ვიდრე იესო ქრისტეს ვირწმუნებდი, 1971 წლის ბოლოს, როდესაც 16 წლის ებრაელი ჰიპი როკდრამერი ვიყავი, ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელიც გახლდით და ამით თავსაც კი ვიწონებდი. უკანონოდ ვარ შეჭრილი ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე სახლშიც და ასევე ექიმის კაბინეტში. ჩემი მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ უბრალოდ რაიმე გიჟური საქციელი ჩამედინა.
კიდევ უფრო სამარცხვინოა ის, რომ რამდენჯერმე ფული მოვპარე მამას, როდესაც ჩემს მეგობრებს სჭირდებოდათ გარკვეული თანხა. ჩემი ყველა ქმედებიდან ეს ყველაზე საძაგელი საქციელი გახლდათ.
ქრისტიანობაზე ჩემი მოქცევიდან რამდენიმე კვირაში, ერთხელ სამზარეულოში ვიჯექი და მამაჩემს ვესაუბრებოდი, რომელიც უფროსი იურისტი იყო ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში.
როდესაც ჩვენ იქ მარტონი ვისხედით, მან პირდაპირ მკითხა: „მაიკლ, ეს შენ მომპარე ფული რამდენიმე თვის წინ?“
მე არა მხოლოდ მოვიპარე ის ფული, არამედ კარის ბადეც ჩავჭერი სახლის უკანა მხარეს, რომ ყველაფერი ისე გამოჩენილიყო, თითქოს ვიღაც შემოიჭრა სახლში. როდესაც მამა შინ დაბრუნდა, დაინახა დაზიანებული კარი და ფულის დაკარგვის შესახებაც შეიტყო, მე ვუთხარი, რომ ეს ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს. იმისათვის, რომ დავესაჯე, მამამ მითხრა, რომ ამიერიდან ვერც ერთი ჩემი მეგობარი ვერ შემოვიდოდა ჩვენს სახლში, თუმცა მე დარწმუნებული ვიყავი: მან იცოდა, რომ ეს მე გავაკეთე.
რადგანაც ახლა უკვე მორწმუნე ვიყავი, აღარ შემეძლო, მომეტყუებინა ჩემი შესანიშნავი და გულკეთილი მამა. მაგრამ მე ეს მაინც გავაკეთე, ვუთხარი, რომ არ მომიპარავს ფული.
ამის შემდეგ მე წავედი ზემოთ, ჩემს ოთახში და დავდექი მუხლებზე. თავს არარაობად ვგრძნობდი.
სულიწმიდამ მაშინვე მამხილა და მივხვდი, რომ არ შემეძლო, მეცრუა მამასთან. ამიტომაც ბოდიში მოვუხადე უფალს და დავპირდი, რომ მამას სიმართლეს ვეტყოდი.
ამ მომენტში მხილების ყოველგვარი გრძნობა გაქრა და მეც ვიფიქრე: „იქნებ საკმარისია, ვუთხრა უფალს, რომ ვწუხვარ და ვნანობ. იქნებ სულაც არ არის აუცილებელი რაიმეს თქმა ჩემი ხორციელი მამისთვის. მაგრამ მხილებამ თითქოს მახვილის მსგავსად განმგმირა და მე ვთქვი: „კარგი, უფალო, ვეტყვი მას სიმართლეს.“
ამრიგად, მე ჩამოვედი ქვემოთ, სადაც ჯერ ისევ იჯდა მამაჩემი და მოვუყევი მას, რაც ჩავიდინე.
რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, აი, რა მიპასუხა ამაზე მამაჩემმა (და იმ დროს ის ჯერ არ იყო ქრისტეს მორწმუნე): „მაიკლ, როდესაც დავინახე, რომ ფული გაქრა, მაშინვე მივხვდი, რომ შენ მოიპარე ის და მაშინვე გაპატიე; მაგრამ გული იმან მატკინა, რომ შენ რაღაც საჭიროება გქონდა და მე არ მომმართე დახმარებისთვის.“
ეს იყო ჩემი მიწიერი მამა! თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორია, გყავდეს ასეთი მამა?
ტრაგედია ჩემი მეგობრის ცხოვრებაში, რომელმაც ზეგავლენა იქონია ზეციერ მამასთან მის ურთიერთობებზე
ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რომლის გამოც, რაც მორწმუნე ვარ, არასდროს შემპარვია ეჭვი ჩემი ზეციერი მამის მიმღებლობასა და სიყვარულში. ეს არის ასევე ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მაქვს უსაფრთხოების ღრმა გრძნობა და რომლის გამოც შემიძლია, მარტივად მივიღო პატიება, როდესაც შეცდომას ვუშვებ და რატომაც არის ჩემთვის მადლში ცხოვრება ისეთი ბუნებრივი რამ, როგორიც ჰაერით სუნთქვაა. მაგრამ კარგად მესმის, რომ ბევრ სხვა მიძღვნილ მორწმუნეს არ ჰქონია იგივე გამოცდილება.
