საერთოდ არ მახსოვს ბავშვობაში, რომ მშობლებს ჩემთვის რაიმე ეკითხათ. ისინი ძირითადად მეუბნებოდნენ, თუ რა უნდა გამეკეთებინა. მე არასდროს მქონდა უფლება, მეთქვა მშობლებისთვის „არა“, რადგან ეს განიხილებოდა, როგორც უპატივცემულობისა და ურჩობის ნიშანი. ბავშვობაში არ გაქვს უფლება, თქვა „არა“. დროთა განმავლობაში კი გიყალიბდება აზრი, რომ შენი „არა“ მთლად „არა“-ს არ ნიშნავს. მშობლები კეთილი განზრახვით ახშობენ შენს ნებას და ხვდები, რომ შენი უარი შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: „თუ საჭიროა, ყველაფრის ატანა შეგიძლია.“
და ცხოვრობ იმის შინაგანი განცდით, რომ შეგიძლია მართლაც ყველაფერი აიტანო – ნაკლებად გემრიელი საჭმელი, ფაფა, მამის კონტროლი, დამცირება სკოლაში და ძალადობაც კი შენს ცხოვრებაში. დროთა განმავლობაში შენ გაჯერებენ იმას, რომ მოთმენა სწორიცაა და სიხარულით უნდა ატარო შენი ჯვარი. შენ არ გაქვს შინაგანი ძალა, რომ თქვა: „არა, არ შეიძლება, ასე მექცეოდეთ!“. დღეს მე 36 წლის ვარ, მყავს კარგი ქმარი და შვილები, მაგრამ არ მყავს საკუთარი თავი. მე არ ვიცი, რა მინდა, რა მიყვარს… ვერ ვგრძნობ ჩემს თავს. ჩემში არ არის სიცოცხლე. გაუწყლოებული, გამომშრალი მიწა ვარ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ეკლესიაში ვიზრდებოდი.
მე რეალური პიროვნება ვარ და მჭირდება ვიპოვო ძალა აღდგენისთვის, რათა გავიგო და დავინახო ჩემი ღირსება ღმერთში, რადგან ღმერთმა თითოეული ადამიანი შექმნა თავისუფალი, სრულფასოვანი, თავისი საზღვრებითა და შინაგანი სამყაროთი. არ შეიძლება ამის უგულებელყოფა.
პირად საზღვრებს ჩვენი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროსთან აქვს კავშირი. ეს ეხება მეგობრობასაც, მშობლობასაც, ბავშვობასაც, ყოფით ცხოვრებასაც და სექსუალურ, ფსიქოლოგიურ და სულიერ სფეროებსაც კი. თითოეულ ადამიანს თავისი ინდივიდუალური პირადი საზღვრები აქვს. პირადი საზღვრები არასტატიკურები გახლავთ და მათ აქვთ უნარი – განიცადონ ცვლილებები, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებთან სიახლოვის დონეზე.
პირადი საზღვრები არის თქვენი პირადი სივრცის საზღვრები, რომლებიც იცავს თქვენს ინდივიდუალურ ურთიერთობას ღმერთთან, თქვენს პირად პრინციპებსა და შეხედულებებს და ადამიანებთან მიმართებით კომფორტისა და დისკომფორტის ინტუიციურ აღქმას.
ეს არის უხილავი ხაზი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, რომლებთანაც იკვეთება თქვენი გზები. თავად შეგიძლიათ ამ ხაზის გადაკვეთა, მაგრამ სხვებს არ უნდა მისცეთ უფლება, გადააბიჯონ მას. ეს იგივეა, რაც შეხვიდეთ თქვენს პირად საიდუმლო ოთახში. სწორედ იმიტომაა ის საიდუმლო, რომ ის არსებობს არა მთელი სამყაროსთვის, არამედ მხოლოდ თქვენთვის.
სამწუხაროდ, პირადი საზღვრების თემა პრაქტიკულად არ იხსენიება ქრისტიანულ წრეებში. ჩემი დაკვირვებით, ძალიან ბევრი სულიერი პრობლემა გამოწვეულია სწორედ რომ სხვა ადამიანის პირადი საზღვრებისადმი პატივისცემის არარსებობის გამო. მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ ხელები ჩამოვუშვათ და დავნებდეთ. მოდით, უკეთ გავერკვიოთ ამ საკითხში.
- როგორ ავაშენოთ პირადი საზღვრები ისე, რომ არ გავაფუჭოთ ახლობლებთან ურთიერთობა?
- როგორ შევაფარდოთ მსხვერპლიანობა, დათმობა, მორჩილება, კეთილშობილური ქმედებანი პირად საზღვრებთან?
- როგორ არ უნდა შევტოპოთ ისე ღრმად ჩვენი ინტერესების დაცვაში, რომ ეგოცენტრულები არ გავხდეთ და სხვა ადამიანების საჭიროებებს გვერდი არ ავუაროთ?
- რას ამბობს ბიბლია პირად საზღვრებზე?
პირადი საზღვრების დადგენა თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. ღმერთმა ჩვენ არა მხოლოდ ცნობიერით დაგვაჯილდოვა, არამედ კომფორტისა და დისკომფორტის შინაგანი გრძნობით. ხანდახან უბრალოდ საკმარისია, მოუსმინოთ საკუთარ თავს.
