ვფიქრობ, ყველა ქრისტიანს სმენია თომა მოციქულის შესახებ. ეს ის არის, ვინც სხვა მოწაფეებს არ დაუჯერა, როდესაც მათ ქრისტეს აღდგომის შესახებ უთხრეს. საბოლოოდ, მას „ურწმუნო თომა“ შეარქვეს „დიდად მორწმუნე ქრისტიანებმა“.
უცნაურია, რომ მას ცხოვრებაში „ტყუპისცალს“ უწოდებდნენ და რატომ არ ვუწოდეთ მას, მაგალითად, „ურწმუნო ტყუპისცალი“? თუმცა არა, საწყალი თომა ურწმუნო იყო, ასე არ არის? როგორ შეიძლება არ დაიჯერო ის, რომ ვიღაც მკვდრეთით აღდგა? ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია! რატომ უნდა შეჰპაროდა ამაში ვინმეს ეჭვი?
ვის მოუვა თავში აზრად, რომ ამის შესახებ კითხვები დასვას და მეტი დასაბუთება მოითხოვოს? ნება მომეცით, ამ კითხვებს კიდევ ერთი კითხვა მოვაყოლო: თქვენი აზრით, რატომ გამოეცხადა ქრისტე ყველა მოწაფეს ერთდროულად, გარდა თომასი? მას, ვინც ცოტა ხნის წინ მკვდრეთით აღდგა; ვისაც აქვს ძალაუფლება იმისა, რომ ეშმაკები განდევნოს, ქარიშხალი დააწყნაროს, განა არ შეუძლია, რომ ყველა მოწაფე ერთად შეკრიბოს? ხომ შეეძლო ქრისტეს, რომ ყველა მოწაფისათვის თავი მოეყარა? თუმცა ის ასე არ მოქცეულა. რატომ? ოინი მოუწყო? ვფიქრობ, ქრისტემ განზრახ გამოტოვა თომა, რათა დაინტერესებულიყო ის და კითხვები დაესვა, ქრისტე კი ყოველთვის მზად არის ჩვენი კითხვებისთვის.
დღეს ეკლესიაში დამკვიდრებულია შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ მორწმუნეს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, კითხვებს არ უნდა სვამდეს და უფლისგან გამოცხადებას არ უნდა ითხოვდეს. ეს არის ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცდომილება დღეს.
უპირველეს ყოვლისა, ყურადღებით უნდა წავიკითხოთ ის ბიბლიური მონაკვეთი, სადაც თომა ამბობდა, რომ ირწმუნებდა მაშინ, როცა იხილავდა ქრისტეს ხელებზე ნალურსმებს (იოანეს სახარების მე-20 თავი). აქედან დავინახავთ, რომ თომა ითხოვდა სწორედ იმას, რის ღირსნიც გახდნენ დანარჩენი მოწაფეები ანუ უფალ იესო ქრისტეს გამოცხადებას.
იოანეს სახარების მე-20 თავში ვკითხულობთ: „იმავე დღის საღამო ჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში, და უთხრა მათ: ‘მშვიდობა თქვენდა!’ ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით“ (იოანე 20:19-20).
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მოწაფეებმა მანამ არ დაიჯერეს, რომ ეს ქრისტე იყო, სანამ მან თავად არ გაუცხადა თავისი თავი. ჩვენ კი ამ დროს მხოლოდ თომას ვსაყვედურობთ ურწმუნოების გამო, იმის გამო, რომ ისიც ამ გამოცხადებას ითხოვდა. რა უსამართლობაა!
წარმოიდგინეთ: სამი წლის განმავლობაში მიჰყვებით პიროვნებას, რომელიც შემდეგ ტრაგიკულად კვდება, თქვენ კი დაბნეული და შეცბუნებული ხართ? ვერ იგებთ, რა ხდება. გეგონათ, რომ ის მესია იყო, მაგრამ ალბათ ცდებოდით. ალბათ, მოტყუვდით. ბოლოს და ბოლოს, როგორ შეიძლებოდა, რომ მესია, უფალთა უფალი, ასე მხეცურად მოეკლათ იმ ადამიანებს, რომლებზეც მას (მისივე თქმით) ძალაუფლება აქვს? რაღაც ვერ არის რიგზე. და კიდევ გიკვირთ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ თომას კითხვები აწუხებს? განა ლოგიკური არ არის, რომ ჩვენც გვქონდეს შეკითხვები ღმერთის შესახებ, მით უმეტეს, რომ ჩვენ ის პირისპირ არ გვიხილავს? განა გასაკვირია, რომ სანამ მივენდობით სიტყვის ღმერთს, მანამდე გვინდა გავიცნოთ ეს სიტყვის ღმერთი? ბიბლიაში კვლავ და კვლავ ვხედავთ, როგორ უცხადებს ღმერთი საკუთარ თავს ადამიანებს სასწაულებისა და წინასწარმეტყველებათა მეშვეობით. ღმერთი წინასწარ გვეუბნება, რა მოხდება, რათა ვიცოდეთ, რომ ის ღმერთია. ის იმდენად მზრუნველია, რომ ჯერ საკუთარ თავს გვიცხადებს, რათა შევძლოთ და ვირწმუნოთ იგი.
