„რატომ აყოვნებს ხანდახან ღმერთი ლოცვებზე პასუხის გაცემას? “

by მათე თხელიძე
1.9K ნახვა

ერთხელ მოვისმინე ისტორია ერთი გოგონას შესახებ, რომელმაც მისიონერს წერილი მისწერა, რათა გაემხნევებინა იგი. ჩანს, გოგონა გააფრთხილეს, რომ არ ჰქონოდა წერილზე პასუხის მიღების იმედი იმ მოსაზრებით, რომ მისიონერები ძალიან დაკავებული ადამიანები არიან. სწორედ ამიტომ, როდესაც მისიონერმა წერილის კითხვა დაიწყო, გაოცდა: „ძვირფასო მისიონერო, ჩვენ ვლოცულობთ თქვენზე, მაგრამ არ ველით თქვენგან პასუხს…“

ვფიქრობ, ამ პატარა გოგონამ, თავისდა უნებურად, ქრისტიანთა უმრავლესობის ლოცვითი ცხოვრება წარმოაჩინა. ჩვენ ბევრს ვლოცულობთ, მაგრამ არ ველით პასუხს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება ლოცვისადმი, თუ ღმერთისგან პასუხის მიღება გვსურს.

უპირველესად, ნება უნდა მივცეთ ღმერთს, რომ გვიპასუხოს თავის მიერ დანიშნულ დროს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გვიპასუხოს თავისი განრიგის მიხედვით განსაზღვრულ დროს. ღმერთმა იცის, როდის უნდა გვიპასუხოს.

ხანდახან მეც მიჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთი უპასუხებს ჩემს ლოცვებს და ვფიქრობ, ღმერთს რომ  ანგელოზი წარმოეგზავნა ჩემთან, რომელიც მეტყოდა: „რიკ, მე აქ ვარ, რათა გითხრა, რომ ღმერთმა უპასუხა შენს ლოცვას“, ვფიქრობ, მაშინ დავრწმუნდებოდი და ეჭვი აღარ მექნებოდა.

ბიბლიაში მოთხრობილია ზაქარიას შესახებ, რომელიც ძალიან მოხუცი იყო. მის ცოლს, ელისაბედს, არ შეეძლო შვილების ყოლა. ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ზაქარიას და უთხრა:

„…ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა“ (ლუკა 1:13). გაბრიელმა თქვა, რომ ელისაბედი შობდა ვაჟს, რომელიც წარუდგენდა „უფალს მომზადებულ ხალხს“ (ლუკა 1:17). ზაქარიამ ჰკითხა ანგელოზს: „რითი გავიგებ ამას?“ (ლუკა 1:18). ჩანს, ის დიდი სკეპტიკოსი გახლდათ.

რატომ არ დაიჯერა მან? იმიტომ, რომ მას უკვე შეწყვეტილი ჰქონდა ამ სათხოვრის შესახებ ლოცვა. ლუკას სახარების ამ მონაკვეთს ზედაპირულად თუ კითხულობთ, ის, დაახლოებით, ასე იკითხება: „ის შევიდა ტაძარში და ლოცულობდა. მოვიდა ანგელოზი და უთხრა: ‘შენს ლოცვაზე პასუხი გაგეცა’“. საქმე ისაა, რომ ზაქარიამ დიდი ხნის წინ დაანება თავი ამაზე ლოცვას, მაგრამ ღმერთმა შეისმინა ზაქარიას ვედრება. ზმნა „შესმენილია“, წმინდა წერილის ამ მონაკვეთში, დგას წარსულ დროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე მოხდა.

ღმერთს თავიდანვე ესმის ჩვენი ლოცვები, მაგრამ ხანდახან პასუხი იგვიანებს. რატომ? იმიტომ, რომ უფალს სურს – სანამ პასუხს გაგვცემდეს, ცვლილება მოხდეს ჩვენში. ღმერთს უფრო მეტად სურს ის, რომ მოწიფული ქრისტიანები გავხდეთ, ვიდრე ის, რომ ცხოვრება გაგვიმარტივოს. მაშინ, როცა ლოცვის მიმართ სათანადო დამოკიდებულებას ვისწავლით, ღმერთი დაიწყებს ჩვენი პრობლემების მოგვარებას.

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის