პირველმა დაკრძალვამ, რომელზეც სიტყვა წარმოვთქვი, ჩემს სულზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს იყო ქრისტიანის თვითმკვლელობა. რა თქმა უნდა, მე შესანიშნავი განათლება მივიღე სემინარიაში, მაგრამ ამისთვის მზად არ ვიყავი და არ მგონია, საერთოდ ვინმე ყოფილიყო მზად. 43 წლის კიმი გულწრფელად ღვთისმოშიში ქალი გახლდათ, რომელიც რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში. მას შესანიშნავი ოჯახი ჰყავდა, ოთხი ლამაზი შვილი, უყვარდა ცხოველები და 20 წლის პირნათელი მუშაობის შემდეგ წარდგენილი იყო „წლის საუკეთესო მასწავლებლის“ წოდებაზე. კიმი ქრონიკული დეპრესიით იტანჯებოდა და ერთხელაც, იმედი გადაეწურა იმისა, რომ გამოსავალს იპოვა და გადაწყვიტა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
როცა ვიხსენებდი კიმს, მასთან და მის ოჯახთან ურთიერთობას, გავაცნობიერე ჩვენი ეკლესიების წევრთა ოჯახებში არსებულ სულიერ დაავადებათა, უხილავ დაავადებათა სასტიკი რეალობა. ასობით ათას კითხვას შორის, რომელსაც მისვამენ, ყველაზე ხშირია თვითმკვლელობისა და სულიერ დაავადებათა შესახებ შეკითხვები, ანუ იმის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ძალიან, ძალიან იშვიათად მოისმენთ კათედრიდან.
საკუთარი თავისათვის თავადვე ვართ ყველაზე დიდი საფრთხე. საკუთარი ხელით სიცოცხლეს მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთხელ ამთავრებენ ადამიანები. ამერიკაში თვითმკვლელობათა შედეგად უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ერთად აღებული ომში, სიმსივნისა და შიდსის შედეგად. დამთრგუნველია ჩრდილოეთ ამერიკაში ხუცესებისა და მათი შვილების თვითმკვლელობათა სტატისტიკა. მაგრამ სანამ თავად არ აღმოჩნდებით უფსკრულის პირას, მანამ ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს ის დაძაბულობა, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი, რომლისთვისაც ნებისმიერი მოვლენა შეიძლება უკანასკნელი წვეთი იყოს, „ღვთისმსახურისთვისაც“ კი.
ფსიქიკურ დარღვევათა შესახებ საუბარი ყველას ეუხერხულება, თუმცაღა ქრისტეს მსახურება სწორედ დაბრკოლებათა გადალახვისა და ტანჯულ ადამიანთა სულიერი და ემოციური მდგომარეობის აღდგენისკენ იყო მიმართული: „ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: ‘მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.’“ (მარკოზი 2:17). უფრო მეტიც, ჩვენ უხილავ დაავადებათა ეკლესიად ვიქეცით – სერიოზული გონებრივი და სულიერი დარღვევანი აწუხებს ბევრს ჩვენს სულიერ დათა და ძმათაგან, მაგრამ, ძირითადად, ამას ვერავინ ამჩნევს, ან თუ ამჩნევენ, სერიოზულად არ აღიქვამენ.
სულიერი დაავადება შეიძლება ნებისმიერს შეეხოს. თუნდაც თავად არ იტანჯებოდეთ ამისგან, სავარაუდოდ, თქვენთვის ნაცნობი იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც ამგვარ აშლილობათა მსხვერპლია. ქრისტიანები უნდა საუბრობდნენ ამ პრობლემის შესახებ. მათ უნდა დაამსხვრიონ სტერეოტიპები, რადგან ეს დაავადებანი ფართოდაა გავრცელებული და ძალიან ბევრ ადამიანზე მოქმედებს. გამოკვლევების თანახმად, ხუცესების 66% იშვიათად ან არასოდეს არ საუბრობს კათედრიდან ამ პრობლემის შესახებ, მრევლის უდიდესი ნაწილი კი ძალიან ისურვებდა, რომ მოესმინა ქადაგება ამასთან დაკავშირებით.
დაარღვიეთ დუმილი
ადამიანთა უმრავლესობას სულიერად დაავადებულნი წარმოუდგენია თეთრ სამოსში შემოსილ ფიგურებად, რომლებიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატებში არიან გამოკეტილნი. თუმცა გეტყვით, რომ ეს აღწერილობა სრულიად არაზუსტია. სულიერად დაავადებული ადამიანები თქვენ გვერდით დგანან საკვირაო ღვთისმსახურებისას და ღმერთს განადიდებენ და შესაძლოა, ბიბლიის შემსწავლელ ჯგუფშიც კი დადიან თქვენთან ერთად.
ჩვენს ეკლესიებში არსებული ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ დუმილი ფსიქიკურ აშლილობებსა და დაავადებებთან დაკავშირებით. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეოთხე ადამიანი იტანჯება სულიერი დაავადების ამა თუ იმ ფორმით. ჩვენი გონების უხილავ დაავადებებს შეუძლიათ განგვაცალკეონ სხვებისგან, წაგვართვან ნაყოფიერი ცხოვრების წესი და შეამოკლონ სიცოცხლის ხანგრძლივობა. სულიერი აშლილობანი დაუკითხავად მოდის, მაგრამ კარგია ის, რომ ისინი მკურნალობას ექვემდებარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნათელს ვფენთ ჩვენი ტვინის „უხილავ“ დაავადებებს.
