მსურს, გესაუბროთ მონანიების ორი მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ: რას მოითხოვს იგი და როგორია მისი გასაოცარი ნაყოფები.
მონანიება არ არის მხოლოდ ცოდვილებისთვის, არამედ მორწმუნეთათვისაც. მონანიება არ გახლავთ ერთჯერადი აქტი. ღმერთის შვილები მოწოდებულნი არიან გამუდმებით ინანიებდნენ.
მონანიება გვიღებს იმ კარს, რომლის გაღებაც სხვას არაფერს შეუძლია. ჩვენი ცხოვრება გასაოცარ კურთხევათა მეშვეობით აივსება, თუ უფლის წინაშე მომნანიე გულით ვივლით. ასეთი გული რბილი და დამყოლია. ის ეხმაურება ღმერთის გაკიცხვას და მოქმედებს მის შესაბამისად, თუმცა მომნანიე გულის უპირველესი მახასიათებელი გახლავთ მზადყოფნა დანაშაულის აღიარებისა.
იცით, თუ არ არის ცოდვის აღიარება, არ არის მონანიებაც: ვინაიდან ღვთის გულისათვის დამწუხრება წარმოშობს სინანულს სახსნელად… (2 კორინთელთა 7:10). საკუთარი შეცდომის აღიარება თუ არ გსურთ, ამით ამბობთ, რომ მონანიება არ გჭირდებათ და მიიჩნევთ, რომ ცუდი არაფერი ჩაგიდენიათ ღვთის წინაშე.
იოანე მოციქული წერს: „თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში… თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას [ღმერთს] და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.“ (1 იოანე 1:8, 10).
მალაქია იყო წინასწარმეტყველი, რომელიც ღმერთმა წარგზავნა ისრაელის სამხილებლად, თუმცაღა ყოველთვის, როდესაც მალაქია ხალხთან მიდიოდა და მკაცრად ამხილებდა მათ, პასუხად მხოლოდ დაცინვას იღებდა. მალაქია ეუბნებოდა:
დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არისო სამართლის ღმერთი?
დავითი იყო ისრაელის მეფე, რომელიც გამუდმებით ჩხრეკდა საკუთარ გულს უფლის წინაშე და შეჰღაღადებდა მას:
ცოდვა ჩემი გაუწყე, და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ‘ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე.’ და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.
რასაკვირველია, ბოდიში ადამიანთა წინაშეც უნდა მოვიხადოთ, მაგრამ ღმერთია ის, ვის წინააღმდეგაც არის მიმართული ცოდვა და უპირველესად, მის წინაშე უნდა ვინანიებდეთ. დავითი ამბობდა:
რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას. შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი – შენს სამართალში.
დავითს სჯეროდა, რომ აუცილებელი იყო საკუთარ გულში ჩაძიება და ამიტომაც შესთხოვდა უფალს: „გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი. ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეხი მარადიულ გზაზე. (ფსალმუნი 138:23-24).
შესაძლოა, თქვენც ჩხრეკთ საკუთარ გულს, თუმცა თავს არიდებთ სულიწმიდის მხილებას და ამბობთ: „მადლობა ღმერთს, სუფთა ვარ. არ მაქვს ცოდვა“. თავს იტყუებთ, რადგან წმინდა წერილში დაწერილია, რომ ყველამ შესცოდა ყველა მოკლებულია ღვთის დიდებას.
მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.
ესაია აღიარებდა: „რადგან გამრავლდა ჩვენი დანაშაულები შენს წინაშე და ჩვენი ცოდვები ჩვენს წინააღმდეგ მოწმობენ; რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაულები და ჩვენი შეცოდებანი ჩვენვე ვუწყით“ (ესაია 59:12). რასაკვირველია, ღმერთმა იცის, როცა ვცოდავთ, მაგრამ ჩვენც ხომ ვიცით!
რა დანაშაულთა და შეცოდებათა შესახებ ლაპარაკობდა წინასწარმეტყველი ესაია? აი, ისინიც:
უფლის ღალატი და უარყოფა, ჩვენი ღვთისაგან განრიდება, ავის და უკუღმართის ზრახვა, სიცრუის ჩაფიქრება და გულიდან აღმოთქმა.
ღვთის ხალხის ცოდვების გამო ინანიებდა ეზრა: „ლოცულობდა ეზრა და აღსარებას ამბობდა მტირალი და ღვთის სახლის წინ განრთხმული… პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია, რადგან გადანასახლები ხალხის ურჯულოების გამო გლოვობდა“ (ეზრა 10:1, 6).
