მოციქული პავლე შეაგონებდა თესალონიკელებს, რათა მათ ესწავლათ, ყოფილიყვნენ ღვთისათვის სათნონი: „შეგაგონებთ უფალ იესოში, რაც მიღებული გაქვთ ჩვენგან − თუ როგორ გმართებთ სიარული ღმერთის საამებლად“ (1 თეს. 4:1), შემდეგ კი დასძენს: „რომ კიდევ უფრო იუხვოთ ამაში.“
„იუხვოთ“ აღნიშნავს „გაზრდას“. პავლე, ფაქტობრივად, ამბობდა: „თქვენ საკუთარ თავზე გამოცადეთ ჯანსაღი სახარებისეული ქადაგების ძალმოსილება და ახლა გაქვთ მტკიცე საფუძველი; ამიტომაც, გმართებთ იზარდოთ მადლში, რწმენაში, შემეცნებასა და სიყვარულში.“
იმავეს ეუბნებოდა პავლე კორინთოელ მორწმუნეებს:
მოციქული პავლე შეაგონებდა თესალონიკელებს, რათა მათ ესწავლათ, ყოფილიყვნენ ღვთისათვის სათნონი: „შეგაგონებთ უფალ იესოში, რაც მიღებული გაქვთ ჩვენგან − თუ როგორ გმართებთ სიარული ღმერთის საამებლად“ (1 თეს. 4:1), შემდეგ კი დასძენს: „რომ კიდევ უფრო იუხვოთ ამაში.“
„იუხვოთ“ აღნიშნავს „გაზრდას“. პავლე, ფაქტობრივად, ამბობდა: „თქვენ საკუთარ თავზე გამოცადეთ ჯანსაღი სახარებისეული ქადაგების ძალმოსილება და ახლა გაქვთ მტკიცე საფუძველი; ამიტომაც, გმართებთ იზარდოთ მადლში, რწმენაში, შემეცნებასა და სიყვარულში.“
იმავეს ეუბნებოდა პავლე კორინთოელ მორწმუნეებს:
„ჰოდა, როგორი სიუხვეც გაქვთ ყველაფრით: რწმენით და სიტყვით, ცოდნით და ყოველგვარი სიბეჯითით და თქვენში ჩვენი სიყვარულით, ასევე იუხვეთ ამ მადლშიც.“
სხვა სიტყვებით, ის ამბობდა: „ღვთის სულმა ძირფესვიანად გარდაქმნა თქვენი ცხოვრება, ამიტომ თქვენ მოვალენი ხართ, ყველაფერში მსხვერპლი გაიღოთ და ეს შეეხება თქვენს დროს, ფინანსებსა და ტალანტებს.“
წმინდა წერილიდან ზემოხსენებული მუხლები ნათლად გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ღვთის სიტყვით საზრდოობს, უნდა იზრდებოდეს მადლში. ღმერთმა სხვადასხვა ნიჭი მისცა ხუცესებს, მოძღვრებს, წინასწარმეტყველებსა და მახარებლებს ერთი მკაფიო მიზნის მისაღწევად და ეს მიზანი გახლდათ ეკლესიის ზრდა. არცერთი მორწმუნე არ უნდა დარჩეს ქრისტეში ახალშობილად. ჩვენ უნდა ვიზარდოთ უფალში, რათა არ ვცდუნდეთ.
თავად უფალი იესო საუბრობს იმაზე, რომ განუწყვეტლივ უნდა ვიზრდებოდეთ:
„მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.“
ქრისტე აქებს თიატირას ეკლესიას მადლის მკვიდრობაში ზრდისათვის:
„ვიცი შენი საქმენი და სიყვარული, შენი რწმენა და მსახურება, შენი მოთმინება და რომ შენი უკანასკნელი საქმეები წინანდელზე მეტია.“
არსებითად, უფალმა იესომ თქვა: „თქვენ ახლა უფრო ძლიერნი ხართ, ვიდრე თავიდან. თქვენვე მომეცით საშუალება იმისა, რომ ჩემი სიცოცხლე თქვენში უფრო მეტად იზრდებოდეს და უხვდებოდეს.
ამაზე საუბარია იგავთა წიგნშიც:
„მართალთა კვალი განთიადივითაა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე.“
ხოლო იობი აცხადებს:
„მართალი თავის გზას ჩაეჭიდება და ხელწმინდა უფრო განმტკიცდება.“
ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტეს სხეულში არ არის ადგილი უსაქმურობის, სიზარმაცის ან ზრდის შეჩერებისათვის. იზრდებით უფალში? ხედავთ კი მუდმივ ზრდას რწმენაში, სასოებასა და სიყვარულში? შეგიძლიათ მსხვერპლის გაღება? თუკი ხედავთ, როგორ შეაფასებდით თქვენს ზრდას?
