როგორ უნდა ვრეაგირებდეთ კრიზისზე, რომელიც დღეს მსოფლიოშია ჩვენ, როგორც ქრისტიანები? პასუხი: რწმენით და არა შიშით. ჩვენ უნდა ჩავხედოთ განსაცდელს თვალებში და შევეკითხოთ ღმერთს: „უფალო, რა გსურს, რომ მასწავლო ამ სიტუაციიდან? როგორ გსურს ჩემი შეცვლა?“
მინდა, მოგიყვანოთ კორონავირუსის გამო შექმნილი პანიკის რვა გაკვეთილი, რომელიც უნდა აღვიქვათ, გავითავისოთ და პრაქტიკულად გამოვიყენოთ ცხოვრებაში.
- ჩვენ სუსტები ვართ
ყველა ასეთი გლობალური კრიზისი გვასწავლის, თუ როგორი სუსტები ვართ ადამიანები.
ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის გამოცხადებულია კორონავირუსით დაინფიცირების 98 429 დადასტურებული შემთხვევა მთელ მსოფლიოში, რომელთაგანაც 3 387 ფატალურად დამთავრდა. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ შევაჩეროთ მისი გავრცელება და ძირითადად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება.
ახლა კი წარმოიდგინეთ ვირუსი, რომელიც შეიძლება უფრო აგრესიული და გადამდები ყოფილიყო, ვიდრე კორონავირუსი. შეძლებდა კაცობრიობა, როგორც სახეობა, თავის გადარჩენას? პასუხი ცალსახაა ‒ ვერა. მარტივია ამის დავიწყება, მაგრამ ადამიანები სუსტები და დაუცველები ვართ. მეფსალმუნეს სიტყვები ნამდვილი სიმართლეა: „ბალახივით არის დღენი კაცისა; ველის ყვავილივით აყვავდება; რადგან ქარი გადაუქროლებს და აღარ არის, და ვეღარავინ იცნობს მის ნადგომს.“ (ფსალ. 102:15-16).
რა გვმართებს, რომ ვისწავლოთ დაუცველობის ამ გაკვეთილიდან? შესაძლოა, ჩვენს თავებს უნდა შევახსენოთ, რომ არ უნდა მივიღოთ საკუთარი ცხოვრება ამ დედამიწაზე, როგორც მოცემულობა: „ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ ბრძენი გული.“
- ჩვენ ყველანი თანაბარნი ვართ
ეს ვირუსი არ უყურებს ეთნიკურ განსხვავებულობას და ნაციონალურ საზღვრებს. ეს არ არის ჩინური ვირუსი, ეს ჩვენი საერთო ვირუსია. ის ავღანეთშიც არის, ბელგიაშიც, კამბოჯაშიც, დანიაშიც, საფრანგეთშიც, ამერიკაშიც ‒ უკვე 77 ქვეყანაა დაინფიცირებული და ეს რიცხვი მხოლოდ იზრდება.
ჩვენ ყველანი ადამიანთა დიდი ოჯახის წევრები ვართ, რომლებიც ღვთის ხატად შეიქმნნენ. (დაბ. 1:17). ჩვენი კანის ფერი, ენა, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩვენი აქცენტი და ჩვენი კულტურა ‒ ინფექციისთვის ეს ყოველივე არ არსებობს.
სამყაროს თვალებში ჩვენ სხვადასხვანი ვართ, მაგრამ ვირუსის თვალებში ყველანი ერთნაირები მოვჩანვართ.
ჩვენს ტანჯვაში, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილში ჩვენ ყველანი აბსოლუტურად თანაბარნი ვართ ‒ სუსტები და პასუხის არმქონენი.
- ჩვენ არ შეგვიძლია არაფრის კონტროლი
ჩვენ გვიყვარს, რომ ყველაფერს ვაკონტროლებდეთ. გვიყვარს თავის წარმოდგენა საკუთარი ცხოვრების კაპიტნებად, საკუთარი ბედის შემქმნელებად. მართლაც, დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენ შეგვიძლია ‒ ვაკონტროლოთ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილები; მანძილზე დისტანციურად შეგვიძლია ვმართოთ გათბობისა და სახლის უსაფრთხოების სისტემები; შეგვიძლია თანხის გადაადგილება მსოფლიოს მასშტაბით მობილურ აპლიკაციაში მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სხეულების კონტროლიც კი ფიზიკური ვარჯიშისა და მედიცინის დახმარებით; მაგრამ, შესაძლოა, კონტროლის ეს შეგრძნება ილუზიურია; ბუშტია, რომელიც კორონავირუსმა გახვრიტა და გააშიშვლა ის რეალობა, რომ სინამდვილეში ჩვენ ვერაფერსაც ვერ ვაკონტროლებთ.
