მე-17 საუკუნის დიდი ჰოლანდიელი მხატვარი რემბრანდტი ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი მხატვარია. რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი 1606 წელს დაიბადა მეწისქვილის ოჯახში, ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში. ის ბიბლიურად აღიზარდა, რამაც შემდგომ დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.
მოზარდობის ასაკში რემბრანდტმა შესანიშნავი შემოქმედებითი ნიჭი გამოამჟღავნა. მან თავისი კარიერა პორტრეტების ხატვით დაიწყო და სწრაფად მოიპოვა სახელი ისეთი მხატვრისა, რომლის მიერ დახატულ პორტრეტებზეც გარეგნობის მიღმა ადამიანის ხასიათის ამოკითხვაც შეიძლებოდა. მას ასევე შესანიშნავად გამოსდიოდა პეიზაჟების ხატვაც.
1634 წელს რემბრანდტი დაქორწინდა სასკია ვან ეილენბურგზე, რომელიც შეძლებული ოჯახიდან გახლდათ. ოთხი შვილიდან სამი ჩვილობისას მოუკვდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რემბრანდტი განაგრძობდა თავისი მხატვრული ოსტატობის დახვეწას. 1642 წელს მან, ამსტერდამის მსროლელთა გილდიის მიერ შეკვეთით, დაასრულა თავისი ცნობილი ტილო „დაზვერვა ღამით“, რომელიც არაჩვეულებრივად რეალისტური ნახატია.
1642 წელს ყველაფერი შეიცვალა. სასკია მეოთხე მშობიარობის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. მან მეუღლეს შემოსავალი დაუტოვა, მაგრამ ერთი პირობით: თუ ის არასოდეს დაქორწინდებოდა. ამის შემდეგ მხატვარმა ურთიერთობა გააბა თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქალთან, ჰენდრიკიე სტოფელსთან, რომელიც მისსავე სახლში მოახლედ მუშაობდა და მის დაობლებულ შვილს, ტიტუსს ზრდიდა. რემბრანდტს მასთან ქალიშვილი, კორნელია შეეძინა. ამან ეკლესიისა და საზოგადოების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ბოლომდე ერთად იყვნენ, რემბრანდტი ჰენდრიკიეზე ოფიციალურად არასოდეს დაქორწინებულა სასკიას ანდერძის გამო.
მიუხედავად დიდი მემკვიდრეობისა რემბრანდტი თანდათან ვალებში ეფლობოდა. 1657 წელს ხელმოკლეობის გამო მხატვარი იძულებული გახდა, აუქციონზე გაეტანა თავისი ყველაზე ძვირფასი საკუთრებანი და უფრო მოკრძალებულ სახლში გადასულიყო საცხოვრებლად. ჰენდრიკიე სტოფელსი 1663 წელს გარდაიცვალა, ხოლო რემბრანდტი 1669 წელს. სიღარიბეში გარდაცვლილმა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მხატვარმა ასობით ნახატი დატოვა. მისი უჩვეულო ნიჭი მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ იქნა აღიარებული.
შემოქმედება და ბიბლიური სიუჟეტები
რემბრანდტის ხატვის სტილი არ შეესაბამებოდა დამკვეთთა გემოვნებას, რომელნიც უფრო ელეგანტურ და დრამატულ პორტრეტებს ამჯობინებდნენ. რემბრანდტი უარს ამბობდა დათმობაზე და განაგრძობდა ისე ხატვას, როგორც თავად არჩევდა. ხშირად ხატავდა პეიზაჟებს და ნახატებს ბიბლიურ თემებზე. აღსანიშნავია, რომ რემბრანდტი უბრალოდ, მშრალად როდი ხატავდა ბიბლიურ სიუჟეტებს, არამედ „აცოცხლებდა“ მათ.
რემბრანდტმა სამასზე მეტი ნამუშევარი შექმნა ბიბლიური ისტორიების შთაგონებით. ამ ნამუშევართაგან უმეტესობა ნახატები და გრავიურებია. ამას გარდა, რემბრანდტს ეკუთვნის ბიბლიური სიუჟეტების მიხედვით შექმნილი სამოცამდე ფერწერული ნამუშევარი. თავისი ბიბლიური ნახატებისათვის მეტი სინამდვილის შესაძენად, მხატვარი იუდეველ რაბინებს ეკითხებოდა რჩევას.
