მანქანამდე, ვაყენებ მანქანას ავტოფარეხში და გადმოვდივარ, მივდივარ ესკალატორამდე და შემდეგ გავდივარ ოფისის ტერიტორიაზე. გარშემო ვუვლი ჩვენი კომპანიის შენობას და ვეძებ ადგილს, სადაც იმ დილით შეხვედრა უნდა გაიმართოს. საღამოსაც ამას ვიმეორებ, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. ჩემი სხეული და გონება ამ მოძრაობაზეა დამოკიდებული იმისათვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ვიპოვით დრო და ადგილი, სადაც შევძლებთ ‒ ვიმოძრაოთ და დავარწმუნოთ ჩვენი ტვინი, რომ კარგად ვართ.
დღეში მხოლოდ ორჯერ შეამოწმეთ ახალი ამბები და ამით შეამცირეთ დაძაბულობა
პატიოსნად აღიარეთ: რამდენი ინფორმაცია წაიკითხეთ ინტერნეტში გასული ორი კვირის განმავლობაში? კელ ნიუსპორტი, ავტორი წიგნისა „ციფრული მინიმალიზმი“, შესანიშნავ იდეას გვთავაზობს დაძაბულობის შესამცირებლად. არა, ის იმას როდი გვეუბნება, რომ ინფორმირებულნი არ ვიყოთ; პირიქით, ის გვთავაზობს, რომ გარკვეული დრო გამოვყოთ (დილით და საღამოს) იმისათვის, რომ გავიგოთ, რა ხდება გარე სამყაროში. სხვა, უფრო მეტად „სასწრაფო“ ამბებს თავად ადამიანებისგან შეიტყობთ.
რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი თქვენს სულიერ დისციპლინაზე?
რამდენადაც შესაძლებელია, ვცდილობ, არ განვუსაზღვრო სხვა ადამიანს ის, თუ როგორი უნდა იყოს მისი სულიერი დისციპლინა. მიუხედავად იმისა, თუ ვინ სად ვიმყოფებით სულიერების გზაზე ‒ ლოცვის, მარხვის, ბიბლიიის კითხვის მიხედვით ‒ ყოველთვის შეგვიძლია, გავიუმჯობესოთ სულიერი მდგომარეობა და უფრო წინ წავიდეთ.
ძალიან მიჭირდა ყოველდღიურად ე.წ. „წყნარი დროის“ გამონახვა ღმერთთან ურთიერთობისათვის ისე, როგორც ამას ჩემი სულიერი დამრიგებელი მეუბნებოდა და ამის გამო, სულიერების კუთხით, თავი სრულიად წარუმატებელი მეგონა. ნაცვლად ამისა, უნდა გვქონდეს გეგმა, რომელსაც მივყვებით ყოველდღიურად. ჩვენზეა დამოკიდებული, დღე ისე გავანაწილოთ, რომ ყველაფრისათვის გვქონდეს შესაბამისი დრო.
ნაყოფიერება პანდემიის დროს
ჩემმა ცოლმა მითხრა:
„როცა ლონდონში შავი ჭირი მძვინვარებდა 1665 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტი დაიხურა და სტუდენტი ისააკ ნიუტონი იძულებული გახდა, სახლში მჯდარიყო. ამ დროის განმავლობაში გამოიგონა კალკულუსი, ოპტიკური თეორიის ნაწილი და სავარაუდოდ, თავის ბაღში, ხის ქვეშ ჯდომისას, მაშინ ჩამოვარდა ვაშლი და მიზიდულობისა და მოძრაობის კანონების შესახებ შთაგონებაც აქედან მიიღო.“
არ ვიცი, მართალია თუ არა ეს ყველაფერი, მაგრამ იქნებ ამ უცნაურმა პერიოდმა − რომელიც გვაიძულებს, ცხოვრების ტემპი შევანელოთ და ბევრ რამეზე გავამახვილოთ ყურადღება − გზა გაუხსნას უფრო მეტ ნაყოფიერებას, სიახლეებს ან თუნდაც სულიერ გამოღვიძებას?