ახლა აქ, იტალიაში, ხელისუფლება სკოლების დახურვით, გაღებით და მერე მათი ისევ დახურვით ცდილობს ვირუსის გავრცელების შეზღუდვას. აკონტროლებენ კი ისინი სიტუაციას?
და ჩვენს თავებზე რას ვიტყვით? სადეზინფექციო სპრეიებით შეიარაღებულები ჩვენ ვცდილობთ დაინფიცირების რისკის შემცირებას, და ამაში არაფერია დასაძრახი, მაგრამ ვაკონტროლებთ სიტუაციას? ვშიშობ, რომ არა.
- ჩვენ ერთნაირად ვგრძნობთ გარიყულობის ტკივილს
რამდენიმე დღის წინ ჩვენი ეკლესიის წევრი ჩრდილოეთ იტალიაში იყო ჩასული. როდესაც ის ნეაპოლში დაბრუნდა, ის არ შეუშვეს სადილზე თავის კოლეგებთან. მას უთხრეს, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა ‒ მათთან არ დამჯდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ყოფილა ახლოს წითელ ზონებთან, ისევე, როგორც არ ჰქონია ვირუსის არანაირი სიმპტომი. ცხადია, ასეთმა გარიყვამ მას ტკივილი მიაყენა.
ცოტა ხნის წინ, ცენტრალურ ნეაპოლში მდებარე რესტორნის 55 წლის მფლობელი კარანტინში მოათავსეს. როდესაც მან დადებითი პასუხი მიიღო COVID-19-ის ტესტზე, მისი სიტყვებით, ის არც ისე ცუდად გრძნობდა თავს ფიზიკურად, მაგრამ დადებით დიაგნოზზე უფრო მეტი ტკივილი მას გარშემო მყოფების მიერ მისი და მისი ოჯახისადმი დამოკიდებულებამ მოუტანა.
იზოლაცია და გარიყულობა ძალზე მძიმე რამაა ჩვენთვის, რადგან ადამიანები ურთიერთობებისთვის შევიქმენით, მაგრამ ახლა უამრავ ადამიანს უწევს იზოლაციაში ყოფნა. ასეთი გამოცდილება კარგად ნაცნობი იყო კეთროვნებისთვის იესო ქრისტეს დღეებში. ისინი იძულებულები იყვნენ, ეცხოვრათ ყველასგან განცალკევებით, ხოლო როცა გავიდოდნენ თავიანთი ქალაქების ქუჩებში, ეყვირათ: „უწმინდური! უწმინდური!“ (ლევ. 13:45).
- შიშსა და რწმენას შორის არის სხვაობა
როგორ ვრეაგირებთ ამ კრიზისზე? მარტივია, ავყვეთ შიშს. ადვილია, ვხედავდე კორონავირუსს ყველგან, სადაც არ უნდა გავიხედო: ჩემი კომპიუტერის კლავიატურაზე, ჰაერში, რომლითაც ვსუნთქავ, ყოველ ფიზიკურ კონტაქტში და ყოველ კუთხე-კუნჭულში ‒ ის თითქოს ჩასაფრებულია, რომ დამაინფიციროს. ვყვებთ თუ არა პანიკას?
შესაძლოა, ეს კრიზისი გამოწვევის წინაშე გვაყენებდეს, რომ ჩვენ ვრეაგირებდეთ სხვაგვარად ‒ რწმენით და არა შიშით. კეთილი მწყემსის ‒ იესო ქრისტეს რწმენით, რომელიც არის აღდგომა და სიცოცხლე.
ცხადია, მხოლოდ იესო აკონტროლებს სიტუაციას. უდავოა, რომ მხოლოდ მას შეუძლია ამ ქარიშხლისგან ჩვენი გამოხსნა. ის მოგვიწოდებს, რომ ვერწმუნოთ და მივენდოთ მას, გვქონდეს რწმენა და არ გვეშინოდეს.