სამწუხაროდ, მრავალი ქრისტიანი საკუთარ სულიერ ზრდას მხოლოდ გარეგანი ნიშნებით საზღვრავს. რა თქმა უნდა, მორწმუნეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ რწმენით ცხოვრობს და არა გრძნობების კარნახით. ისინი დადიან ეკლესიაში, ისმენენ ღვთის სიტყვის ქადაგებას, გულმოდგინედ ლოცულობენ, ბიბლიას კითხულობენ, მაგრამ ვერ გრძნობენ წინსვლას. ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა: „უფრო მეტად მოდრეკილი უნდა ვიყო უფლის წინაშე. ჩვეულებისამებრ, ადვილად შემიძლია ვიტირო მის წინაშე, მაგრამ ახლა ადრინდელივით ისეთი მგრძნობიარე აღარ ვარ. არ ვიზრდები.“
სხვები საკუთარ თავს განსჯიან იმის გამო, რომ უამრავ ქადაგებას ისმენენ, მაგრამ ცოტას თუ იმახსოვრებენ მოსმენილიდან. ღელავენ იმის გამო, რომ ახლა არც ადრინდელივით ძლიერნი არიან ღმერთში და არც უწინდებური მოშურნეობით ემსახურებიან მას.
- ქრისტიანი შეიძლება იზრდებოდეს მადლში ისე, რომ ვერც აცნობიერებდეს ამას.
შესაძლოა, სულაც ვერ ხვდებოდეთ, რომ თქვენში გასაოცარი პროცესები მიმდინარეობს. პავლე ჩვენს სულიერ ზრდას ფიზიკურ ზრდას ადარებს. ის ამბობს, რომ ჩვენი სული იმგვარადვე იზრდება, როგორც ჩვენი ფიზიკური სახსრები, კუნთები და სხეულის ქსოვილები. მოციქული წერს:
„მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შენივთებული და შეერთებული, იზრდება ღვთისმიერი ზრდით.“
ამგვარი ზრდა თავიდან მომდინარეობს. უფრო მარტივად რომ ითქვას, თუ სასოებთ ქრისტეს და თუ რჩებით მასში, მისგან მომდინარე სიცოცხლის უწყვეტი ნაკადი მოედინება თქვენს სულში. უფალი იესო ცხოველმყოფელი ძალაა ჩვენს არსებაში, ცოცხალი წყარო, რომელიც არასოდეს დაიშრიტება. სწორედ ამიტომ, მისი სიცოცხლე მუდმივად მოედინება თქვენს სულში მაშინაც კი, როდესაც გძინავთ. ის ყოველდღიურად უზრუნველგყოფთ სიცოცხლის მარაგით მიუხედავად იმისა, როგორც უნდა გრძნობდეთ თავს.
თქვენი აზრით, როგორ გადაურჩა სიკვდილს ისრაელიანი ერი უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის დროს? ისინი ზეციური მანანით იკვებებოდნენ. ეს „ანგელოზთა საკვები“ შეიცავდა ყველაფერს, რაც საჭირო გახლდათ ისრაელიანთა იმუნური სისტემისათვის. აი, ამიტომ იყო, რომ ღვთის ხალხი არასოდეს დაავადებულა ეგვიპტელთა შორის გავრცელებული რომელიმე სნეულებით. გარშემო მყოფი ხალხები, ქანაანელები, ფილისტიმელები, იხოცებოდნენ წყლულებისაგან, მაგრამ ისრაელი ხელშეუხებელი რჩებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში.
