ტექნოლოგიის განვითარებამ ახალი ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში: ხელოვნური განაყოფიერება, კოლბაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ორგანოთა შეგროვება, გენების შერწყმა და კლონირება. ეს ყველაფერი სამედიცინო რეალიებია. საკითხავი უკვე ის კი აღარ არის, შესაძლებელია თუ არა მათი გაკეთება, არამედ − უნდა გაკეთდეს თუ არა ისინი. თვალსაზრისთა დაყოფა აქაც ორ კატეგორიად შეიძლება: სეკულარულ-ჰუმანისტური მიდგომა და იუდეველურ-ქრისტიანული პერსპექტივა. ქრისტიანული ეთიკის გამოწვევაა შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემა: ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას ბიოსამედიცინო საკითხებში?
არსად ისე არაა გამოკვეთილი სადემარკაციო ხაზი სეკულარულ-ჰუმანისტურ და ქრისტიანულ პერსპექტივათა შორის, როგორც ბიოსამედიცინო საკითხებში. ეს იმიტომ, რომ ეთიკური გადაწყვეტილებანი არ ყალიბდება ვაკუუმში. ისინი გამოიკვეთება მსოფლიო თვალსაზრისთან დამოკიდებულებაში და სწორედ ადამიანის საქმეა გადაწყვიტოს, რა არის სწორი და რა − მცდარი, როდესაც ორი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
იუდეველურ-ქრისტიანული ხედვა მიიჩნევს, რომ არსებობს შემოქმედი, რომ ადამიანი გამიზნულად შეიქმნა და ღმერთია მპყრობელი სიცოცხლისა. ისინი აღიარებენ სიცოცხლის სიწმინდის პრინციპს და მიიჩნევენ, რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებას. საერო-ჰუმანისტური შეხედულების მიხედვით, არ არსებობს შემოქმედი, ადამიანი ცხოველისგან წარმოიშვა და თავადვეა საკუთარი სიცოცხლის განმგებელი. საერო ჰუმანისტები სიცოცხლის ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას და ამბობენ, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას.
სეკულარულ-ჰუმანისტური შეხედულებანი
სეკულარულმა ჰუმანისტებმა თავიანთი შეხედულებანი მკაფიოდ ჩამოაყალიბეს ჰუმანისტურ მანიფესტში (1933, 1973). ისინი მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას. ისინი სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ტექნოლოგიაზე და გულმოდგინედ უარყოფენ ღმერთის კონტროლის არსებობას. ისინი აცხადებენ, რომ ‘მორალური ფასეულობანი სათავეს იღებს ადამიანური გამოცდილებიდან. ეთიკა ავტონომიური და სიტუაციურია და არ საჭიროებს თეოლოგიურ და იდეოლოგიურ სანქციებს.’
პოლ კურტცმა, ჰუმანისტური მანიფესტი II-ის ავტორმა, კარგად წარმოაჩინა ჰუმანისტური პოზიცია „აკრძალულ ხილში“:
„ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს ბედზე და არა ღმერთი. შესაბამისად, თავად უნდა შევქმნათ ჩვენი საკუთარი ეთიკური სამყარო. ჩვენ უნდა შევძლოთ ბრმა და შეგნებული მორალურობის ტრანსფორმაცია ერთი რაციონალური საფუძვლის მიხედვით, შევინარჩუნოთ სიბრძნე წარსულისა და ამავდროულად, ვიფიქროთ ახალ ეთიკურ პრინციპებზე, განვსაჯოთ ისინი მათი შედეგების მიხედვით და შევამოწმოთ ისინი ცოცხალი გამოცდილების კონტექსტში.“
კურტცის მიხედვით, ერთი გარემოება, რომელიც უნდა გვახსოვდეს, გახლავთ „სიცოცხლის ხარისხი (თვისება)“, რომლის გამართლებაც შესაძლებელია ინ ვიტრო განაყოფიერებითა და თვით აქტიური ევთანაზიითაც კი. ცხადია, იგივე პრინციპი დგას აბორტისა და თვითმკვლელობის უფლებათა მიღმა. რასის გენეტიკური გაუმჯობესება ეფუძნება ამ ე. წ. სიცოცხლის ხარისხის პრინციპს. ნობელის პრემიის ლაურეატი დოქტორი ჯეიმს უოტსონი ამტკიცებდა, რომ არცერთი ახალშობილი ყრმა არ უნდა გამოცხადდეს ადამიანად, სანამ ის არ გაივლის განსაზღვრულ ტესტებს გენეტიკური ნიჭიერების მიხედვით. „თუკი ბავშვი ცოცხლად არ გამოცხადდება დაბადებიდან სამ დღეში, მაშინ ყველა მშობელს უნდა მიეცეს არჩევანის ნება… სიკვდილის ნება მისცეს ბავშვს… და ამით აიცილოს უამრავი ტანჯვა“.
სეკულარული ჰუმანიზმის ყველა წარმომადგენელს სჯერა ბიოლოგიური ევოლუციისა. მრავალს სწამს, რომ, რადგანაც ადამიანებს აქვთ მოწინავე ტექნოლოგიური დონე, ვალდებულნი არიან, წარმართონ რასის მომავალი ევოლუცია. ზოგიერთებისათვის იმედი სცილდება ბიონიკურ კაცს და მიდის გენეტიკური ინჟინერიით შექმნილ ადამიანებამდე. გენების შერწყმა გვპირდება ახალი ცხოველების შექმნასა და პატენტირებას. სპერმის ბანკების, ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგატი დედების მეშვეობით ახლა უკვე შესაძლებელია უმაღლეს ადამიანურ არსებათა გამოყვანა. საბოლოო მიზანია სრულად, დეტალურად პროექტირებული ადამიანური არსების, ახალი უმაღლესი მოდგმის შექმნა. დაბადებამდელი ტესტების მეშვეობით უკვე შეიძლება მშობლების გაფრთხილება გენეტიკურად არასრულყოფილი შთამომავლობის შესახებ და აბორტის საშუალებით შეიძლება ამის თავიდან აცილება. საბოლოო მიზანი ფაბრიკულად გამოყვანილი ადამიანია. II ჰუმანისტური მანიფესტის ერთ-ერთ ხელმომწერს, ჯოზეფ ფლეტჩერს სჯერა, რომ იძულებითი ან სავალდებულო გენეტიკური კონტროლი გამართლებულია იმ შემთხვევაში, როცა გენეტიკურ სნეულებათა გადამტანები ნებაყოფლობით არ იკავებენ თავს ბავშვების ყოლისაგან. აქ მიზანი ამართლებს საშუალებას. მიზანი გენეტიკურად სუფთა რასის მიღწევისა, ამართლებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იძულებით სტერილიზაციას.
სეკულარული ჰუმანიზმის წარმომადგენლებისათვის ღმერთი კი არ არის სიცოცხლის უზენაესი განმგებელი, არამედ ადამიანი. თითოეულ ინდივიდს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, იცოცხლოს თუ მოკვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანისტების უმრავლესობა იწონებს სიცოცხლეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ადამიანს აქვს უფლება, საზღვარი დაუდოს საკუთარ სიცოცხლეს. ამგვარად, თვითმკვლელობა და ნებაყოფლობითი ევთანაზია გამოცხადებულია მორალურ უფლებებად. უფლებადაა გამოცხადებული აბორტიც და ეს, ზოგადად, დაკავშირებულია დედის თავისუფალ არჩევანთან. ამრიგად, ზოგიერთები ამბობენ, რომ ემბრიონი ადამიანია. სხვები კი ფიქრობენ, რომ ძნელია ადამიანის სიცოცხლის დასაწყისის ზუსტად განსაზღვრა. ზოგიერთები აღნიშნავენ, რომ ადამიანის სიცოცხლე არ იწყება დაბადებამდე, სხვანი კი ამბობენ, რომ სიცოცხლე იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი ხდება თვითშემმეცნებელი ინდივიდუუმი, რაც, დაახლოებით, ორი წლის ასაკში ხდება.