უფლის ღ ხოლო მწუხრის მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობიდან და სამოსელშემოგლეჯილი დავეცი მუხლებზე, და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ… ვთქვი: ღმერთო ჩემო! მრცხვენია და ვერ ვბედავ სახის აღმართვას, ღმერთო, შენს მიმართ, რადგან ჩვენი უზნეობანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული ცას მიწვდა.
ეზრა არა მხოლოდ საკუთარ სისუსტეს აღიარებდა, არამედ მთელი ერის ცოდვებს. ის გლოვობდა, ტიროდა და გული სტკიოდა უფლის ერში გავრცელებული ცოდვის გამო.
თქვენც ასე სერიოზულად აღიქვამთ ცოდვას?
დანიელსაც მსგავსი მომნანიე გული ჰქონდა. ის მართალი კაცი იყო, მლოცველი და უფლისადმი მიძღვნილი, რომელიც ისე წმინდად ცხოვრობდა, რომ ალბათ გაგიკვირდებოდათ, მონანიებისას რომ დაგენახათ, მაგრამ დანიელის გული მგრძნობიარე იყო ცოდვის მიმართ; ეზრას მსგავსად, ისიც ხალხის ცოდვებთან აიგივებდა საკუთარ ცხოვრებას და ინანიებდა მათ ნაცვლად.
ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, ვჯიუტობდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და სამართალს. ყურს არ ვუგდებდით შენს მორჩილთ – წინასწარმეტყველთ, რომელნიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას და ქვეყნის ყველა ხალხს. უფალო, შენია სიმართლე, ხოლო ჩვენ დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე – ყველა იუდაელს, იერუსალიმის მკვიდრს, მთელს ისრაელს, ახლობელსა და შორებელს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ ღალატის გამო, რომლითაც შენ გიღალატეს. უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე. უფლის, ჩვენი ღმერთისგან არის შეწყალება და პატიება, ჩვენ კი ვჯიუტობდით მის წინაშე. ყურს არ ვუგდებდით უფალს, ჩვენი ღმერთის ხმას, რომ გვევლო მის რჯულზე, თავის მორჩილთა – წინასწარმეტყველთა ხელით რომ გვიბოძა
დანიელის წიგნში საუბარია იმ რამდენიმე კეთილი შედეგის შესახებ, რომელიც მომნანიე ადამიანთა ცხოვრებაში მოდის. მართლაც, მის ცხოვრებაში, ვინც აღიარებს საკუთარ ცოდვას, ღმერთი სასწაულს ახდენს. მონანიების მიერ მოტანილ მრავალ სარგებელსა და კეთილ შედეგს შორის მინდა ოთხი გამოვყო.
1. იესო ქრისტეს ახლებურად და უფრო მკაფიოდ დანახვა
წაიკითხეთ, რა მოხდა დანიელის მონანიების შემდეგ:
თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული. მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე – ელვის მსგავსი, თვალები – ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი – გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი – მრავალთა ხმის მსგავსი. მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს სანახავი...
როგორ ფიქრობთ, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც დანიელმა იხილა ხილვაში? ეს იყო იესო! ეს გახლდათ მონანიების გასაოცარი სარგებელი: სულიწმიდამ დანიელს მკაფიოდ უჩვენა ქრისტე და მისი დიდება! უნდა იცოდეთ, რომ დანიელი არ ლოცულობდა ხილვისათვის. ის მხოლოდ ინანიებდა − აღიარებდა ცოდვებს და გლოვობდა მათ გამო.
თავად უფალმა იესომ მოისურვა გამოცხადებოდა დანიელს; მონანიებისას, როდესაც ღმერთსა და ადამიანებთან ურთიერთობას ვაწესრიგებთ, უფალი თავად გაგვიცხადებს თავს. თუ აღიარებთ ცოდვებს, თუ დამწუხრდებით ღვთიური მწუხარებით მოსანანიებლად, თუ ეცდებით ზიანის გამოსწორებას, შეძლებთ გაბედულად შეხედოთ სახეში უფალს და ამ შემთხვევაში, აღარ მოგიცავთ შიში ღვთის მხილების მოსმენისას, რადგან იხილავთ ქრისტეს თავის დიდებაში. მის ცეცხლოვან თვალთა წინაშე იდგებით მაშნ, როდესაც სხვა ყველა გაიქცევა შიშით მოცული.
2. ყოველგვარი შიშის მოცილება
მონანიების მეორე სარგებელი ისაა, რომ ყოველგვარი შიში ქრება.
