მეორე მსოფლიო ომის დროს რუმინეთში ცხოვრობდა ერთი თავმდაბალი გერმანელი დურგალი, რომელსაც ძალიან უყვარდა უფალი. მას უყვარდა ლოცვა და სხვა ადამიანებთან საკუთარი რწმენის შესახებ საუბარი, მაგრამ მისი ყველაზე სანუკვარი სურვილი იყო ის, რომ ერთი ებრაელი მაინც მოექცია მესიის რწმენაზე.
ის მოხუცი, სნეული და ღარიბი იყო და მის რაიონში არცერთი ებრაელი არ ცხოვრობდა, თუმცა ის გულმხურვალედ ლოცულობდა იმაზე, რომ ღმერთს ერთი ებრაელი მაინც მიეყვანა მასთან, რათა მას იესო ქრისტეს (იეშუას) შესახებ კეთილი უწყება გაეზიარებინა მისთვის.
მხოლოდ ერთი… და ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა მოიმოქმედა ღმერთმა…
კრისტიან ვოლფკესმა იცოდა, რომ ღმერთს შეეძლო მის ლოცვაზე პასუხის გაცემა და ის დარწმუნებული იყო, რომ თავის დროზე ღმერთი აუცილებლად მიიყვანდა ებრაელს მასთან. ადამიანი, რომელიც ღმერთმა მასთან მიიყვანა, იყო მემარცხენე ინტელექტუალი, პროფესიით ბირჟის ბროკერი და ათეისტი, რომელიც ცხრა უცხოურ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობდა. მას ერქვა რიჩარდ ვურმბრანდი. რიჩარდს ბიბლია წაკითხული ჰქონდა და მიიჩნევდა, რომ ის არ იყო დამარწმუნებელი, თუმცა მისი გულგრილობა და ინტელექტუალური არგუმენტები ვერ ეწინააღმდეგებოდა ბატონ ვოლფკესის მიერ წლების განმავლობაში დაღვრილ ცრემლებსა და აღვლენილ ლოცვებს. ღმერთი ძლიერად მოქმედებდა და მისი ზებუნებრივი ძალის მეშვეობით რიჩარდის ხელში გაცოცხლდა ბიბლია, რომელიც მას დურგალმა აჩუქა.
დიდი ხნის განმავლობაში ვოლფკესი დუმდა და ღმერთს აცდიდა მოქმედებას. თავად კი ლოცულობდა თავის ახალ მეგობარზე. ბოლოს და ბოლოს, ჰკითხა რიჩარდს, თუ რას ფიქრობდა ის ბიბლიის შესახებ. რიჩარდმა აღიარა, რომ მისი კითხვისას ცრემლებს ვერ იკავებდა და დარწმუნებით უპასუხა: „მე გასაოცრად მშვენიერ რაღაცებს ვხედავ მასში, მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის არ არის, მე ხომ ებრაელი ვარ.“
ვოლფკესმა რბილად მიუთითა თავის ებრაელ მეგობარს ბიბლიაში დაწერილ ყველა იმ აღსრულებულ წინასწარმეტყველებაზე, რომელიც მესიას უკავშირდებოდა. უთხრა, როგორი სიყვარული აქვს ღმერთს ებრაელი ერის მიმართ მის მამათა გამო. ვურმბრანდმა უპასუხა, რომ ვოლფკესი იარაღი იყო ღვთის ხელში, რათა თვალებიდან საფარველი ჩამოსცილებოდა. დროთა განმავლობაში ღმერთმა გახსნა მისი გული და მან შეძლო, ერწმუნა სახარება.
ვურმბრანდმა სხვებიც მოაქცია ქრისტეს რწმენაზე
რიჩარდ ვურმბრანდმა და მისმა ცოლმა, საბინამ მრავალი ადამიანი მოაქციეს იესო ქრისტეს რწმენაზე. ის გახდა მესიანურ ქრისტიანთა მრევლის ხუცესი, მაგრამ მისი გავლენა არ შემოიფარგლებოდა რამდენიმე ასეული მორწმუნით, რომლებზეც ის უშუალოდ ზრუნავდა; მოკლედ რომ ვთქვათ, ვურმბრანდი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა. ის რუმინეთის ხუთ ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის იქნა არჩეული.
ის იყო იმ ადამიანთა წინამძღოლი, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ და გაბედულად ავრცელებდნენ სახარებას ყველაზე სახიფათო გარემოებებში: ისინი ბიბლიებს აგდებდნენ მიმავალ მატარებლებში, რომლებიც რუმინეთში შეჭრილ რუსებს ეკუთვნოდათ; შედიოდნენ აკრძალულ ზონებში, რათა იქ შეძლებისდაგვარად ექადაგათ ღვთის სიყვარული თავიანთი მტრებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ებრაული მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელსაც ისინი იცნობდნენ, ჰოლოკოსტისას გაანადგურეს, მათ შორის თავად საბინას ოჯახიც, მათ უარი არ უთხრეს თავშესაფარზე ნაცისტ ჯარისკაცს, რომელსაც მოგვიანებით კომუნისტები დევდნიდნენ. ისინი მისაბაძნი იყვნენ არა მხოლოდ სახარების მოშურნედ ქადაგებაში, არამედ მტრებისადმი სიყვარულშიც.
