სიზმრები საინტერესო მოვლენაა. უფალიც იყენებდა და იყენებს სიზმრის ფაქტორს თავისი გამოცხადების ჩვენთვის გადმოსაცემად. ეს ის მდგომარეობა გახლავთ, როდესაც ჩვენი გონება პასიურია. ამ დროს ადამიანს ცნობიერის დონეზე სძინავს და ამიტომაც არ შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ გააკონტროლოს ეს პროცესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფხიზელი გონებით, თქვენ ან ნებისმიერი სხვა ვინმე შეძლებდით, თქვენი შეხედულებისამებრ შეგეწყვიტათ ეს სიზმარი, ან გაგეგრძელებინათ იგი. მაგრამ სწორედ ეს გახლავთ სიზმრის უნიკალურობაც, რომ ადამიანს არ შეუძლია მისი გაკონტროლება. თუმცა გაღვიძების შემდეგ, სიზმარი ადამიანის მეხსიერებაში რჩება.
ზოგჯერ უფალი ადამიანს ძილში უჩვენებდა ერთსა და იმავე, ან ერთმანეთის მსგავს სიზმარს, რათა განემტკიცებინა მის მეხსიერებაში თავისი გზავნილი და დაერწმუნებინა იგი, რომ ეს სწორედ მაღლიდან გამოგზავნილი შეტყობინება გახლდათ, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ დროს, სიზმრებს აბსოლუტურად იდენტური ხასიათი ჰქონდა. ასე ემართებოდათ ხშირად მეფეებს და არ იყო აუცილებელი, რომ ღვთის მორწმუნე ადამიანები ყოფილიყვნენ ისინი, არამედ ღმერთისგან შორს მყოფი ადამიანებიც აგრეთვე, მაგრამ ღმერთი იყენებდა სიზმრის ფაქტორს თავისი გზავნილის მათთვის გასაცხადებლად.
თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ სიზმრები შეიძლება იყოს სხვადასხვა, და ინფორმაციის წყაროსაც ყოველთვის ღმერთი არ წარმოადგენდეს. ასეთ შემთხვევებსაც ვხვდებით წმინდა წერილში და ისტორიაშიც. მრავალი დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჩვეულებრივი ამაოება, ანუ ის, რაზეც ადამიანი ფიქრობს დღის განმავლობაში, ან რასაც განსაკუთრებულად განიცდის, შეიძლება დაესიზმროს კიდეც მას. და ეს ხშირად უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ მისი გონება ძალიან გადატვირთული და აღგზნებულია რაიმე ინფორმაციის გამო.
არ არის გამორიცხული ისიც, რომ სატანას, როგორც ჩვენი სულების მტერს, შეუძლია რაღაც მისტიკური სახით ჩვენს ქვეცნობიერში შეღწევა და ისეთი ინფორმაციის შემოტანა, რომელიც გამანადგურებელი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის. განსაკუთრებით ის ადამიანები კი, რომლებიც მიდრეკილნი არიან ცრურწმენებისკენ, ებმებიან ასეთი სიზმრების თუ ინფორმაციის მახეში. მსგავს სიზმრებს შეუძლიათ – უბიძგონ ასეთ ადამიანებს არასწორი მოქმედების, გადაწყვეტილების თუ ქმედებისკენ თავიანთ ცხოვრებაში. რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფორმაციის წყარო ყოველთვის ღმერთი არ არის.
ამასთანავე, ბიბლიაში ვხვდებით განმარტებას სულებზე, რომლებიც ცისქვეშეთში იმყოფებიან, და ისინი მხოლოდ კეთილი ანგელოზები როდი გახლავთ. ებრაელთა მიმართ წერილში ვკითხულობთ, რომ ანგელოზები სულები არიან, „მომსახურე სულები, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს“; მაგრამ მათ გარდა დაცემული ანგელოზებიც არსებობენ; ისინი არიან ბოროტი სულები, ისინი ეშმაკები არიან. ეშმაკებიც სულებს წარმოადგენენ, პიროვნებებს, და მათ აქვთ თავიანთი პროგრამა, თავიანთი დღის წესრიგი. სატანა მართავს დაცემული ანგელოზების იმ ნაწილს, რომლებიც დანებდნენ მის ცდუნებებს და რომლებმაც სატანის მეთაურობით შექმნეს ოპოზიცია ღმერთის წინააღმდეგ; ამიტომაც ისინი გამოაძევეს; ისინი გადმოგდებულ იქნენ ზეციდან და შესაბამისად, დედამიწაზე მკვიდრობენ. ამ სულებზე წერია, რომ ისინი მაცდურნი, მაცდუნებელნი არიან, და მათ აქვთ კონკრეტული მიზანი – აცდუნონ დედამიწაზე მცხოვრებნი.
