არსებობს ოთხი ძირითადი და სამი თეოლოგიური სათნოება. თეოლოგიურ სათნოებათა რიცხვს განეკუთვნება: რწმენა, იმედი და სიყვარული. სიყვარული გრძნობის კი არა, უფრო მეტად ნებელობის გამოხატულებაა, რომელსაც ბუნებრივად აღვიქვამთ, როცა ის ჩვენკენაა მომართული და ვსწავლობთ (იმედი მაქვს), როგორ გავავრცელოთ იგი სხვებზე.
ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ საკუთარი თავის სიყვარული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იგი მოგვწონს, უბრალოდ ჩვენ სიკეთე გვსურს მისთვის. ასევე, არ გვავალდებულებს მოყვასისადმი სიყვარული იმას, რომ ჩვენ მისით აღფრთოვანებულნი უნდა ვიყოთ. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი მოგვწონდეს და ზოგი – არა. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სიმპათია და ანტიპათია არც ცოდვაა და არც სათნოება, ისევე, როგორც, რომელიმე კერძის სიყვარული ან სიძულვილი. ეს, უბრალოდ, ფაქტია, ხოლო ის, თუ როგორ გამოვხატავთ მათ ცხოვრებაში, შეიძლება იქცეს ცოდვად ან სათნოებად.
ვინმე თუ მოგვწონს, ადვილია, მის მიმართ შემწყნარებელნი ვიყოთ. ყველანაირად უნდა წავახალისოთ ჩვენში ბუნებრივი კაცთმოყვარეობა (ისევე, როგორც სპორტისა და ჯანსაღი კვებისკენ მიდრეკილება), რადგან ის ხელს უწყობს ქრისტიანული სიყვარულის გაღვივებას. მეორე მხრივ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ზოგიერთი ადამიანის მიმართ სიმპათია სხვების სიყვარულზე არ აისახოს და უსამართლო ქცევისკენ არ გვიბიძგოს. ზოგჯერ იმგვარადაც ხდება, რომ ჩვენი მიდრეკილება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სიყვარულს იმავე ადამიანის მიმართ; მაგალითად, სიყვარულით დაბრმავებულ დედას შეუძლია, ბუნებრივი სინაზის გამო, შვილი გაანებივროს – შვილისადმი გრძნობებს ის გაუცნობიერებლად იკმაყოფილებს მისი მომავალი კეთილდღეობის ხარჯზე.
მართალია სხვათა მიმართ ბუნებრივი სიმპათიის გაძლიერება სასურველია, მაგრამ არა − აუცილებელი. ზოგიერთი ადამიანი ბუნებით ცივია. შეიძლება ეს უბედურებაა, მაგრამ ისეთივე ცოდვაა, როგორც ცუდი საჭმლის მომნელებელი სისტემა, თუმცა ასეთი ტემპერამენტი, მათ „სიყვარულის სწავლის“ მოვალეობისგან არ ათავისუფლებს. წესი, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ, გარკვევით გვეუბნება: ნუ დაკარგავთ დროს იმაზე ფიქრში, გიყვართ თუ არა მოყვასი, უბრალოდ ისე მოიქეცით, თითქოს გიყვართ და დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ მართლაც იწყებთ მის შეყვარებას. ჩვენთვის არასასურველ ადამიანს რაღაცას როცა ვუშავებთ, ვამჩნევთ, რომ ამის გამო კიდევ უფრო გვძულს იგი; ხოლო თუ სიკეთეს გავუკეთებთ, ვიგრძნობთ, რომ ჩვენი ანტიპათია ნელ-ნელა ქრება, მაგრამ ამ წესსაც აქვს გამონაკლისი; თუ კეთილი საქმე ღმერთის საამებლად, სიყვარულის კანონის თანახმად, კი არ გააკეთეთ, არამედ იმის გამო, რომ სხვებისთვის თავი კარგ ადამიანად მოგეჩვენებინათ, ან თქვენ მიერ „გაბედნიერებული“ ადამიანი თქვენს სამუდამო მოვალედ გექციათ, მაშინ დიდი იმედგაცრუება გელით. ადამიანები არ არიან სულელები, ისინი ყოველთვის გრძნობენ იმ მოტივს, რის გამოც მათ ეხმარებით.
სამაგიეროდ, როდესაც სიკეთეს ვუკეთებთ ვინმეს იმის გამო, რომ ისიც ადამიანია, ჩვენსავით ღვთის მიერ შექმნილი და მისთვისაც ისევე გვსურს კარგი, როგორც საკუთარი თავისთვის, ცოტა უფრო მეტად გვიყვარდება ეს კაცი, ან უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენი სიყვარული მის მიმართ არ მცირდება.
