ნებისმიერი მოწაფეობა მოიაზრებს დისციპლინას. თუ მუსიკის, სპორტის ან ნებისმიერი რამის შესწავლა გსურთ, დისციპლინის დაცვა უნდა შეგეძლოთ. მის გარეშე არასდროს არაფერი გამოგივათ. მას, ვინც უფალ იესოს მოწაფე გახდა, უნდა ჰქონდეს სულიერი დისციპლინა. ქრისტეც და მისი მოციქულებიც გამუდმებით მოუწოდებდნენ მოწაფეებს სულიერი დისციპლინისკენ. იერუსალიმის პირველ ქრისტიანებზე დაწერილია:
ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და სამი ათასამდე სული შეემატათ იმ დღეს. და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი. ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამეთუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. მამულებსა და ქონებას ყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეულს საჭიროების მიხედვით. ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით იღებდნენ საზრდოს. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს.
დაინახეთ მათი სულიერი დისციპლინა? ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ, რადგან სწორედ ეს ნიშნავს მოზიარეობას; გამუდმებით ამოწმებდნენ საკუთარ თავს, უკვირდებოდნენ, როგორ მიჰყვებოდნენ მხსნელის მოძღვრებას და ასევე გამუდმებით ლოცულობდნენ. მათი სულიერი დისციპლინის გამომხატველია ისიც, რომ ყოველდღე ერთსულოვნად იმყოფებოდნენ ტაძარში. არ გეგონოთ, რომ ისინი ზარმაცები იყვნენ, ან სამუშაო არ ჰქონდათ, ოჯახები არ ჰყავდათ შესანახი, მაგრამ მათ მტკიცე სულიერი დისციპლინა ჰქონდათ და პრაქტიკულად ახორციელებდნენ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს:
თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
დღესაც არსებობენ ქრისტიანები, რომლებმაც შეინარჩუნეს პირველ მოწაფეთა სულიერი დისციპლინა, მაგრამ, სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი მოწაფე ტოვებს ამ დისციპლინას; მათთვის ქრისტიანობა გახდა ჰობი, ხოლო ეკლესია – რაღაც სოციალური კლუბის მსგავსი რამ. მომისმენია, როგორ უთქვამთ მათ, რომ „თავისუფალნი არიან ქრისტეში“ და რომ „არ სურთ, იყვნენ რელიგიურნი“, რომ სწორედ ამიტომ მიატოვეს სულიერი დისციპლინა, რათა ქვეყნიურ ადამიანთა მსგავსად იცხოვრონ. ისინი „შრომისმოყვარენი“ არიან, როდესაც საუბარია მატერიალურ შემოსავალზე. მეტი ფულის საშოვნელად მზად არიან ორ და სამ სამსახურში იმუშაონ და ოჯახისგან შორს იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში, ხოლო როცა საუბარი ეხება ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეობას და სულიერი დისციპლინის მორჩილებას, მათ არ სურთ გამოიჩინონ იმ ძალისხმევის მეათასედი ნაწილიც კი, რასაც ისინი ქვეყნიერებისადმი სიყვარულში იჩენენ.
მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ტიმოთეს მიმართ პავლე მოციქულის მიერ მიწერილ მეორე წერილს. ტიმოთეს ჰყავდა მამა, რომელზეც ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ბერძენი იყო, ანუ წარმართი, რადგან მამის გამო ტიმოთე წინადაუცვეთელი იყო. ტიმოთე არ გაჰყვა მამის მაგალითს, არამედ უსმენდა დედის, ევნიკეს და ბებიის, ლოისის დარიგებას, რომლებიც ებრაელები იყვნენ და რომლებმაც ასწავლეს უპირფერო რწმენა. დედა და ბებია ტიმოთეს ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ წმინდა წერილს. ვფიქრობ, რომ ამ ქალებზე იქნებოდა გარკვეული ზეწოლა, რადგან ისინი წარმართი მამაკაცის ავტორიტეტის ქვეშ იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ იცოდნენ, როგორ შეენარჩუნებინათ სულიერი დისციპლინა და ტიმოთესთვისაც ესწავლებინათ ეს.
ქრისტეს მოწაფეობასთან დაკავშირებით როგორ მაგალითს აძლევთ ბავშვებს ახლა?
თუ ფიქრობთ, რომ მუშაობთ და შვილებს ეუბნებით, რომ „ამას მათთვის აკეთებთ“, მაგრამ არ გამოყოფთ დროს, რათა მათთან ერთად ყოველდღიურად შეისწავლოთ ბიბლია და ილოცოთ და თუ არ ხედავენ, როგორ მსახურობთ ეკლესიაში, ფიქრობთ, მათზე ეს არ იმოქმედებს? შესაძლოა მათ ქრისტეს მოწაფის სხვა მაგალითი იპოვონ ეკლესიაში, რომელსაც მიბაძავენ, მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან ამის ალბათობა ძალიან მცირეა.
თქვენ გიკვირთ, რომ მორწმუნეთა შვილები ხშირად ტოვებენ ეკლესიას და უნელდებათ რწმენა? ან უარესი, ზოგიერთნი ეკლესიაში რჩებიან, მაგრამ საშინელ პირფერობაში ცხოვრობენ და ნიღაბს არიან ამოფარებულნი. როგორია იმის ალბათობა, რომ თქვენი შვილი ქრისტეს გზით ივლის, თუ მას არ ასწავლეს სულიერი დისციპლინა? თუ მას ეს საკუთარ მშობლებში არ დაუნახავს?