ევთანაზია კიდევ ერთი მანიფესტაციაა ჰუმანისტების რწმენისა, რომ ინდივიდუუმი საკუთარი სიცოცხლის განმგებელია. ეს რწმენა საფუძვლად უდევს ნებაყოფლობითი ევთანაზიის ჯგუფებს: საზოგადოება სიკვდილის უფლებისათვის და ჰემლოკის საზოგადოება, რომლის წიგნიც − „ნება მომეცი, მოვკვდე, ვიდრე გავიღვიძებ“ − იძლევა ინფორმაციას მათთვის, ვისაც თვითმკვლელობის ჩადენა სურთ. ამ ჯგუფების დამაარსებელი დერეკ ჰემფრი ტრაბახობს იმით, რომ ცდილობს, ევთანაზია რესპექტაბელური გახადოს და იმითაც, რომ ის „აგრეთვე დაეხმარა მრავალ ადამიანს სიცოცხლის ისე დასრულებაში, როგორც თავად სურდათ.“
სიტუაციურ ეთიკაში, ფლეტჩერი გადაჭრით აცხადებს: „მხოლოდ მიზანი ამართლებს საშუალებებს − არაფერი სხვა“ (ციტირებს ნიკოლო მაკიაველის სიტყვებს). მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე ჰუმანისტია ასე გულახდილი, მათი უმრავლესობა მაინც ამ პრინციპით მოქმედებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სამედიცინო მეცნიერებას ეხება. მაგალითად, როდესაც აღმოჩნდა, რომ აბორტირებული ბავშვის ტვინის ქსოვილი შესაძლოა პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოდგეს. ეს ‘კეთილი’ მიზანი მრავალმა განსაზღვრა, როგორც საშუალების გამართლება ქსოვილის მიღებისათვის (აბორტირებული ბავშვის ქსოვილისა). გადასანერგი ორგანოების ბიზნესმაც წარმოშვა მოთხოვნილება უფრო მეტი ორგანოების მიღებისა. იმის გამო, რომ ახალი ქსოვილები უკეთესია, ქსოვილების აღება ხდება აბორტირებული ცოცხალი ბავშვებისგან. იმის გამო, რომ მედიცინის წინსვლა დამოკიდებულია ექსპერიმენტებზე, მრავალი პოვებს სარგებელს სააბორტო ბიზნესით, ანუ ექსპერიმენტებისთვის ცოცხალი ბავშვების გამოყენებით. ზოგიერთი მეცნიერი ღიად ლაპარაკობს მზარდი ჩანასახის ‘სათადარიგო ნაწილებად’ გამოყენების შესახებ.
ბიოსამედიცინო ეთიკის ქრისტიანული პერსპექტივა: ღვთის სამსახური
მაშინ, როდესაც ბიოსამედიცინო ეთიკის ჰუმანისტური წვდომა წარმოადგენს ღმერთთან თამაშს, ქრისტიანული პოზიცია ამტკიცებს, რომ მედიცინის წარმატებანი ღვთის სამსახურისთვის უნდა გამოვიყენოთ. ჰუმანისტებს სჯერათ, რომ ადამიანია სიცოცხლის უზენაესი განმგებელი. ქრისტიანებს კი სწამთ, რომ ღმერთია სიცოცხლის უფალი. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგია და მედიცინა არავითარ როლს არ ასრულებს ადამიანთა ცხოვრების განვითარებაში. ეს უფრო მეტად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გამოვიყენებთ მას ადამიანური სიცოცხლის შესაქმნელად. ეს უნდა გამოვიყენოთ გასაუმჯობესებლად და არა იმის გასაკონტროლებლად, რაც ღმერთმა მოგვცა.
„სიცოცხლის ხარისხის“ პრინციპი უტილიტარულია
უპირველეს ყოვლისა, რას ნიშნავს „სიცოცხლის ხარისხი“? ეს ფიზიკური, სოციალური ან სულიერი ხარისხია? თუ კომბინაციაა, მაშინ როგორია მასში შემავალ კომპონენტთა პროპორცია? ხშირად ეს არაჯანსაღად განსაზღვრული და ორაზროვანი ტერმინების ქაოსია, რაც გამოიყენება იმ ქმედებათა გასამართლებლად, რომლებიც მოკლებულნი არიან რაიმე ეთიკურ ღირსებას. მეორე, ვინ წყვეტს, რას ნიშნავს „ხარისხი“? პაციენტი? ექიმი? საზოგადოება? მესამე, რომელი ხალხი იღებს ამ „ხარისხიან“ მკურნალობას? რის საფუძველზე ვირჩევთ? ასაკის? რასის? სოციალური მდგომარეობის მიხედვით? მეოთხე, საიდან უნდა ვიცოდეთ, რომელი პროცედურები მოიტანს შედეგად ამ მოუხელთებელ „სიცოცხლის ხარისხს“? ვინმე უნდა იყოს ღმერთი იმისათვის, რათა იცოდეს ყველა ფაქტორი, რომლებიც რასის რეალური განვითარებისთვის არის საჭირო. ამას შეუძლია, გამოასწოროს ზოგიერთი პრობლემა, მაგრამ გამოიწვიოს გაცილებით დიდი პრობლემები.
ბიბლია შეუცდომლად გამოკვეთს, რომ ჩვენ არ ვართ საკუთარი სიცოცხლის უზენაესი განმგებელნი: „უფალმა მომცა და უფალმა წაიღო“ (იობ. 1:21). ღმერთმა უთხრა მოსეს: „მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ“ (რჯულ. 32:39) ღმერთმა შექმნა სიცოცხლე (დაბ. 9:6; გამოსვ. 20:13). წმინდა წერილში არსებულ ამ ჭეშმარიტებათა გარდა, არსებობს სხვა მრავალი ცხადი საფუძველი იმ დასკვნისთვის, რომ ჩვენს ხელთ არაა ჩვენი სიცოცხლე. უპირველეს ყოვლისა, ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ არ შეგვიქმნია სიცოცხლე. სიცოცხლე იყო დედამიწაზე მანამდე, ვიდრე კაცი მოვიდოდა აქ და აშკარაა, ადამიანის სიცოცხლე არ დაწყებულა მისი აქტიური მცდელობით. მეორე, მიუხედავად ყველა სამედიცინო წარმატებისა, ჩვენ არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. ეს ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება. მესამე, ადამიანებს არ ძალუძთ სიცოცხლის და მით უმეტეს, ადამიანის შექმნა. აქამდე ადამიანურმა გონმა მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკალიების შექმნა მოახერხა (მაგ., ამინომჟავები) და შეაჯვარა სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები, მაგრამ ადამიანებმა ვერ შეძლეს, გამოეძერწათ რაიმე ახალი ცოცხალი არსება, რომ არაფერი ვთქვათ სავსებით სრულქმნილ ადამიანურ არსებაზე.
თუნდაც შევძლოთ შევქმნათ ზოგიერთი მარტივი ფორმა (და ეს გამოვიყენოთ გარკვეულ მტკიცებულებად), მაინც არ არსებობს რეალისტური პერსპექტივა იმისა, რომ ადამიანური სიცოცხლის მსგავსს შევქმნით. ამგვარად, თუ ჩვენ არ მოგვიტანია ადამიანური სიცოცხლე ამ წუთისოფელში, მაშინ არც იმის უფლება გვაქვს, რომ სიცოცხლის უზენაეს განმგებლებად გამოვაცხადოთ საკუთარი თავი, როცა ეს სიცოცხლე გვტოვებს. სეკულარული ჰუმანიზმის პრეტენზიები, რომლებსაც ის სიცოცხლის უზენაეს განმგებლობაზე აცხადებს, იმსხვრევა ცხოვრებისეულ ფაქტებთან შეჯახებისას.
