ჯერ კიდევ კაცობრობრიობის საწყისებთან ვხვდებით “ამაო დიდებისკენ” სწრაფვას, რომლის “დამსახურებაცაა”, რომ ახლა ედემის ბაღის ნაცვლად მტვრიანი ასფალტის ჯუნგლებში დავაბიჯებთ. ვკითხულობთ ომებზე, შუღლსა და გაყოფაზე იმავე მიზეზით, ვხვდებით ლეას, რომელსაც სურს იყოს შემჩნეული… ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც არ კმაყოფილდება ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, მას რაღაც მეტი სურს – დაფასება, აღიარება და შემჩნევა. გულწრფელ დამოკიდებულებას და ადამიანის კარგი თვისებების დაფასებას, შექებას და მხარდაჭერას შეუძლია გააკეთოს გაცილებით მეტი, ვიდრე გამუდმებულ კრიტიკას და კონტროლს. ადამიანური ურთიერთობები ურთულესი და საინტერესო რამაა, ეს არის საკითხი, რომლის შესახებ ბიბლია ბევრს საუბრობს: ურთიერთობა ღმერთთან და ურთიერთობა ადამიანებთან ბიბლიის ძირითადი ორი ხაზია. “მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ”, “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”, “შეაგონე სიყვარულით…”, “გიყვარდეთ ერთმანეთი…”, “საკუთარ თავზე მეტად სხვები შერაცხეთ…” და სხვა მისთანანი სახარებაში ხშირად გვხვდება. სწორი დამოკიდებულებები ჯანსაღ საზოგადოებას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში სრულყოფილ ინსტრუქციებს ვხვდებით ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, საინტერესოა თანამედროვე ფსიქოლოგიის მოსაზრებები რიგ საკითხებზე. გთავაზობთ ამონარიდს დეილ კარნეგის საყოველთაოდ აღიარებული წიგნიდან “როგორ შევიძინოთ მეგობრები და გავლენა მოვახდინოთ ადამიანებზე.”
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დიდი წილი ფსიქიკური აშლილობისა მოდის არშემდგარობის სინდრომზე და განდიდების მანიაზე. “თუკი ზოგიერთ ადამიანში ისეთი დიდია მისწრაფება – გამოჩენილი გახდეს, რომ ჭკუიდან იშლებიან, წარმოიდგინეთ რა სასწაული შეგვეძლო მოგვეხდინა, გულწრფელად რომ ვაფასებდეთ ამა თუ იმ ღირსებას ადამიანებში… არამც და არამც. არავითარ შემთხვევაში არ გთავაზობთ მლიქვნელობას. მე ვლაპარაკობ ცხოვრების ახალ წესზე. ნება მომეცით, გავიმეორო: ცხოვრების ახალ წესზე… შევეშვათ საკუთარ ღირსებებზე და სურვილებზე ფიქრს და შევეცადოთ უკეთ გავიცნოთ გარშემომყოფი ადამიანების კარგი თვისებები. დავივიწყოთ მლიქვნელობა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება. გამოვთქვათ მოწონება მთელი გულით, უხვად გავიღოთ ქება და ადამიანებს ემახსოვრებათ თქვენი სიტყვები და გაიმეორებენ მათ წლობით მას შემდეგ, რაც თქვენ თვითონ დაგავიწყდებათ ისინი…”
ცხადია, შეგიძლიათ აიძულოთ ადამიანი დაგითმოთ თავისი საათები, იარაღის მუქარით. შეგიძლიათ აიძულოთ თქვენს ხელქვეითს გააკეთოს რაიმე მანამ, სანამ ზურგით შებრუნდებით მისკენ დახვრეტის მუქარით. შეგიძლიათ აიძულოთ ბავშვს გააკეთოს ის, რაც თქვენ გსურთ, დასჯის მუქარით. მაგრამ ასეთმა უხეშმა მეთოდებმა შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ. ერთადერთი საშუალება ადამიანს რაიმე გავაკეთებინოთ – ეს არის ვაცადოთ მას იმის გაკეთება, რაც სურს. თუ გვინდა რაიმე გავაკეთებინოთ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ უნდა მოვანდომოთ ეს… და მაინც რა სურს ყოველ ადამიანს?… ამერიკელი ფილოსოფოსი, პროფესორი ჯონ დიუი ამბობს, რომ ადამიანის ბუნებისათვის დამახასიათებელ ყველაზე ძლიერ იმპულსს წარმოადგენს “სურვილი – გამოირჩეოდეს”.