ვიდრე მორწმუნე გავხდებოდი, ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემი მეწყვილე იყო ყველა ცუდ საქმეში. მან მოინანია ჩემ შემდეგ რამდენიმე თვეში და როგორც ახლად მოქცეული მორწმუნეები, ძალიან მოშურნეები ვიყავით და საათებს ვატარებდით ლოცვასა და წმინდა წერილის კითხვაში. მაგრამ მე შევამჩნიე აშკარა სხვაობა ჩვენს ურთიერთობებში უფალთან. როდესაც ის უშვებდა თუნდაც უმნიშვნელო შეცდომებს, თავს გასამართლებულად გრძნობდა, ისე, თითქოს ღმერთი მის წინააღმდეგ იყო და მას უნდა გამოესყიდა თავისი დანაშაული დღის ბოლომდე. როდესაც მე ვუშვებდი შეცდომას, დაუყოვნებლივ ზურგს ვაქცევდი ცოდვას, ვინანიებდი და ვიღებდი პატიებას ჩემი ზეციერი მამისგან და ვაგრძელებდი დღეს, თითქოს არაფერი მომხდარა. ამან დამაფიქრა იმაზე, თუ რატომ იყო ჩემთვის ასე მარტივი ზეციერი მამის სიყვარულის მიღება, ხოლო მისთვის გაცილებით უფრო რთული.
რამდენიმე ხანში ის მომიყვა თავისი მამის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ, რომელიც მის მოზარდობამდე მოხდა და ჩემთვის ნათელი გახდა რაღაცები.
ეს მოხდა იმ წელს, როდესაც ჰალუცინოგენები თავისუფლად ხელმისაწვდომი გახდა. მამამისმა ლონგ-აილენდის ერთ-ერთ სავაჭრო დახლზე იყიდა ჰოტ-დოგი, ვიღაცამ კი მალულად გაურია მდოგვში „ელესდი“ (LSD). ჩემი მეგობრის მამამ, არ იცოდა რა არაფერი ამის შესახებ, დაუმატა ეს მდოგვი თავის ჰოტ-დოგს. როდესაც მას ჰალუცინაციები დაეწყო, ეგონა, რომ გიჟდებოდა და რამდენიმე თვის განმავლობაში ის ისევ და ისევ განიცდიდა ამ მტანჯველ მოგონებებს. საბოლოოდ, სულიერი ტანჯვების შედეგად, მან თავი მოიკლა.
მე მაშინვე გავიფიქრე, იქნებ ამიტომაცაა, რომ ჩემთვის უფრო მარტივია ღმერთის პატიების მიღება, ვიდრე ჩემი მეგობრისთვის.
ათწლეულების შემდეგ ჩვენ ისევ დავუბრუნდით მამამისის თვითმკვლელობის ნაღვლიან ისტორიას და მან მითხრა, რომ ეთანხმება ჩემს დასკვნას. მის ურთიერთობებში მიწიერ მამასთან რაღაც გატყდა, რაღაც იყო დაკარგული მაშინ, იმ წლებში, როდესაც ის პიროვნებად ყალიბდებოდა. შედეგად, რაღაცის დანაკლისი იყო მის ურთიერთობებში ზეციერ მამასთანაც.
დასკვნა
უპირველეს ყოვლისა, მიწიერი მამები საოცრად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თავიანთი შვილების სულიერ, ემოციურ და გონებრივ განვითარებაში, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. მოვუწოდებ თითოეულ მამას, აღიარონ საკუთარი შეცდომები და სისუსტეები, რაც მამებს ჩვეულებრივ გვაქვს ხოლმე და გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ თავიანთ შვილებთან ურთიერთობებში მიჰბაძონ ჩვენს ზეციერ მამას. გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რომ უბრალოდ მათ გვერდით იყოთ და გააგებინოთ მათ, რომ ისინი მნიშვნელოვანნი არიან თქვენთვის.
მეორე, თუ თქვენს მიწიერ მამას არ მოუცია თქვენთვის კარგი მაგალითი (ან თუ სინამდვილეში არასდროს იცნობდით კარგად თქვენს მიწიერ მამას) და გაქვთ პრობლემები ღმერთთან ურთიერთობებში, მაშინ მიდით თქვენს ზეციერ მამასთან გულწრფელად და ალალად. სთხოვეთ მას, გაგიხსნათ თავისი ჭეშმარიტი ბუნება და განკურნოს თქვენი ჭრილობები, რომლებიც, შესაძლოა, მოგყვებათ თქვენი წარსულიდან. ღმერთის სიყვარულს ძალუძს, გაიმარჯვოს ყველაფერზე.
დაე, ამ სიტყვებმა 102-ე ფსალმუნიდან გააცოცხლოს დღეს თქვენი გული:
„არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.
რადგან რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ;
როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
როგორც მამას ებრალება შვილები, ისე ებრალება უფალს თავისი მოშიშები;
ვინაიდან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ შექმნილნი.“
აი, როგორი მამა გვყავს!