მაშ, რატომ არ ვიჩენთ ასეთივე დამოკიდებულებას ჩვენი დებისა და ძმების მიმართ?
შეკითხვები დაბრკოლება არ უნდა იყოს ჩვენი რწმენისათვის. პირიქით! მათ შეიძლება გააძლიერონ ჩვენი რწმენა! შეიძლება სწორედ შეკითხვების მეშვეობით გვიჩვენოს ღმერთმა საკუთარი თავი.
მინდა კარგად გესმოდეთ, რომ თუ თქვენი გული ღიაა უფლისათვის, თქვენი შეკითხვები არასოდეს შეგიშლით ხელს მასთან დაახლოებაში, მის უკეთ გაცნობაში. უფალი იესოა პასუხი ყველაფრისა, რაც გაინტერესებთ და გაწუხებთ. თქვენ მხოლოდ უნდა ჰკითხოთ. კითხვის დასმა ურწმუნო ადამიანად კი არ გაქცევთ, არამედ ბავშვად; ბავშვად, რომელიც მამასთან ჭეშმარიტებას ეძიებს.
არაფერი აამებს ღმერთს იმაზე უფრო მეტად, როდესაც შვილი მას მიმართავს თავისი შეკითხვებით და ქვეყნიერებაზე არ იწყებს პასუხების ძიებას.
უფალი ჩვენი ნუგეშისმცემელია (მე-2 კორინთელთა 1-ლი თავი).
ის ჩვენი წინამძღოლია (იგავები მე-3 თავი).
ის ჩვენი სიბრძნეა (იოანეს სახარების მე-16 თავი).
ის ვერ იქნება ჩვენი წინამძღოლი, ნუგეშისმცემელი და სიბრძნე, თუ შიშისა და შფოთის დროს ღმერთს ახლოს მოსვლის უფლებას არ მივცემთ. ყველაზე ცუდი არჩევანი ის იქნება, თუკი ჩვენს შეკითხვებს ჩვენთვის დავიტოვებთ ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბლობით დავუსვათ ისინი ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე უფალს. ჩვენს ეჭვებსა და კითხვებს თავად ვერ გავუმკლავდებით, თუკი მათ არ მივუტანთ მას, ვინც ღირსია ჩვენი რწმენისა და ნდობისა. მოგვიანებით, ქრისტემ უთხრა მოწაფეებს: „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახავვარ და მირწმუნეს.“
აი, აქ ბევრი ჩვენგანი ბრკოლდება. ჩვენ იმდენად ვეჭიდებით სიტყვებს: „რწმენით დავდივართ და არა ხილვით“, რომ გვავიწყდება, როგორ უპასუხა იესომ თომას და უჩვენა თავისი ნალურსმი ხელები და ფერდი.
რასაკვირველია, უკეთესია, ხილვის გარეშე ვირწმუნოთ, მაგრამ აქამდე მისვლას პროცესი სჭირდება. ამისათვის საჭიროა დრო და საკმაოდ ხშირად, გამოცხადებაც. არც ერთი ადამიანი არ ვიცი ბიბლიაში ისეთი, ვისაც „რწმენის ქალი“ ან „რწმენის მამაკაცი“ ეწოდება და ღმერთთან პირადი შეხვედრა არ განუცდია. პირადი გამოცხადება დიდ რწმენას წარმოშობს. ამრიგად, ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმის. დაუსვით კითხვები ქრისტეს. მას სურს თქვენი შეკითხვების მოსმენა, რადგან უყვარხართ და სურს, რომ მასთან იყოთ.