არ არსებობს მოვალეობა უმაღლესი რასის შექმნასთან დაკავშირებით
ევოლუციონისტები ხშირად იქადიან, რომ გაჰყვებიან ევოლუციურ პროცესს და შექმნიან უმაღლეს რასას. დარვინის ცნობილი წიგნის − „სახეობათა წარმოშობა“ − (1859) ერთ-ერთ ქვესათაურში ნამდვილად არის რასისტული ქვეტექსტი: „უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისთვის ბრძოლაში“. დარვინის იდეების წაბაძვით, ადოლფ ჰიტლერმა ბუნებრივი შერჩევის იდეა გამოიყენა მოდელად უმაღლესი რასის შესაქმნელად. მან დაწერა: „თუ ბუნებას არ სურს ის, რომ სუსტი ინდივიდუუმები შეუერთდნენ ძლიერებს, მას უფრო ნაკლებად უნდა სურდეს ის, რომ უმაღლესი რასა შეერიოს დაბლა მდგომს“. რატომ? „იმიტომ, რომ, მსგავს შემთხვევებში, ათასეული წლის განმავლობაში მისი ყველა მცდელობა ევოლუციურად უმაღლესი რანგის არსებების ჩამოყალიბებისათვის, შესაძლოა, ამაო აღმოჩნდეს.“
ცნობილმა ევოლუციონისტმა ჯულიან ს. ჰაქსლიმ განაცხადა: „ევოლუციური ბიოლოგიის შუქზე ადამიანს შეუძლია დაინახოს, რომ თავად არის ამ პლანეტაზე შემდგომი ევოლუციური წინსვლის ერთადერთი ქმედითი ძალა და ვრცელი სამყაროს პროგრესის რამდენიმე შესაძლო ინსტრუმენტს შორის ერთ-ერთი.“ ჰაქსლი ადამიანს ხედავს, როგორც „ბიზნესის მენეჯერს ევოლუციის კოსმოსურ პროცესში.“ გადაჭარბებული მოლოდინი უმაღლესი რასის შექმნასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს რეალური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ახლანდელი რასა შეიქმნა რომელიმე ნატურალისტური ევოლუციური პროცესის შედეგად. ორივე, წმინდა წერილიც და მეცნიერული მონაცემებიც, მიუთითებენ ღმერთზე, როგორც ადამიანთა წარმოშობის მიზეზზე. მეორე, მეცნიერება მთელი თავისი ტექნოლოგიითა და შემართებით, იმის შემძლეც კი არ არის, რომ პერმანენტულად სრულყოს უბრალო ბუზი. კაცის „სრულყოფისკენ“ მიმავალ გზაზე კი ძალიან დიდი მანძილია გასავლელი. მესამე, თუნდაც რომ შევძლოთ პერმანენტული ცვლილებების გამოწვევა ადამიანებში, მაინც არ არსებობს რაიმე ეთიკური მიზეზი იმისათვის, თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. სიტყვა „შეიძლება“ არ გულისხმობს სიტყვა „უნდა“-ს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე „არის“ გულისხმობს „უნდა“-ს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია რამის გაკეთება, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გავაკეთოთ ის. უნარიანობა არ გულისხმობს მორალურობას. მეოთხე, თუნდაც ვიყოთ იმის შემძლენი, რომ, ფაქტობრივად, მოვახდინოთ ცვლილებები ადამიანთა ჯიშში, საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ახლად შექმნილნი უკეთესნი იქნებიან და არა მხოლოდ განსხვავებულნი? რომელი სტანდარტის მიხედვით შეგვიძლია მივიჩნიოთ ისინი უკეთესად? ამ კითხვას შემდეგი პასუხისაკენ მივყავართ: „ადამიანისათვის სასურველი სტანდარტის მიხედვით“. როგორც დავინახავთ, სეკულარული ჰუმანისტისათვის არ არსებობს ღვთივგამოცხადებული სტანდარტი, რომელიც მსგავს პროცედურათა ჩატარების ნებას იძლევა.
მიზანი არ ამართლებს საშუალებას
მიზნები არ ამართლებს საშუალებებს! საშუალებებს საკუთარი გამართლება უნდა ჰქონდეს. თავის მხრივ, მიზნებსაც სჭირდება გამართლება. ყველა მიზანი არ არის კეთილი, თუნდაც ეს მრავალთა ძლიერი სურვილი იყოს. მრავალ გერმანელს სურდა ებრაელების განადგურება, მაგრამ ეს არ ამართლებს ამ სურვილს. მესამე, თუ კეთილი მიზნები ყველანაირ საშუალებას ამართლებს, მაშინ ეროვნული ჰარმონიისათვის პოლიტიკური ოპოზიციონერების დახოცვა გამართლებული იქნებოდა. გამართლებული იქნებოდა შიდსიანი ავადმყოფების განადგურებაც იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ამ მომაკვდინებელი სნეულების გავრცელება. უბრალოდ გაფიქრებაც კი ცხადად წარმოაჩენს მორალურად მიუღებელი შედეგების მქონე მრავალ მსგავს თვალსაჩინოებას, რასაც ამგვარი ეთიკის დაცვა გამოიწვევდა.
ზოგიერთი ძირითადი პრინციპის გამოკვეთა
ღვთის უზენაესობა. პირველი და უპირველესი პრინციპია ღვთის უზენაესი განმგებლობა სიცოცხლეზე. ღმერთმა შექმნა ყველა ცოცხალი არსება (დაბ. 1:21), მათ შორის, ადამიანიც − თავის ხატად და მსგავსად (1:17). ღმერთი განაგებს სიცოცხლესაც და სიკვდილსაც. ის იძლევა სიცოცხლეს და მიაქვს სიცოცხლე (იობ. 1:21). მტვრისაგან შევიქმენით და მტვრად მივიქცევით (დაბ. 3:19). „უფალი კლავს და უფალი აცოცხლებს“ (რჯულ. 32:39). ჩვენ საკუთარ თავს კი არა, არამედ მას ვეკუთვნით. მან შეგვქმნა და მას ვეკუთვნით. ადამიანებს არ აქვთ იმის უფლება, რომ ესწრაფოდნენ ადამიანის სიცოცხლეზე კონტროლის მოპოვებას, ან მის ევოლუციურ „გაუმჯობესებას“ თუ გენეტიკურ „შეკეთებას“ ცდილობდნენ.
ადამიანის ღირსება. ქრისტიანული ბიოსამედიცინო ეთიკის ცენტრში არსებული კიდევ ერთი პრინციპი ადამიანის ღირსებაა. ადამიანები შექმნილნი არიან ღვთის ხატად და მსგავსად (დაბ. 1:27). ისინი არიან ღვთის ქმნილებათა გვირგვინი. ადამიანური არსებები წარმოადგენენ ღმერთს და მისი მსგავსნი არიან. სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ მკვლელობა ასეთი მძიმე დანაშაულია, ვინაიდან ეს ღვთის მკვლელობას ემსგავსება. ამის გამო დაადგინა ღმერთმა სიკვდილით დასჯა მძიმე დანაშაულთათვის (იხ. მე-11 თავი), როდესაც თქვა: „ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი“ (დაბ. 9:6). ადამიანური არსებები ისეთ ღირსებას ფლობენ, რომ მათი დაწყევლაც კი დანაშაულია, რადგან ისინი ღვთის ხატად არიან შექმნილნი (იაკ. 3:9). ადამიანური სიცოცხლის ღირსება სხეულსაც გულისხმობს, რომლისთვისაც ზრუნვაა საჭირო (ეფეს. 5:29) და თუნდაც პატივით დავკრძალოთ, მას მაინც მომავალი აღდგომა მოელის (1-ლი კორ. 15).
სიწმინდე სიცოცხლისა. ადამიანურ სიცოცხლეს ღირსებაც აქვს და სიწმინდეც. პირველი პატივისცემისაკენ მოგვიწოდებს, მეორე − მოკრძალებისაკენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე თაყვანისცემის საგანი უნდა გახდეს, არამედ მხოლოდ იმას, რომ ის უნდა შეირაცხოს წმინდად. ადამიანის სიცოცხლე არ უნდა გავაღმერთოთ, როგორც შემოქმედისა, არამედ მოკრძალებით უნდა მოვეპყრათ, როგორც მისი ერთ-ერთი ქმნილების სიცოცხლეს. ჩვენ არ ვართ ღმერთი, ჩვენ მხოლოდ მისი მსგავსნი ვართ. ადამიანზეა დაწერილი: „ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე“ (ფსალ. 8:6), თუმცა, ამავდროულად, ჩვენ „დიდება და ღირსება დაგვადგა გვირგვინად“. ვინაიდან ღმერთი წმინდაა (ლევ. 13:44) და ჩვენ შექმნილნი ვართ მის მსგავსად (დაბ. 1:27), აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენც ამ მორალური მსგავსების მონაწილენი ვართ. ის სიწმინდით მოსავს სიცოცხლეს და უნიკალურად ასახავს ბუნებას ღვთისას. არ აქვს მნიშვნელობა, როგორც არ უნდა დამახინჯდეს ადამიანის სიცოცხლე, ის მაინც ღვთის მსგავსია და იმსახურებს დიდი პატივისცემით მოპყრობას.
სიცოცხლის მოკვდაობა. ბიოსამედიცინო ეთიკის ქრისტიანული თვალსაზრისის სხვა დამახასიათებელი პრინციპია ადამიანის მოკვდაობის ფაქტი. ქვეყნიერება დაცემულია, ხოლო დაცემის შედეგი სიკვდილია. ადამს ეთქვა შეცნობის ხეზე, რომ როგორც კი შეჭამდა მის ნაყოფს, მოკვდებოდა (დაბ. 2:17). მოციქულმა პავლემ დაამატა: „ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12). ამგვარად, „…ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა“ (ებრ. 9:27). მოსე ლაპარაკობდა ადამიანის სიცოცხლის საზღვარზე, როდესაც ამბობდა: „ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს − ოთხმოცი წელიწადი… რადგან სწრაფად მიქრიან და ჩვენც იქით მივფრინავთ“ (ფსალ. 89:10). მოკლედ, ამქვეყნად ადამიანის სიცოცხლეს საზღვარი აქვს. ის მოკვდავია და სიკვდილისგან თავის დაღწევისა თუ მისი დაძლევის ყოველი ცდა ამაოა.
