„თუ გსურთ იცოდეთ, რამდენად კარგად ესმის ადამიანს ქრისტიანობა, ჰკითხეთ, ფიქრობს თუ არა, რომ ის ღვთის შვილია და ღმერთი მისი მამაა. თუ მისი თაყვანისცემა, ლოცვა და მთელი მსოფლმხედველობა არ არის გაჟღენთილი ამ აზრით, ეს ნიშნავს, რომ მას კარგად არ ესმის ქრისტიანობა… ‘მამა’ არის ღმერთის ქრისტიანული სახელი.”
ჯეიმს პაკერი (ავტორი წიგნისა – „შეიცანით ღმერთი“)
რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: “აბბა, მამაო!
როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს შემოქმედზე და გამომსყიდველზე, სტანდარტულად ვიყენებთ ორ ტიტულს: “ღმერთი” და “უფალი”. რა თქმა უნდა, უფლის ასე მოხსენიება, სულაც არ არის შეცდომა, მაგრამ ჩვენი ხშირი აღიარება მოქმედებს ჩვენს დამოკიდებულებაზე და ტიტულით მიმართვა ხშირად ძალაუნებურ გაუცხოებას იწვევს, გარკვეულ დისტანციას. ჩვენ, ქრისტიანები ხშირად ვუსვამთ ხაზს პირად საუბრებში, რომ ღვთის მსახურები ვართ, თუმცა უმნიშვნელოვანესია ყოველთვის ცხადად გვახსოვდეს აქსიომა, რომ უპირველესად ჩვენ ღვთის შვილები ვართ, ქრისტე იესოს რწმენით.
ეს არ გულისხმობს ფამილარულ დამოკიდებულებას ღმერთთან, არც მოწიწების და მისადმი მოშიშების გარეშე მასთან მიახლებას, არამედ ცოდნას, გააზრებას, რომ ის მოწყალე მამაა. სწორედ ამის ცოდნა და არა ჩვენი შეუცდომლობა გვაძლევს გაბედულებას მივეახლოთ მადლის ტახტს, ეს გვაძლევს ძალას, რომ თვალებში თამამად ჩავხედოთ ჩვენს არასრულყოფილებას. როგორც პატარა ბავშვები არიან მამაზე მინდობილნი, რომელთაც იციან რომ მათზე კი არა, მამაზე დევს ცხოვრების ტვირთი, სწორედ ასე უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი ჩვენს ზეციერ მამაზე, ბოლომდე ვენდობოდეთ მას.
მიმართეთ, ღმერთს ლოცვისას „მამა, მამიკო“, რადგან თავად იესო ასწავლიდა ლოცვას მოწაფებს: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა…“ ყოველდღიურ რუტინაში არ დავივიწყოთ, რომ უფალი ჩვენი ზეციერი მამაა, მამებს კი შვილებთან სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე ბატონებს თავის მსახურებთან.
ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ; და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე და ჩვენც მის მიერ ვართ.
უფლის სული თავისი განუსაზღვრელი სიყვარულის ძალით გვიბიძგებს როგორც ბავშვებმა თამამად შევძახოთ: “აბბა, მამაო!”(მამიკო), ამით ის გვანიშნებს, რომ არ არის მიუწვდომელი ღვთაება, არამედ ის, ვინც ჩვენში გადაწყვიტა დამკვიდრება, ვინც ჩვენში ცხოვრობს და გვაძლევს ძალას ყოველდღიურად გავუმკლავდეთ სირთულეებს. დიდებული, უზენაესი, ყოვლისშემძელე, ყოვლისმცოდენე, სამართლიანი, მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთმა ისურვა ჩვენი მამა ყოფილოყო და რა უნდა იყოს ამაზე ამაღელვებელი ამ ქვეყანაზე? ამიტომ ხშირად უწოდეთ მას „მამა“!