ჩვენთვის ქრისტეა ზეციდან გარდმოვლენილი პური და ის აძლიერებს და იცავს ჩვენს სულიერ იმუნურ სისტემას იმისათვის, რომ ჩვენმა იმუნურმა სისტემამ შეძლოს ყოველგვარი ცოდვისათვის წინააღმდეგობის გაწევა. შესაძლოა, ჩვენ ვერ ვხედავდეთ გარეგან ნიშნებს იმისას, როგორ მოქმედებს ეს „მანანა“ ჩვენში (ისევე, როგორც ვერ ვხედავთ, როგორ ძლიერდება ჩვენი ფიზიკური იმუნური სისტემა), მაგრამ ღვთის სიტყვა გვპირდება, რომ უფალ იესოს მოყვარულნი უფრო და უფრო განმტკიცდებიან და გაძლიერდებიან ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დაფიქრდით: დროდადრო შეიძლება ისევ დაგძლიოთ საცდურმა, მაგრამ დროთა განმავლობაში საკუთარ თავში უფრო და უფრო მეტ ძალას აღმოაჩენთ, რომ შეეწინაააღმდეგოთ ამქვეყნიურ ცდუნებათ და უფრო მეტ ზიზღს იგრძნობთ გარშემო არსებული უწმინდურებისადმი. თქვენ აღარ იაზროვნებთ და ილაპარაკებთ ქვეყნიერების მსგავსად. მაშინ, როდესაც თქვენი თანამშრომლები დაუფარავად გამოხატავენ სიხარულს დასვენების მოახლოებულ დღეებთან დაკავშირებით: „როგორც იქნა, პარასკევი დადგა, გავერთობით!“, თქვენ კი ამ დროს სიხარულით ფიქრობთ: „ორი დღეღა დარჩა და კვირაა.“ ეს იმიტომ, რომ თქვენ იზრდებით. შეხედეთ მთვარესა და ვარსკვლავებს. ისინი უძრავნი ჩანან, მაგრამ ეს კოსმოსური სხეულები საათში, დაახლოებით, 160 კმ/სთ სიჩქარით მიქრიან. ასევეა ნებისმიერი ქრისტიანის შემთხვევაშიც. შესაძლოა, ვფიქრობდეთ, რომ ჩვენი სულიერი ზრდა შეწყდა და წინ ვეღარ მივდივართ, მაგრამ ღმერთმა მოგვცა აღთქმა:
„უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან; სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას.“
უფალმა იესომ გამოგიყვანათ სიბნელის ძალაუფლებიდან და შეგიყვანათ თავის სასუფეველში და ახლა საზრდოსა და სიცოცხლეს მისი ზეციური სასუფევლის ნიადაგიდან იღებთ. მოციქული პავლე შეგვაგონებს, რომ ვიცხოვროთ:
„ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით… წარმატებულებმა მადლიერებაში.“
მოციქული გვეუბნება: „ქრისტეში თუ დარჩებით, აყვავებულნი და კეთილსურნელოვანნი იქნებით გაფურჩქნილი ყვავილის მსგავსად. თქვენში გამოვლინდება ქრისტეს სიცოცხლე.“
- ჩვენ შეგვიძლია, არასწორად ვმსჯელობდეთ საკუთარი სულიერი ზრდის შესახებ ყოველდღიურობისათვის დამახასიათებელი ერთფეროვნების გამო.
ყოველდღე ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ და ამას კი ერთფეროვნება და მოწყენილობა მოაქვს. მაგალითად, კვირის განმავლობაში ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დგებით, ერთსა და იმავე საუზმეს მიირთმევთ და ერთი და იმავე მარშრუტით დადიხართ ყოველდღე ოფისში. იმავე რესტორანში სადილობთ, იმავე კაფეში შედიხართ და იმავე რადიოს უსმენთ საჭესთან ყოფნისას.
იმავეს თქმა შეიძლება ჩვენი სულიერი ცხოვრების შესახებაც. კვირა დილით მივდივართ ეკლესიაში და ვსხდებით იმავე ადგილს. ვმღერით ერთსა და იმავე საგალობლებს. ჩვენი ლოცვებიც კი შესაძლოა ერთგვაროვნად ჟღერდეს. გამუდმებით ერთსა და იმავეს ვაკეთებთ და შესაძლოა ვიფიქროთ: „არაფერს ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე ყოველთვის ვაკეთებდი. ვკითხულობ ბიბლიას და ვლოცულობ, გუნდში ვგალობ, მაგრამ ამაში მრავალფეროვნებას ვერ ვხედავ. წლობით ერთსა და იმავეს ვაკეთებ და საერთოდ არ ვიზრდები.“
როგორ გატყუებთ გრძნობები! ამგვარმა ფიქრებმა, შესაძლოა, ღვთის მადლს დაგაშოროთ. საქმე ისაა, რომ ყოველდღიურ რუტინაში დაუსრულებელ განმეორებადობას ვაწყდებით. ასეთია ცხოვრება. სულიერი ზრდა კი იმას გულისხმობს, რომ თავი დღითი დღე, კვირიდან კვირამდე, წლიდან წლამდე ღვთიურ შრომას გადავცეთ. ზრდის ნამდვილი მტკიცებულება კი ისაა, რომ დღითი დღე, კვირიდან კვირამდე, წლიდან წლამდე საკუთარ თავს ღვთის მსახურებას ვუძღვნით.
მადლში ზრდა არ ნიშნავს, რომ ღმერთისათვის უფრო და უფრო მეტ და დიად საქმეებს მოვიმოქმედებთ. ჭეშმარიტი ზრდა ხდება მაშინ, როცა კვლავ და კვლავ ერთსა და იმავეს ვაკეთებთ და უფრო და უფრო გვემატება რწმენა იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უფლისათვის. ეს პროცესი პირველ კლასში წერა-კითხვის სწავლას ჰგავს.