ბიბლიაში ძალიან ბევრია დაწერილი სულიერი ჯანმრთელობის, სწორი აზროვნებისა და ღვთისადმი სიყვარულის შესახებ. რჯულის მცოდნეთა შეკითხვაზე, თუ რომელი იყო ყველაზე დიდი მცნება, იესომ ასე უპასუხა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.“ (მათე 22:37, იხ. აგრეთვე მე-2 ტიმოთე 1:7, ესაია 26:3, 1-ლი პეტრე 5:7, რომაელთა 12:2). ჩვეულებისამებრ, უგულებელყოფილია აზრი იმის შესახებ, რომ ღმერთი უნდა გვიყვარდეს გონებითაც, ინტელექტითაც და აზრებითაც.
თუ ბიბლია თავს არ არიდებს სულიერი ჯანმრთელობის შესახებ საუბარს, მაშ, ეკლესიებში მით უმეტეს რეგულარულად უნდა ისმოდეს ქადაგება ამასთან დაკავშირებით.
სირცხვილის გრძნობა და განცალკევება მიუღებელია ეკლესიაში
სულიერი დაავადებანი არ აშორებს ადამიანებს ღვთისაგან და ეს არც ეკლესიის მხრიდან სიყვარულს არ უნდა აშორებდეს მათ. ჩვეულებრივი ქრისტიანები ძალიან ხშირად ამბობენ უარს იმ ადამიანებთან საუბარზე, რომლებიც თვითმკვლელობაზე ფიქრობენ, ან სულიერი კრიზისის გამო იტანჯებიან. არასოდეს დამავიწყდება ერთ ოჯახთან შეხვედრა, რომელიც ჩვენთან ეკლესიაში მოვიდა მას შემდეგ, რაც სხვა ეკლესიიდან გამოაგდეს, რადგან ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი სულიერი დაავადებით იტანჯებოდა.
ყველაზე ხშირად, ნაცვლად იმისა, რომ ასეთი ადამიანები ქრისტიანული საზოგადოების ნაწილად ვაქციოთ, ვშორდებით და ვრიყავთ მათ. შესაძლოა, ჩვენ ასე განზრახ არ ვიქცევით, მაგრამ ისე გამოდის, რომ ჩვენ ამის გამო ვარცხვენთ მათ, ვინც ამას არ იმსახურებენ.
სრულიად შესაძლებელია, რომ ქრისტიანი ქრონიკული დეპრესიით იტანჯებოდეს. უამრავი ქრისტიანი ებრძვის ფსიქიკურ აშლილობებს. თუ დეპრესიაში ხართ, იცოდეთ, რომ კიდევ ბევრი ადამიანია მსგავს მდგომარეობაში. იესოს კვალდაკვალ სიარული არ ნიშნავს, ვიყოთ იდეალურნი და არ გვქონდეს არავითარი გადახრა ქცევაში; არ ნიშნავს გენეტიკურად განპირობებული ყველა დაავადებისგან გათავისუფლებას და ყოველთვის შესანიშნავ ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაში ყოფნას.
სულიერი დაავადებანი განაცალკევებენ ადამიანს. სულიერად დაავდებულნი თავს ეკლესიისგან განცალკევებულად და ღმერთისგან მიტოვებულად გრძნობენ. ტვინის დაავადების მქონე ადამიანთა „შეკეთება“ იშვიათად ხერხდება კათედრასთან აღვლენილი გულმოდგინე ლოცვითა თუ ზეთისცხების მეშვეობით. კურნავს ღმერთი დაავადებებს? დიახ. ახდენს ღმერთი სასწაულებს? რასაკვირველია. ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მრავალი სხვადასხვა ფიზიკური სნეულებით იტანჯებიან, და ასევე არიან ისინიც, რომლებსაც აწუხებთ ფსიქიკური/ემოციური აშლილობანი. ამ აშლილობებს ოფიციალურად ეწოდება ტვინის ფიზიოლოგიური დისფუნქცია. ამის გამო კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევარცხვინოთ ისინი.
იყავით გვერდით
ბეიბ რუტმა (გასული საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი ბეისბოლისტი) ერთხელ თქვა: „ძალიან ძნელია მისი დამარცხება, ვინც არასოდეს ნებდება“. ეკლესიები სასოწარკვეთილებაში არ უნდა ცვივდებოდნენ და არ უარყოფდნენ სულიერად დაავადებულებს. ეკლესიები წინა ხაზზე უნდა დგებოდნენ და ემსახურებოდნენ მათ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს და ცდილობდნენ, ყველაფერი მოიმოქმედონ ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ეს ადამიანები განიკურნონ:
- აღიარეთ, რომ ყველა ოჯახში არის პრობლემები. ჩვენ ყველა ცოდვით დაცემული ადამიანები ვართ. ჩვენ ყველა არასრულყოფილნი ვართ.
- გიყვარდეთ და ნუ განიკითხავთ. შეეცადეთ, გაიგოთ პრობლემა ნაცვლად იმისა, რომ თავი აარიდოთ მას. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ქრისტიანები არ „ჭორაობენ“, ისინი „ლოცვით სათხოვრებს“ უზიარებენ ერთმანეთს. ხშირად ადამიანები იმიტომ არ ჰყვებიან საკუთარ სულიერ პრობლემათა შესახებ, რადგან ჭორებისა და გაუცხოების ეშინიათ.
- ჩართეთ ასეთი ადამიანები მსახურებაში, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში. სულიერ დაავადებათა მქონე ადამიანთა უმეტესობა ძალიან მახვილგონიერი, კეთილი და განათლებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი უდიდესი ქრისტიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა დეპრესიით, თვითმკვლელობაზე ფიქრითა და სულიერი აშლილობით.