არსებობს სამი ძირითადი თვალსაზრისი სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით ქრისტიანებში:
1. რეაბილიტაციონიზმი – სიკვდილით დასჯა მიუღებელია.
2. რეკონსტრუქციონიზმი – მისაღებია სიკვდილით დასჯა ყველა მეტ-ნაკლებად მძიმე დანაშაულისას, როგორც რელიგიური, ასევე მორალური დანაშაულის დროს.
3. რეტრიბუციონიზმი – მომხრეა სიკვდილით დასჯის ზოგიერთი დანაშაულისას, სახელდობრ, მძიმე დანაშაულების დროს.
რეაბილიტაციონიზმი დაფუძნებულია სამართლის განმკურნებელ (რეფორმატორულ) შეხედულებაზე. კრიმინალი განხილულია, როგორც პაციენტი, რომელიც ავადაა და მკურნალობას საჭიროებს.
მომდევნო ორი თვალსაზრისი მიიჩნევს, რომ სამართალი დამსჯელია და ისინი განიხილავენ კრიმინალს, როგორც მორალურად პასუხისმგებელ პიროვნებას, რომელიც იმსახურებს სასჯელს.
რეკონსტრუქციონიზმს სჯერა, რომ დანაშაული მოითხოვს სიკვდილით დასჯას მოსეს რჯულის მიხედვით, რომელიც დღეს კვლავ სავალდებულოა.
რეტრიბუციონიზმი კი ამტკიცებს, რომ სიკვდილით დასჯა დაფუძნებულია ბიბლიისაგან ხაზგასმულ პრინციპზე – სიცოცხლე სიცოცხლის წილ, რაც მისაღებია ყველა პიროვნებისთვის, ყველა ადგილზე და ყველა დროში.
რეაბილიტაციონიზმი ამბობს, რომ სამართლის მიზანი გამოსწორებაა და არა დასჯა; რომ სიკვდილით დასჯა გაუქმდა მოსეს რჯულთან ერთად; რომ სიკვდილით დასჯა არ აკავებს დანაშაულს; რომ ეს ანტიჰუმანურია; რომ ხშირად ის ხდება ტირანული იარაღი უმცირესობათა დასამორჩილებლად; რომ კრიმინალები სოციალურად სნეულები არიან, პაციენტს კი ექიმი სჭირდება და არა დამკრძალავი ბიურო; რომ სიკვდილით დასჯა ურწმუნოებს ჯოჯოხეთში გზავნის. რეაბილიტაციონიზმი ამბობს, რომ ღმერთი სულგრძელია და არ სურს, ვინმე დაიღუპოს. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და არავინ არ უნდა დაისაჯოს სიკვდილით, რათა საუკუნო სასჯელი არ მიიღოს.
რეკონსტრუქციონიზმი, რეაბილიტაციონიზმისგან განსხვავებით, სიკვდილით დასჯას მოითხოვს ყველა მეტ-ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოების აშენება (რეკონსტრუქცია) უნდა მოხდეს მოსეს რჯულის თანახმად. ის ამბობს, რომ სამართლის მიზანი მიზღვაა და არა გამოსწორება. იმის განსამტკიცებლად, რომ მოსეს რჯული სავალდებულოა დღესაც, ის ამბობს, რომ ღვთის კანონი ასახავს მის უცვლელ ბუნებას და რომ იესო არ მოსულა რჯულის გასაუქმებლად და რომ სიკვდილით დასჯა გამეორებულია ახალ აღთქმაში.
რეტრიბუციონიზმი – „სიცოცხლე სიცოცხლის წილ…“
მესამე და მთავარი თვალსაზრისი არის რეტრიბუციონიზმი, რომელსაც მიაჩნია, რომ სიკვდილით დასჯა დასაშვებია გარკვეული დანაშაულებებისთვის, სახელდობრ, მძიმე შემთხვევებისთვის. რეტრიბუციონისტებს სჯერათ, რომ სამართლის უპირატესი მიზანი დასჯაა; თუმცა ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მთავრობა დღეს შეკრულია მოსეს რჯულით სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით.