ადამიანური სიცოცხლის სიყვარული. სიყვარული ქრისტიანული ეთიკის არსია, ვინაიდან იესომ თქვა, რომ ეს არის უდიდესი მცნება: პირველი, გიყვარდეს ღმერთი და შემდეგ, გიყვარდეს სხვა ადამიანი, როგორც საკუთარი თავი (მათე 22:37-39). სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ ეს სიყვარული გვახსოვდეს სხვა ადამიანებისადმი ეთიკური პასუხისმგებლობის ყველა სფეროში, ბიოსამედიცინო საკითხების ჩათვლით. ქრისტიანული სიყვარული (აგაპე) არ არის ეგოისტური სიყვარული, ის ღვთისგან მოდის, ღვთისაგან, რომელიც სიყვარულია (იოანე 15:13). ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც ღვთისა (მათე 25:45) და ყველას წინაშე გვაკისრია. სიყვარული არ არის ფუჭი და უქმი გრძნობა, ის არ არის დამოკიდებულება. სიყვარული კონკრეტულ მცნებებშია ხორცშესხმული. იესომ თქვა: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით“ (იოანე 14:15). ამგვარად, ქრისტიანები წმინდა წერილს ეყრდნობიან როგორც ბიოსამედიცინო, ასევე სხვა მორალურ საკითხებში.
ზოგიერთი ძირითადი მიმართულება გადამწყვეტ საკითხებში
ნებაყოფლობითი პროცედურა ძალდატანებითი პროცედურების საპირისპიროდ თავისუფლებისა და ღირსების ფაქტიდან გამომდინარეობს, რომელიც ავტონომიის პრინციპია და რომელსაც მოჰყვება თანხმობა ინფორმირებულობის შედეგად, რადგან ყველა სხვა შემთხვევაში ლეგიტიმური სამედიცინო პროცედურები მორალურად მცდარია. პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს მკურნალობისა თუ ოპერაციის ბუნებისა და შესაძლო შედეგების თაობაზე და უნდა მოგვცეს თავისუფალი და ძალდაუტანებელი თანხმობა ამისთვის. მაშინ, როცა პაციენტს არ შეუძლია ამის გაკეთება საღი აზრის წართმევისა თუ უგონო მდგომარეობის გამო, მის არცერთ ორგანოს არ უნდა შევეხოთ და არც სამედიცინო პროცედურები არ უნდა ჩავატაროთ გარდა იმისა, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლის დასაცავად. ამას ეწოდება საუკეთესო ინტერესის გადაწყვეტილება. ძალდატანებითი მკურნალობა ამორალურია და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სასარგებლოა იგი საზოგადოებისათვის. მაგალითად, მოსახლეობის ზრდის მარეგულირებელი ძალდატანებითი აბორტები მცდარია. მსგავსად ამისა, იძულებითი სტერილიზაცია ევგენიკური მიზეზების გამო, მორალურად მცდარია. თავშეკავება, შობადობის კონტროლი და ნებაყოფლობითი სტერილიზაცია უკეთესი ალტერნატივებია. ინფორმირებული თანხმობა საჭირო საფუძველია ყველა ბიოეთიკური გადაწყვეტილებისათვის, მათ შორის, აბორტისთვისაც. ტრაგიკულად მორალური ირონიაა, როცა ყმაწვილს ინფორმირებულ თანხმობას ვთხოვთ მანამ, სანამ ის საჯარო სკოლაში მყოფი შეძლებს ასპირინი ჩაიდოს პირში, მაგრამ არ ვთხოვთ ინფორმირებულ თანხმობას მანამ, სანამ ის ბავშვს მოკლავდეს თავის მუცელში.
მოწყალებით კვლა მოწყალებით სიკვდილის დაშვების საპირისპიროდ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება უდანაშაულო სიცოცხლის ხელყოფასა და სიკვდილის დაშვებას შორის. პირველი ყოველთვის მცდარია, მეორე კი ხანდახან − სწორი. უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის განზრახ ხელყოფა მკვლელობაა, მაგრამ ბუნებრივი სიკვდილის დაშვება, შესაძლოა, მოწყალების აქტი იყოს. ამგვარად, მოწყალებით კვლა ყოველთვის მცდარია, მაგრამ მოწყალებით დაშვება სიკვდილისა ხანდახან სწორია.
სიცოცხლის გაფრთხილება სიკვდილის გახანგრძლივების საწინააღმდეგოდ. მცნება „არა კლა“ (გამოსვ. 20:13) გულისხმობს იმასაც, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ უდანაშაულო ადამიანების არაბუნებრივი სიკვდილი. ბიბლია აცხადებს, რომ უმოქმედობის ცოდვაც ისეთივე დანაშაულია, როგორც დაუდევრობის ცოდვა (იაკ. 4:17). ამ გაგებით, არსებობს ადამიანური სიცოცხლის გახანგრძლივების მოვალეობა და თუ სამედიცინო ან ტექნიკური დახმარების საშუალებანი ხელმისაწვდომია, ისინი სწორად უნდა გამოვიყენოთ. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის დაცვის მოვალეობა განსხვავებული უნდა იყოს სიკვდილის გახანგრძლივების სავარაუდო ვალდებულებებისგან. არსად არ აცხადებს ბიბლია სიკვდილის აგონიის გახანგრძლივების ვალდებულებას.
ხელოვნური საშუალებანი ბუნებრივ საშუალებათა საწინააღმდეგოდ. ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ ადამიანის სიცოცხლის დასაცავად. რასაკვირველია, საკვები, წყალი და ჰაერი არასოდეს უნდა შევუწყვიტოთ ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა, რა პატარა, რა ასაკოვანი და როგორი ავადმყოფიც არ უნდა იყოს ის. ამ ბუნებრივ საშუალებათა შეწყვეტა უტოლდება სიკვდილის გამოწვევას. უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეგნებული მკვლელობაა. მეტიც, როდესაც ტექნოლოგია მისაწვდომია, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, თუმცა, მაინც არ გვაქვს ღვთაებრივი ვალდებულება − გამოვიყენოთ სარისკო ან არაბუნებრივი საშუალებანი ადამიანის აგონიის გასახანგრძლივებლად. ეს ეწინააღმდეგება ადამიანის მოკვდაობისა და ქრისტიანული გულმოწყალების პრინციპს. არ არსებობს ვალდებულება იმისა, რომ გავახანგრძლივოთ ტანჯვა ან ვებრძოლოთ მოკვდაობას. ამგვარად, როდესაც სიცოცხლის დაკავება ხელოვნურია და სიკვდილის პროცესი გარდაუვალი, არ არსებობს მორალური ვალდებულება იმისათვის, რომ გავახანგრძლივოთ სიცოცხლე ხელოვნურ საშუალებათა გამოყენებით.
შობადობის კონტროლი აბორტის საპირისპიროდ. ქრისტიანების ნაწილი ეწინააღმდეგება აბორტსაც და შობადობის კონტროლსაც. ისტორიულად, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან შობადობის კონტროლს, პროტესტანტები კი იწონებენ მას. დღეს გზები გადაიკვეთა. ორივე მხარე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ არსებობს ხარისხობრივი განსხვავება აბორტის მეშვეობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასა და შობადობის კონტროლით ადამიანური სიცოცხლის დაუშვებლობას შორის. რაც არ უნდა ითქვას, შობადობის კონტროლის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, ცხადია, რომ ეს არ არის მკვლელობა. ეს უბრალოდ შეზღუდვის მეთოდია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ბავშვი უნდა დაიბადოს. ეს არ გახლავთ მუცელში ჩასახული ბავშვების მოკვდინების მეთოდი. რა თქმა უნდა, შობადობის კონტროლის ზოგიერთი მეთოდი, სინამდვილეში, აბორტის მეთოდია, ვინაიდან ისინი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (რომელიც ადამიანური არსებაა) სიკვდილს იწვევს, თუმცა შობადობის კონტროლის მეთოდები, ბუნებრივი ან ხელოვნური, რომლებიც ხელს უშლის განაყოფიერებას, არ წარმოადგენს კვლის მეთოდებს. კათოლიკეებიც და პროტესტანტებიც თანხმდებიან იმაზე, რომ სწორია შობადობის კონტროლის გამოყენება. სადავო საკითხი მხოლოდ მისი ხელოვნური ფორმების ლეგიტიმურობას ეხება.