მართალია, ქრისტიანული სიყვარული ცოტა ცივ გრძნობად ეჩვენებათ მათ, ვინც ზედმეტად მგრძნობიარეა, რადგან ის არ ჰგავს მგზნებარე სიმპათიას და სინაზეს, მაგრამ მას სწორედ სინაზისა და სიმპათიისკენ მივყავართ. ქრისტიანი სხვა ადამიანებისგან იმით კი არ განსხვავდება, რომ მას ქრისტიანული სიყვარული ახასიათებს, ამ უკანასკნელთ კი – სიმპათია. არა, განსხვავება ისაა, რომ თუ სხვა ადამიანები კარგად ექცევიან მათ, ვინც მოსწონთ, ქრისტიანი ცდილობს, ყველას მიმართ იყოს კეთილი და ნელ-ნელა ამჩნევს, რომ უფრო და უფრო მოსწონს ადამიანები, ისინიც კი, ვისაც ადრე თბილად ვერ მოიხსენიებდა.
ეს კანონი საწინააღმდეგო მიმართულებითაც ასევე მოქმედებს. შესაძლოა, გერმანელები თავიდან იმის გამო დევნიდნენ ებრაელებს, რომ მართლაც ეჯავრებოდათ ისინი, მაგრამ მოგვიანებით, სწორედ იმიტომ შეიჯავრეს უფრო მეტად, რომ დევნიდნენ და ანადგურებდნენ მათ. ადამიანს რაც უფრო ცუდად ექცევით, მით უფრო მეტად გიმძაფრდებათ სიძულვილი მის მიმართ. სიძულვილი რაც უფრო გიმძაფრდებათ, მით უფრო ცუდად ექცევით და იკვრება მანკიერი წრე.
სიკეთე და ბოროტება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. აი, რატომ აქვს განუზომლად დიდი მნიშვნელობა ჩვენ მიერ ყოველდღიურად მიღებულ პატარ-პატარა გადაწყვეტილებებს. ერთი შეხედვით, დღეს, თითქოს შეუმჩნეველი რამ გააკეთეთ, სინამდვილეში კი აიღეთ ციხე-სიმაგრე, საიდანაც რამდენიმე თვის შემდეგ ახალ-ახალი გამარჯვებებისკენ გაილაშქრებთ, რაც ადრე თქვენთვის მიუღწეველი იყო, მაგრამ უმნიშვნელო დათმობაც კი მიწიერი ზრახვის ან მრისხანების წინაშე, გამაგრებული სიმაღლის ან საკვანძო სადგურის დასაკარგად შემოგიბრუნდებათ, საიდანაც მტერი ისეთი იერიშის განხორციელებას შეძლებს, როგორსაც სხვა მხრიდან ვერ მოახერხებდა.
ზოგიერთები „სიყვარულის“ ცნებას მხოლოდ ადამიანთა შორის არსებული ქრისტიანული სიყვარულის აღსანიშნავად როდი იყენებენ, ისინი ამით ღმერთის ადამიანისადმი და ადამიანის ღმერთისადმი დამოკიდებულებას გამოხატავენ. ადამიანის სიყვარული ღვთისადმი დღეს ერთ-ერთი ისეთი პრობლემაა, რაც დაფიქრებას საჭიროებს. ადამიანებმა იციან, რომ ღმერთი უნდა უყვარდეთ, მაგრამ ვერ პოულობენ ამ სიყვარულს საკუთარ გულში. რა უნდა ქნან? პასუხი იგივეა. უნდა მოიქცნენ ისე, თითქოს უყვართ ღმერთი. უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვა: როგორ მოვიქცეოდი, თუ უეჭველად მეცოდინებოდა, რომ ღმერთი მიყვარს? პასუხის მიგნების შემდეგ უნდა შეეცადონ, ის ცხოვრებაში განახორციელონ.
ღვთის სიყვარული ჩვენ მიმართ ნაკლებად სახიფათო პრობლემაა განსჯისთვის, ვიდრე ჩვენი ღვთისადმი სიყვარული. შეუძლებელია, ვინმეს ერთთავად ღვთისმოსავი გრძნობები ჰქონდეს და რომ გვქონდეს კიდეც, ღმერთი გრძნობებს როდი მოითხოვს ჩვენგან. ქრისტიანული სიყვარული ღვთისა და ადამიანის მიმართ ნებელობითი აქტია. უფლის ნების თანახმად, ჩვენ ვცდილობთ აღვასრულოთ მისი აღთქმა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი“, ის თვითონ გვიბოძებს სიყვარულს, თუ საჭიროდ მიიჩნევს, ჩვენ არ ძალგვიძს მისი გამომუშავება და ვერც მოვითხოვთ, როგორც კანონიერ კუთვნილებას. გახსოვდეთ უდიდესი ჭეშმარიტება: ჩვენი გრძნობები ჩნდება და ქრება, ღვთის სიყვარული კი უცვლელია. ის არ მცირდება ჩვენი ცოდვების ან გულგრილობის გამო, ამიტომაც არ იცვლება მისი გადაწყვეტილება, განგვკურნოს ცოდვებისგან, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს ჩვენ და რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ღმერთს.
ავტორი: კლაივ ლუისი