რეტრიბუციონიზმს მიაჩნია, რომ დამნაშავე არის არა სნეული, არამედ შემცოდე. მისი მძიმე დანაშაული არის არა პათოლოგიური, არამედ მორალური და რადგანაც ის არის გონების მქონე, მორალურად პასუხისმგებელი არსება, ის იმსახურებს დასჯას. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯა იცავს უდანაშაულო ადამიანებს განმეორებადი ძალადობისგან და იგი დანაშაულის შემკავებელ ფაქტორს წარმოადგენს, მისი უპირატესი მიზანი მაინც უფრო დამნაშავის დასჯაა, ვიდრე უდანაშაულოს დაცვა. მაშინ, როდესაც ღმერთმა დაადგინა ადამიანური მმართველობა და ადამიანებს გადასცა სამოქალაქო ძალაუფლება, მიზანი იყო მძიმე დანაშაულებებთან ბრძოლა. ღმერთმა ნოეს გასაგებად უთხრა:
მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ… ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
როგორც ვხედავთ, სიკვდილით დასჯა წმინდა წერილში ძველი აღთქმის დასაწყისიდანვე იგულისხმება. ის კვლავ და კვლავ მეორდება წმინდა წერილის ფურცლებზე, ახალი აღთქმის ჩათვლით.
სიკვდილით დასჯის საჭიროება იგულისხმება ადამიანის ბუნებაში. ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი (დაბ. 1:27), ისინი ემსგავსებიან და წარმოადგენენ ღმერთს დედამიწაზე. მათი კვლა არის შეტევა ღმერთზე, ეს არის მისი სუვერენულობის უგულებელყოფა ადამიანურ სიცოცხლეზე (მე-2 რჯული 32:29 ). ამ მძიმე დანაშაულისთვის ღმერთმა მოგვიანებით გამოკვეთილად განაცხადა, რომ მოითხოვს სიკვდილით დასჯას (დაბ. 9:6). თუმცა ასეთი სასჯელი იგულისხმება თვით დანაშაულის ბუნებაში, რაც ადრევე ხაზგასმული იყო კაენის – პირველი მკვლელის – შემთხვევაში.
კაენმა დაიმსახურა და ელოდა სიკვდილით დასჯას. ღმერთი ეუბნება კაენს, რომ აბელის სისხლი შეღაღადებს მიწიდან, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სამართალი სიცოცხლეს უკან მოითხოვს. კაენი თავისთავად მოელოდა ამ სასჯელს, როდესაც თქვა: „ყველა შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა…“ თვით ღმერთის ნათქვამიც კაენის მკვლელის „შვიდწილად ზღვაზე“ გულისხმობს სიკვდილით დასჯას. ვინაიდან არ არსებობდა არანაირი მთავრობა და არც არავინ იყო დარჩენილი (გარდა კაენის მამისა და დედისა), რომ დაესაჯა კაენი, ღმერთმა პირველად შეცვალა კაენის დამსახურებული სასიკვდილო განაჩენი. ვინაიდან ღმერთია სიცოცხლის შემოქმედი, მას აქვს ამის გაკეთების უფლება, თუმცა ტექსტი ცხადყოფს, რომ სიკვდილით დასჯა ძმის მკვლელისთვის მოსალოდნელიც იყო და დამსახურებულიც.
ღმერთმა მახვილი გადასცა მთავრობას. ნოეს დრომდეც არსებობდა სიკვდილით დასჯა, თუმცა ეს საქმე მინდობილი ჰქონდათ მოკლულის ნათესავებს (სისხლის აღება, დაბ. 4:14), სიკვდილით დასჯის დაწესებით კი ღმერთმა სამართალი გამოაცალა მოკლულის ოჯახის წევრებს და მახვილი ადამიანურ მთავრობას მისცა ხელთ. ამ გზით სამართალს შეეძლო, ობიექტურად განხორციელებულიყო, პერსონალური შურისძიებისა და ემოციური ფაქტორების გამორიცხვით. ასე რომ, ნოე არ ყოფილა პირველი, ვისაც გადაეცა სიკვდილით დასჯის უფლება. ეს უბრალოდ ის მომენტი იყო, როდესაც ღმერთმა დაადგინა ადამიანური მთავრობა, რომელმაც გადაიბარა სამოქალაქო ძალაუფლება ოჯახებისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ სიკვდილით დასჯა არსებობდა რჯულამდეც და უფრო მეტიც – ნოემდეც.
