ბოლო ხანებში მუდმივად მესმის სხვადასხვა ფორმით დასმული შეკითხვა: „რატომ არის ღმერთი ასეთი სასტიკი?“ ამ კითხვით განსაკუთრებით უღმერთონი იწონებენ თავს, ყურადღებას ამახვილებენ ღმერთის ულმობელ ქმედებებსა თუ ბრძანებებზე, რომელთა შესახებაც ძველ აღთქმაშია დაწერილი. აქვე შეიძლება გავიხსენოთ ქვეყნიერების წარღვნა, ღმერთის მიერ ებრაელებისთვის მიცემული ბრძანებანი იმასთან დაკავშირებით, რომ გაენადგურებინათ ქანაანის ერები, ზოგჯერ ქალების, ბავშვებისა და პირუტყვის ჩათვლით, ასევე იობზე თავსდატეხილი უბედურება, ელისეს მიერ დაწყევლილი ბავშვები. ზოგიერთი მორწმუნე ცდილობს, ერთმანეთისგან გამიჯნოს ძველი აღთქმის სასტიკი და ახალი აღთქმის კეთილი ღმერთი. თუმცა, სინამდვილეში ის ერთია. თუ ფიქრობთ, რომ ახალ აღთქმაშია ღმერთი ესოდენ კეთილი, წაიკითხეთ „გამოცხადების“ წიგნი და მაშინ დაეჭვდებით თქვენს მოსაზრებაში.
ვიღაცამ დათვლაც კი სცადა, თუ რამდენი კაცი მოკლა ღმერთმა ბიბლიის მიხედვით და მიღებულმა რიცხვმა, დაახლოებით, ორ მილიონს მიაღწია. უგუნურნო, თქვენ დათვლაც კი არ შეგიძლიათ! ადამის ცოდვის გამო თქვა, რომ ადამიანი დაისჯებოდა დაავადებითა და სიკვდილით. სხვათა შორის, ბუნებრივი კატაკლიზმებიც, როგორიცაა მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, ცუნამი და სხვა დანარჩენი, ადამიანზე ღმერთის წყევლის შედეგია: „წყეულიმც იყოს მიწა შენ გამო“ (დაბ. 3:17). ასე რომ, ბევრად უფრო მეტია სიკვდილის მიზეზები და შედეგად, სიკვდილიანობის არანაკლებ 4/5-ს მივიღებთ, თუ ამას კიდევ ადამიანთა მკვლელობებს მივუმატებთ. კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, რამდენიმე ათეულ მილიარდ სიკვდილს აღმოვაჩენთ. ამასთან, ვინ დათვლის, ძველი აღთქმის პერიოდში რამდენ ცხოველს სწირავდნენ მსხვერპლად.
ღმერთის სისასტიკეს ბავშვების და ზოგადად, ადამიანების სასიკვდილო და მტანჯველ დაავადებებსაც მიაწერენ. რამდენი ტანჯვა და წამება მოაქვს ონკოლოგიურ ავადმყოფობებს… და ესეც წყევლის შედეგია. ჩვენ ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ.
თუ ღმერთი სასტიკია, რას უნდა ნიშნავდეს ეს? თუ შევთანხმდებით, რომ ეს ასეა, ღმერთი ცოდვილად მოგვევლინება, რადგან სისასტიკე ცოდვაა. მაგრამ ღმერთი არ შეიძლება იყოს ცოდვილი. ის სრულყოფილია, ყოვლად წმინდა და ყოვლად კეთილი. თუ გადაწყვეტთ, რომ ის ცოდვილია, აღარ იქნება ყოვლად წმინდა და კეთილი, აღარც ღმერთად იწოდება, რამეთუ არ იქნება სრულყოფილი. და აი, აქ გაიხარებენ ათეისტები და უღმერთონი: „ხომ ხედავთ, ყოვლად კეთილ ღმერთს არ შეეძლო ასეთი ულმობელი ქვეყნიერების შექმნა! არანაირი ღმერთი არ არსებობს!“ – იტყვიან ისინი. როგორ შეეწყობა ასეთი სასტიკი მიწა სრულყოფილ, კეთილ ღმერთს? შესაძლოა, რომ მართლაც არანაირი ღმერთი არ არსებობდეს?