კორექტირება შექმნის საპირისპიროდ. ეს არასრულყოფილი ქვეყნიერებაა. ღმერთს ასე არ დაუგეგმავს ის, ადამიანმა აურია ყველაფერი. დაცემული კაცობრიობის საქმიანობის შედეგი ხილულად ვლინდება მსოფლიოში (დაბ. 3; რომ. 5,8) და აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. არ არსებობს ბიბლიური ბრძანება, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ არასრულყოფილების კორექტირებაზე. ფაქტია, ბიბლია გვირჩევს წამალს (1-ლი ტიმ. 5:23) და ლოცვას განკურნებისათვის (იაკ. 5:14-15).
იესოს მოსწონდა მედიცინის მიხედვით კორექტირებული მსახურება, რადგანაც ის ბევრ დროს უთმობდა ავადმყოფთა განკურნებას. მსგავსად ამისა, მან თავის მოწაფეებსაც მისცა უნარი სნეულთა განკურნებისა („სნეულნი განკურნეთ“. მათე 10:8). მიუხედავად ამისა, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება არასრულყოფილ ადამიანთა კორექტირებასა და სრულყოფილ პიროვნებათა შექმნას შორის ჩვენი ძალებით. შევუმსუბუქოთ ტანჯვა თუნდაც დაცემულ ადამიანს, მორალური ვალდებულებაა, მაგრამ ადამიანურ არსებათა შექმნა სულ სხვა საქმეა.
ზოგიერთი ძირითადი საკითხი
ჩვენ უკვე განვიხილეთ ქრისტიანული ბიოეთიკის ძირითადი პრინციპები და მიმართულებანი და ისღა დაგვრჩა, რომ ისინი თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევათა ზოგიერთ საკვანძო თემასთან დავაკავშიროთ. იმის გამო, რომ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ აბორტსა (თავი მე-8) და ევთანაზიაზე (თავი მე-9), ამ საკითხებს აღარ მივუბრუნდებით.
ორგანოთა ტრანსპლანტაცია. ორგანოთა ტრანსპლანტაცია რეალობად იქცა. გულის, ფილტვისა და თირკმლის გადანერგვა უკვე ჩვეულებრივი საქმეა. ასეულობით ადამიანმა გაიხანგრძლივა სიცოცხლე ამ კორექტული ტექნოლოგიის მეშვეობით. ტრანსპლანტაცია არ ეწინააღმდეგება მრავალ ბიბლიურ პრინციპს. პირველი, მოწყალების (სიყვარულის) პრინციპი: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“ (იოანე 15:13). მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ უნდა მისცეს ადამიანმა ვინმეს თვალი, ფილტვი, თირკმელი მას, ვისაც არ აქვს. მით უმეტეს, ნაკლები მსხვერპლის გაღებაა საჭირო ამისათვის მაშინ, როდესაც ადამიანი უკვე გარდაცვლილია და უკვე აღარ სჭირდება ეს ორგანოები! ორგანოთა ტრანსპლანტაცია არ არის მოკვდაობის პრინციპის დარღვევა. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებად და არა სიკვდილისგან თავის დაღწევის საშუალებად. ამ კუთხით, საკითხავია, რა შემთხვევაში გამოვიყენოთ ის ღრმა მოხუცებულთან დაკავშირებით, ვინაიდან აქ ოპერაციის წარმატებით გადატანის შესაძლებლობა ნაკლებია, ისევე, როგორც თავად ოპერაციის საჭიროება.
არსებობს სერიოზული მორალური კითხვები ტრანსპლანტაციის პროცედურებთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გულისხმობდეს ინფორმირებულ თანხმობას. არავის არ უნდა დავატანოთ ძალა იმისათვის, რომ თავისი ორგანოები გაიღოს, არცერთ ორგანოს არ უნდა მოვკიდოთ ხელი დონორის თანხმობის გარეშე, განსაკუთრებით მათ გარეშე, რომლებსაც არ შეუძლიათ ამ გადაწყვეტილების მიღება (მაგალითად, ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანები). არავის აქვს უფლება იმისა, რომ სხვა პიროვნების ორგანოები გამოიყენოს თავისი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. დავაზუსტოთ, ჩემი სხეული მე მეკუთვნის და სიკვდილი არ აუქმებს ამ უფლებას. ეს ჯერ კიდევ ჩემი სხეულია, რომელიც ჩემს საფლავში უნდა დაიკრძალოს. ადამიანური ღირსების პატივისცემა მოითხოვს იმას, რომ სხეული, რომელიც პიროვნების სხეულებრივი სიმბოლოა, არ გაიქურდოს. ისევე, როგორც ეროვნული დროშაა ერის სიმბოლო და მოითხოვს პატივისცემას, აგრეთვე, სხეულია პიროვნების სიმბოლო და მოითხოვს პატივსცემით მოპყრობას, თვითონ იმისგანაც, ვინც ეუფლება მას.
მეორე, არსებობს მორალური კითხვა დონორის სიცოცხლისა და სიკვდილის სტატუსთან დაკავშირებით. ცოცხალი დონორის ორგანოები საუკეთესოა. მიუხედავად ამისა, თუ ორგანოს აღება გამოიწვევს სიკვდილს, მაშინ ეს დანაშაულებრივი ქმედებაა. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვიღებთ „სათადარიგო“ ორგანოებს, როგორებიცაა ერთი თირკმელი ან ერთი თვალი. დონორის ტვინი ორგანოს აღებამდე უკვე მკვდარი უნდა იყოს. სიკვდილის განსაზღვრა ძნელია, თუმცა ზოგადი ტერმინებით ეს ნიშნავს სასიცოცხლო ნიშნების არქონას, როგორიცაა სუნთქვა, პულსი, ნერვული რეაქცია ან ტვინის სიგნალები (EEG). ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიროვნების სიკვდილის შემდეგ შეუძლებელია სხეულის შენახვა „ცოცხლად“ მანქანით, რათა არ დავუშვათ ორგანოების გახრწნა. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა დავაჩქაროთ სიკვდილი „ახალი“, ცოცხალი ორგანოს ასაღებად.
გენური ქირურგია. გენური ქირურგია ახლა უკვე შესაძლებელია. დასაშვებია თუ არა ეს? აქაც პასუხი დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ეს ცდა იმისა, რომ ჩავერიოთ და აღვადგინოთ სიცოცხლე საპირისპიროდ ღმერთის შექმნილისა, თუ მოვახდინოთ ამ სიცოცხლის რეკონსტრუქცია ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ეს შესწორების ქირურგიაა თუ შექმნის? ეხმარება თუ არა პროცედურა ღვთისგან შექმნილ სიცოცხლეს თუ ეს სიცოცხლის ინჟინერიაა კაცთა სურვილის კვალობაზე?! ეს ქირურგია თუ აღსადგენად არის და არა შესაქმნელად, მაშინ ის მორალურად დასაშვებია. ერთი სიტყვით, ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ადამიანური არსებები და მას სურს, რომ ჩვენ ისეთი სრულყოფილნი ვიყოთ, როგორც შეგვიძლია, თუნდაც ამ დაცემულ ქვეყნიერებაზე. არსებობს გენური ქირურგიის სხვა ტიპიც, რომელიც მორალურად მცდარია ქრისტიანული თვალსაზრისით. ღმერთმა შექმნა ადამიანი „მამაკაცად და დედაკაცად“ (დაბ. 1:27). ის ფაქტი, რომ ღმერთმა უბრძანა, რომ გამრავლებულიყვნენ და ენაყოფიერათ (მუხ. 28), მიუთითებს იმაზე, რომ ეს ბიოლოგიურ მამაკაცობას და დედაკაცობას გულისხმობდა. ამ მიზეზის გამო, სქესის შეცვლისკენ მიმართული გენეტიკური ქირურგია, მორალურად არასწორია. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ფსიქოლოგიური თუ სოციოლოგიური ტენდენციები, უნდა შევძლოთ, რომ ისინი ღმერთის ჩანაფიქრს შევუსაბამოთ.
სქესის დადგენა და სელექცია. დღეს უკვე შესაძლებელია ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის სქესის დადგენა. ამგვარად, სასურველი სქესის ამორჩევა შესაძლებელია. ეს მორალურად სწორია? ზემოთ განხილული ქრისტიანული პრინციპების შუქზე, მისაღები პასუხი ასეთია: სქესის დადგენა მისაღებია, სქესის შერჩევა − არა. არსებითად მცდარი არაფერია იმის წინასწარ ცოდნაში, მუცელში მყოფი ბავშვი ბიჭია თუ გოგონა. ადრე თუ გვიან, ჩვენ ისედაც შევიტყობთ ამას. მეცნიერებამ შესაძლებელი გახადა, რომ ბევრი რამ წინასწარვე შევიტყოთ: ქარიშხალი, მიწისძვრა, ტორნადო, გრიგალი და სხვა სტიქიური მოვლენები. ადამიანთაგან ძალიან ცოტა თუ მიიჩნევს უსარგებლოდ ამ ცოდნას, თუმცა იგი ბოროტების ჩასადენად არ უნდა გამოვიყენოთ.