რემბრანდტის შემოქმედებაში ჭარბობს ბიბლიური პატრიარქების, ძველი აღთქმის გამორჩეული პიროვნებების (სამსონი, რუთი, საული, დავითი), ძველი აღთქმის ცალკეული ისტორიების (ესთერი, დანიელი, ივდითი და ტობითი), იესოს შობისა და ბავშვობის, იესოს მსახურების, მისი ვნების, სიკვდილისა და აღდგომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.
ბიბლიურ თემაზე შექმნილი მისი ნამუშევრებიდან შეიძლება გამოიყოს: „ქარიშხალი გალილეის ზღვაზე“ (1633), რომელზეც გამოსახულია, როგორ აწყნარებს ქრისტე ქარიშხალს. „გარდამოხსნა“ (1634), სადაც ვხედავთ, როგორ ხსნიან ქრისტეს ჯვრიდან. „ისააკის შეწირვა“ (1635), რომელზეც ასახულია, თუ როგორ აჩერებს ანგელოზი შვილის მსხვერპლად შესაწირად მზადმყოფ აბრაამს. ასევე, „მოსე ამსხვრევს რჯულის ფიქალებს“ (1659). გრავიურებიდან კი შეიძლება აღინიშნოს „ქრისტე სნეულებს კურნავს“, სადაც მათეს სახარების მთელი მე-19 თავია ასახული.
რა იწვევს აღფრთოვანებას რემბრანდტის შემოქმედების ხილვისას?
აღფრთოვანებას არა მხოლოდ მისი ოსტატური შესრულების მანერა იწვევს, არამედ ის, რომ მხატვარი, უპირველესად, ადამიანის ღირებულებას წამოსწევს წინ. ის გატაცებული იყო ადამიანებით. მის მიერ დახატულ ნებისმიერ პიროვნებაში (მათ შორის, საკუთარ თავშიც) შეგვიძლია დავინახოთ მხატვრის გულწრფელი აღტაცება მათით.
მის ნახატებზე გამოსახული ყოველი ადამიანი, იქნება ის მთავარი თუ მეორეხარისხოვანი ფიგურა, დიდი გულმოდგინებითა და სინამდვილის ზუსტი ასახვითაა შესრულებული. ადამიანები მნიშვნელოვანნი იყვნენ რემბრანდტისათვის და ის თავისი შემოქმედებით შეგვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი ფასეულია, რადგან ღვთის ხატად ვართ შექმნილნი.
მეორე, რემბრანდტი გვიჩვენებს ადამიანთა ბუნებას. შესრულების მისეული ტექნიკის ერთ-ერთი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ ის ადამიანის სახეს სანახევროდ განათებულს და სანახევროდ ჩრდილში ხატავს. შესაძლოა, რემბრანდტი ამას ბიბლიურ თვალთახედვას უკავშირებს იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ, ადამიანები: ერთი მხრივ, ღვთის ხატად ვართ შექმნილნი, თუმცა ამავდროულად, ჩვენზე ცოდვის ჩრდილია გადაფარებული. რემბრანდტის მხატვრობა ადამიანთა რეალურ სახეს წარმოაჩენს: ადამიანი მშვენიერია, თუმცა არასრულყოფილი.
მესამე, რემბრანდტი თავისი ნახატებით მოგვითხრობს ბიბლიურ ისტორიებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რემბრანდტის ნამუშევრების ერთი მესამედი ბიბლიური სიუჟეტების მიხედვითაა შექმნილი. მისთვის წმინდა წერილი რეალური ადამიანების ცხოვრებაში მომხდარი რეალური ისტორიების ასახვა გახლდათ.
მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ნახატია „უძღები ძის დაბრუნება“ (1668). მასზე გამოსახულია მამასთან დაბრუნებული ძე, რომელიც პატიებას ითხოვს მუხლებზე დაჩოქილი, მამას კი, შერიგებისა და მიღების ნიშნად, ხელები სიყვარულით შემოუხვევია მისთვის. ძე დაბრუნდა. ეს არის ისტორია, რომელშიც თავად მხატვარი შეიძლება დავინახოთ: თავისი მღელვარე ცხოვრების ბოლოს ის მაცხოვართან ბრუნდება, რათა ეძიოს მისი მადლი და მიიღოს კიდეც. განა თითოეულ ჩვენგანსაც იგივე არ გვჭირდება?