და, აჰა, ხელი შემეხო და მუხლებზე და ხელის მტევნებზე წამომაყენა. მითხრა: დანიელ, სათნო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეუბნები და დადექი შენ ალაგას, რადგან შენთანა ვარ ახლა გამოგზავნილი. ამ სიტყვას რომ მეუბნებოდა, მე აცახცახებული ვიდექი. მითხრა: ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღმერთის წინაშე მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი.
ადამიანი, რომელიც უარს ამბობს საკუთარი ცოდვის აღიარებაზე და აცხადებს, რომ ხელები სუფთა აქვს, მოჩვენებითად ღვთისმოსავია. ასეთი პიროვნება მუდამ იღიმის, თავდაჯერებულია და იკვეხნის კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ ფასადია. ბიბლიაში მკაფიოდ არის დაწერილი, რომ ის, ვინც მალავს თავის ცოდვას, ხელი არ მოემართება. მისი მოუნანიებელი გული სავსეა შიშითა და მოუსვენრობით. მონანული ქრისტიანი კი, ვინც მგრძნობიარეა ცოდვის მიმართ და ინანიებს, უშიშრად დადის. ასეთი ადამიანი განუზომელ მადლსა და კურთხევას პოვებს ღვთის თვალში: „…დანიელ, სათნო კაცო… ნუ გეშინია… გამაგრდი…“ (დანიელი 10:11; 19).
ნება მიეცით უფალს, გამოიკვლიოს თქვენი გული. სთხოვეთ სულიწმიდას გაგიცხადოთ ყველაფერი, რამაც ის დაანაღვლიანა. გაიხსენეთ, ვინც გაგიჭორავთ, ვისზეც ცუდი გითქვამთ და აღიარეთ, რომ ეს იყო ცოდვა. მიდით იმ პიროვნებასთან, ან დაურეკეთ და გამოასწორეთ მიყენებული ზიანი.
3. „ახალი ბაგეები“
მონანიების მესამე სარგებელი არის „ახალი ბაგენი“. დანიელს მიეცა ახალი ბაგენი, რომელთაც ღვთის განმწმენდი ხელი შეეხო: „და, აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს, მე გავხსენი პირი და ავმეტყველდი…“ (დანიელი 10:16). ესაიაც, რომელიც უფლის წინაშე წარდგა მის სიწმინდეში, მხოლოდ ამის თქმა მოახერხა: „…ბაგეუწმიდური კაცი ვარ…“ (ესაია 6:5).
ღმერთმა განწმიდა მისი ბაგეები სამსხვერპლოდან აღებული მუგუზლით და მოაცილა უკეთურება, მისცა ახალი ბაგენი. ნებისმიერი მომნანიე ადამიანისათვის იმაბეს აკეთებს ღმერთი. როგორც კი თქვენი ენა და ბაგენი განიწმინდება, აღარასოდეს მოგინდებათ ილაპარაკოთ ის, რაც ქრისტესთვის მიუღებელია. სუფთა იქნებათქვენს ბაგეთაგან გამომდინარე სიტყვები.
4. მშვიდობა და ძალა
მონანიების მეოთხე სარგებელი და შედეგი გახლავთ მშვიდობა და ძალა.
…მშვიდობა შენდა! გამაგრდი, გამაგრდი. როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი…
დანიელის სული აგონიაში იყო. ის ლოცულობდა, მარხულობდა, გლოვობდა. შემდეგ უფალი იესო გამოეცხადა და შეეხო მის სხეულს და აავსო იგი მშვიდობითა და ძალით.
მომნანიე ქრისტიანი შეიძლება ძირს იყო დამხობილი, დარდით მოცული და დაღლილი, მაგრამ უფალი ყოველთვის მოდის და ეხება მის სხეულს, რათა განახლოს მასში მშვიდობა და ძალა.
ახლა მე გეკითხებით თქვენ: გაქვთ მომნანიე გული? გინდათ, რომ გქონდეთ ასეთი გული?
დაიჩოქეთ დღესვე და შეჰღაღადეთ ღმერთს მონანიებით: თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, თქვენი ახლობელი ადამიანებისთვის, თქვენი ეკლესიისთვის. შედეგად უფლისაგან გასაოცარ გამოცხადებას მიიღებთ. სუფთა ბაგეებით დაიწყებთ ლაპარაკს. აღარ იცხოვრებთ შიშში. უფლის ძლევამოსილი ხელი აგავსებთ ძალითა და მშვიდობით. და ყველა ეს გასაოცარი სარგებელი, ყველა ეს კურთხევა ყოველდღე განახლდება ტქვენს ცხოვრებაში:
კურთხეულ არს უფალი, რომელიც ყოველ დღე ზრუნავს ჩვენზე, ღმერთი, ჩვენი მხსნელი.
ავტორი: დევიდ უილკერსონი