როგორ გადაეცემა სული ადამიანებს? დაბადების 5:3-ში წერია, რომ ადამს ჰყავდა „ძე თავის მსგავსად და ხატად“. ცხადია, რომ ამ შვილის ფიზიკური სხეული წარმოიშვა ადამისა და ევას ბუნებრივი გამრავლების პროცესით, რის გამოც ის ჰგავდა თავის მშობლებს. მაგრამ რა ითქმის მის სულზე – მისი არსების არამატერიალურ ნაწილზე? როგორ გადაეცა ის? მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქრისტიანული მიმდინარეობა არ იზიარებს სულის არსებობის ტრადიციულ შეხედულებებს, უმრავლესობაში ისტორიულად ამ საკითხზე სამი ძირითადი აზრი არსებობს: წინარე არსებობის თეორია, შექმნის თეორია და ტრადუციანული თეორია.
წინარე არსებობის თეორია
ზოგადად, წინარე არსებობა, ტრადიციულად, ქრისტიანობაში ფართოდ მიღებული არ ყოფილა, მცირე გამონაკლისის გარდა. მას მხარს უჭერდნენ ძველი ბერძნები, ინდუისტები და გარკვეული ფორმით მუსლიმანებიც. ეს შეხედულება ამტკიცებს, რომ ღმერთმა თავდაპირველად შექმნა სულების რაოდენობა და ზოგიერთ მათგანს მოათავსებს ადამიანურ სხეულებში ჩასახვის დროს. ცხადია, ბიბლიაში არ არსებობს მკაფიო განცხადება, რომელიც ამ მოსაზრებას მხარს უჭერს.
შექმნის თეორია
ეს თეორია ასწავლის, რომ ადამიანს სხეული გადაეცემა მშობლებისგან, მაგრამ სული – როგორც არამატერიალური ნაწილი – ღვთისგან მომდინარეობს. ჩასახვის დროს ღმერთი ქმნის სულს და მოათავსებს მას ფორმირებულ ჩვილში. „შენ გამოსახე ჩემი თირკმელები, დედაჩემის მუცელში გამომძერწე“. ფსალ. 138:13. ამ მოსაზრების მხარდასაჭერად მოჰყავთ ფაქტი, რომ ღმერთმა ადამს შექმნის შემდეგ შთაბერა სიცოცხლე სხეულში – მისცა მას სული (დაბ. 2:7). ასევე, არსებობს მრავალი მუხლი, რომელიც აჩვენებს, რომ ღმერთი აგრძელებს ადამიანის, მათ შორის მათი სულების, შექმნას. მაგალითად:
„უფლისგან წარმოთქმული განაჩენი ისრაელზე. ასე ამბობს უფალი, რომელმაც ცანი გადაჭიმა, საძირკველი ჩაუყარა დედამიწას და ადამიანის სული გამოსახა მის წიაღში“.
„ვიდრე დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდებოდეს ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი“.
„ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და გადამჭიმველი, განმვრცობი დედამიწისა მისი ნაყოფებითურთ, რომელიც სუნთქვას აძლევს მასზე მცხოვრებ ხალხს და სულს – მასზე მავალთ“
ასევე, ებრაელთა 12:9 ღმერთს უწოდებს „სულების მამას,“ ხოლო რიცხვთა 16:22 – „ყველა ხორციელის სულების ღმერთს.“ ეს მუხლები ცხადად მიუთითებს, რომ ღმერთი არის ადამიანის არამატერიალური ნაწილის – სულის – შემქმნელი. ეს შეხედულება მიღებულია კათოლიკეებში და ზოგიერთი რეფორმატორული ქრისტიანის მიერ.
მიუხედავად ამისა, ამ თეორიას გარკვეული სირთულეები აქვს. თუ ღმერთი ყოველ ადამიანს აძლევს სულს, მშობლებისგან დამოუკიდებლად, როგორ გადადის მასზე ცოდვილი ბუნება? აძლევს ღმერთი ადამიანებს ისეთ სულებს, რომლებიც ცოდვისკენ არიან მიდრეკილნი დაბადებიდანვე, განსხვავებით იმ სულისა, რომელიც ადამს მისცა? რადგან ეს ნაკლებად სავარაუდო ჩანს, ზოგი უარყოფს ამ თეორიას.
ტრადუციანული თეორია
ეს თეორია ამტკიცებს, რომ როგორც სხეული, ისე სული მომდინარეობს მშობლებისგან. იგი ამტკიცებს, რომ ღვთის მიერ უშუალო ქმნა – საგნების არაფრისაგან შექმნა – დასრულდა შექმნის მეექვსე დღეს, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა. ცხადია, ღმერთი კვლავ ჩართულია სხეულისა და სულის შექმნაში, მაგრამ ეს ხდება მეორე გზით – მშობლების საშუალებით.
ტრადუციანული თეორიის უპირატესობა ის არის, რომ ის უკეთ ხსნის ადამიანის ცოდვილ ბუნებას. როგორც პოლ ენსმა თქვა: „თუ მშობლები გადასცემენ არამატერიალურ ბუნებას, ეს ხსნის ცოდვილი ბუნების გავრცელებას და დაბადებიდანვე ყველა ადამიანის ცოდვისკენ მიდრეკილებას. ცოდვილი ბუნება ვერ აიხსნება, თუ ღმერთი პირდაპირ ქმნის ყოველ სულს“.