ჯანსაღი პირადი საზღვრების ნიშნები:
1. სხვა ადამიანის პატივისცემა იმით, რომ აღიარებთ მის ინდივიდუალურ გამოვლინებებს და „აძლევთ“ მას ნებას, არ იყოს თქვენი მსგავსი.
2. გარშემო მყოფთა დაყოფა იმ ადამიანებად, ვისაც უშვებთ ძალიან ახლოს, ვისაც აძლევთ ნებას, ნაწილობრივ შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში და ვისი თქვენს ცხოვრებაში შემოშვებაც საერთოდ არ გინდათ.
3. უსიამოვნო სიტუაციებიდან თავის დახსნის უნარი, რათა არ მისცეთ უფლება მათ, დაარღვიონ თქვენი საზღვრები.
პირადი საზღვრები ოჯახში ყალიბდება მშობლებთან ურთიერთობისას, როდესაც ბავშვი პირველად აცნობიერებს თავისი „მეობის“ მნიშვნელობას. ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობები ხელს უნდა უწყობდეს პიროვნების პირადი საზღვრების ჩამოყალიბებას, პიროვნების განვითარებას და არა მის დანგრევას. ბავშვი უნდა სწავლობდეს, რომ გრძნობდეს პირად საზღვრებს; ესმოდეს, რა არის დაშვებული და რა – დაუშვებელი; განასხვავებდეს სასურველს არასასურველისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის პიროვნული ზრდა.
თუ ჩვენ არ ვეკითხებით ბავშვებს, რა სურთ მათ – მსხალი თუ ვაშლი, მუსიკა თუ სპორტი, სამხატვრო სკოლა თუ ცეკვა, მაშ, როგორღა გვინდა – ხვალ მათგან მივიღოთ პასუხი, თუ რა უნდათ ცხოვრებაში?
ვფიქრობ, თქვენც შეხვედრიხართ ადამიანებს, რომლებიც 40 წლის ასაკშიც ბავშვებივით იქცევიან და უგულებელყოფენ ახლობლების კომფორტს. სინამდვილეში კი ისინი უბრალოდ არ გაზრდილან, არ უსწავლიათ საკუთარი პირადი საზღვრების განსაზღვრა და დაცვა, და ამავდროულად არც ის, რომ პატივი სცენ სხვის პირად საზღვრებს: მეუღლის, შვილის, მეგობრის და ა. შ.
უმეტეს შემთხვევაში, ისინი იკეტებიან გარე სამყაროსგან თვითიზოლაციაში, რომ არავინ დაინახოს მათი დამარცხება. თვითიზოლაციაში კი ადამიანი აგრესიულად არის განწყობილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებსაც ყველაზე მეტად უნდათ მისი დახმარება. ხშირად ქმრები ან ცოლები იტანჯებიან სწორედ ამის გამო, რომ მათში ცხოვრობს ბავშვი, რომელმაც ჯერაც არ იცის, რა უნდა ცხოვრებაში. ამის თქმის მათ რცხვენიათ და უბრალოდ, საკუთარ თავში იკეტებიან.
პირადი საზღვრების დადგენა ბავშვებსა და მშობლებს შორის ატარებს უფრო ინდივიდუალურ ხასიათს, მაგრამ მშობელი ყოველთვის პატივს უნდა სცემდეს შვილს და აძლევდეს მას პირად სივრცეს დაშვებულ საზღვრებში.
მშობლები არღვევენ შვილების პირად საზღვრებს, თუკი:
- უვარდებიან ბავშვს ოთახში დაკაკუნების გარეშე;
- ითხოვენ პირადი ცხოვრების დეტალების მოყოლას;
- მარტივად შეუძლიათ, უამბონ თავიანთ მეგობრებს ბავშვის პირადი საიდუმლოების შესახებ;
- პატივს არ სცემენ და უგულებელყოფენ თავისი შვილის პირად ინტერესებს („მე ვიცი, რა არის უკეთესი შენთვის!“).
არსებობს ბავშვების ორი სახის რეაქცია:
1. ბავშვს შეუძლია, დაიწყოს ბუნტი მშობლების წინააღმდეგ და აქ ან ბავშვს „გატეხს“ მშობელი, ან პირიქით, ბავშვი – მშობელს.
2. ბავშვმა შეიძლება აირჩიოს ყველაფრის მორჩილად მიღების პოზიცია და უკვე შემდგომში მსგავსი დამამცირებელი დარღვევები აღქმული იქნება, როგორც ნორმა.
ყველაზე მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენსა და თქვენი შვილების პირად საზღვრებთან ყველაფერი რიგზეა, არის ის, როდესაც თქვენც და ბავშვიც კომფორტულად გრძნობთ თავს, ყოველგვარი ზეწოლისა და დაძაბულობის გარეშე.
აქედან გამომდინარე, საზღვრების დარღვევა არის ის, როდესაც ადამიანები თავიანთი სიტყვებით თუ საქციელით გიქმნიან ფიზიკურ ან ემოციურ დისკომფორტს.
აღნიშნული თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანებმა არ იციან სხვა ადამიანის პირადი საზღვრების პატივისცემა და ამავდროულად თავიანთი საზღვრების დაცვა.
ავტორი: ოქსანა გრაბჩუკი