სიკვდილით დასჯა შეუერთდა მოსეს რჯულს, როდესაც ღმერთმა სიკვდილით დასჯა დაუწესა ისრაელს (გამოსვ. 21). მოსეს რჯულმა გაავრცელა ის სხვა დანაშაულებებზეც, მათ შორის, რიტუალურსა და რელიგიურზეც. ისრაელი რჩეული ერი იყო, ღმერთთან განსაკუთრებულ ურთიერთობაში მყოფი და იქიდან გამომდინარე, რომ ის იყო თეოკრატიული სახელმწიფო, დამატებითი მიზეზები სიკვდილით დასჯისთვის არ ყოფილა განზრახული სხვა ერების მიმართ. ღმერთს არასდროს უბრძანებია სხვა ერებისთვის, რომ თაყვანი ეცათ შაბათობით, ან მიეცათ მეათედი იერუსალიმის ტაძრისთვის. შესაბამისად, წარმართი ერები არ განიკითხებოდნენ ამის გაუკეთებლობისთვის. ისრაელი კი ხშირად გაკიცხულა ღვთისგან ამ საგანგებო კანონების დარღვევისთვის. შაბათის დარღვევისთვის იმ დროს სიკვდილით დასჯა იყო დაწესებული (გამოსვ. 31:14).
მოსეს ღვთის ჩაგონებით არ დაუწესებია სიკვდილით დასჯა მძიმე დანაშაულთათვის, მან უბრალოდ გადმოიტანა ის ღვთის კანონში, მაგრამ მან სიკვდილით დასჯა გაავრცელა სხვა არასასიკვდილო დანაშაულებებისთვისაც. მას, ზოგადად, სხვა ერებისთვისაც არ დაუწესებია სიკვდილით დასჯა. თუ სიკვდილით დასჯა მძიმე დანაშაულისათვის არ იყო დადგენილი მოსეს რჯულთან ერთად, მაშინ ის არც გაუქმებულა მოსეს რჯულის გადასვლასთან ერთად. ის დარჩა მაშინ, როდესაც ის, რაც უნიკალური იყო მოსეს რჯულისთვის, გაუქმდა (ებრ. 7-8).
სიკვდილით დასჯა კვლავ გაცხადდა ახალ აღთქმაში. იგი ღმერთს მოსეს რჯულივით მხოლოდ ისრაელისთვის არ ჰქონდა მიცემული, არამედ მთელი კაცთა მოდგმისთვის გადასცა ნოეს და ვინაიდან ღმერთს არასოდეს გაუუქმებია ეს სასჯელი კაცთა მოდგმისთვის (მთელი დედამიწის წყლით წარღვნისგან განსხვავებით), ამიტომაც ღვთისგან დადგენილი სიკვდილით დასჯა (სიცოცხლე სიცოცხლის წილ) ისევ ძალაშია მთელი მოდგმისთვის. მახვილი, რომელიც მთავრობას გადაეცა სიკვდილით დასჯისთვის, კვლავ ცხადდება ახალ აღთქმაში (რომ. 13:4), იესომ აღიარა ის პილატეს წინაშე (იოან. 19:11) და პავლემაც აღიარა ეს რომაელთა წინაშე (საქმ. 25:11) .
მოსაზრება, რომ კრიმინალური დამნაშავე პაციენტია, მოიცავს სახიფათო ტირანულ პოტენციას ელიტის ხელში, რომელსაც შეუძლია განაცხადოს, ვინ არის „ავად“ და ვის უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ. ეს თვალსაზრისი ამცრობს დამნაშავეს, აქცევს მას სამკურნალო ობიექტად და არა პიროვნებად. ეს ილუზორული ჰუმანიზმი სინამდვილეში ანტიჰუმანურია. იმ ადამიანის დასჯით, ვინც ეს დაიმსახურა, სახელმწიფო პატივისცემას გამოხატავს მისადმი და პირიქით, მისი აღქმით ავადმყოფად, ჭკუასუსტად, ჩვენ ვავლენთ დამოკიდებულებას მასთან, როგორც ბავშვთან, ან შინაურ ცხოველთან. პიროვნებები, რომლებიც შეგნებულად სჩადიან დანაშაულს, იმსახურებენ დასჯას.