რაზე დაიყვანება ადამიანის ძირითადი სურვილები? ყოველი ნორმალური მოზრდილი ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
1) ჯანმრთელობა და სიცოცხლის შენარჩუნება;
2) კვება;
3) ძილი;
4) ფული და ნივთები;
5) სიცოცხლე მომავალში;
6) შვილების კეთილდღეობა;
7) თავისი მნიშვნელოვნების შეგრძნება.
თითქმის ყველა ეს სურვილი, როგორც წესი, კმაყოფილდება. მაგრამ ერთი სურვილთაგანი, თითქმის ისეთივე ძლიერი, როგორიც ჭამისა და ძილის სურვილებია, ყოველთვის როდი კმაყოფილდება. ეს გახლავთ, ფროიდის თქმით “სწრაფვა დიდებისკენ”. ადამიანებს სურთ, იყვნენ შემჩნეულნი და დაფასებულნი.
“სურვილი, გამოირჩეოდეს” წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ თვისებას, რომელიც ადამიანს ცხოველისაგან განასხვავებს. საილუსტრაციოდ შემდეგ მაგალითს მოვიყვან. ჩემი პატარაობისას, მისურის შტატში, მამაჩემი განსაკუთრებული ჯიშის ღორებსა და ჯიშიან პირუტყვს უვლიდა და ასუქებდა ფერმაში. ღორები და პირუტყვი, ჩვეულებისამებრ, დაგვიდიოდა სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე მთელ დასავლეთში. ჩვენ პირველ ადგილებს ვიღებდით. ჯილდოდ დამსახურებულ ცისფერ ლენტებს მამაჩემი თეთრი მარმაშის ნაჭერზე მიაბნევდა და როდესაც სახლში მეგობრები ან მნახველები მოდიოდნენ, ამ ლენტებიან ნაჭერს გამოუღებდა ხოლმე. იგი ერთი ბოლოთი მე მეჭირა, მეორეთი მამას, როდესაც ამ ლენტებზე ყვებოდა. ღორები, ცხადია, არავითარ ინტერესს არ იჩენდნენ ამ ცისფერი ლენტებისადმი, რომლებიც მათ დაემსახურებინათ. მამაჩემისათვის კი სულ ერთი არ იყო. ამ ჯილდოების წყალობით, ის თავის მნიშვნელოვნებას გრძნობდა.
ჩვენს წინაპართა მისწრაფება გამორჩეულობისაკენ, იყო ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალა. სწორედ სურვილმა, გამორჩეულიყო – მიიყვანა გაუნათლებელი, ღარიბი კლერკი იურიდიული წიგნების შესწავლამდე. თქვენ, ალბათ გაგიგონიათ ამ კლერკის შესახებ. მისი სახელი აბრაამ ლინკოლნია. იგივე სურვილი შთააგონებდა დიკენსს თავისი უკვდავი რომანების შექმნისას. მისწრაფებამ, ეგრძნო თავისი მნიშვნელოვნობა, შთააგონა ქრისტოფერ რენი სიმფონია შეეთხზა. იმავე მისწრაფებამ, გამორჩეულიყო გარემო წრიდან, აიძულა როკფელერი, დაეგროვებინა მილიონები, რომელიც არ შეეძლო დაეხარჯა. იგივე მისწრაფება ამოძრავებს ყველაზე მდიდარ ადამიანს თქვენს ქალაქში – ააშენოს სახლი, რაც მეტისმეტად დიდია მისთვის. “სურვილი, გამოირჩეთ” – გაიძულებთ თქვენ, ატაროთ კაბა ბოლო მოდის მიხედვით, იყიდოთ ახალი მარკის ავტომობილი და ილაპარაკოთ თქვენი შვილების არაჩვეულებრივ ღირსებებზე.
