ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ ამ ვირუსის შესახებ, არცთუ ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის მარადიულად მნიშვნელოვანია ის, რასაც ფიქრობს ღმერთი. ის არ მალავს თავის ფიქრებს. ბიბლიის თითქმის ყოველი გვერდი დღევანდელი მსოფლიო კრიზისის შესახებ მოწმობს.
ჩვენი სიტყვა ბალახივითაა, რომელიც მალე ჭკნება, ღვთის სიტყვა კი კლდესავით მტკიცეა. დაწერილია:
…ბალახი გახმა და ყვავილიც დასცვივდა. ღვთის სიტყვა კი საუკუნოდ მყოფობს.
ღმერთის განსჯანი „ჭეშმარიტნი და მართალნი“ არიან (ფსალ. 18:9). ღმერთს თუ ვუსმენთ და ვემორჩილებით, ვემსგავსებით ადამიანებს, რომლებიც კლდეზე იშენებენ სახლებს და არა ქვიშაზე (მათე 7:24).
ღვთის სიტყვა არა მხოლოდ ჭეშმარიტებაა, არამედ ყოვლად სრულყოფილი სიბრძნეა ყოველგვარი ცხოვრებისეული სიტუაციისათვის:
საოცარია მისი რჩევა, დიდია მისი სიბრძნე.
ღვთის სიტყვები ამ ძნელბედობის ჟამს არა მხოლოდ ჭეშმარიტი და ბრძნულია, არამედ ძვირფასი და ტკბილიც:
სასურველნი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბესნი თაფლისა და გოლეულისა.
ისინი საამოა ჩვენი ცხოვრებისათვის:
უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენ გაქვს.
საუკუნო სიცოცხლესთან ერთად გვეძლევა ურყევი მშვიდობა და სიხარული:
შენი სიტყვები სიხარულად მექცა და გულის სამხიარულოდ.
მწუხარების და გასაჭირის ჟამსაც არ ეკარგება მის სიტყვას სიტკბო, თუკი უკვე ვიცით მოციქულ პავლეს ნათქვამში ჩადებული საიდუმლოს შესახებ:
როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი.
საიდუმლო კი ამაშია დაფარული: როცა ვიცით, რომ ღვთის უზენაესობა, რომელსაც შეუძლია კორონავირუსის გავრცელების შეჩერება და არ აკეთებს ამას, იგივე უზენაესობაა, რომელიც იცავს ჩვენს სულს ამ სირთულის დროს და არა მარტო იცავს, არამედ აძლევს იმედს მასზე მინდობილთ და აგრძნობინებს, რომ უფლის განზრახვანი კეთილია, თუნდაც ადამიანს სიკვდილი ელოდეს.
…ხედავ ღვთის სახიერებას და სიმკაცრეს…
მისი განზრახვა ტკბილ-მწარეა. ნაყომის არ შეუცოდავს, როდესაც თქვა:
მეტისმეტად გამამწარა მე ყოვლადძლიერმა.
ეს სიმართლე იყო და ნაყომიმ სწორედ მაშინ თქვა ეს სიტყვები, როცა მისი ცხოვრება ის-ის იყო, უნდა შეცვლილიყო.
ახლა იმის დრო არ არის, რომ მხოლოდ ღმერთის სიყვარულზე გავამახვილოთ ყურადღება. ახლა ძნელბედობის ჟამია. ღმერთმა დაუშვა ეს და ამის შესახებ ვიცით, რადგან ის „ყოველივეს იქმს თავისი ნებით“ (ეფეს. 1:11). აბსოლუტურად ყველაფერს. არცერთი ჩიტი არ დაეცემა დედამიწაზე ზეციერი მამის ნების გარეშე (მათე 10:29).
ბუნება არ არის უზენაესი, არც ეშმაკია უზენაესი და არც ცოდვილი ადამიანი. ღმერთი განაგებს ყოველივეს (ლუკა 8:25; იობი 1:12, 2:6; საქმე 4:27-28). სწორედ ამიტომაც იობთან ერთად ვამბობთ:
ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება.
შესაბამისად, ღმერთმა არა მხოლოდ იცის კორონავირუსის შესახებ, არამედ მას თავისი მიზანიც აქვს მასთან დაკავშირებით. ყველაფერი, რასაც ღმერთი იქმს და რაც მის მიერაა დაშვებული, მის ბრძნულ ჩანაფიქრთა შესაბამისად ხდება. არაფერი ხდება უბრალოდ. ყველაფერს აქვს მიზანი. მათ, ვინც იესო ქრისტეზე არიან მინდობილნი, ყველაფერი სასიკეთოდ ეწევათ. სხვათათვის კი ეს უფლის გულმოწყალე მოწოდებაა გამოღვიძებისკენ:
მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.
ამას ვუპასუხებ ჩემს გულს, ამის გამო ვესავ, რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა. განახლდებიან ისინი ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება. ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული, ამის გამო ვესავ მას.
წყარო: https://www.desiringgod.org/