იწყებთ ხაზებისა და წრეების მოხაზვას, რომლებისგანაც შედგება დიდი ასოები, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ასოები პატარავდება, ერთდება და სიტყვებს წარმოქმნის. საბოლოოდ, სწავლობთ სიტყვათშეთანხმებებისა და წინადადების შედგენას. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში განმეორებად მოქმედებებს ასრულებდით, თქვენ წერდით. ამ პროცესში რაღაც ფასეულისკენ მიღწევის გზაზე იდექით.
დარწმუნებული ვარ, სულიერი ზრდა ხდება ერთი და იმავე მოქმედების აღსრულებისას, ვიდრე ერთი მსახურებიდან მეორეში გადასვლით. მაშინ, როცა დაღლილნი, გატეხილნი და დათრგუნულნი ვართ, უფრო მეტი მადლი გვჭირდება გზის გასაგრძელებლად, ვიდრე მაშინ, როცა ამ გზაზე ვდგებით. შესაძლოა იფიქროთ, რომ სულიერად მკვდარი ხართ, ღმერთში წინ არ მიდიხართ, მაგრამ უფრო მეტად ისე იქნება, რომ თქვენ ქრისტეში უფრო და უფრო გაიზრდებით. შეიძლება იფიქროთ, რომ სულიერად მკვდარი ხართ, ერთ ადგილას დგახართ უფალში, მაგრამ დიდად შესაძლებელია, რომ ამ დროს იზრდებოდეთ ქრისტეში.
- შესაძლოა, ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას მცდარი სტანდარტით ვაფასებდეთ.
ქრისტიანობაზე მოქცევას ხშირად ემოციები ახლავს თან, რადგან ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა და უჩვეულოდ განსაკუთრებული. ჩვენს სულში მომხდარი ცვლილებები იმდენად მოულოდნელია, რომ ეს გვაოგნებს. გასაოცარია − მოულოდნელად შებრუნდე ცოდვის მონობიდან ახალი ცხოვრებისაკენ ქრისტეში.
ჩვენი სულიერი ზრდა ადრეულ ეტაპზე ჰგავს ბავშვის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს. გასაოცარი და ამაღელვებელია მისი პირველი ნაბიჯები. დედა და მამა უღიმიან და ეუბნებიან: „მოდი ჩვენთან! შენ შეძლებ ამას!“ პაწაწინა ფეხუნებით ის ჯერ ერთ ნაბიჯს დგამს, შემდეგ მეორეს, მესამეს… მას მაშინვე ხელს შეაშველებენ და აქებენ, უფროსი ბავშვები ამხნევებენ: „კარგი ბიჭი ხარ!“ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცეული ის ახერხებს, ოთახი გადაიაროს, რისთვისაც მას ტაშს უკრავენ. რაოდენ ემოციური განცდაა ეს მისთვის! მაგრამ მალე ბავშვი აღარ არის ყურადღების ცენტრში. ახლა, როცა ის დაეცემა, თავადვე დგება ფეხზე; მთელ სახლში დადის და ყველაფერს ურევს. ქვაბებსა და ტაფებს დაათრევს, კარადიდან ტანსაცმელს იღებს და აქეთ-იქით ყრის და ამის გულისათვის მას სჯიან. უეცრად ეს სხვადასხვა ნივთები უკვე აღარ ეჩვენება მას უწინდებურად მიმზიდველად და ამაღელვებლად. მის პირველ ნაბიჯებს სიცილითა და სიხარულით ეგებებოდნენ, ახლა კი, როცა სიარული უკვე ისწავლა, ეს უკვე აღარ არის ძველებურად ემოციური და შთამბეჭდავი.
თქვენი სულიერი ზრდაც სწორედ ამას ჰგავს. როდესაც თქვენ ქრისტეში ჯერ კიდევ ჩვილი იყავით, გრძნობდით, რომ ღმერთი განსაკუთრებულ ყურადღებას გაქცევდათ. ყოველთვის, როცა ეცემოდით, ის გვერდით იდგა და გეხმარებოდათ ფეხზე ადგომაში. მაგრამ, როგორც მოციქული პავლე წერს, მუდამ ყრმად არ უნდა დარჩეთ. ახლა კი, როცა ეცემით, აქეთ-იქით იყურებით და ეძებთ თვალებით, იქნებ ვინმე დაგეხმაროთ, მაგრამ ახლომახლო არავინაა. ღმერთი გასწავლით, იდგეთ მის სიტყვაზე და დადიოდეთ რწმენით და ჩვილივით არ დახოხავდეთ ძირს.
რა თქმა უნდა, შეიძლება ნელთბილნი და დაუდევარნი გავხდეთ საკუთარ რწმენაში და ბევრი მორწმუნე სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. მაგრამ იესოს გაფრთხილება ჩვენი პირველი სიყვარულის დაკარგვის შესახებ თქვენ არ გეხებათ, თუკი თქვენს გულს ღმერთი ისევ სწყურია. თუ გეშინიათ იმის, რომ ამ გზიდან არ გადაუხვიოთ, ეს იმას მოწმობს, რომ მის მადლში იზრდებით. აი, რატომ იკვლევთ გამუდმებით საკუთარ გულს.
