პონტოელი პილატე რომის პროვინციის, იუდეის პრეფექტი გახლდათ. მისი სიცოცხლის წლები ზუსტად ცნობილი არ არის, სამაგიეროდ ვიცით, რომ ხსენებულ თანამდებობას ის ახ. წ. აღ-ით 26-36 წლებში იკავებდა. პილატეს სახელი ისტორიაში იმ როლის გამო ჩაიწერა, რომელიც მან იესო ქრისტეს სიკვდილით დასჯაში შეასრულა. ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: „…ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე…“
იტალიელი არქეოლოგის, დოქტორ ანტონიო ფროვას ხელმძღვანელობით წარმოებულმა გათხრებმა დაადასტურა პილატეს რეალურობა. აღმოჩენილი არტეფაქტი ახლა იერუსალიმში მდებარე „ისრაელის მუზეუმში“ ინახება. გარდა ბიბლიისა, პილატეს არსებობას ადასტურებს ასევე სხვა ისტორიული და თავად პილატეს თანამედროვე ლიტერატურა, თუმცაღა, ხსენებული ტექსტები რელიგიურად მიკერძოებულია. სწორედ ამიტომაც არის ესოდენ მნიშვნელოვანი მე-20 საუკუნეში აღმოჩენილი არტეფაქტი, რომელიც 1961 წელს იპოვეს პალესტინის კესარიაში. ეს გახლავთ კირქვის ლოდი (ზომით 82სმ x 65სმ), რომელზეც ლათინურად არის ამოკვეთილი პილატეს სახელი. წარწერა პილატეს სახელს იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობის ხანას უკავშირებს. აღნიშნულ წარწერაში პილატე პრეფექტად (Praefectus civitatium) არის მოხსენიებული და არა პროკურატორად, როგორც მას რომაელი ისტორიკოსი, ტაციტუსი, უწოდებს.
პილატე იუდეველთა წინამძღოლებთან თანამშრომლობდა იმ კაცის გასასამართლებლად, რომელიც ცნობილი იყო „იუდეველთა მეფის“ ტიტულით. ეს ტიტული კი პოლიტიკური საფრთხის შემცველი გახლდათ, რადგან რომის იმპერიაში ღალატად მიიჩნეოდა – მეფე ეწოდებინათ ვინმესათვის. ხსენებული ტიტული დააწერეს ფირფიტაზე და ჯვარზე, ქრისტეს თავთით მიაკრეს: „იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე.“
სახარებებში დაწერილია იმის შესახებ, თუ რა მოიმოქმედა პილატემ ქრისტესთან მიმართებით. პილატე უბრალოდ რომაელი ხელისუფალი როდი იყო, ისტორიკოს პ. ლ. მაიერი წერს, რომ ჩვენამდე მოღწეულია ცნობები ხუთი შემთხვევის შესახებ, რომელშიც პილატე მონაწილეობდა. ამ შემთხვევებზე ცნობებს საერო ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ. ბოლო შემთხვევა გახლდათ პილატეს გაწვევა რომაელი პროკონსულის, ვიტელიუსის (რომელიც ამავე სახელის მქონე იმპერატორის მამა იყო) მიერ და მისი ჩასვლა რომში ახ. წ. აღ-ით 37 წელს. ეს მოხდა იმპერატორ ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ.
საერო წყაროები, რომლებშიც პონტოელ პილატეს უხეშ შეცდომებში ედება ბრალი, დიდი ობიექტურობით არ გამოირჩევა. ჯონა ლენდერინგი, ჰოლანდიელი ისტორიკოსი, წერს: „იოსებ ფლავიუსი ცდილობს არაებრაელ საზოგადოებას განუმარტოს ის, რომ ზოგიერთი მთავრის არასწორი მმართველობა განელებულ ცეცხლზე ნავთის დასხმა გახლდათ…“ ისტორიკოსის აზრით, ფილონ ალექსანდრიელი იძულებული იყო, პილატე ურჩხულად წარმოეჩინა, რათა მასთან შედარებით რომის იმპერატორი კარგ მმართველად დაეხატა.
ტაციტუსიც (ანალები 15.44) მოიხსენიებს პონტოელ პილატეს:
„ტიბერიუსის მმართველობის დროს ქრისტემ უკიდურესი სასჯელი აიტანა ჩვენი ერთ-ერთი პროკურატორის – პონტოელი პილატეს ხელთაგან, და ყველაზე მავნე ცრურწმენამ კიდევ ერთხელ იჩინა თავი არა მხოლოდ იუდეაში, რომელიც ბოროტების პირველწყაროა, არამედ რომშიც კი. აქ ყველაფერი, რაც კი რამ საშინელი და სამარცხვინოა, თავს იყრის მსოფლიოს ყველა კუთხიდან და სახელგანთქმული ხდება.“
პილატეს საიდუმლოებით მოცული აღსასრული
პონტოელი პილატე იუდეის რომაელი მმართველი გახლდათ ახ. წ. აღ-ით 26-36 წლებში, რაც საკმაოდ ხანგრძლივი დროა, რადგან, ჩვეულებისამებრ, ამ თანამდებობაზე ერთი ადამიანის ყოფნა ერთიდან სამ წლამდე გრძელდებოდა.
პილატე მას შემდეგ გაიწვიეს, რაც მან, გავრცელებული ხმების თანახმად, ათასობით სამარიელი მომლოცველი დახოცა (ეს იყო ერთ-ერთი, ცუდი მმართველობის ოთხი შემთხვევიდან). პილატეს ბედი კალიგულას მმართველობისას უნდა გადაწყვეტილიყო, რადგან ტიბერიუსი მანამდე გარდაიცვალა, სანამ პილატე რომში ჩავიდოდა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ბედი ეწია პონტოელ პილატეს. ვიცით მხოლოდ ის, რომ პილატე თანამდებობაზე აღარ აღუდგენიათ იუდეაში.
მაიერის აზრით, კალიგულამ ისეთივე შემწყნარებლობა გამოიჩინა, როგორიც სხვებისადმი, რომლებსაც ტიბერიუსის დროს ღალატში დასდეს ბრალი. თუმცაღა პოპულარული ვერსიის მიხედვით, პილატე გადაასახლეს და მან გადასახლებაში თავი მოიკლა. მაიერი ასევე წერს იმის შესახებ, რომ ევსები კესარიელი (მე-4 საუკუნე) და ოროზიუსი (მე-5 საუკუნე) ყველაზე ადრეული წყაროებია, რომლებშიც ვკითხულობთ პილატეს თვითმკვლელობის შესახებ.
ფილონ ალექსანდრიელი, რომელიც პილატეს თანამედროვე გახლდათ, არაფერს ამბობს კალიგულას მიერ მის დასჯასა თუ თვითმკვლელობაზე. შესაძლოა, პონტოელი პილატე იყო კიდეც ურჩხული, როგორც მას წარმოაჩენდნენ, ან შეიძლება, ის უბრალოდ რომის მიერ დანიშნული მმართველი გახლდათ რთულ პროვინციაში და მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა ქრისტეს გასამართლება და სიკვდილით დასჯა.