ფიქრობთ, რომ ბავშვი ვერ ხედავს, როდესაც რაღაც პრობლემის გამო თავს იმართლებ, რომ არ შეგიძლია ღვთისმსახურებაზე წასვლა? განა მას არ ესმის, რომ იმავე პრობლემის არსებობისას სამსახურში, წვეულებაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას წახვიდოდით, მაგრამ ღვთისმსახურებაზე წასვლას სახლში დარჩენას ამჯობინებთ? თქვენი შვილები ხედავენ და იმახსოვრებენ ამ ყველაფერს და ისინი თქვენს მაგალითს გაიმეორებენ, მაგრამ უფრო ფართო მასშტაბებით.
როდესაც მიანმარში საკვირაო სკოლის მასწავლებლებს ვამზადებდი, ერთი ქალი მოვიდა სამი შვილით, რომელთაგანაც ყველაზე პატარა სამი წლის თუ იქნებოდა. გაოცებული ვიყავი, რომ ეს ბავშვები სამი დღის განმავლობაში მორჩილად ისხდნენ და ოდნავადაც არ ხმაურობდნენ. სხვა ოთახში თამაშობდნენ წყნარად და საშუალებას აძლევდნენ დედას, ესწავლა. დედა აღფრთოვანებული იყო იმ ყველაფრით, რასაც სწავლობდა და გადაწყვიტა, თავის საკვირაო სკოლაშიც გამოეყენებინა ეს მასალა. ურწმუნო ბავშვებისთვისაც ესწავლებინა კურსი „ეს ის გზა არაა, იონა!“ (ბიბლიის ინდუქციური მეთოდით შესწავლის კურსი ბავშვებისთვის).
პატარა ბავშვის ძილის დრო რომ დგებოდა, დედა ჩუმად გადიოდა დარბაზის ბოლოში და სანამ ბავშვს ეძინა 2-3 საათის განმავლობაში, მას ის ხელში ეჭირა და ამგვარად აგრძელებდა წმინდა წერილის შესწავლას. თქვენ ფიქრობთ, რომ უფროსი შვილები ვერ ხედავენ დედის წრფელ რწმენას, ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს და სულიერ დისციპლინას? ისინი ძალიან კარგად ხედავდნენ ამას და თავადაც გაიმეორებენ. ნეტარნი არიან ამ ქალის შვილები, ის ხომ მათ უდიდეს სიმდიდრეს აძლევს, რომელსაც ცოტა მშობელი თუ აძლევს შვილს ამქვეყნად.
ვზივარ და ვფიქრობ, როგორი იქნება იმ ბავშვების სულიერი ცხოვრება, რომელთა მშობლებიც ერთ კვირა დღეს მიდიან ეკლესიაში და შემდეგი 2-3 კვირა აღარ ჩანან? სხვათა შორის, ზოგიერთი მათგანი ბავშვს სახლში ასწავლის, ან ცდილობს ატაროს ისინი მუსიკაზე, სპორტსა და სხვა გაკვეთილებზე, მაგრამ ეკლესიაში არ დაჰყავთ, რადგან თვითონაც არ დადიან. რა მოუვა თქვენი შვილების ცხოვრებას და როგორ იმოქმედებს ეს მათზე? არ გეშინიათ, რომ ცუდად იმოქმედოთ თქვენი შვილების მარადიულ ბედზე? მარადიულობა არის პირველი მიზეზი იმისა, რომ ღმერთმა განდოთ თქვენი ბავშვები, რათა აღზარდოთ ისინი და ატაროთ ხსნის გზით ისე, რომ ყველაფერში აძლევდეთ მისაბაძ მაგალითს.
როცა საუბარია შეჯიბრებებზე, ცეკვის ან მუსიკის კონკურსზე და ა.შ. ძალისხმევას არ იშურებთ, რომ თქვენმა შვილებმაც მიიღონ მონაწილეობა, ხოლო ბიბლიის შესწავლაზე, ლოცვაზე, ღვთისმსახურებაზე არ ფიქრობთ. არ გეშინიათ, რომ თქვენი შვილების ცხოვრება სულაც არ წარიმართება ისე, როგორც ფიქრობდით და მწარე ცრემლით მოგიწევთ ღაღადი ღვთის წინაშე, რათა უფალმა იხსნას ისინი? რას ეტყვით მაშინ მათ? ეტყვით, რომ ყველაფერს მათ საკეთილდღეოდ აკეთებდით? როგორღა დააბრუნებთ დროს? რის გაკეთებას შეძლებთ?
გულგრილო მშობლებო, მოინანიეთ დღეს თქვენი ცოდვები, რომელთაც სჩადიხართ თქვენი შვილების წინააღმდეგ. გაუფრთხილდეთ დროს, რათა გადაარჩინოთ ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება და გამოიყენოთ მთელი ძალისხმევა, რათა ასწავლოთ მათ ქრისტეს მოწაფეების დისციპლინა და აჩვენოთ ეს საკუთარი მაგალითით, რადგან უკანასკნელი ჟამია. სატანა მბრდღვინავი ლომივით დადის და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს თქვენს შვილთაგან. ყურადღებით იყავით, იფხიზლეთ და გააკეთეთ ყველაფერი, რომ გადაარჩინოთ თქვენი შვილები და ასწავლოთ მათ გამარჯვებულის ცხოვრებით ცხოვრება; ასწავლოთ მათ ცათა სასუფევლის გზა, რათა მარადიულად ხარობდეთ თქვენი შვილებით, როდესაც ისინი თქვენთან ერთად მიიღებენ დიდების გვირგვინს.
დედებო და მამებო, დღესვე დაიწყეთ თქვენი შვილებისთვის სულიერი დისციპლინის სწავლება და იყავით მათთვის ნიმუში.
ავტორი: ვასილი ფილატი