თუმცაღა სატანამ მრავალი ქრისტიანი დაარწმუნა, რომ მათ რაღაც დაკარგეს ღმერთში და ამით ააცდინა ისინი გზას. საქმე ისაა, რომ საშინელი ცოდვაა, როცა საკუთარი გრძნობებიდან გამომდინარე, ღვთის სიყვარულში ვეჭვდებით და ქრისტეში საკუთარ მდგომარეობას სათანადოდ არ ვაფასებთ. უფალ იესოსთან თქვენს ყოველდღიურ ურთიერთობას არავითარი საერთო არ აქვს თქვენს მოშურნეობასთან, ცრემლებსა თუ ძალისხმევასთან. ეს ურთიერთობა მხოლოდ რწმენას ეფუძნება.
წარმოიდგინეთ, რაოდენ ცუდ მდგომარეობაში იქნებოდით, თქვენი ხსნა თქვენს გრძნობებს რომ ეფუძნებოდეს. მოციქული პავლე შეგვაგონებს, დავივიწყოთ ის, რაც ჩვენ უკან არის და ველტვოდეთ იმას, რაც ჩვენ წინაა (იხ. ფილიპელთა 3:13). არასოდეს არ უნდა დაეყრდნოთ საკუთარ ემოციურ გამოცდილებას. დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა: ენდობით თქვენთვის მოცემულ ღვთის დაპირებებს? მზად ხართ, რომ მისი ღვთიური ბუნების მოზიარენი იყოთ არა ემოციურ გამოცდილებაზე ან გარეგნულ მოწმობებზე დაყრდნობით, არამედ მის დაპირებებზე დანდობით?
„რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას.“
პეტრე ნათლად აცხადებს, რომ ქრისტეს ბუნებას მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როცა გავითავისებთ ღვთის აღთქმათ.
ერთხელ ეკლესიის ერთ-ერთი მსახური ჩემთან ტრაბახობდა: „როგორც იქნა დავუბრუნდი ჩემი ყმაწვილკაცობის დროინდელ რწმენას. უფრო მეტს ვლოცულობ და ბიბლია ისევ ჩემს საზრდოს წარმოადგენს. ღმერთი ცეცხლოვან ქადაგებებს შთამაგონებს ეკლესიისათვის. ძალიან მიყვარს დაღუპვის გზაზე მდგარნი და საოცრად განახლებულად ვგრძნობ თავს“, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ეს ადამიანი ისევ დაეცა.
რა თქმა უნდა, ღმერთს მოაქვს განახლება და ახალი ცხებულება ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს არ არის ის საზრდო, რომლითაც უნდა ვიკვებებოდეთ სასიცოცხლოდ. ჩვენ ღვთის აღთქმათა მიმართ მუდმივი რწმენით უნდა ვცხოვრობდეთ. მისი სიტყვა ურყევია, რაოდენ სუსტებადაც არ უნდა მივიჩნევდეთ საკუთარ თავს. ჩვენი უფალი კი ჩვენდამი დადებულ აღთქმას დაიცავს, რადგან მას
„ძალუძს, დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგაყენოთ სიხარულში თავისი დიდების წინაშე.“
არსებობს სულიერი ზრდის უამრავი დამადასტურებელი ნიშანი. ნება მომეცით, მხოლოდ სამი მათანი დაგისახელოთ:
ა. როდესაც კრიზისში ხართ, მაშინვე ღმერთს მიმართავთ, რათა მან განუგეშოთ და მოგცეთ მიმართულება.
სულიერი ზრდის უდავო ნიშანია ის, რომ დაუყოვნებლივ მიმართავთ უფალ იესოს ნებისმიერი პრობლემისა და კრიზისის დროს, თქვენ ხომ უკვე იცით, სად უნდა მიხვიდეთ.
ზოგიერთი ქრისტიანი გამუდმებით კრიზისულ მდგომარეობაშია. ყოველ ჯერზე, როცა მათ ხვდებით, ისინი კვლავ წუწუნს იწყებენ: „ერთ პრობლემას მეორე მოსდევს და უკვე აღარ ვიცი, რა ვქნა.“ მათ სურთ, რომ მათი გასაჭირის შესახებ გარშემო ყველამ იცოდეს, მაგრამ უფალ იესოს არ უზიარებენ ამას, თითქოს მას დახმარება არ შეეძლოს.
