კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის მძვინვარებისა და განკურნების საშუალების ძიების პერიოდში ვაქცინების შესახებ საკითხმა ისევ წინა პლანზე წამოიწია. უამრავი ადამიანისათვის სწორედ ვაქცინაა ქმედითი გამოსავალი იმისათვის, რომ პანდემიას ბოლო მოეღოს და ცხოვრება „ნორმალურ“ კალაპოტს დაუბრუნდეს.
მიუხედავად ამისა, ყველას ერთნაირი შეხედულება როდი აქვს ვაქცინებთან დაკავშირებით. ზოგიერთს ისიც კი აინტერესებს, უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები. შეიძლება თქვენც იგივე კითხვა გაწუხებთ. ზოგი გეტყვით, რომ უნდა აიცრათ, ზოგი კი პირიქით, გეტყვით, რომ აცრა არ უნდა ჩაიტაროთ. აზრთა სხვადასხვაობა ვერ დაგეხმარებათ კეთილგონივრული და ბიბლიური გადაწყვეტილების მიღებაში.
მინდა აღვნიშნო, რომ მე არ ვარ პროფესიონალი მედიკოსი და სამედიცინო რჩევის მოცემას არ განვიზრახავ. ჩემი მიზანი მხოლოდ ის გახლავთ, რომ რწმენის გადმოსახედიდან ვუპასუხო დასმულ შეკითხვას.
უნდა ავიცრათ თუ არა?
ბევრი ადამიანისთვის ვაქცინები ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია, ბევრისთვის კი ასე სულაც არ არის. აცრა თუ აუცრელობა სწორსა და მცდარს შორის არჩევანს როდი გულისხმობს, არამედ ეს საკითხი პირად არჩევანს უკავშირდება. კითხვა იმის შესახებ, უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები, არ უნდა ვაქციოთ ცოდვასთან, განკითხვასა და მსჯავრდადებასთან დაკავშირებულ საკითხად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ არ სცოდავთ, თუ იცრებით და არც მაშინ სცოდავთ, თუ არ იცრებით. ნება მომეცით, ბიბლიიდან მოგიყვანოთ მუხლები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ საკითხის შესახებ ფიქრისას.
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს. და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. იმიტომ, რომ ღმერთმა მიიღო იგი. ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება
ქვემოთ ჩამოთვლილია სამი მიდგომა, რომელიც შეიძლება ვაქცინებთან დაკავშირებით გამოვიყენოთ:
1. ეს საკამათო საკითხია
მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, უნდა იცრებოდნენ თუ არა ქრისტიანები, ეს საკამათო საკითხია. მე მოგიწოდებთ, რომ მიჰყვეთ პავლე მოციქულის რჩევას და არ იდავოთ ამ საკითხის შესახებ. პირადი არჩევანის საკითხს ნუ გადააქცევთ სწორსა და მცდარს შორის მსჯელობის საკითხად.
2. მიიღეთ რწმენაში სუსტები
შესაძლებელია, რწმენაში სუსტი იყოს ის, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, მაგრამ შეიძლება მას ჰქონდეს სუსტი რწმენა, ვინც არ აიცრება. მიუხედავად თქვენი შეხედულებისა ვაქცინებთან დაკავშირებით, თუ ზოგიერთი ადამიანი განსხვავებულად ფიქრობს, ნუ განიკითხავთ მათ და ნუ დაამცირებთ. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ დამცირება და განკითხვა არავისთვის არ არის გამოსადეგი და არც ღვთიური ხასიათის წარმოჩენას ემსახურება.
3. ღმერთმა მიიღო ისინი
ის ადამიანები, რომლებიც წყვეტენ, გაიკეთონ თუ არა ვაქცინა, არიან არა თქვენი, არამედ ღმერთის მსახურები. ესაა უმნიშვნელოვანესი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ეთანხმებით თუ არა მათ გადაწყვეტილებას, ღმერთისთვის ისინი მაინც მისაღებნი იქნებიან მათი არჩევანისდა მიუხედავად. თქვენც ასეთნაირადვე უნდა მოიქცეთ.
რას გვეუბნება ბიბლია ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ?
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეულები სულიწმიდის ტაძრებია (1-ლი კორინთელთა 6:19). ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვიზრუნოთ საკუთარ სხეულებზე და არ დავაზიანოთ ისინი. ზემოხსენებულ თავში პავლე მოციქული საუბრობს სექსუალური უზნეობის შესახებ, მაგრამ ეს პრინციპი შეიძლება ნებისმიერი რამისადმი გამოვიყენოთ, რაც შეიძლება საზიანო იყოს სხეულისათვის. უფრო ნათლად ვიტყვი: მე იმას როდი ვგულისხმობ, რომ ვაქცინებია საზიანო, არამედ იმას, რომ ღმერთს სურს, კეთილგონიერება გამოვიჩინოთ საკუთარი სხეულებისადმი (ტაძრებისადმი) მოპყრობისას.
ეთანხმება თუ არა ბიბლია რელიგიური გამონაკლისის დაშვებას?
რელიგიური გამონაკლისის იდეა გულისხმობს აცრაზე უარის თქმას რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე. ზოგი ადამიანი, იმის მტკიცებისას, რომ ქრისტიანები არ უნდა აიცრან, რელიგიური გამონაკლისის იდეას იშველიებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბიბლიის მოშველიება შეიძლება საპირისპირო აზრის მტკიცების დროსაც. მიუხედავად რელიგიური გამონაკლისის შესახებ საუბრისა, ეს მაინც პირად არჩევანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა. გახსოვდეთ, რომ არც აცრაა ცოდვა და არც აუცრელობა.
უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები?
ვაქცინებთან დაკავშირებული დავის ერთ-ერთი ასპექტი გახლავთ წონასწორობის დამყარება ადამიანისათვის სასიკეთო ქმედებათა და საზოგადოებისათვის სასიკეთო ქმედებათა შორის. ვფიქრობ, სწორედ ეს გახლავთ მედიკოსთა ერთ-ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა აიცრას ადამიანი, რადგან ვაქცინების მეშვეობით ბევრი დაავადების შეჩერება გახდა შესაძლებელი. ისტორიას რომ გადავხედოთ, რა ხდებოდა ასი წლის წინ, ვნახავთ, რომ ადამიანები უამრავი სხვადასხვა დაავადების გამო იხოცებოდნენ. ეს დაავადებები შემდგომში მეცნიერებისა და მედიცინის განვითარების და ვაქცინების გამოყენების შედეგად იქნა აღმოფხვრილი.
თუკი იმაზე ვსაუბრობთ, თუ რა არის საზოგადოებისათვის სასიკეთო, მაშ, შეიძლება იმის შესახებაც იდავოთ, რომ ქრისტიანებიც უნდა აიცრან, რადგან ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მცნებას მოყვასის სიყვარულის შესახებ. მიუხედავად ამისა, სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ქრისტიანთა რიცხვი, რომლებიც საპირისპირო აზრის მქონენი არიან. ამ მიზეზის გამო, შეუძლებელია განისაზღვროს, უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები.
ვფიქრობ, თითოეული ადამიანი კარგად უნდა დაფიქრდეს, რათა დარწმუნებული იყოს თავისი შეხედულების სასარგებლოობასა და სისწორეში. შესაძლოა, ეს პასუხი დიდ აღფრთოვანებას და მოწონებას არ იწვევდეს, მაგრამ მეეჭვება, არის თუ არა შესაძლებელი სხვა დასკვნის გამოტანა, რომელი დასკვნაც თქვენს სუბიექტურობაზე არ იქნება დაფუძნებული. როგორც პავლე მოციქული წერს რომაელთა მიმართ წერილში, ნება მიეცით ადამიანებს, თავად აირჩიონ; მიიღეთ ისინი და ნუ დაამცირებთ მათ, თუკი მათი დასკვნა განსხვავებული იქნება თქვენი დასკვნისგან.
რაში გვჭირდება ვაქცინები, თუ ღმერთი გვიცავს?
ზოგიერთ წრეში წამლის გამოყენებას უნდობლად უყურებენ. გვიცავს ღმერთი? პასუხი დადებითია. და მაინც, არსებობს გზები და საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც გვიცავს ღმერთი. მაგალითად, ღმერთმა აღძრა ადამიანთა გულები, რომ შეექმნათ უსაფრთხოების ღვედი, რომელიც გვიცავს ავტოავარიისას. ვფიქრობ, არა მხოლოდ სამართლიანი, არამედ უსაფრთხოცაა იმის თქმა, რომ ღმერთს არ სძულს მედიცინა. ის მას იყენებს და მისი მეშვეობით მოქმედებს კიდეც, თუმცა შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, მან ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის გარეშე, სასწაულებრივად, განგვკურნოს.
მიუხედავად ამისა, ღმერთი სამედიცინო ჩარევასაც გამოიყენებს ადამიანის განსაკურნებლად, ავად თუ ხართ, და თუ ექიმთან წახვალთ, ამაში არაფერია ცუდი. ამასთან, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ღმერთი გვაძლევს რწმენას და სიბრძნეს. რწმენა აუცილებელია იმის დასაჯერებლად, რომ ღმერთს შეუძლია განკურნება, ხოლო სიბრძნე კი იმის დასაჯერებლად, რომ ღმერთი ხშირად იყენებს მედიცინას ამისათვის. მედიცინის ძალისა თუ საკუთარი ძალის გამოყენებით, ღმერთი ორივე საშუალებით გიცავთ.
როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს აცრის მოწინააღმდეგეთა მიმართ?
როგორც ზემოთ ვახსენე, არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აცრას. ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს ზოგიერთ შემთხვევაში. მაგალითად, ზოგიერთი სკოლა და კოლეჯი ითხოვს გაკეთებული აცრების დამადასტურებელ საბუთს იმისათვის, რომ ბავშვი სკოლაში დაუშვას. აცრების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისას აუცილებლად უნდა შეამოწმოთ წყაროს სანდოობა, რათა იცოდეთ, ემყარება თუ არა თქვენი გადაწყვეტილება სანდო და უტყუარ ინფორმაციას.
კითხვა იმასთან დაკავშირებით, უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები, უნდა მივაკუთვნოთ იმ საკითხთა რიცხვს, რომლებიც არ იყოფა შავ და თეთრ კატეგორიებად. ყოველთვის გამოავლინეთ მადლი. მადლით მიუდექით მათ, ვინც თქვენგან განსხვავებული აზრისაა და მიიღეთ ისინი, როგორც ბიბლია მოგვიწოდებს.
წყარო: www. crosswalk.com