ბოლოს როდის იგრძენით შფოთვა და დრტვინვა რაიმე მნიშვნელოვანის მოლოდინში? ბოლოს როდის ჩამოუშვი სასოწარკვეთილებით ხელები და თქვი: „არ შემიძლია ამის გაკეთება!“?
შეიძლება სამსახურის გასაუბრებამ ცუდად ჩაიარა ან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია არცთუ წარმატებული იყო თქვენთვის; შეიძლება თქვენი ქორწილის დილაა ან სამედიცინო გამოკვლევის შედეგებს ელოდებით. შესაძლოა თქვენი ღელვა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ პრობლემებსაც უკავშირდება: მეუღლესთან რთული საუბარი, ბავშვისთვის გაკვეთილების მომზადებაში დახმარება, გასაუბრება გაბრაზებულ მასწავლებელთან, ურთიერთობები ოჯახის წევრებთან ან ფიზიკური ტკივილის შეტევა დაბერებულ სხეულში.
ყველა ადამიანი განიცდის შფოთვას ცხოვრების რთულ მომენტებში. რატომ ვნერვიულობთ ასე, ზოგჯერ ძალიან მცირე მიზეზის გამოც კი? რადგან მუდმივად ვამოწმებთ ჩვენს შესაძლებლობებს. ჩვენ ვცდილობთ, გავზომოთ ჩვენი პოტენციალი ორ ფაქტორზე დაყრდნობით: ჩვენი გამოცდილება და ჩვენ წინ მდგარი ამოცანების მასშტაბები. ამის საუკეთესო ბიბლიური მაგალითია დავითისა და გოლიათის ისტორია. ისრაელის ჯარისკაცებმა გონივრულად გაითვალისწინეს გოლიათის ზომა, ხოლო დავითი ეყრდნობოდა თავის გამოცდილებას ლომსა და დათვზე გამარჯვების შემთხვევებში და ამბობდა, რომ უფალი აძლევდა გამარჯვებას ყოველ ჯერზე.
ჩვენი პოტენციალის გაზომვის პროცესზე გავლენას ახდენს როგორც კულტურული მომენტი, ისე ბიბლიური სიბრძნე. პოპულარული გამოთქმა: „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“, ძალიან ჰგავს იესოს ნათქვამს: „რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოინდომოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რომელიც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?“ (ლუკა 14:28). დავითი ხეობაში არ დაბრუნებულა გეგმის შესადგენად, მან სხვა საზომით შეაფასა თავისი შესაძლებლობები. მას ახსოვდა, რომ ღვთის შვილი იყო, შვილებს კი მამის იმედი აქვთ. მისი ამოცანა გოლიათის მოკვლა კი არა, ღმერთზე დაიმედება იყო უზარმაზარი პრობლემის წინაშე. სწორედ ამიტომ იგი ვერ ხედავდა საკუთარ დამსახურებას ლომსა და დათვზე გამარჯვებაში, ისევე, როგორც მან არ აიღო გოლიათზე გამარჯვების ტვირთი. მან თქვა:
უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!
ხშირად ჩვენ არ შეგვიძლია, შევცვალოთ სიტუაცია ჩვენ გარშემო: არ შეგვიძლია, ვაიძულოთ ხალხი, უკეთესები გახდნენ; არ შეგვიძლია, განვკურნოთ დაჭრილი გულები; არ შეგვიძლია, შევარიგოთ ორი ადამიანი; არ შეგვიძლია, ვაიძულოთ ჩვენი მეზობლები, ირწმუნონ ღმერთი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ამოცანა არ არის წარმატების მიღწევა. ჩვენი ამოცანაა, ვუპასუხოთ ღმერთის მოწოდებას ყველა სიტუაციაში, ყველა ადგილზე და ყველა ურთიერთობაში. უფლის დაპირება კი ისაა, რომ ჩვენთან ერთად იქნება ყველა ამ გზაზე.
ღმერთი არასდროს მოგვცემს დავალებას ისე, რომ არ მოგვცეს ყველაფერი, რაც საჭიროა მის მისაღწევად, და რადგან შენ მისი შვილი ხარ, სადაც არ უნდა წახვიდე, უფალი შენთან იქნება.
თუ ახლა რთულ გზას გადიხარ, თუ გტკივა, განიცდი და ნერვიულობ, იცი, სადაც არის გამარჯვება. თუ ამბობ, რომ რაიმე არ შეგიძლია, უბრალოდ გაიმარჯვე, რადგან უკვე იცნობ მას, ვისშიც არის გამარჯვება ყველა პრობლემაზე.
გახსოვდეთ, რომ ქრისტიანთათვის ყველა გამოწვევა გამარჯვების უზარმაზარი პოტენციალია უფალთან ერთად.
იყავი გამარჯვებული!