გადავწყვიტე, რომ ჩემი ბიბლიური ციტატა ამ ახალ წელიწადს იქნება იერემიას 29:11-13. როგორც წესი, ძალიან იშვიათად ვწერ ახალ წელზე, მაგრამ ამჯერად ვგრძნობ, რომ სხვებსაც უნდა გავუზიარო ის გაკვეთილები, რომლებიც მივიღე ზემოხსენებული მუხლების შესწავლისას.
„’რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი. და მომიხმობთ მე, და წახვალთ და შემევედრებით, და მე მოგისმენთ თქვენ. მეძიეთ მე და მიპოვით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით.’“ იერემია 29:11-13.
ჩვენ ხშირად ვუდგებით ამ მუხლებს (განსაკუთრებით მე-11 მუხლს) კონტექსტის გათვალისწინების გარეშე და ვიყენებთ მათ, როგორც „უსაფრთხოების საბანს“ – „ღმერთს აქვს გეგმა ჩემთვის, ასე რომ, რა განსაცდელშიც არ უნდა ვიყო ახლა, ეს მალე დასრულდება და შემდეგ შევძლებ სულიერად გაზრდას და გაძლიერებას. თუმცა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი ამ საკითხს ეხება იმ კუთხით, რომელსაც შეუძლებელია, არ დავეთანხმო.
ებრაელი ხალხი ყველანაირი გაგებით ეურჩებოდა ღმერთს. მათ გაცვალეს ის ბოროტ ცრუღმერთებზე და ღმერთმა გადაასახლა ისინი ბაბილონში მათი ურჩობისთვის. ამავდროულად ჩნდება ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მშვიდობას უწინასწარმეტყველებს მათ და აიმედებს, რომ მალე ისინი იერუსალიმში დაბრუნდებიან. ის ეუბნებოდა მათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ეს ასე არ გახლდათ. იერემია უპირისპირდება აღნიშნულ ცრუწინასწარმეტყველს, მის ნათქვამს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს ღვთის დაპირებას, რომელიც იერემიას 29:11 მუხლშია მოცემული. ეს სიმართლეა, ღმერთს ნამდვილად აქვს კეთილი გეგმა-ზრახვანი ებრაელთათვის (და ასევე ჩვენთვის), ზრახვანი, რომლებიც იმედს მოუტანს მათ (ისევე, როგორც ჩვენ) და კეთილ მომავალს. მაგრამ იერემია ხალხს ასევე აძლევს ღვთის მითითებას, რომელიც იმავე თავის მე-7 მუხლშია მოცემული და რომელიც ახლოსაც კი არ არის იმასთან, რაც მათ სურდათ, რომ მოესმინათ. ისრაელიანებს უნდოდათ იმის მოსმენა, რომ მალე სახლში შეძლებდნენ დაბრუნებას; რომ მათი ტანჯვა დასასრულს უახლოვდებოდა. მაგრამ ღმერთის გეგმა მათთვის იყო ის, რომ დარჩენილიყვნენ იქ 70 წელიწადს (იერემია 29:10) და დახმარებოდნენ ერს, რომელმაც ისინი ერთ დროს მონებად აქცია.
ამრიგად, ვიწყებთ რა ახალ წელს, მოდით, ჩავეჭიდოთ იმ აღთქმებს, რომლებსაც ამ მუხლებში ვპოულობთ. გახსოვდეთ, რომ ღმერთმა კარგად იცის ის თითოეული გეგმა და ზრახვა ჩვენზე, რომლებიც, საბოლოოდ, მშვენიერ მომავლამდე მიგვიყვანს. თუმცაღა, ზრდა მოდის განსაცდელთა მტკიცედ გადატანის შემდეგ და არა მათგან გაქცევის მეშვეობით.
ვკითხულობთ მე-12-მე-13 მუხლებს და ვიგებთ, როგორ ვიყოთ მტკიცედ და როგორ დავეყრდნოთ უფალს სირთულეთა ჟამს. ღმერთი ისმენს ყოველ ჩვენს ლოცვას და როდესაც მას მოვძებნით, ის გვიცხადებს თავის თავს. როდესაც ვსწავლობთ, ვიყოთ მტკიცენი და მინდობილნი ღმერთსა და მის გეგმებს ჩვენს ცხოვრებაში, შედეგად, ვპოულობთ ნამდვილ სიხარულს ბრძოლათა შუაგულშიც კი.
ავტორი: ები ვიტერბი