იგივე სურვილი აცდუნებს მრავალ ყმაწვილს, გახდნენ განგსტერები და ბანდიტები. ჩვენს დროში, ამბობს ნიუ-იორკის პოლიციის ყოფილი კომისარი მალრუნი, ყოველი “ახალგაზრდა დამნაშავე თავის თავზე შეყვარებულია და დაპატიმრების შემდეგ მათ პირველ თხოვნას შეადგენს ის, რომ მისცენ გაზეთები სენსაციური უწყებებით მათი ‘გმირობის’ შესახებ. ელექტროსკამის პერსპექტივა მას შორეულად ეჩვენება, ვიდრე შეუძლია თვალებით შეჭამოს თავისი პორტრეტი, მოთავსებული გაზეთში ისეთი ადამიანების პორტრეტების დარად, როგორიც ბეის რუტი, ლა გარდი, აინშტაინი, ლინდბერგი, ტოსკანინი და რუზველტია.”
თუ მკითხავთ, რაში გივლინდებათ სურვილი – გამოირჩეოდეთ, გეტყვით, რას წარმოადგენთ თქვენ. ეს განსაზღვრავს თქვენს ხასიათს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება თქვენში. მაგალითად, როკფელერს ეს მისწრაფება იმაში გამოეხატა, რომ მან გაიღო ფული საავადმყოფოს ასაშენებლად პეკინში ღარიბთათვის, რომლებიც არასოდეს უნახავს და არც ნახავს. დილინგერს, ეს სურვილი, გამორჩეულიყო, გამოუვლინდა იმაში, რომ ბანდიტი, მძარცველი და მკვლელი გახდა. როდესაც დევნა დაუწყეს, მან ერთ-ერთ სახლში შეირბინა და თქვა: “მე დილინგერი ვარ.” მას ეამაყებოდა, რომ N1 დამნაშავე იყო.
ამრიგად, ძირითადი განსხვავება დილინგერსა და როკფელერს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ისინი სხვადასხვაგვარად იკმაყოფილებდნენ თავიანთ პატივმოყვარეობას.
მრავალი კურიოზული მაგალითის მოყვანა შეიძლება ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც ისწრაფოდნენ, ხაზი გაესვათ თავიანთი მნიშვნელოვნებისათვის. თვით ვაშინგტონსაც კი სურდა, რომ ეწოდებინათ მისთვის “მისი აღმატებულება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი”. კოლუმბი ითხოვდა, მიეცათ მისთვის ტიტული: “ოკეანის ადმირალი და ინდოეთის ვიცე-მეფე”. ეკატერინე დიდს არ უნდოდა გაეხსნა წერილები, თუ კონვერტზე მითითებული არ იყო: “მის იმპერატორულ უდიდებულესობას”. ლინკოლნის ცოლი ძუ ვეფხვივით დააცხრა თეთრ სახლში მისის გრანტს და შეჰყვირა: “როგორ გაბედეთ შეუთავაზებლად დაჯდომა ჩემი თანდასწრებით?”
ჩვენმა მილიონერებმა დააფინანსეს ადმირალ ბურდის ექსპედიცია ანტარქტიკაში იმ იმედით, რომ ყინულოვან ქედებს მათ პატივსაცემად დაერქმეოდა სახელი. ვიქტორ ჰიუგოს სურდა, არც მეტი არც ნაკლები, მის საპატივსაცემოდ გადაერქვათ სახელი პარიზისათვის. თვით შექსპირმა, უდიდესმა უდიდესთა შორის, თავისი სახელის მნიშვნელოვნება რომ აემაღლებინა, საგვარეული ღერბი შექმნა.
ზოგჯერ ადამიანები ავად იხდიან თავს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ როგორმე გარშემომყოფთა თანაგრძნობა და ყურადღება მოიპოვონ. მოვიყვანოთ მაგალითი. მისის მაკ-კინლი, თავისი მნიშვნელოვნება რომ ეგრძნო, აიძულებდა ქმარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, უგულებელეყო სახელმწიფოს დიდმნიშვნელოვანი საქმეები და საათობით მასთან მჯდარიყო და “დაემშვიდებინა იგი, რათა დაეძინა”, ის თავის პატივმოყვარეობას იკმაყოფილებდა იმით, რომ განუწყვეტელ ყურადღებას მოითხოვდა, იჟინებდა, გვერდით ჰყოლოდა ქმარი მაშინაც კი, როცა კბილს იპლომბავდა, და ერთხელ სკანდალიც კი ატეხა, რადგან ქმარს, ჯონ ნეისთან საქმიანი შეხვედრის გამო, უნდა დაეტოვებინა იგი.
მერი რობერტ რაინჰარტმა მიამბო ერთხელ ახალგაზრდა, ენერგიული ქალის შესახებ, რომელიც ინვალიდი გახდა მხოლოდ იმისთვის, რომ გარშემომყოფებისათვის თავისი მნიშვნელოვნება დაენახვებინა. “ერთ დღეს, – მიყვებოდა მისის რაინჰარტი, – ეს ქალი იძულებული შეიქნა შერიგებოდა ფაქტს, რომ უკვე ახალგაზრდა აღარ არის და ვეღარასდროს გათხოვდება. წინ აღარაფერი ჰქონდა, მარტოობის მეტი. ის ლოგინში ჩაწვა, და ათი წლის განმავლობაში მოხუცი დედა უვლიდა, მაგრამ დადგა დღე, როცა დედა, გატანჯული, თვითონაც ლოგინად ჩავარდა და ბოლოს მოკვდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქალიშვილი ოხრავდა და კვნესოდა, მერე ადგა და განაგრძო ცხოვრება.”
ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს შეუძლიათ ნამდვილად ჭკუიდან შეიშალონ, თუ ვერ დაიკმაყოფილეს თავიანთი პატივმოყვარეობა. ამერიკის შეერთებული შტატების სამკურნალო დაწესებულებებში უფრო მეტი ავადმყოფია ფსიქიკური აშლილობით, ვიდრე ყველა სხვა სნეულებით ერთად აღებული. ნიუ-იორკის შტატის თითქმის ყოველი მეოცე მცხოვრები 15 წლის ასაკს ზემოთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება.
რა წარმოადგენს შეშლილობის მიზეზს? არავის ძალუძს პასუხი გასცეს ამ რთულ კითხვას, მაგრამ ვიცით, რომ ზოგიერთი სნეულებანი, მაგალითად ისეთი, როგორიც სიფილისია, ტვინის უჯრედებს არღვევეს და ფსიქიკურ მოშლილობას იწვევს. მართლაც, ყველა სახის ფსიქიკურ მოშლილობათა დაახლოებით ნახევარი შეიძლება მივაკუთვნოთ ისეთ დაავადებათა რიცხვს, როგორებიცაა: ტვინის სნეულება, ალკოჰოლიზმი და მისთანანი, ხოლო ადამიანთა მეორე ნახევარს, გონებრივი აშლილობა რომ აწუხებთ, ტვინის უჯრედები სრულიად საღი აქვთ.
მაშ, რატომღა ცდებიან ჭკუაზე ეს ადამიანები? ამას წინათ ამ კითხვით მივმართე სულით ავადმყოფთა ერთ-ერთი უდიდესი საავადმყოფოს მთავარ ექიმს. ამ ცნობილმა ფსიქიატრმა გულახდილად მითხრა, რომ არ იცის, რატომ იშლებიან ჭკუაზე ადამიანები. არავინ ეს ზუსტად არ იცის. მაგრამ ექიმმა თქვა, რომ ბევრ შეშლილ ადამიანს განდიდების მანია სჭირს. მან ასეთი შემთხვევა მიამბო:
“მე მყავს ავადმყოფი ქალი, რომელსაც გათხოვება ტრაგედიად ექცა. ის ეძებდა გათხოვებაში სიყვარულს, სურდა ჰყოლოდა შვილები და გარკვეული მდგომარეობა სჭეროდა საზოგადოებაში, მაგრამ ცხოვრებამ მთელი ოცნებები დაუმსხვრია. ქმარს არ უყვარდა. ის კაცი უარს ამბობდა მასთან ერთად მაგიდასთან დამჯდარიყო. აიძულებდა ქალს საჭმელი თავის ოთახში მიერთვა. შვილები არ ჰყავდა. ვერც საზოგადოებაში მდგომარეობა მოიპოვა. ქალი ჭკუაზე შეიშალა. მას ეჩვენებოდა, რომ ქმარს გაეყარა და ქალიშვილობის გვარი აღიდგინა. ახლა მიაჩნია, რომ ცოლად გაჰყვა ინგლისელ არისტოკრატს და დაუჟინებია, ლედი სმიტი დაუძახონ. რაც შეეხება შვილებს, მას წარმოუდგენია, თითქოს ყოველღამე ბავშვს აჩენს. ყოველთვის, როცა მასთან სანახავად შევდივარ, მეუბნება: ‘ექიმო, წუხელ ბავშვი გამიჩნდა.’“
…ტრაგედიაა? მე თვითონაც არ ვიცი. მისმა ექიმმა მითხრა:
“რომ შემეძლოს, გონება დავუბრუნო მას, არ ვიზამდი ამას, ახლა ის გაცილებით ბედნიერია.”
