თხუთმეტწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მე და ჩემმა მეუღლემ კარგად ვისწავლეთ უთანხმოებათა მოგვარება. გავაცნობიერეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობები და გავიგეთ, რომ მოუგვარებელ კონფლიქტს არ უნდა მივცეთ უფლება, დაბრკოლებად იქცეს ოჯახისათვის.
კონფლიქტების მოგვარების ჩვენ მიერ ნასწავლი პრინციპები ჩვენი ოთხი ვაჟის აღზრდისასაც გამოვიყენეთ. როგორც იცით, ბავშვები მრავალ კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიან საკუთარ თანატოლებთან და ასევე, მშობლებთან ურთიერთობის დროსაც.
რას აკეთებთ თქვენ, როდესაც ერთი შვილი მეორეს „იდიოტს“ უწოდებს? ან როგორი რეაქცია გაქვთ, როდესაც თქვენი 12 წლის ბიჭი ჩოგანს მიწაზე ახეთქებს, რადგან მამა ვერ დაამარცხა მაგიდის ჩოგბურთში? და რაც ყველაზე მეტად მწყინს: რას აკეთებთ, როდესაც თქვენი შვილები უპატივცემულოდ ეპყრობიან თქვენს ცოლს? ჩვენს სახლში მთავარი წესია მშობლების პატივისცემა!
აი, ექვსი მეთოდი, რომლებსაც ვასწავლით ჩვენს ვაჟებს კონფლიქტების მოსაგვარებლად:
1. ისწავლეთ შეცდომების აღიარება
ოჯახური ცხოვრებისას და ბავშვების აღზრდისას ხშირად ერთმანეთს გულს ვტკენთ. ჩვენ ვცდილობთ ვასწავლოთ ჩვენს ვაჟებს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა და აღიარონ საკუთარი შეცდომები. სხვათა დადანაშაულების ნაცვლად გვირჩევნია, ჩვენმა ბიჭებმა თავიანთი დანაშაული აღიარონ.
2. უბრალოდ ბოდიში კი არ მოიხადოთ, არამედ ითხოვეთ პატიება
სიტყვა „მაპატიე“ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. პატიების თხოვნა თავმდაბლობის გამოხატვასაც გულისხმობს, რადგან ამ დროს იძულებული ხართ, აღიაროთ საკუთარი შეცდომა და თავმდაბლობა გამოამჟღავნოთ მის წინაშე, ვისაც ცუდად მოექეცით. რამდენიმე წლის წინ დავინახე, როგორ ჩაარტყა ერთ-ერთმა ჩვენმა შვილმა მეორეს. მას ეგონა, რომ ეს საქციელი შერჩებოდა და არავინ უსაყვედურებდა, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, მე თვალყურს ვადევნებდი მთელ სცენას და შემდეგ მოვთხოვე, რომ არა მხოლოდ მოებოდიშებინა, არამედ პატიება ეთხოვა თავისი ძმისთვის. ფრაზა „ბოდიშს ვიხდი ყველაფრისთვის“ – არ არის საკმარისი. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ვაჟებმა ინანონ თითოეული ცუდი საქციელი და პატიება ითხოვონ კონკრეტული შეცდომისათვის.
3. იყავით გულწრფელი და ყოველთვის თქვით სიმართლე
ეს პრინციპი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენი შვილები მაინც იტყვიან ტყუილს და ითაღლითებენ, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სასჯელი აირიდონ, დაიმალონ და ძმები დაადანაშაულონ, ნაცვლად საკუთარი შეცდომების აღიარებისა. ამ დროს მათ უნდა ვკითხოთ, როგორ იგრძნობდნენ თავს, ვინმეს რომ მოეტყუებინა ისინი. ჩვენ გამუდმებით შთავაგონებთ ჩვენს შვილებს, რომ ყოველთვის თქვან „მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა“. მე და ჩემი ცოლი ვლოცულობთ ჩვენი შვილების ცხოვრებისთვის, რომ ისინი ისეთ მამაკაცებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც არ იმალებიან და არ ცრუობენ. კონფლიქტი სრულად არასოდეს მოგვარდება, თუ ის დაფუძნებულია სიცრუეზე ან ნახევრად სიმართლეზე.
4. გახსოვდეთ, ვის ებრძვით
დეიდაჩემი მარწმუნებდა, რომ ჩემი ძმის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონოდა, რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემთან იქნებოდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა დეიდაჩემი, მაგრამ ახლა, როდესაც ვუყურებ ჩემს მოზარდ ბიჭებს, ვხვდები, რასაც მეუბნებოდა იგი. დადგება დრო, როცა მე და ჩემი ცოლი ამქვეყნად აღარ ვიქნებით, მაგრამ ჩვენი ვაჟები დარჩებიან და ამიტომაც, ისინი პატივისცემით, დიდსულოვნებითა და მზრუნველობით უნდა ეპყრობოდნენ ერთმანეთს.
5. იყავით კეთილი.გამოიყენეთ ოქროს წესი
ისე მოექეცით სხვებს, როგორც თქვენ გსურთ, რომ მოგექცნენ; თუ გინდათ, რომ თქვენი ძმები გცემდნენ და დაგცინოდნენ, მაშინ თავადაც ასევე მოიქეცით, მაგრამ, სჯობს, გავაცნობიეროთ, რომ სხვა ადამიანებს ისევე უნდა ვეპყრობოდეთ, როგორ მოპყრობასაც ვისურვებდით საკუთარი თავისთვის.
6. მიმართეთ კონფლიქტის მოგვარების ჯანსაღ მეთოდებს, როდესაც გაღიზიანებული ხართ
არის შემთხვევები, როდესაც ჩემს ბიჭებს ვეუბნები: „მოკეტეთ“ და არის შემთხვევები, როდესაც ხმას ვუწევ და ვყვირი. ასეთ დროს მახსენდება, რას ვქადაგებ. ვინანიებ და პატიებას ვთხოვ მათ. იგივე ხდება, როდესაც მე და ჩემი მეუღლე არ ველაპარაკებით ერთმანეთს. ხანდახან სერიოზული კონფლიქტი სწორედ მაშინ ხდება, როცა ისედაც ცუდ მდგომარეობაში ვართ და მისი წინასწარ განსაზღვრა რთულია.მშობლებს გეკისრებათ შვილებისათვის გზის მითითება და წინ გაძღოლა. თავისით ისინი ვერ ისწავლიან კონფლიქტების ღირსეულად მოგვარებას. დაუსვით შესაბამისი კითხვები, რომ დაეხმაროთ მათ საკუთარი შეცდომების გააზრებაში და შეახსენეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია კონფლიქტის სათანადოდ მოგვარება.რას აკეთებთ თქვენ იმისათვის, რომ ასწავლოთ თქვენს შვილებს კონფლიქტებთან გამკლავება?