ცოდვილი ბუნების გადაცემის შესახებ რომაელთა 5:12 ამბობს: „ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“. ასევე, ფსალმუნი 50:5 ამბობს: „აჰა, ცოდვილად დავიბადე, დიახ ცოდვილად ჩავესახე დედაჩემს“.
ვიღაცამ შეიძლება იკითხოს: „როგორ იყო შესაძლებელი, რომ ქრისტეს არ ჰქონოდა ცოდვილი ბუნება, თუ მან მიიღო სხეული და სული დედისგან?“ ეს უნდა ჩაითვალოს სასწაულად, რომელიც სულიწმიდამ მოახდინა, ისევე როგორც მისი ფიზიკური შობა (მათე 1:18; ლუკა 1:35).
ტრადუციანული თეორიის კიდევ ერთი უპირატესობა არის მემკვიდრეობითი ფაქტორი – ჩვენ არა მხოლოდ ფიზიკურად ვგავართ მშობლებს, არამედ ხშირად ხასიათით, ინტელექტით და ემოციებითაც. თუ ღმერთი პირდაპირ ქმნის სულს მშობლებისგან დამოუკიდებლად, ეს მსგავსებანი ასე ხშირი არ იქნებოდა.
ჯონ მაკარტური ტრადუციანული თეორიის მხარდასაჭერად ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მუხლი საუბრობს ღვთის მიერ ადამიანის სულის შექმნაზე, იგივე შეიძლება ვთქვათ სხეულზეც. დავითმა თქვა: ‘შენ გამოსახე ჩემი თირკმელები, დედაჩემის მუცელში გამომძერწე…. არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები, როცა ჩავისახე იდუმალებაში და შევნივთდი მუცლის სიღრმეებში’ (ფსალმუნი 138:13, 15). ეს მუხლები არ ნიშნავს, რომ სხეული ღმერთმა შექმნა უშუალოდ ბუნებრივი გამრავლების გარეშე. ღმერთი არის ადამიანის შემქმნელი, მაგრამ მან დააწესა გამრავლება დედამიწის ასავსებად (დაბ. 1:28). ღმერთი იყენებს ბუნებრივ საშუალებებს გამრავლებისთვის, თუმცა ის არის ამ პროცესის საბოლოო მიზეზი“.
ასევე, ჯ. ო. ბასუელმა აღნიშნა, როცა ის განიხილავდა შექმნის და ტრადუციანულ თეორიებს: „ამ ორ შეხედულებას შორის არსებობს ერთი აშკარა ფაქტი, რომელიც ისტორიულ განხილვაში ხშირად უგულებელყოფილია – სულის გამოჩენის სრული თანმიმდევრულობა და ერთგვაროვნება ყოველ ახალ სიცოცხლეში. ჩვენს აზროვნებაში, როცა ასეთ თანმიმდევრულობას ვხედავთ, შედეგს ვაწერთ ღვთის მიერ შექმნილ მეორად ძალებს, რომლებიც მისი განგებულებით იმართება. ამიტომ ვარ ტრადუციანული შეხედულებისკენ მიდრეკილი, თუმცა მიმაჩნია, რომ იგი პირდაპირი ბიბლიური მტკიცებულებით მყარად არ მტკიცდება“.
დასკვნა
ღმერთი არის ადამიანის შემქმნელი. ადამიანები შექმნილნი არიან მისი ხატების შესაბამისად, როგორც განსაკუთრებული ქმნილებები. ღმერთმა ადამი შექმნა მიწის მტვრისაგან, შთაბერა მას სიცოცხლის სუნთქვა და ის ცოცხალ არსებად იქცა (დაბ. 2:7). მაგრამ მას შემდეგ, რაც ღმერთმა დაასრულა ცისა და მიწის და ყოველივეს შექმნა, ის ჩვეულებრივ ქმნის მეორადი გზებით – იმ პროცესებით, რომლებიც შექმნაში დააწესა. ისევე როგორც მინდვრის ბალახი იზრდება ბუნებრივად, ქრისტე ამბობს, რომ ღმერთი მოსავს მას (მათე 6:30), და მიუხედავად იმისა, რომ ჩიტები საკუთარი ძალებით იკვებებიან, ქრისტე ამბობს, რომ ღმერთი აჭმევს მათ (მათე 6:26). ანალოგიურად, როგორც ჩანს, გამრავლების პროცესის მეშვეობით, რომელიც ღმერთმა დააწესა და მართავს, ადამიანები იბადებიან სხვა ადამიანებისგან – სხეულითაც და სულითაც. თუმცა ბიბლია ამ საკითხზე პირდაპირ არ საუბრობს, ამიტომ საჭიროა მორჩილება და თავშეკავება საბოლოო დასკვნების გამოტანაში.
ავტორი: გრეგორი ბრაუნი
წყარო: bible.org