უმრავლეს შემთხვევაში ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანები ჩვენზე ბედნიერები არიან. ბევრნი განიცდიან სიტკბოებას თავიანთ სიგიჟეში. თუმცა რატომაც არა! მათ გადაუწყვეტიათ ყველა პრობლემა. ისინი ხელგაშლით მოგცემენ მილიონი დოლარის ჩეკს ან სარეკომენდაციო წერილს აღა-მაჰმად ხანთან. მათ იპოვეს მათივე შექმნილი ოცნებების სამყაროში თავიანთი სიდიადე, რომელსაც ესწრაფოდნენ. თუკი ზოგიერთ ადამიანში ისეთი დიდია მისწრაფება გამოჩენილი გახდეს, რომ ჭკუაზე იშლებიან, წარმოიდგინეთ რა სასწაული შეგვეძლო მოგვეხდინა, გულწრფელად რომ ვაფასებდეთ ამა თუ იმ ღირსებას ადამიანებში.
რამდენადაც ცნობილია ჩემთვის, ისტორიაში ცნობილი ორი ადამიანი, რომელთაც უხდიდნენ მილიონ დოლარ ჯამაგირს წელიწადში: უოლტერ კრაისლერი და ჩარლზ შვაბი. რატომ უხდიდა ენდრიუ კარნეგი შვაბს მილიონ დოლარს წელიწადში, ე. ი. თითქმის სამი ათას დოლარს დღეში? იმიტომ, რომ შვაბი გენიოსი იყო? არა. იმიტომ, რომ მან იცოდა მეტი ფოლადის წარმოების შესახებ, ვიდრე სხვა ადამიანებმა? ნურას უკაცრავად. შვაბს თვითონ უთქვამს ჩემთვის, რომ მას ბევრი მუშა ჰყავს, რომლებმაც მასზე გაცილებით მეტი იცოდნენ ფოლადის წარმოების შესახებ. შვაბმა თქვა, რომ ამას ამ ფულს უხდიდნენ ძირითადად ადამიანებთან ურთიერთობის ცოდნისათვის. მე ვკითხე, როგორ მიაღწიე-მეთქი ამას. მან გამანდო ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო. მე მომყავს აქ ეს საიდუმლო მისივე სიტყვებით. ეს სიტყვები ბრინჯაოზე უნდა ამოიკვეთოს და გამოიკიდოს ყოველ სახლსა და სკოლაში, ყოველ დაწესებულებაში, უნდა დააზეპირებინონ ბავშვებს ნაცვლად, მაგალითად, ლათინური უღლებისა. აი, ისინიც:
“ჩემს ყველაზე ძვირფას თვისებად მიმაჩნია უნარი, ენთუზიაზმი აღვძრა ადამიანებში. განვავითარო ადამიანში ყოველივე ის, რაც კარგია, რაც მოცემულია მასში, მხოლოდ მოწონებისა და წახალისების საშუალებით. არაფერი ისე არ კლავს თავმოყვარეობას, როგორც კრიტიკა ზემდგომი ადამიანების მხრიდან. მე არასოდეს არავის ვაკრიტიკებ. მწამს, რომ ადამიანისათვის აუცილებელია სტიმული მუშაობაში. მუდამ მზად ვარ შევაქო, ხოლო არ მიყვარს აღმოვუჩინო ნაკლოვანებები. თუ რაიმე მომეწონა, სულითა და გულით გამოვთქვამ მოწონებასა და ქებას.”