სიკვდილით დასჯა არ ეხება ბავშვებს მანამ, სანამ ისინი სოციალურად ანგარიშვალდებულნი არ გახდებიან. არც იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ მორალური და რაციონალური უნარი თავისი ქმედებების აღსაქმელად. მორალური პასუხისმგებლობა გულისხმობს ადამიანს, ვინც მორალურად პასუხისმგებელია. პიროვნებას არ შეუძლია ანგარიშვალდებული იყოს, თუ ის არ არის რაციონალური აზროვნების მქონე. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირად დროებითი „სიგიჟე“ მხოლოდ გამძვინვარების გამოვლინებაა. ჩვენ კი პასუხისმგებელნი ვართ ჩვენს მრისხანებასა და იმ ქმედებებზე, რასაც იმ დროს ჩავდივართ. იყო რაციონალური და იმოქმედო ირაციონალურად, ორი სხვადასხვა რამაა.
აზრი, რომ ეს სასჯელი სასტიკი და უჩვეულოა, მცდარია, რადგან ვინც ხელყოფს სხვის სიცოცხლეს, უნდა დათმოს თავისი. რასაც ვიღებთ, უნდა დავაბრუნოთ – არაფერია სასტიკი და უჩვეულო ამაში. რეაბილიტაციონისტები ამბობენ, რომ ეს სასჯელი არ აკავებს დანაშაულს. ღმერთი კი ამბობს, რომ აკავებს. როდესაც სამართალი აღსრულდება: „გაიგონებს მთელი ხალხი, შეეშინდებათ და აღარ გაკადნიერდებიან.“ (მე-2 რჯული 17:13) ერთი რამ აშკარაა, სიკვდილით დასჯა შეაკავებს თავზე ხელაღებულ ცალკეულ დამნაშავეებს ახალი დანაშაულის ჩადენისკენ. სიკვდილით დასჯა სამნაირად იცავს უდანაშაულოებს: 1) ეს არის ადამიანის სიცოცხლისთვის გაღებული დიდი წინმსწრები ფასი, რომელიც იწვევს ჩვენს პატივისცემას და გაფრთხილებას სიცოცხლის დაცვისათვის; 2) როდესაც ის სათანადოდ გამოიყენება, იწვევს ღვთის შიშს სხვა შესაძლო მკვლელებში და 3) ის გამორიცხავს განმეორებად დანაშაულებს დამნაშავეების მხრიდან.
სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება შეწყალების კონცეფციას. თუ გავითვალისწინებთ მათ მიდგომას კრიმინალთან, რომელიც პაციენტად არის აღქმული, შეუძლებელი ხდება იმის შეწყალება, ვინც ავადაა, შეწყალებული და ნაპატიები მხოლოდ ცოდვილი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, შეწყალების კონცეფციას აზრი მხოლოდ სამართლის, როგორც დამსჯელი ქმედების გამო ეძლევა. ყველა მძიმე დანაშაული სიკვდილს იმსახურებს, მაგრამ ყველა დამნაშავე, რომელიც სიკვდილს იმსახურებს, არ უნდა მოკვდეს. ღმერთმა პერსონალურად შეცვალა კაენის სასიკვდილო განაჩენი, ამგვარად, დამსახურებული სასიკვდილო განაჩენი შეიძლება შეიცვალოს საგანგებო შემთხვევების დროს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სახეზეა გულწრფელი მონანიება და რესტიტუცია (ლათ. აღდგენა). ასე რომ, სასიკვდილო განაჩენის შეცვლა არ არის ბიბლიური პრეცედენტის გარეშე.
სიყვარული და სიკვდილით დასჯა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რადგან თუ ეს ასეა, მაშინ ქრისტეს მსხვერპლიც წინააღმდეგობრივია. „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე…“ (იოანე 3:16)
არა მხოლოდ სიყვარული და სასჯელია შეთავსებადი, არამედ ზუსტად სიკვდილით დასჯის უკან მდგომი პრინციპია ის, რაც ჯვარს აუცილებელ საჭიროებად აქცევს. ეს არის პრინციპი „სიცოცხლე სიცოცხლის წილ“, შემნაცვლებლური გამოსყიდვის უკან მდგომი კონცეფცია (რომ ის იღებს სიცოცხლეს ჩვენი სიცოცხლის გამოსყიდვის წილ, რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია) არის ის, რაც სიკვდილით დასჯას საჭიროს ხდის მძიმე დანაშაულებებისთვის. თუკი იარსებებდა სხვა გზა სამართლის აღსადგენად და მადლის მოსატანად, მაშინ ღმერთი მას მიმართავდა და არ გაიღებდა მსხვერპლად თავის მხოლოდშობილ ძეს.