მოდით, ლოგიკურად ვიმსჯელოთ! საიდან ვიცით, რა არის სასტიკი და რა – არა? როგორ შეგვიძლია, ობიექტურად განვსაჯოთ სხვისი სისასტიკე? ამის გაკეთება შეგვიძლია მხოლოდ ერთი პირობით, თუ არსებობს ობიექტური ზნეობრივი კანონი, რომლის საფუძველზეც ვიტყვით: „ეს სასტიკია, და ეს – არა.“ სხვანაირად ვერც სისასტიკეს და ვერც მოწყალებას ვერ შევაფასებთ ობიექტურად. თუ არსებობს ბუნების ზნეობრივი კანონი, მაშინ უმაღლესი ყოვლისშემძლე გონებაც უნდა არსებობდეს, რომელმაც ის დაადგინა, რადგან მხოლოდ ყოვლისშემძლე გონებას ძალუძს ბუნების კანონების მოფიქრება. ეს გონება კი ყოვლად კეთილი უნდა იყოს, რის საფუძველზეც ვცდილობდით გვემსჯელა ღმერთის სისასტიკეზე. სიკეთეს კი არ შეუძლია თავისთავად არსებობა. სიკეთე ყოველთვის კეთილი პიროვნებაა, და აბსოლუტური სიკეთე – ყოვლად კეთილი პიროვნება, ანუ თავად ღმერთი.
იმ აზრამდე მივედით, რომ ჩვენი უნარი, ობიექტურად განვასხვაოთ ერთმანეთისგან სიკეთე და ბოროტება, ასევე გავაცნობიეროთ ის, რომ ეს ქვეყანა სასტიკია, ღმერთის არყოფნაზე კი არა, არამედ მის არსებობაზე მიანიშნებს. ღმერთის არსებობის საწინააღმდეგოდ ათეისტების გამოთქმული არგუმენტი მსოფლიოს სისასტიკეზე ერთგვარი სისულელეა. თუ ისინი უარყოფენ ზნეობის ობიექტურობას, როგორ შეუძლიათ ლაპარაკი ვინმეს სისასტიკეზე? ეს ხომ აბსურდია. ასეთი მსჯელობა შეუძლებელია. ხოლო თუ მათ სურთ განსაჯონ ღმერთი ობიექტური ზნეობრივი კანონით, მაშინ მათ უნდა აღიარონ, რომ ის არსებობს, რადგან მხოლოდ ყოვლად კეთილ უმაღლეს გონებას შეეძლო, მსგავსი ზნეობრივი კანონი შეექმნა. სინამდვილეში, ათეიზმი უგუნური და პრიმიტიული სწავლებაა.
მართლაც, თუ ღმერთი ყოვლად კეთილია, რატომაა მიწაზე ამდენი ბოროტება და სისასტიკე? აი აქ, ჩვენ უნდა გვესმოდეს ორი მნიშვნელოვანი რამ:
- პირველი – საიდან იღებს სათავეს ბოროტება და ცოდვა, ვინ არის მისი მიზეზი?
- მეორე – ღმერთის დამოკიდებულება მასთან.