აი, რას აკეთებს შვაბი. მაგრამ რას აკეთებს ჩვეულებრივი ადამიანი? სწორედ საწინააღმდეგოს: თუ რაიმე არ მოეწონა, მზად არის ჭექა-ქუხილი ატეხოს, ხოლო თუ მოეწონა, დუმს.
“მრავალ, ყველაზე განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობისას მსოფლიოს ყოველ კუთხეში, – თქვა შვაბმა, – ერთხელაც არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც წახალისებით აღფრთოვანებულს არ გაეკეთებინოს ესა თუ ის სამუშაო უკეთ, ვიდრე გააკეთებდა, რომ სცოდნოდა, გააკრიტიკებდნენ.” ამაში მდგომარეობდა, შვაბის სიტყვით, ენდრიუ კარნეგის წარმატების ძირითადი საიდუმლო. ის აქებდა თავის კოლეგებს როგორც საჯაროდ, ისე განმარტოებით. კარნეგმა გადაწყვიტა, ჯეროვანი პატივი მიეგო თავისი თანაშემწეებისათვის თვით საკუთარი საფლავის ძეგლზეც კი. მან დაწერა თავისთვის შემდეგი შინაარსის ეპიტაფია: “აქ განისვენებს კაცი, რომელსაც შეეძლო, ირგვლივ თავისზე ჭკვიანი ადამიანები შემოეკრიბა.”
ადამიანების ღირსებათა გულწრფელმა აღტაცებამ უზრუნველყო როკფელერისათვის წარმატება ადამიანებთან დამოკიდებულებაში. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთმა მისმა კომპანიონმა ბედფორდმა სამხრეთ ამერიკაში წარუმატებული გარიგება დადო, რის შედეგადაც ფირმამ მილიონი დოლარით იზარალა, როკფელერმა მას გაკრიტიკება არ დაუწყო, იცოდა, ბედფორდმა ყველაფერი კარგად გააკეთა, რაც შეეძლო. როკფელერმა შესაძლებლადაც კი ცნო, შეექო თავისი კომპანიონი. მან მიულოცა ბედფორდს, რომ მოახერხა შეენარჩუნებინა დაბანდებული კაპიტალის 60%. “მშვენიერია, – თქვა როკფელერმა – ყოველთვის როდი ხერხდება, ასე კარგად გამოვიდეთ გაჭირვებული მდგომარეობიდან.”
ერთხელ მარხულობა განვიზრახე და ექვსი დღე-ღამის განმავლობაში არაფერი ვჭამე. ეს არც ისე ძნელი აღმოჩნდა. მეექვსე დღეს უფრო ნაკლებად მშიოდა, ვიდრე ორი დღე-ღამის ბოლოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც დამნაშავედ შერაცხავდნენ თავს, ულუკმაპუროდ რომ დაეტოვებინათ თავიანთი ოჯახები ან თავიანთი მოსამსახურეები ექვსი დღით, მაგრამ თავს ნებას აძლევენ მშივრები დატოვონ ისინი არა მარტო ექვსი დღით, არამედ ექვსი კვირით, და ზოგჯერ ექვსი ათეული წლის განმავლობაშიც, ყურადღებას და გულისხმიერებას რომ არ იჩენენ მათდამი, რამეთუ ყურადღება თითქმის ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც საჭმელი.
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი შვილების, მეგობრებისა და გარშემომყოფთა ფიზიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ მათ სულიერ მოთხოვნილებაზე. არ ვაკლებთ მათ ხორცსა და კარტოფილს ხორციელი ძალების განსამტკიცებლად, მაგრამ გვავიწყდება – ვუთხრათ ორიოდე სიტყვა მადლიერებისა და თანაგრძნობისა, სამუდამოდ რომ აღიბეჭდებოდა მათ მეხსიერებაში.