ხელოვნური განაყოფიერება. არსებობს ხელოვნური განაყოფიერების ორი ფორმა. ხელოვნური განაყოფიერება ქმრისგან (AIH) და ხელოვნური განაყოფიერება დონორისგან (AID). თითქოს ქრისტიანულ თვალსაზრისს არ გააჩნია საფუძვლიანი მორალური არგუმენტი პირველის გასამყარებლად, რადგანაც, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მორალურად მისაღებია ხელისშემშლელი პირობების გამოსწორება, რათა აღვასრულოთ ღვთის ბრძანება გამრავლების შესახებ. ამ შემთხვევაში, AIH ამ კატეგორიაში ხვდება და თუ ასეა, მაშინ სხვა კორექტული ოპერაციების წინააღმდეგაც უნდა გამოვიდეთ, მათ შორის მხედველობის აღდგენის წინააღმდეგაც.
გამოსვლათა 4:11-ში ნათქვამია, რომ უნდა მივიღოთ ჩვენი არასრულყოფილება, თუნდაც მათი გამოსწორება შესაძლებელი იყოს. ღმერთმა უთხრა მოსეს: „…ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?“ მიუხედავად ამისა, ამ მუხლის ამგვარი გამოყენება, ფაქტობრივად, მისი კონტექსტიდან ამოგდებას და წმინდა წერილის სხვა, მკაფიოდ ჩამოყალიბებული მუხლების იგნორირებას ნიშნავს. უპირველეს ყოვლისა, მუხლი აღწერითია და არა მითითებითი. ის აღწერს არსებულ სიტუაციას და არა მის უცილობლობას. მეორე, კონტექსტიდან ვხედავთ, რომ ღმერთს შესწევს ძალა ამ სიძნელეთა გადასალახავად და აქ არ გახლავთ იმაზე საუბარი, თითქოსდა, ღმერთს არ სურდეს ამის გაკეთება. ღმერთმა ეს სიტყვები მოსეს იმ დროს უთხრა, როცა ეს უკანასკნელი შესჩიოდა მას, რომ ენაბრგვილი იყო და ღვთის ბრძანების შესასრულებლად ფარაონთან ვერ წავიდოდა სალაპარაკოდ (მუხ. 10). მესამე, თუ სიბრმავისა და სიყრუის გამოსწორება დანაშაული იყო, მაშინ გამოდის, რომ იესო ხშირად სცოდავდა, როდესაც ასეთ ადამიანებს კურნავდა (იოან. 9; მარკ. 7).
ხელოვნური განაყოფიერების მეორე ფორმასთან (AID) დაკავშირებით ჩნდება ისეთი მორალური ხასიათის კითხვები, რომლებიც არ იბადება პირველი ფორმის შემთხვევაში (AIH). ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს „გადაცემითი ადიულტერია“, რადგანაც სპერმა არ არის ქალის ქმრისა. მიუხედავად ამისა, ეს არგუმენტი საფუძვლიანი არ არის, ვინაიდან სხვა კაცთან სექსუალური აქტი არ მომხდარა, არც რაიმე ძლიერი ვნება გაჩენილა. ზოგი საუბრობს ე. წ. ერთხორცობის პრინციპზე, რომელიც უპირისპირდება ხელოვნური განაყოფიერების პირველ ფორმას. მხოლოდ იმიტომ, რომ განაყოფიერება არ მომხდარა ცოლ-ქმარს შორის სექსუალური ურთიერთობის შედეგად, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან „ერთხორცი“ თავიანთ ქორწინებაში. ფაქტია, რომ „ერთხორცობა“ შესაძლებელია სექსუალური ურთიერთობის გარეშეც, რადგანაც ეს ეხება ქორწინების მჭიდრო ურთიერთობებს და არა მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობებს (დაბ. 2:24). ზოგიერთები ჯერ კიდევ ამბობენ, რომ ხელოვნური განაყოფიერების პირველი ფორმის შემთხვევაში ბავშვი სინამდვილეში არ არის ქმრის ბავშვი, არამედ მხოლოდ ცოლისა, მაგრამ თუ ამას ხაზს გავუსვამთ, ეს შეიძლება შვილად აყვანის საწინააღმდეგო არგუმენტიც გახდეს, სადაც ბავშვი არც ქმრისაა და არც ცოლისა.
ბოლოს, ზოგიერთები აპროტესტებენ იმას, რომ განაყოფიერებისთვის საჭირო სპერმის მიღება ავტოსექსუალური ქმედებით ხდება, თუმცა თუ სპერმა მიიღება საქორწინო ურთიერთობების კონტექსტში, საწინააღმდეგო არგუმენტები ძალას კარგავს. უპირველეს ყოვლისა, ქორწინებაში ქმედება არ საჭიროებს ავტოსექსუალურობას, ის შეიძლება ორმხრივი იყოს. მეორე, რადგანაც ქმედება არ განხორციელებულა პიროვნების ცოლის გარეშე სხვა ქალის მიმართ ვნებიანი განზრახვით, საწინააღმდეგო არგუმენტები კარგავს თავის ძალას. მასტურბაცია მცდარია, რადგან ის ვნების ფორმაა. გარდა ამისა, ის არ არის საჭირო, ვინაიდან არსებობს სხვა ალტერნატივები, როგორებიცაა თავშეკავება და ქორწინება.
მოკლედ, რა სოციალური, ფსიქოლოგიური და ლეგალური არგუმენტებიც არ უნდა გამოვიყენოთ, ჩანს, რომ არ არსებობს მორალური მიზეზი ხელოვნური განაყოფიერების ამა თუ იმ ფორმის საწინააღმდეგოდ ბიბლიური თვალსაზრისის მიხედვით. ცხადია, უშვილო წყვილებს აქვთ არჩევანი: ან დარჩნენ უშვილოდ, ან იშვილონ ბავშვი, თუმცა არ არსებობს მორალური ვალდებულება ასეთი ქცევისათვის. მათ შეუძლიათ აირჩიონ აგრეთვე ცოლის დაფეხმძიმება ხელოვნური განაყოფიერებით.
ხელოვნური განაყოფიერების მორალურობა ქორწინების ფარგლებში ავტომატურად არ ვრცელდება დაუქორწინებლებზე. მაგალითად, ბიბლია არ ურჩევს მორწმუნეს, იქორწინოს ურწმუნოზე (1-ლი კორ. 7:39) და კრძალავს გაყრას ურწმუნო მეუღლესთან (მუხ. 12). ოჯახში ერთი მშობელი მხოლოდ მეორის გარდაცვალებისა თუ რაიმე სხვა გარემოების გამო შეიძლება დარჩეს, მაგრამ ასეთი ოჯახები ნაკლებია და ამ შემთხვევაში ხელოვნური განაყოფიერება არ არის გამართლებული. აქედან გამომდინარე, ლესბოსური წყვილის ან მარტოხელა დედის შემთხვევაში ხელოვნური განაყოფიერება არ არის ღვთიური იდეა. ბავშვებს მამაც სჭირდებათ და დედაც და ამიტომაც, ღმერთი განსაკუთრებულად ზრუნავს ქვრივებზე (რჯულ. 14:29; 1-ლი ტიმ. 5:9); ბიბლია ძალიან ხშირად იხსენიებს ობლებს (ფსალ. 10:33; 81:3).
სუროგატი დედობა. იმ ქრისტიანებისთვისაც კი, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევენ ხელოვნურ განაყოფიერებას, სუროგატი დედობა გაცილებით რთულ პრობლემას ქმნის. სინამდვილეში ეს არის „საშვილოსნო გაქირავებით“, რადგანაც დედა, რომელიც მუცლით ატარებს ბავშვს არ არის ქმრის ცოლი. მიუხედავად იმისა, რომ არ ხდება მრუშობა, მაინც არსებობს სერიოზული სოციალური, ლეგალური და ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც უნდა განისაზღვროს. როგორც გახმაურებული სასამართლო შემთხვევები გვიჩვენებს, დედობრივი ინსტინქტი ძლიერია და ბიოლოგიურ დედებს ხშირად უძნელდებათ, სხვებს გადასცენ საკუთარი შვილი.