ბოროტება და ცოდვა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა თავის ქმნილებებს და ნაწილმა ის ბოროტად გამოიყენა, მის საწინააღმდეგოდ. ღმერთი არ არის ბოროტებისა და ცოდვის მიზეზი. ბოროტებისა და ცოდვის ქმნა იმ ქმნილებებს ეკუთვნის, რომლებმაც ღმერთის მცნებები და ბრძანებები დაარღვიეს. აი, ბოროტების წყარო ამ წუთისოფელში! ბიბლიაში წერია, რომ ღმერთს პირველი წინ აღუდგა ძლიერი სული, ანგელოზი, სახელად ლუციფერი. მან აამხედრა ანგელოზთა მესამედიც და მოაწყო აჯანყება ზეცაში. დაცემულმა ანგელოზმა მიწაზე პირველი ადამიანები შეაცდინა, რომლებიც ცოდვაში ჩაცვივდნენ, შეეცვალათ ბუნება, გაირყვნენ და გახდნენ ცოდვილები. მთელ მათ თაობას მემკვიდრეობით გადაეცა ეს ცოდვილი ბუნება და ამიტომაც, დღეს ყველა ადამიანი ცოდვილია.
როგორც ვიცით, ღმერთი ყოვლად კეთილია. ეს ნიშნავს, რომ ყოვლად სამართლიანიცაა. სამართლიანი კი, თავის მხრივ, ბოროტებისა და ცოდვის დასჯაზე მიუთითებს. რადგან სამართლიანობა ნებისმიერი ბოროტებისა და ცოდვის დასჯას მოითხოვს. ჩვენ შეგვიძლია ამ მონაკვეთის ილუსტრირება მსგავსად მათემატიკური ფორმულისა.
სასჯელი=სამართლიანობა *ცოდვა, სადაც ღმერთის სამართლიანობაა → ∞ ე. ი.
სასჯელი=0, იმ პირობით, რომ ცოდვა=0. მაგრამ თუ ცოდვა ნულზე ოდნავაც კი მეტია, მაშინ სასჯელიც მიიღება → ∞ ამიტომ ყველანი, რომელთა ცოდვაც არ უდრის ნულს, მარადიულ სასჯელს იმსახურებენ. ეს ყველა კი მთელი კაცობრიობაა.
ღმერთი არა მხოლოდ სამართლიანია, არამედ მოწყალე და მოსიყვარულე. მან იცის, რომ ცოდვილები ვართ და ვერ შევძლებთ განწმენდას და მარადიული სასჯელისგან თავის დახსნას, ამიტომაც ის იღებს საკუთარ თავზე ჩვენს ცოდვას, სასჯელს. ღმერთის ძე, იესო ქრისტე ეტანჯა ერთხელ ყველას გამო.
ამიტომაც, თუ ჩვენ გვინდა, გავთავისუფლდეთ მარადიული სასჯელისგან, უნდა მოვინანიოთ ცოდვები და მივიღოთ ქრისტეს მსხვერპლი, ჩვენ გამო შეწირული. მაგრამ ცოდვას თავისი შედეგი აქვს. სამართლიანია, რომ სხეული უნდა დაიტანჯოს და მოკვდეს. ყველასთან ეს განსხვავებულადაა. მაგრამ ყველა ავადმყოფობს და კვდება. რადგან ასეთია ცოდვის საზღაური. რადგან ყველას გადაეცემა ცოდვილი ბუნება, პირველქმნილი ცოდვა, ასევე ჩვილებსაც, რომლებმაც ვერ მოასწრეს დაბადება – ცოდვილები არიან და შესაძლოა, დაავადდნენ და გარდაიცვალონ. ეს სამართლიანია. თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ მარადიული ტანჯვა მოელით, არა, ქრისტეს მსხვერპლი მათთვის შეიწირა.
ის, რომ ყველა ავად ვხდებით და ბოლოს მიწას მივებარებით, სრულიად სამართლიანია და არ არის ღმერთის მხრიდან სასტიკი, რადგან ყველანი ცოდვილები ვართ. ხოლო სამართლიანი საზღაური ცოდვისა სიკვდილია. მაგრამ ჩვენ ყველას შესაძლებლობა გვაქვს, გავექცეთ მარადიულ სასჯელს ღმერთის სიყვარულისა და წყალობის გამო, რომელმაც არ დაინდო თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.