დაპატიმრებული და ნაწამები საკუთარი რწმენის გამო
იმ დროს, როდესაც მრავალი ებრაელი ქრისტიანი რუმინეთიდან ისრაელში გაქცევას ცდილობდა, რიჩარდ ვურმბრანდი და მისი ცოლი კომუნისტებმა დააპატიმრეს რწმენის გამო. ისინი მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ციხეში. პატიმრობისას რიჩარდი არა მხოლოდ საშინელ წამებას იტანდა, არამედ რამდენიმე წელი ცალკე საკანში მარტო იჯდა. ციხეში ყოფნის დროსაც კი ისინი აგრძელებდნენ სახარების გავრცელებას: გარკვეული ხნის განმავლობაში რიჩარდი მეზობელ კამერაში მჯდარ მამაკაცს ესაუბრებოდა მორზეს ანბანის მეშვეობით და საბოლოოდ, ქრისტეს რწმენაზე მოაქცია. კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ რიჩარდი და სხვა პატიმრები ღვთის სიყვარულისა და პატიების შესახებ უქადაგებდნენ ციხის მცველებსა და საკუთარ მწვალებლებს, რომელთაგან ზოგიერთი ისე შეძრა ამ სიყვარულის ძალამ, რომ წინ ვერ აღუდგა მას და საკუთარ უფლად მიიღო იესო ქრისტე.
ვურმბრანდის მემკვიდრეობა — „წამებულთა ხმა“
მაშინ, როდესაც ისინი სასწაულებრივად გათავისუფლდნენ ციხიდან, ვურმბრანდმა დააარსა ორგანიზაცია, რომელსაც დღეს „წამებულთა ხმა“ ეწოდება. ეს ორგანიზაცია არსებობს იმისათვის, რომ გაავრცელოს სახარება იქ, სადაც ეს კანონით აკრძალული იყო, რათა გაამხნეონ რწმენისათვის დევნილი მორწმუნეები და ასწავლონ მათ მტრების სიყვარული.
ისინი ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში გზავნიდნენ წმინდა წერილს საჰაერო ბუშტების მეშვეობით. რუპორების საშუალებით ქადაგებდნენ სახარებას ჩრდილოეთ კორეის საზღვართან. კუბაში საზღვაო გზით გზავნიდნენ ბიბლიებს; კონტრაბანდით გადაჰქონდათ წმინდა წერილი კომუნისტურ და მუსლიმანურ ქვეყნებში და მხარს უჭერდნენ რწმენის გამო წამებულებსა და დევნილებს.
შეუძლებელია, დავითვალოთ იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა ცხოვრებაზეც წარუშლელი კვალი დატოვა ამ ერთი ებრაელი კაცის ცხოვრებამ, რომელიც, თავის მხრივ, სახარების გავლენამ შეცვალა.
გერმანელი დურგლის ისტორიის კულისებს მიღმა
გათავისუფლების შემდეგ, ვურმბრანდი დასუსტებული და გატეხილი იყო, მაგრამ მაინც დათანხმდა, მოეყოლა საკუთარი ისტორია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც რუმინეთის ერთ-ერთ სოფელში იყვნენ შეკრებილნი მის მოსასმენად. იმ დროს, როცა ის თავისი ძვირფასი მეგობარი დურგლის შესახებ ჰყვებოდა, რომელმაც ის ქრისტეს რწმენაზე მოაქცია, შენიშნა, რომ ხალხში ერთი კაცი ტიროდა.
რიჩარდი იხსენებდა: „შეხვედრა რომ დამთავრდა, მივედი იმ კაცთან. მან მითხრა, რომ პიტერი ერქვა და ბორბლების ხელოსანი იყო და რომ სწორედ მან მოაქცია ქრისტიანობაზე ვოლფკესი. პიტერი ფიქრობდა, რომ ერთადერთი, რის გაკეთებაც შეძლო ცხოვრებაში, ისაა, რომ ერთი დურგალი მოაქცია ქრისტიანულ რწმენაზე.“
მხოლოდ ერთი.
შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრებას შეეხოთ, მაგრამ არასოდეს იცით, ვინ შეიძლება გახდეს ეს ადამიანი. პიტერმა მხოლოდ ერთი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე. ვოლფკესი ლოცულობდა იმაზე, რომ ერთ ებრაელს მაინც გაეცნო მესია. თითოეული მათგანის მიერ მხოლოდ ერთ ადამიანში ჩადებული წვლილის წყალობით მილიონობით სხვა ადამიანი მარადისობაში ქრისტესთან ერთად იქნება. გთხოვთ, გააცნობიერეთ, თუ რაოდენ დიდმნიშვნელოვანია თქვენი ლოცვებისა და თქვენ მიერ სახარების გავრცელებისას გამოჩენილი ძალისხმევა, თუნდაც ეს მცირედ და უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ.
როგორც დედა ტერეზა ამბობდა: „მე თავად არ შემიძლია მსოფლიოს შეცვლა, სამაგიეროდ, შემიძლია ქვა ვისროლო, რომელიც წყალში ჩავარდნისას წრეებს წარმოქმნის“.
შეგიძლიათ, ისროლოთ ლოცვის მხოლოდ ერთი ქვა, ან სახარება გაუზიაროთ მხოლოდ ერთ ადამიანს, მაგრამ ვინ იცის, რამდენად შორს გავრცელდება ამ ქვის მიერ წარმოქმნილი წრეები.