ფაქტია, რომ თუ სიკვდილით დასჯა არ იქნებოდა მოქმედი პირველ საუკუნეში, იესო ვერ შეძლებდა, მომკვდარიყო ჩვენი ცოდვებისთვის. სიკვდილით დასჯა უფრო მეტად ამაღლებს სიცოცხლის ფასეულობას, ვიდრე ამცრობს მას. რაც უფრო სერიოზულია სასჯელი, მით მეტ ფასეულობას ვანიჭებთ იმ ადამიანის სიცოცხლეს, ვინც მოკლეს. ასე რომ, ჯვარს არ დაურღვევია პრინციპი „სიცოცხლე სიცოცხლის წილ“. მან ეს პრინციპი სრულყოფილად წარმოაჩინა. ჯვარმა უზრუნველყო ჩვენი ცოდვების მიტევება, მაგრამ არ მოუშლია ჩვენი ცოდვების გარემოებანი. თუ ქრისტიანი გადახტება მაღალი კლდიდან და ვარდნისას აღიარებს თავის ცოდვებს, ის მაინც ვერ გაექცევა ძირს მომლოდინე სიკვდილს. სიმართლე ისაა, რომ მიტევებულია ცოდვა თუ არა, არსებობს ამ ცოდვისგან გამოწვეული სოციალური და ფიზიკური გარემოებანი. თუ ქრისტიანი მძიმე ცოდვას ჩაიდენს, მას შეუძლია მიიღოს მიტევება, მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ სასჯელს გაექცევა.
არსებობს განსაკუთრებული მიზეზები, რის გამოც სიკვდილით არ დაისაჯა დავითი მკვლელობისა და ადიულტერისთვის (ადიულტერი – მეუღლის მოტყუება, ღალატი). არ არსებობდა ორი მოწმე, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებდა და რადგან დავითი იყო მონარქი, მისივე სიკვდილით დასჯა მას უნდა აღესრულებინა. შესაძლოა, ამ გარემოებების გამო ჩაერია ღმერთი და საკუთარი ბრალდება ნათან წინასწარმეტყველის მეშვეობით წამოაყენა. როგორც ღმერთმა თქვა, დავითმა „ოთხმაგად ზღო“ და ზოგიერთი სასჯელი სიცოცხლესაც ეხებოდა. მოკვდა დავითის შეცოდების ნაყოფი, შემდეგ დავითის ძე აბესალომი მოკლეს და დავითის ასული შებღალეს, როგორც მან შებღალა სხვა კაცის ცოლი. და ბოლოს, დავითმა დაკარგა სამეფო. მას მკაცრად მოეთხოვა თავისი დანაშაულებებისთვის, როგორც უფალმა უთხრა, ოთხჯერ გაიარა მახვილმა მის სახლში.
სიკვდილით დასჯა არ აგზავნის ადამიანებს ჯოჯოხეთში. სიკვდილით დასჯა არ არის ის, რაც ადამიანებს ჯოჯოხეთში გზავნის, ეს მათი ურწმუნოებაა (იოანე 3:36). თუ სიკვდილით დასჯა მცდარია იმიტომ, რომ ურწმუნოებს ჯოჯოხეთში გზავნის, მაშინ იმის მტკიცებაც შეიძლება, რომ სიკვდილით დასჯა სწორია, რადგან მორწმუნეებს ზეცაში აგზავნის. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ქრისტიანი მკვლელები უნდა დავსაჯოთ?…
და ბოლოს, რეტრიბუციონიზმი სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით შეიცავს ადამიანური თავისუფლებისა და ღირსების მაღალ თვალსაზრისს. ის დაფუძნებულია იმ ვარაუდზე, რომ ნორმალური, მოზრდილი ადამიანები რაციონალური და მორალური არსებები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, სხვადასხვაგვარად მოიქცნენ, მაგრამ ისინი, რომლებიც ირჩევენ ბოროტების გაკეთებას, იმსახურებენ დასჯას. რეტრიბუციონიზმი მოქმედებს სამართლის მართებული გაგებით. სამართლის ბიბლიური ხედვა დამსჯელია და არა მკურნალი. სამართლის უპირატესი მიზანი არის მორალი და არა თერაპია, ანუ ის ეთიკურია და არა პათოლოგიური. ეს მართალია მაშინაც კი, შემთხვევითია დანაშაული თუ განზრახული. სასჯელი იმიტომ მოდის, რომ ადამიანები იმსახურებენ მას…
ნორმან გეიზლერი – „ქრისტიანული ეთიკა“