სწორად გამიგეთ: მე იმ ქრისტიანებზე არ ვსაუბრობ, რომლებიც მართლაც რთულ პრობლემათა წინაშე დგანან. ჩვენი მსახურება ყოველდღიურად იღებს ათეულობით წერილს იმ მორწმუნეთაგან, რომლებიც ძალიან იტანჯებიან. მე ვსაუბრობ იმ „პროფესიონალ წუწუნათა“ შესახებ, რომლებიც ისე წუწუნებენ საკუთარი პრობლემების შესახებ, რომ გიჩნდება სურვილი, დაუსვა კითხვა: „ნუთუ თქვენი ღმერთი მკვდარია? რატომ არ მიმართავთ იმ წყაროს, რომელიც ღმერთმა მოგცათ? განა არ იცით, რომ შეგიძლიათ, ყოველივეს სძლიოთ უფლის დახმარებით?“
რაოდენ საამოა უფლისათვის, როცა შენი საზრუნავი მის წინაშე მიგაქვს! იცი, რომ გყავს ის, ვინც მუდამ ერთგულად მოგყვება გვერდით.
ბ. ნაკლებად ეყრდნობით გარეგან ნიშნებს, ფიზიკურ დამოწმებათ და შინაგან ხმებს.
მოწიფულობის დამადასტურებელი ნიშანი გახლავთ ის, რომ ღვთისაგან აღარ ითხოვთ, დაგიმტკიცოთ თავისი არსებობა რაიმე ხილული ნიშნით ან შინაგანი ხმით. რასაკვირველია, უფალი ელაპარაკება თავის ხალხს. ქრისტე ამბობს, რომ მისი ცხვრები ისმენენ მის ხმას, მაგრამ დღეს ღვთის ერისადმი მიმართული ღვთის ხმა მისი სიტყვაა. ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი წერს:
„ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში, ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი.“
უფრო მეტიც, როცა სულიწმიდა გველაპარაკება, ის შეგვახსენებს უფალ იესოს ნათქვამს:
„ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.“
საკუთარ თავს უდიდესი ცდუნების წინაშე ვაყენებთ, როცა იმედს შინაგან ხმაზე ან გარეგან (ე.ი. ხილულ) ნიშნებზე ვამყარებთ იმისათვის, რომ ღმერთის ხმა გავიგოთ. ნება მომეცით, ერთი მაგალითი დაგისახელოთ. ცოტა ხნის წინ დეტროიტსა და ინდიანაში ღვთის მსახურთათვის გამართულ ორ კონფერენციაზე გამოვედი სიტყვით. გამგზავრებამდე გვენს ვუთხარი: „ვგრძნობ, რომ არ ვარ მოწოდებული მსგავს კონფერენციებზე გამოსვლისკენ და თუკი ღმერთი არ მომცემს რაიმე დასტურს ამ დროის განმავლობაში, აღარ მივიღებ მონაწილეობას მსგავს მსახურებაში. მე მიყვარს ქადაგება „ტაიმს სკვერის“ ეკლესიაში და ეს სრულიად მაკმაყოფილებს. თანაც მოგზაურობა არ მიყვარს. უფალი მკაფიოდ უნდა დამელაპარაკოს.“
დეტროიტში ყოფნისას უფალმა აკურთხა ჩემ მიერ წარმოთქმული ქადაგება. ამის შემდეგ რამდენიმე ღვთისმსახური ძირს დაემხო და მოინანია, მაგრამ ეს საკმარისი მტკიცებულება არ იყო ჩემთვის. შემდეგ, ინდიანაპოლისში ყოფნისას, კონფერენციის დაწყებამდე ვლოცულობდი: „ღმერთო, ამ საღამოს მკაფიო დასტური უნდა მომცე ამის შესახებ, თუ არადა ეს იქნება ჩემი ბოლო კონფერენცია. უნდა მიჩვენო, რომ შენგან მოცემული სიტყვა შენს მსახურთა გულებში აღწევს.“
გამოიცანით, ვის ესმოდა ეს ლოცვა, გარდა უფლისა? ვის და სატანას. მოულოდნელად რბილი ხმა ჩამესმა: „დევიდ, საღამოს შენ ისეთ მოწმობას იხილავ, როგორიც აქამდე არ გინახავს. შენ არაფრის გაკეთება არ მოგიხდება, მხოლოდ იდგები და უყურებ, როგორ აღავსებს სულიწმიდა დარბაზს და ყოველი მხრიდან მოგცემს დასტურს.“ სიხარულით ავივსე და ვფიქრობდი: „დიდება უფალს, სასწაულია. ესაა სწორედ ის, რაზეც ვლოცულობდი.“
უფალმა კვლავ აკურთხა ჩემი ქადაგება იმ საღამოს და როცა დავასრულე გამოსვლა, დავხურე ბიბლია და ვილოცე: „კარგი, უფალო, ახლა შენი ჯერია. სად არის ის მოწმობა, რომელიც აღმითქვი? უბრალოდ ვიდგები აქ, როგორც მითხარი.“
არაფერიც არ მომხდარა. რამდენიმე წუთში შეკრებილ ხალხს შეცბუნება დაეტყო. ვერ გაეგოთ, რას ვაპირებდი. მე მათ ვარწმუნებდი: „გთხოვთ, მეგობრებო, მოთმინება გამოიჩინეთ. სულიწმიდის მოქმედებას ველოდები“, მაგრამ არაფერი ხდებოდა. ბოლოს ღმერთის მიმართ გაღიზიანება ვიგრძენი. გადავწყვიტე და ვთქვი: „კარგი, უფალო, ეს იქნება ნიშანი ჩემთვის, რომ მსგავსად სიტყვით აღარ გამოვალ.“
იმწუთს არ ვიცოდი, რა მექნა და აუდიტორიას შევთავაზე: „მოდით, ხელები აღვაპყროთ და განვადიდოთ უფალი იესო!“ ყველამ მშვიდად იწყო უფლის განდიდება და საოცარმა, ნეტარმა ღვთის სულმა მოიცვა დარბაზი.