თეორიულად, სუროგატი დედობა მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების საპირისპიროა და მსგავსია შვილად აყვანისა. ამ მხრივ არაფერია განსაკუთრებულად ამორალური ამაში, თუმცა, ჩვენ თეორიულ სამყაროში არ ვცხოვრობთ. აქ ღრმა ადამიანური განცდებია ჩართული. სუროგატი დედობის თანმდევი მოვლენაა ქალების ექსპლუატაცია და დედობის დეგრადაცია. ეთიკური სიძნელეები შესამჩნევია და ამიტომაც უფრო ბრძნულად გვეჩვენება შვილად აყვანა.
სუროგატი დედობა კომფორტის გამო, ცხადია, მცდარია. დედობა, ისევე, როგორც ცოლობა, არ უნდა იყოს დაქირავებისათვის, ამ მხრივ, სუროგატი დედობა არაფრით არის უკეთესი გარყვნილებაზე. ღმერთმა კაცს მისცა ცოლი და ისაა მისი კანონიერი მეუღლე, რომელმაც უნდა გაუჩინოს მას შვილები. კანონიერი ცოლის საშვილოსნოა ის ადგილი, სადაც ამ ადამიანის შვილები უნდა ჩაისახოს და თუკი ეს შეუძლებელია, რაიმე მიზეზის გამო, მაშინ უნდა გავიაზროთ, როგორია ღვთის ნება საკუთარი გენეტიკური შთამომავლობის ყოლასთან დაკავშირებით. შესაძლოა, არსებობენ სხვა ბავშვები, რომლებიც გველიან, რათა ვიშვილოთ, ან ღმერთს უნდა, რომ ვიზრუნოთ ობლებზე და არ გვყავდეს საკუთარი.
ინ ვიტრო ფერტილიზაცია (IVF). მიუხედავად იმისა, რომ ინ ვიტრო ფერტილიზაცია უფრო ცნობილია „სინჯარის ბავშვების“ სახელწოდებით, უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა „სინჯარული ჩასახვა“. ამ მეთოდით უკვე მრავალი ბავშვი დაიბადა იმის გამო, რომ მრავალ წყვილს სხვანაირად არ შეეძლო შვილების ყოლა. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ კვლავ წამოიჭრება კითხვა: როდის უნდა გაკეთდეს ეს?
ხელოვნური განაყოფიერება თუ დასაშვებია, მთავარი კითხვა ინ ვიტრო ფერტილიზაციასთან დაკავშირებით, ქრისტიანული თვალსაზრისის მიხედვით, შეეხება ე. წ. „ზედმეტ“ ემბრიონებს. ემბრიონების უმრავლესობა მსხვერპლად იწირება იმისათვის, რომ მივიღოთ ერთი, რომელიც გადარჩება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგნებულად ვწირავთ სიკვდილისთვის მრავალ ნამცეცა ადამიანურ არსებას, რათა მივიღოთ ერთი − განვითარებისათვის. იმის გამო, რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებებს, ინ ვიტრო ფერტილიზაცია, რომელიც ყრის ემბრიონებს, მორალურად მცდარია. ის ფაქტი, რომ მრავალი ბუნებრივად ფერტილიზებული კვერცხუჯრედი კვდება, უადგილოა, ვინაიდან არსებობს მნიშვნელოვანი მორალური განსხვავება ბუნებრივ სიკვდილსა და კაცის კვლას შორის.
რა თქმა უნდა, არსებობს საშუალება მეთოდის სრულყოფისა, რომ არ გადავაგდოთ ადამიანური სიცოცხლე ან გამოვიყვანოთ ბუნებრივი ფორმა და შევეცადოთ, რომ ქმრის სპერმა ხელოვნურად შევიყვანოთ თავისი ცოლის საშვილოსნოში. მანამდე კი, სანამ ეს ყოველივე ამგვარად ხდება, ინ ვიტრო ფერტილიზაცია მორალურად არასწორია.
ორგანოებისა და ქსოვილების თესვა. არსებობს სამედიცინო ტექნოლოგიათა მიერ ადამიანების ორგანოებისა და ქსოვილების შექმნასთან დაკავშირებული მზარდი მოძრაობა და ეს ასევე მზარდი მოთხოვნილების გამო ხდება. აბორტირებული ბავშვების ორგანოები გამოიყენება ტრანსპლანტაციისათვის. ტვინის ქსოვილებს იყენებენ პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. სხეულის სხვა სითხეებსაც სამედიცინო ფასეულობა აქვს. აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ განვასხვაოთ „შეიძლება“ და „უნდა“. საკითხავი ის კი არ არის, როდის შეიძლება ამის გაკეთება, ან როდის გაკეთდა ეს, არამედ − საერთოდ უნდა გაკეთდეს ეს თუ არა.
რამდენიმე პრინციპი იკვეთება გადანერგვასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, თუ არსებობს გადანერგვასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შემთხვევები, ეს არასოდეს უნდა გაკეთდეს ინფორმირებული თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, დგას ადამიანური ღირსების საკითხი. ადამიანის სხეული არ არის ქიმიური ქარხანა და არც ორგანოა ფარმაცევტული კომპანიისთვის. მისი მიზანია არა ორგანოთა ფერმად ფუნქციონირება, არამედ უკვდავი პიროვნების სხეულად ყოფნა, რომელსაც შეუძლია ღვთის თაყვანისცემა და განდიდება (1-ლი კორ. 6:19-20).
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ გავიღოთ საკუთარი ორგანოები ჩვენი სიკვდილის შემდეგ, ჩვენს ღირსებასა და მოკვდაობას ეწინააღმდეგება ის, თუ ჩვენს სხეულს მხოლოდ იმიტომ შევინახავთ, რომ გადანერგვის მიზნებისათვის გამოვიყენოთ. ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც გადანერგვა ლეგიტიმურია, ესაა მხოლოდ ერთხელ, სიკვდილის შემდეგ. დასაშვებია ინფორმირებული თანხმობის დროს დონორული საჩუქარი, მაგრამ ემბრიონების გამოყვანა ან სხეულთა ცოცხლად შენახვა ხელოვნურად ამ მიზნებისათვის, არის ადამიანის ღირსების შელახვა.
კრაონიზმი. დღეს შესაძლებელია სასიკვდილოდ გავყინოთ ადამიანთა სხეულები იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი კვლავ გავაცოცხლოთ, ე. ი. შესაძლებელია სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც გარდაიცვალნენ იმ სნეულებათა გამო, რომელთათვისაც, მოგვიანებით, შეიძლება წამალიც აღმოვაჩინოთ. საკითხავი ის კი არ არის, ეს შესაძლებელია თუ არა, საკითხავი ისაა, უნდა გაკეთდეს? ქრისტიანული პასუხი უარყოფითია რამდენიმე მიზეზის გამო.
არ არსებობს სიცხადე იმასთან დაკავშირებით, შევძლებთ თუ არა პიროვნების გაცოცხლებას ამ გზით და თუნდაც შევძლოთ სხეულის ბიოლოგიური გაცოცხლება, არ არსებობს სიცხადე იმისა, რომ ის ინდივიდუუმი, რომელიც მყოფობდა ამ სხეულში, დაბრუნდება. ბიბლია გარკვევით გვეუბნება, რომ როდესაც ინდივიდუუმი ტოვებს სხეულს (ფილ. 1:23; მე-2 კორ. 5:8), მხოლოდ ღმერთს შეუძლია, დააბრუნოს იგი თავის სხეულში და ის ამას გააკეთებს კიდეც აღდგომისას (იოან. 5; 1-ლი კორ. 15; გამოცხ. 20). გაყინვით ძილის მიღმა დგას სურვილი ადამიანური მოკვდაობისგან თავის დაღწევისა, მაგრამ ბიბლია გარკვევით ამბობს, რომ ღმერთმა დაადგინა სიკვდილი (რომ 5:12; ებრ. 9:27) და განსაზღვრულია ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა (ფსალ. 89:10). სიკვდილისგან თავის დაღწევისა თუ უარყოფის ცდები არ არის ღვთიური (იხ. დაბ. 3:4). ჩვენ უნდა მივიღოთ ბუნებრივი სიცოცხლის განსაზღვრულობა და ბუნებრივი სიკვდილის გარდაუვალობა და არ ჩავერთოთ მისი თავიდან არიდების ამაო ცდებში.