ზოგიერთი, ამ სტრიქონებს რომ წაიკითხავს, იტყვის: “სისულელეა! ვის სჭირდება ლაქუცი და პირფერობა? ეგეც მიცდია, მაგრამ ამით მიზანს ვერ მივაღწიე, ყოველ შემთხვევაში, ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობისას”. რასაკვირველია, მლიქვნელობა იშვიათად ახდენს რაიმე გავლენას გამჭრიახ ადამიანებზე. იგი არაწრფელია, ამიტომ მისი დახმარებით არც ისე იოლია წარმატების მიღწევა. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ისე სწყურიათ საკუთარი თავით აღტაცება, რომ მზად არიან ყველაფრისთვის, ოღონდაც მიაღწიონ მას. ისინი მოგვაგონებენ შიმშილით მომაკვდავს, რომელიც მზად არის ბალახი და ჭია-ღუაც კი შეჭამოს. თუმცა, საბოლოოდ, მლიქვნელობას, როგორც წესი, უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებლობა. ის ყალბია, და ყალბი ფულის მსგავსად, მლიქვნელობა, ბოლოს და ბოლოს, ოინს გიზამს, თუ მას მიმართავ.
რა განსხვავებაა გულწრფელ აღტაცებასა და მლიქვნელობას შორის? ეს ძალიან უბრალოდ აიხსნება. გულწრფელი აღტაცება გულის სიღრმიდან მოდის, უანგაროა და ყველას მიერ მოწონებას იმსახურებს; მლიქვნელობა კი ყალბია, ეგოისტურია და ყველას მიერ იკიცხება.
ამას წინათ, გენერალ ობერგონის ბიუსტი ვნახე ჩაპულტეპეკის სასახლეში, მეხიკოში, დაბლა ამოკვეთილი იყო გენერლის ბრძნული სიტყვები: “ნუ გეშინია, მტრები თავს რომ გესხმიან. გეშინოდეთ მეგობრების, რომლებიც გათნევენ”. არა, არამც და არამც. არავითარ შემთხვევაში არ გთავაზობთ მლიქვნელობას. მე ვლაპარაკობ ცხოვრების ახალ წესზე. ნება მომეცით, გავიმეორო: ცხოვრების ახალ წესზე.
მეფე ჯორჯ V-ის კაბინეტის კედელზე, ბუკინგემის სასახლეში, ამოკვეთილი იყო ექვსი აფორიზმი. ერთ-ერთი მათგანი ამბობდა: “ნუ მასწავლი, შევთავაზო ან მივიღო იაფფასიანი შექება.” აი, მლიქვნელობის არსი – ის იაფფასიანი შექებაა. ერთხელ სადღაც ამოვიკითხე მლიქვნელობის განსაზღვრება, რომელიც ღირს გავიმეორო: “მლიქვნელობა – ეს არის სხვა ადამიანების ისე შეფასება, რასაც შენს თავზე ფიქრობ.” როდესაც დაკავებულნი არ ვართ რაიმე პრობლემის გადაწყვეტით, ჩვენ დროის 95%-ს საკუთარ თავზე ფიქრში ვხარჯავთ. თუ გარკვეული ხნით თავს დავანებებთ საკუთარ თავზე ფიქრს და სხვა ადამიანთა ღირსებებზე ვიფიქრებთ, აღარ დაგვჭირდება მივმართოთ მლიქვნელობას, ისე იაფფასიანსა და ყალბს, რომ შეიძლება გამოვიცნოთ მანამ, სანამ სიტყვებით გამოიხატებოდეს.
ემერსონმა თქვა: “ყოველი ადამიანი, რომელსაც კი ვხვდები, რაღაც სფეროში მჯობია მე და ამ სფეროში ვცდილობ, ვისწავლო მისგან.”
თუ ამას ამბობდა ემერსონი, უფრო მეტად არ გვეხება ეს მე და შენ? მოდით, შევეშვათ საკუთარ ღირსებებზე და სურვილებზე ფიქრს და შევეცადოთ, უკეთ გავიცნოთ გარშემომყოფი ადამიანების კარგი თვისებები. დავივიწყოთ მლიქვნელობა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება. გამოთქვით მოწონება მთელი გულით, უხვად გავიღოთ ქება და ადამიანებს ემახსოვრებათ თქვენი სიტყვები და გაიმეორებენ მათ წლობით მას შემდეგ, რაც თქვენ თვითონ დაგავიწყდებათ ისინი…
ამონარიდი წიგნიდან “როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე”
დეილ კარნეგი