უეცრად ვიგრძენი, რომ საკურთხეველთან უნდა მომეწვია ხუცესთა მეუღლეები. მე მათ ვუთხარი: „მინდა, ერთმანეთისათვის ილოცოთ.“ შემდეგ ხელები ჩასჭიდეს ერთმანეთს და ლოცვა დაიწყეს. სულიწმიდამ იმოქმედა მათ გულებში. ატირდნენ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. უფალი მოქმედებდა, მაგრამ არანირი გრგვინვა ან ქუხილი არ ყოფილა, არც სხვა რაიმე ზებუნებრივი გამოვლინება. ეს იყო სულიწმიდის მშვიდი მოქმედება.
მომდევნო დღეს მე და გვენი სასტუმროს ლიფტში ერთ-ერთი ხუცესის მეუღლეს შევხვდით. სახე უნათოდა. გვითხრა, რომ მისი ცხოვრება ამ მსახურების წყალობით შეიცვალა. ცოტა ხანში სხვა ქალბატონებმა და დაოჯახებულმა წყვილებმაც დაგვიმოწმეს, რომ მათი სულიერი მდგომარეობა განახლდა ამ მსახურების მეშვეობით.
ვხედავდი, რომ ეს სასწაულებრივი მოქმედებანი არ იყო ის ძალმოსილი დამოწმება, რაც აღთქმული იყო ჩემთვის და მალევე მივხვდი, რის გაკეთებას ცდილობდა მტერი. სატანამ გაიგონა, როგორ ვთხოვდი ღმერთს ხილულ მოწმობას და ეს იმისათვის გამოიყენა, რომ ხუცესებისათვის არ მიმემართა. მას სურდა, დავერწმუნებინე: „ხედავ? ღმერთმა არაფრად ჩააგდო შენი მოთხოვნა. მიიღე ეს, როგორც ნიშანი იმისა, რომ დროა, შეწყვიტო ამგვარად ქადაგება.“
არა! ღმერთმა გამიღო კარი და მომცა სიტყვა საქადაგებლად. მე მხოლოდ ყური უნდა დამეგდო ჩემი უფლისათვის, მივნდობოდი მის სიტყვას და შედეგებიც მისთვის მიმენდო. ის ყოველთვის ისე ასრულებს ყოველივეს, როგორც თავისთვისაა სათნო − ხმამაღლა თუ წყნარად, ხილულად თუ უხილავად.
გ. თქვენ ღვთის მადლის შესაბამისად რეაგირებთ საერთაშორისო და ეთნიკურ კონფლიქტებზე.
მორწმუნის მოწიფულობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია სიყვარული დაღუპვის გზაზე მდგარი კაცობრიობისადმი. ასეთი ქრისტიანი ერთნაირად ამჟღავნებს სიყვარულს როგორც ებრაელების, ასევე პალესტინელების მიმართ, როგორც ბოსნიელების, ასევე სერბების მიმართ, ანუ ყველას მიმართ.
მჯერა, რომ ღმერთის ხელთაა ყველაფერი და ის მართავს ყოველივეს მსოფლიოში. ის მოვლენებს საკუთარი მარადიული მიზნების შესაბამისად წარმართავს, მათ შორის, სისხლიან კონფლიქტებსა და კრიზისულ სიტუაციებსაც კი. ჟურნალ „ტაიმში“ დაიბეჭდა სტატია „სისხლიანი მთა“, რომელიც იერუსალიმში არსებული ტაძრის მთას ეხება. ეს რაიონი 35 აკრს მოიცავს, რომელზეც მეჩეთია აშენებული და მას „კლდის ოქროს გუმბათი“ ეწოდება. პალესტინელები მეჩეთს „დიდებულ საწმინდარს“ უწოდებენ, მაგრამ ებრაელებს სჯერათ, რომ ეს მიწა ისრაელს ეკუთვნის და „კლდის ოქროს გუმბათს“ „გატიალების სიბილწედ“ მიიჩნევენ (მარკ. 13:14).