კლონირება (‘Carbon-copy’). ადამიანურ არსებათა მიღება გენეტიკურად შესაძლებელია. თითოეულ უჯრედს სხეულში აქვს გამოკვეთილი ასლი-გეგმა ამ სიცოცხლისათვის. აქედან გამომდინარე, თეორიულად შესაძლებელია გამოვიყვანოთ იდენტური ტყუპები არასექსუალური გზით. კლონირება უკვე ჩატარდა ზოგიერთ ცხოველზე. მეცნიერული პროგრესისკენ მიმართულ ამ ადამიანურ ძიებაში, ბოლოს და ბოლოს, ვინმე გამოიყენებს მოწინავე ტექნოლოგიას ადამიანის კლონირებისათვის. ქრისტიანული თვალსაზრისის მიხედვით, არსებობს სერიოზული პროტესტი კლონირების საწინააღმდეგოდ. უპირველეს ყოვლისა, ეს ღმერთთან თამაშია. ის არღვევს ფუნდამენტურ პრინციპს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ადამიანური სიცოცხლის მხოლოდ მცველები ვართ და არა შემოქმედები. ეს არის საზღვარი ადამიანური თვითდაჯერებისა და სიამაყისა, კაცთა ტექნოლოგიური ბაბილონის გოდოლი (დაბ. 11:1-2). მეორე, კლონები გამოიწვევენ ვინაობის აღქმის უპრეცედენტო ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს და ბავშვების დაპირისპირებას. მესამე, ის უგულებელყოფს ღვთისგან დადგენილ საშუალებებს კაცთა გამრავლებისა, კერძოდ, ფერტილიზაციას დედის საშვილოსნოში. ამ აზრით, ეს არის სქესის სიწმინდის უარყოფა, რაც ღმერთმა შექმნა, განწმინდა და განსაზღვრა (დაბ 1:28; ებრ. 13:4). მეოთხე, ეს არის ახალი გზა იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ მოკვდაობას პიროვნების იდენტური „ტყუპისცალის“ ყოლით, რომელიც ცოცხალი იქნება პიროვნების სიკვდილის შემდეგ და ასე დაუსრულებლად. ამრიგად, ეს შესაძლებელიც რომ იყოს, ეს იქნება მორალურად საკამათო საკითხი.
გენების შეერთება. დღეს შესაძლებელია ბიოლოგიური ორგანიზმების ახალი სახეების წარმოება გენების ერთმანეთთან შერწყმის მეშვეობით. ასეთი ლაბორატორიული ჰიბრიდები უკვე დაპატენტებულია. ამგვარ ხელოვნურად კონსტრუირებულ „სუპერ მწერს“ შეუძლია, როგორც ამბობენ, ნავთობის დიდი ლაქების გაქრობა, რადგანაც ის იკვებება ნავთობით და მრავლდება ნავთობში. მრავალი სხვა მიზანია დასახული, მათ შორის სამედიცინო წამლები, მაღალი კვებითი თვისებებით გამორჩეული პროდუქტები, გარემოს გამწმენდი საშუალებები, უფრო სასარგებლო ცხოველები და უფრო მეტად პროდუქტიული ადამიანებიც კი!
გენების შეერთებას ახლავს რამდენიმე სერიოზული პრობლემა. ჯ. კერბი ანდერსონი ხაზს უსვამს მრავალ მათგანს თავის შესანიშნავ წიგნში „გენეტიკური ინჟინერია“. პირველი, არსებობს სერიოზული მეცნიერული პრობლემები, მათ შორის, შესაძლებლობა ორგანიზმების გაფანტვისა, ახალი სნეულების შექმნისა და დელიკატურად მოწესრიგებულ მიკრო-სამყაროში ბალანსის დარღვევისა. მეორე, არსებობს სოციალური და ლეგალური პრობლემები. ანდერსონი აღნიშნავს: „არავინ მიესალმება ინფექციურ სნეულებათა გავრცელებას, რაც ანგრევს ავტომობილებისა და თვითმფრინავების საზეთ სისტემებს“.
ქრისტიანული ბიოსამედიცინო ეთიკის შეფასება
აღნიშნავენ, რომ დაპირისპირება გენეტიკური ინჟინერიის, კლონირებისა და გენების შერწყმის პრობლემებთან, აფერხებს მეცნიერულ პროგრესს. მიუხედავად ამისა, ამ არგუმენტს სერიოზული სირთულენი აქვს თავისთავად. ის ვარაუდობს, რომ ამ ჩანაფიქრთა განხორციელების პროგრესი უფრო მეტად რეალურია, ვიდრე მხოლოდ ცვლილებები. ყოველივე ახალი მორალურად უკეთესი როდია. „მეცნიერული პროგრესი“ ორაზროვანი ტერმინია, რომელიც გამოიყენება იმის გასამართლებლად, რის გაკეთებაც ჩვენ გვსურს. ეს არგუმენტი აბსოლუტურს ხდის მეცნიერულ პროცესს, როგორც ნორმას, რომლის მეშვეობითაც ყველაფერი გამართლებულია, თუმცა მეცნიერება არ არის მორალურად ნორმატიული. მეცნიერება გვეუბნება იმას, თუ რა არის და არა იმას, რა უნდა იყოს. მეცნიერების სტანდარტი იქმნება არა შიგნიდან, არამედ გარედან. მტკივნეული რეალობაა ის, რომ ნაცისტების რეჟიმის დროს გერმანელმა მეცნიერებმა ადამიანების სიცოცხლის ფასად წამოიწყეს საშინელი გამოკვლევები, ანუ სხვათა სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ რაღაცის აღმოჩენას.
მიჩნეულია, რომ მეცნიერულ მიღწევათა გამოყენების უკმარისობა ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად გამოხატავს გულგრილობას ადამიანის ტანჯვისადმი. რატომ უნდა დავუშვათ ვინმეს ტანჯვა პარკინსონის დაავადებით, როდესაც აბორტირებული ბავშვის ტვინის ქსოვილით შესაძლოა მათი წამების შემსუბუქება? მიზანი არ ამართლებს საშუალებებს. ერთი პიროვნების სიცოცხლის გაგრძელება არ ამართლებს მეორის სიცოცხლის ხელყოფას. ბოროტი საშუალებანი არ მართლდება კეთილი მიზნებით. მხოლოდ კეთილი საშუალებანი გამოიყენება კეთილი მიზნებისათვის.
ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების პატივისცემა ჯეროვანი ზრუნვის საგანია, მაგრამ ამ ღირსებისა, სიწმინდისა და პასუხისმგებლობის ხელყოფა არ არის გზა ამ ზრუნვის გამოსახატავად. ჰუმანისტის სტანდარტი ამ რეალურ თანაგრძნობას ვერ ამართლებს. მას შეიძლება ჰქონდეს ამ თანაგრძნობის რწმენა, მაგრამ რეალური გამართლება მის რწმენას არ გააჩნია. მაშინ, როცა ის თავისი მორალური კანონების გამართლებას ცდილობს, ამით საკუთარ თავს მორალური კანონმდებლის პირისპირ აყენებს. იმის გამო, რომ არსებობს ღვთაებრივი ბრძანება ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით, უტილიტარული თანაგრძნობის მთელი ჰუმანისტური შენობა ირღვევა.
შეჯამება და დასკვნა
ბიოსამედიცინო საკითხებს არევ-დარევა შეაქვს გადამწყვეტ ეთიკურ დასკვნათა სფეროში. ამ საკითხებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშობა ორი დაპირისპირებული თვალსაზრისის კვალდაკვალ. ეს თვალსაზრისებია: სეკულარული-ჰუმანისტური და ქრისტიანული. პირველი უარყოფს შემოქმედს და იმას, რომ ადამიანები შექმნილნი არიან, აგრეთვე იმას, რომ ღმერთმა მოგვცა მორალური ვალდებულებანი. მათი აზრით, ადამიანები წარმოადგენენ უდიდესი ინტელექტის მქონე უმაღლეს ცხოველებს. ეს ინტელექტი უნდა გამოვიყენოთ ადამიანური გვარის განსავითარებლად. სწორედ ამიტომ, სეკულარული ჰუმანიზმის წარმომადგენლები აბორტს, ევთანაზიასა და გენეტიკურ ინჟინერიას ამის მისაღწევად იყენებენ.
ჰუმანისტური ბიოსამედიცინო ეთიკის საპირისპიროდ, ქრისტიანებს სწამთ, რომ ღმერთმა განზრახ შექმნა ადამიანები თავის ხატად და მსგავსად და მისცა მათ მორალური ბრძანებანი, რათა დაიცვან ადამიანური სიცოცხლის ღირსება და სიწმინდე. აქედან გამომდინარე, ქრისტიანული ვალდებულებაა ღმერთის მსახურება და არა ღმერთთან თამაში. ჩვენ ვართ არა სიცოცხლის ინჟინრები, არამედ მხოლოდ მისი მცველები. სამედიცინო ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს შესწორებას და არა შექმნას. ჩვენ უნდა „შევაკეთოთ“ სიცოცხლე და არ უნდა ვცადოთ მისი რეკონსტრუირება. ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს მორალს და არა პირიქით.
ნორმან გეიზლერი – „ქრისტიანული ეთიკა“