სადღაც ვერდუგოს მთებში, დაუნტაუნ ლოს-ანჯელესსა და გლენდეილს შორის, ფორესტ-ლონის კერძო სასაფლაოსთან, „ჯვარცმის დარბაზში“ ნახავთ ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილ მსოფლიოში ყველაზე დიდ ნახატს. შენობის თავზე უზარმაზარი ჯვარია, რომელიც ღამით ინთება და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ციდან იყოს ჩამოშვებული.
„ჯვარცმა“ პოლონელი მხატვრის, იან სტიკას შედევრია. მას თავდაპირველად „გოლგოთა“ ეწოდებოდა. ნახატი უჩვეულოდ დიდი ზომისაა: 59 მეტრის სიგრძისა და 14 მეტრის სიმაღლის. სტიკას პანორამული ნახატი ასახავს მომენტს, სანამ ქრისტეს ჯვარზე გააკრავდნენ. იესო დგას გოლგოთაზე, ჯვრის წინ, რომელზეც უნდა მოკვდეს კაცობრიობის ცოდვებისთვის. მის ირგვლივ იერუსალიმის მცხოვრებნი და რომაელი ჯარისკაცები დგანან. შორს იერუსალიმი მოჩანს, სადაც იესო გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს.
ნახატი არა ზომის, არამედ დეტალების გამოა ასეთი განსაკუთრებული და შთამბეჭდავი. ტილოს ცენტრში გამოსახულია იესო, გარემოცული ზებუნებრივი ნათლით, რომელიც ზეციდან გადმოდის. მისი მზერა ცისკენ არის მიპყრობილი, ცისკენ, რომელმაც უნდა მიიღოს მისი მსხვერპლი. ქრისტე გამოსახულია, როგორც გამარჯვებული, რომელიც ხსნის იმედს ანიჭებს ადამიანთა მოდგმას, და არა როგორც სიკვდილის შიშით მოცული და სასოწარკვეთილებაში მყოფი.
„ჯვარცმის“ შთაგონება
იან სტიკა ცნობილი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და პოლიტიკური მოღვაწის იგნაცი იან პადერევსკის ახლო მეგობარი იყო. ერთ დღეს პადერევსკიმ უთხრა მას, რომ საინტერესო სიზმარი ნახა ქრისტეს სიკვდილით დასჯის შესახებ და სტიკას სთხოვა ნახატის შექმნა ამ თემაზე. სტიკამ 1894 წელს დაიწყო ხატვა. მან ჯერ იერუსალიმში იმოგზაურა, რომ ჩანახატები მოემზადებინა, ხოლო შემდეგ რომში ჩავიდა ნახატის შექმნისთვის პაპ ლეო XIII-ის კურთხევის მისაღებად. ნახატი ვარშავაში გამოიფინა 1897 წლის ივნისში, ხოლო შემდეგ ევროპის სხვადასხვა დიდ ქალაქში.
ნახატის სევდიანი ბედი
1904 წელს სტიკამ მიიღო შეთავაზება, გამოეფინა „ჯვარცმა“ სენტ-ლუისის გამოფენაზე, მისურიში. მან ამერიკაში „ჯვარცმასთან“ ერთად კიდევ რამდენიმე ნახატი წაიღო თან. გამოფენის ორგანიზატორებმა დაარწმუნეს მხატვარი, რომ საგამოფენო დარბაზები საკმარისად დიდი იყო იმისათვის, რომ ასეთი დიდი ტილო დატეულიყო, მაგრამ ისინი შეცდნენ. ოთახები არ აღმოჩნდა საკმარისად დიდი და ამის გამო ნახატი ნიუ-იორკის ერთ-ერთ საწყობში მოათავსეს. თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყო, სტიკას დანარჩენი ნახატები გამოფენის ბოლო დღეს გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა. ის შეეცადა, რომ „ჯვარცმა“ უკან, პოლონეთში წაეღო, მაგრამ ვერ შეძლო საბაჟოს ხარჯების დაფარვა. საბოლოოდ, ამერიკის მთავრობამ დაისაკუთრა სტიკას ნახატი და მიუხედავად მხატვრის არაერთი მცდელობისა, დაებრუნებინა თავისი ქმნილება, ის იძულებული გახდა, ხელცარიელი და გულგატეხილი დაბრუნებულიყო სამშობლოში.
იან სტიკა 1925 წელს გარდაიცვალა, 67 წლის ასაკში. მას თავისი სახელგანთქმული ნახატი აღარასოდეს უნახავს. მხატვარი რომში დაკრძალეს, თუმცა შემდეგ მისი ნეშტი გადაასვენეს ფორესტ-ლონის სასაფლაოზე, „უკვდავთა დარბაზში“ განსასვენებლად.
„ჯვარცმის“ მიერ განვლილი გზა
„ჯვარცმა“ დაკარგული იყო 40 წლის განმავლობაში. 1944 წელს დოქტორმა ჰუბერტ იტონმა, Forest Lawn Cemetery-ის დამფუძნებელმა, გაიგო მისი არსებობის შესახებ. ნახატის ისტორიით დაინტერესებულმა იტონმა გადაწყვიტა მისი მოძებნა, თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
40 წლის განმავლობაში ნახატმა ბევრი მფლობელი გამოიცვალა. საბოლოოდ, ის ჩიკაგოს „სამოქალაქო ოპერის“ სარდაფში მოხვდა, სადაც მან მრავალი წელი დაჰყო, როგორც ყველასგან მივიწყებულმა, ძველმა დეკორაციამ.
ჰუბერტ იტონმა შეიძინა დაზიანებული ნახატი და მისი რესტავრაციისათვის თავად იან სტიკას ვაჟი, ადამ სტიკა მიიწვია, რომელიც ასევე მხატვარი გახლდათ. შემდეგ კი კალიფორნიაში, გლენდეილში მდებარე ფორესტ-ლონის სასაფლაოსთან ააგო „ჯვარცმის დარბაზი“, სადაც 1951 წელს, „წითელ პარასკევს“ გამოიფინა იან სტიკას ეს შედევრი.
დარბაზში 900 ადგილია მნახველებისთვის. „ჯვარცმის“ წარდგენა მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის მსგავსად, მისი ისტორიის თხრობითა და საგანგებოდ გამოფენისთვის შექმნილი მუსიკის თანხლებით. ნახატისათვის ტექსტი დაწერა ბიბლიის სწავლულმა ტიმოთე კირკმა.
წარდგენა იწყება სრულ სიბნელეში. ისმის ნახატის ისტორია. თხრობას მნახველები ნახატის მარჯვენა კუთხიდან (გოლგოთისკენ მიმავალი გზა) თანდათან საბოლოო ადგილამდე – გოლგოთამდე მიჰყავს.
იან სტიკა შეეცადა, რაც შეიძლება ზუსტად აესახა ჯვარცმა და ამისათვის გამაოგნებელი დეტალები გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ნახატი ჯვარცმის თემაზეა შექმნილი, ის იმედს შთაუნერგავს თავის მნახველებს.
წყარო: https://travelnotesandbeyond.com