სატანის მთელი სამეფო, მთელი მისი პროგრამა, მთელი მისი არსება რომ სრულად ყოფილიყო წარმოდგენილი დედამიწის მცხოვრებთა წინაშე დაუფარავი სახით, შენიღბვისა და შეფუთვის გარეშე, არავის მოუნდებოდა ასეთ სამეფოში ცხოვრება. არავინ ისურვებდა – გაჰყოლოდა სატანას, რადგანაც იქ არაფერია მიმზიდველი. სწორედ ამიტომაცაა, რომ სატანა ყველაზე მეტად ცდუნებას იყენებს და შემდეგ უკვე შიშსაც, როგორც წამების იარაღს. ცდუნების და შიშის მეშვეობით კი ის ატყვევებს ადამიანებს ფსიქოლოგიურად და მანიპულირებს მათი ნებით.
ამიტომაც წმინდა წერილი გვახსენებს, რომ არსებობენ მაცდუნებელი სულები; ხოლო თავად სატანა იღებს სინათლის ანგელოზის სახეს, რადგანაც სხვაგვარად არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ შემოუშვებს მას თავის ცხოვრებაში. ჩვენ სამუდამოდ დავხურავდით ჩვენს გულსა და გონებას, რომ დაგვენახა, თუ ვინ არის სატანა, თავისი ანგელოზებიანად, სინამდვილეში. მაგრამ ესენი არიან მაცდური სულები და ამიტომაც არის დაწერილი ბიბლიაში: „ნუ ენდობით ყოველ სულს“, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია – სწამს თუ არ სწამს ადამიანს ამა თუ იმ სულის არსებობის. თუ ადამიანს სწამს, ის უღებს კარს ამ ინფორმაციას. ფაქტობრივად, ის დაუშვებს ხოლმე, რომ მოხდეს ის, რისიც სწამს. სწორედ ამაზეა აგებული მთელი ცრურწმენა. ხანდახან მაყურებლის პოზიციიდან უყურებ და ფიქრობ: „როგორ შეიძლება ამ სისულელის დაჯერება?“ მაგრამ თუ ადამიანს სჯერა, ე. წ. 13 რიცხვიც იარსებებს მის ცხოვრებაში და „შავი კატაც“…
უამრავი ცრურწმენის შესახებ ვისმენთ და სამწუხაროდ, ადამიანებს სჯერათ მათი… აღსანიშნავი და საინტერესოა ის, რომ ეს შეიძლება მართლაც მოხდეს მათ ცხოვრებაში, და შემდეგ ისინი კიდევ უფრო მეტად იწყებენ ამ ყოველივეს დაჯერებას. რატომ ხდება ეს მათ ცხოვრებაში და ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არ ხდება? იმიტომ, რომ მე არ ვკითხულობ ჰოროსკოპს, ასტროლოგიურ პროგნოზს, კატეგორიულად უარვყოფ ინფორმაციის ამ წყაროს და ცრუდ მივიჩნევ მას. საერთოდ არ ვინტერესდები ამ ინფორმაციით, რადგანაც ვიცი, რომ ის არაღვთიური, დაბინძურებული წყაროდან მოედინება. სწორედ ამის გამო, გაჩერებაც კი არ მინდა ამ ტერიტორიაზე, ამ მიმართულებით ინტერესიც კი არ გამაჩნია. უბრალოდ არ მწამს და არ ვენდობი ამ მაცდურ სულებს; მაგრამ, სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ სხვა ადამიანები წამოეგნენ ამ ანკესზე და ამან მოსალოდნელი უარყოფითი შედეგიც მოიტანა მათ ცხოვრებაში. ეს კი ასე აღარ უნდა გაგრძელდეს…
ავტორი: ალექსანდრე შევჩენკო