რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.
მე რწმენით არ გადავრჩები. მე უბრალოდ რწმენით ვაცნობიერებ, რომ დახსნილი ვარ. მონანიება კი არ მიხსნის, რადგან მონანიება ნიშანია იმისა, რომ მესმის, თუ რა მოიმოქმედა ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით. სახიფათოა ყურადღების გამახვილება შედეგზე და არა მიზეზზე. რა მამართლებს მე ღვთის წინაშე? ჩემი მორჩილება, მიძღვნა, ერთგულება? არავითარ შემთხვევაში!
ღვთის წინაშე გავმართლდი (მანამ სანამ დავემორჩილებოდი ღმერთს და მას მივუძღვნიდი თავს) იმიტომ, რომ ქრისტე მოკვდა ჩემთვის. ღმერთისკენ როცა ვტრიალდები და რწმენით ვიღებ იმას, რასაც ის მიცხადებს, იესო ქრისტეს მიერ ჯვარზე აღსრულებული სასწაულებრივი გამოსყიდვა მყისიერად მაყენებს სათანადო მდგომარეობაში ღვთის წინაშე.
ღვთის მადლის ზებუნებრივი სასწაულის მეშვეობით მე ვდგავარ გამართლებული, არა იმიტომ, რომ ვწუხვარ ჩემი ცოდვის გამო, ანდა იმიტომ, რომ მოვინანიე, არამედ იმის გამო, რაც ქრისტემ მოიმოქმედა. ღვთის სულს მოაქვს გამართლება, რომელსაც თან ახლავს ყოვლისმომცველი, კაშკაშა სინათლე და მე ვიცი, რომ დახსნილი ვარ, თუმცა არ ვიცი, როგორ აღსრულდა ეს.
ხსნა, რომელიც ღვთისაგან მოდის, ადამიანურ ლოგიკას კი არ ეფუძნება, არამედ იესო ქრისტეს მსხვერპლიან სიკვდილს. ხელახლა შობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უფლის მიერ აღსრულებული გამოსყიდვის მეშვეობით შეგვიძლია. ცოდვილ ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ „ახალი ქმნილებანი“ არა მონანიებით ან რწმენით, არამედ ღვთის მიერ ქრისტეში აღსრულებული საოცარი საქმის მეშვეობით, რომელიც წინ უსწრებს ყველაფერს, რაც შემდეგ ჩვენში ხდება (იხ. მე-2 კორინთელთა 5:17-19).
გამართლებისა და განწმენდის ურყევი საწინდარი თავად ღმერთია. ჩვენ არ გვიწევს თავად აღვასრულოთ ეს ყოველივე. ჯვარზე ქრისტემ უკვე ყველაფერი აღასრულა გამოსყიდვის მეშვეობით. ზებუნებრივი ხდება ბუნებრივი ღვთის სასწაულის წყალობით და ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რა აღასრულა იესო ქრისტემ ჩვენთვის: „აღსრულდა!“ (იოანე 19:30).
ავტორი: ოსვალდ ჩეიმბერსი