კონსტანტინე ფლავიცკი (1830-1870 წწ.) გახლდათ რუსი მხატვარი, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებში მოღვაწეობდა. მან მხოლოდ 35 წელი იცოცხლა, თუმცა თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მაინც მოასწრო მსოფლიო დონის შედევრების შექმნა.
ფლავიცკიმ სამხატვრო განათლება მეცნიერებათა და მხატვრობათა საიმპერატორო აკადემიაში მიიღო, სადაც ის პროფესორ ფ. ა. ბრუნის მოწაფე იყო. 1854 წელს ის მცირე ოქროს მედლით დააჯილდოეს კონკურსის მოთხოვნების მიხედვით შექმნილი ნახატისათვის „სოლომონის სამსჯავრო“. მომდევნო წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემია. მას მიენიჭა მხატვრის წოდება და დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით ნახატისათვის „იაკობის შვილები ყიდიან საკუთარ ძმას, იოსებს“. ამის შემდეგ ის იტალიაში გაემგზავრა, როგორც აკადემიის პენსიონერი (ხელოვნების საიმპერატორო აკადემიის კურსდამთავრებული, რომელიც ფულად დახმარებას იღებდა თავისი ოსტატობის შემდგომი დახვეწისათვის). რუსეთში 1862 წელს დაბრუნდა.
1863 წელს ფლავიცკი აკადემიის „საპატიო თავისუფალ წევრად“ იქნა აღიარებული რომში შესრულებული კოლოსალური ნახატისათვის „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“. 1864 წელს კი კონსტანტინე ფლავიცკის ისტორიული ფერწერის პროფესორის წოდება მიენიჭა (ნახატისათვის „თავადის ასულ ტარაკანოვას სიკვდილი“), თუმცა ახალგაზრდა ფერმწერმა ვერ მოასწრო სხვა შესანიშნავი შედევრების შექმნა. ის 1866 წელს სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა ტუბერკულოზით, რითიც ის იტალიაში ყოფნისას დაავადდა.
„ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“ ისტორიული ჟანრის შედევრია. ტილო რომში დახატა კონსტანტინე ფლავიცკიმ, თუმცა ის ახლა სანკტ-პეტერბურგში, „რუსეთის სახელმწიფო მუზეუმში“ ინახება. ნახატზე გამოსახულნი არიან წამებულები, რომლებიც ცოტა ხანში სიკვდილით დაისჯებიან საკუთარი რწმენის გამო.
III-IV საუკუნეებში რომის იმპერიაში ადამიანების სიკვდილით დასჯის სანახავად უამრავი ხალხი იყრიდა თავს, განსაკუთრებით კოლიზეუმი ივსებოდა, სადაც ქრისტიანებს სჯიდნენ სიკვდილით. ქრისტიანებს იმპერატორი მშიერი ლომების „გულმოწყალების“ ბედად ტოვებდა კოლიზეუმის არენაზე. „გულმოწყალება“ კი არ იყო არც ქალების, არც ჩვილებისა და არც მოხუცებისათვის. წამებულები, რომლებსაც სწამდათ ჯვრის ძალისა და მხსნელის, გაბედულად ხვდებოდნენ საშინელ სიკვდილს. მათი სულები ხომ ცხონდებოდა ამის შემდეგ. ფლავიცკის ნახატი გვაიძულებს დავფიქრდეთ იმის შესახებ, თუ რისთვის იყვნენ ადამიანები მზად ღმერთის გამო.
ნახატი დახვეწილი ოსტატობითაა შესრულებული. დილეგში გამომწყვდეული ქრისტიანები სიკვდილით დასჯას ელოდებიან. კარი უკვე ღიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მალე მხეცური სასჯელის წინაშე აღმოჩნდებიან.
კოლიზეუმი 78 ათას მაყურებელს იტევდა. მათ სურდათ სიკვდილით დასჯის ნახვა და ამას მოითხოვდნენ კიდეც, თუმცა დროთა განმავლობაში, ეს პრაქტიკა გაუქმდა თავისი სასტიკი და ამაზრზენი ხასიათის გამო. მე-4 საუკუნის ბოლოსათვის ქრისტიანთა დევნა და სიკვდილით დასჯა შეწყდა.