ებრაელები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ტაძარი კვლავ იმავე ადგილზე აიგება, სადაც ახლა მეჩეთი დგას. ცნობილი რაბინი ჰაიმ რიჩმენი „კლდის ოქროს გუმბათის“ შესახებ ამბობს: „ტაძარი აქ აშენდება და არა სხვაგან.“ მკვლევრებმა, რომლებიც რაბინ რიჩმენის ხელმძღვანელობით მუშაობენ, უკვე აღადგინეს სამღვდელო შესამოსელი და ჭურჭელი, რაც ამ მესამე ტაძარში თაყვანისცემისათვის იქნება საჭირო. მათ შორის, ვერცხლის თასი სამსხვერპლო ცხოველთა სისხლის ჩასასხმელად და მილიონ დოლარად შეფასებული მენორა (ოქროსგან დამზადებული შვიდსანთლიანი სასანთლე).
ჟურნალ „ტაიმის“ თანახმად, რაბინები და მოლები ამბობენ, რომ ღმერთმა უთხრა მათ, რომ მთის აღება მხოლოდ სისხლის ფასად იქნება შესაძლებელი. ვრცელდება ცნობებიც იმის შესახებ, რომ ებრაელებმა უკვე შეადგინეს მესამე ტაძრის სამშენებლო გეგმა.
სწორად გამიგეთ: მე სულაც არ მსურს, რომ დაპირისპირება დაიწყოს ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ბიბლია მკაფიოდ წინასწარმეტყველებს, რომ ისრაელში იქნება ომი. მჯერა, რომ სწრაფად ვუახლოვდებით ამ ბიბლიური წინასწარმეტყველების აღსრულებას და უფალ იესოს დაბრუნებას. მსოფლიოში დაძაბულობა მატულობს და ამას თან სდევს სიძულვილი, ომები, რასობრივი დისკრიმინაცია, ეთნიკური წმენდა. ჩვენ კი, ქრისტიანებს, როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ამ ყოველივეზე? უნდა გვიყვარდეს ის პალესტინელები, რომლებიც გოდების კედელთან სალოცავად მდგარ ებრაელებს ქვებს უშენდნენ? უნდა გვიყვარდეს ის ებრაელები, რომლებმაც 2000 პალესტინელი დახოცეს?
მხოლოდ სულიერად მოწიფული ქრისტიანისათვის შეიძლება იყოს მისაღები ქრისტეს სიტყვები:
„გიყვარდეთ თქვენი მტრები. დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.“
მე გეკითხებით თქვენ: შეგიძლიათ, ერთი თვე პალესტინელთა ჰოსპიტალში გაატაროთ და მოუაროთ პალესტინელ ჯარისკაცებს, რომლებსაც ისრაელის განადგურება სურთ? გსურთ, რომ იგივე სული იყოს თქვენში, რომელიც იყო ქრისტეში, რომელიც ჯვარზე ამბობდა: „მამაო, მიუტევე, რამეთუ არ იციან, რას იქმან“?
თუ გსურთ, უფალ იესოს დაემსგავსოთ, ადამიანურ ვნებათაღელვას არ უნდა აჰყვეთ გაზეთების სათაურების კითხვისას. ქრისტე თითოეული დაკარგული სულისთვის მოკვდა, მათ შორის იმ ექიმებისთვის, როლებიც აბორტებს აკეთებენ, მკვლელების, მოძალადეების და მცირეწლოვანთა გამრყვნელთათვისაც.
გეცოდინებათ, რომ მადლში იზრდებით, თუკი შეგიძლიათ ლოცვა მათთვის, ვინც სძულს მსოფლიოს. ყოველთვის, როცა გვესმის მსოფლიოში მომხდარ საშინელებათა შესახებ, უნდა შეგვეძლოს, ვთქვათ: „მინდა, მიყვარდეს ქვეყნიერება ისე, როგორც ჩემს უფალს უყვარს იგი.“
აი, დიდებული აღთქმა, რომელიც სიმშვიდეს ჰგვრის ჩვენს გრძნობებს, ეჭვებსა და გაურკვევლობას:
„განა არ იცი და არ გსმენია? მარადიული ღმერთი, უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება. აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს. და დაიღლებიან ყმაწვილნი და დაიქანცებიან, ჭაბუკნი კი წაბორძიკებით წაბორძიკდებიან, ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.“
ამინ!
დევიდ უილკერსონი
წყარო: https://worldchallenge.org/