- ჩვენ ვსაჭიროებთ ლოცვას და გვჭირდება ღმერთი
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, როგორც ცალკეულმა პიროვნებებმა, რათა გაუმჯობესდეს სიტუაცია გლობალური კრიზისის ფონზე? ჩვენ არცთუ იშვიათად ვგრძნობთ თავს ძალიან პატარებად და უმნიშვნელოებად. და მაინც, არის რაღაც, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ შგვიძლია ‒ მოვუხმოთ ჩვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
ილოცეთ ხელისუფალთათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენს ქვეყნებსა და ქალაქებზე. ილოცეთ მედპერსონალზე, რომლებიც ავადმყოფებს კურნავენ. ილოცეთ დაინფიცირებულ მამაკაცებზე, ქალებსა და ბავშვებზე, ადამიანებზე, რომელთაც ეშინიათ გარეთ გამოსვლის; მათთვის, ვინც წითელ ზონაში ცხოვრობენ; მათთვისაც, ვინც დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ილოცეთ უფლის წინაშე, რომ მან მოგვივლინოს თავისი წყალობა.
ასევე ილოცეთ, რომ უფალი იესო მალე დაბრუნდეს და თან წაგვიყვანოს თავის ახალ ქმნილებაში, რომელიც მან ჩვენთვის განამზადა. იმ ადგილას, სადაც არ არის ცრემლი, სიკვდილი, გლოვა, გოდება და ტკივილი (გამოცხადება 21:4).
- ჩვენი ცხოვრება ამაოებითაა სავსე
„ამაოებათა ამაოება,“ ‒ ამბობს ეკლესიასტე, – „ამაოებათა ამაოება, ყოველივე ამაოებაა!“ (ეკლესიასტე 1:2). რა მარტივია, დაკარგო სწორი ფოკუსი ჩვენი დღევანდელობის სიგიჟის ფონზე! ჩვენი დღეები ისეა გადავსებული ადამიანებითა და პროექტებით, სამსახურითა და სურვილების სიით, სახლებითა და დღესასწაულებით, რომ ჩვენ გვიწევს ‒ თავებს ძალა დავატანოთ, რათა გავარჩიოთ მნიშვნელოვანი გადაუდებლისაგან. ჩვენ საკუთარ თავებს ვკარგავთ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში.
იქნებ ეს კრიზისი გვახსენებს იმას, თუ რა უნდა იყოს მთავარი ჩვენთვის. შეიძლება, ის გვეხმარება, გავარჩიოთ ძირითადი და მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან. ვფიქრობ, პრემიერლიგა და ის ახალი სამზარეულო, ან ის „პოსტი“ ინსტაგრამში არცთუ ისე მნიშვნელოვანია ჩვენი გადარჩენისთვის. შესაძლოა, კორონავირუსი გვასწავლის იმას, რაც მართლაც მნიშვნელოვანი და ფასეულია.
- ჩვენი იმედი
უფალი იესო ხომ მოვიდა, რათა გავეფრთხილებინეთ და გადავერჩინეთ გაცილებით უფრო მომაკვდინებელი და გავრცელებული ვირუსისგან, რომლითაც დაინფიცირებულია ყოველი მამაკაცი, ქალი და ბავშვი. ამ ვირუსს მივყავართ არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილისკენ, არამედ მარადიული სიკვდილისკენ. იესო ამბობდა, რომ ადამიანთა მოდგმა ვცხოვრობთ აღბეჭდილები პანდემიური სენით, რომელსაც ცოდვა ჰქვია.
რისი იმედი გაქვთ ამ ვირუსის წინაშე მდგომთ?
ყოველივე, რასაც ბიბლიაში ვკითხულობთ, არის ისტორია ღმერთზე, რომელიც შემოვიდა ცოდვით დაინფიცირებულ სამყაროში. ის ცხოვრობდა ავადმყოფ ხალხთა შორის, თუმცა მას არ ჩაუცვამს დამცავი ტანისამოსი, არამედ სუნთქავდა იმავე ჰაერით, იღებდა იმავე საკვებს, რასაც ჩვენ. ის მოკვდა თავისი ხალხისგან მოკვეთილი, ჯვარზე თავისი მამისგან განშორებული ‒ და ეს ყოველივე იმისთვის, რომ მიეცა დაავადებული სამყაროსთვის ამ ვირუსის ანტიდოტი, რათა განვეკურნეთ და მოეცა ჩვენთვის საუკუნო სიცოცხლე. გაიგონეთ მისი სიტყვები:
უთხრა მას იესომ: ‘მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?
ავტორი: მარკ ოდენი