რამდენიმე წლის წინ წავიკითხე წიგნი ერნესტ შეკლტონის წარუმატებელი მისიის შესახებ, რომელსაც სურდა, პირველი მკვლევარი ყოფილიყო, ვინც ანტარქტიკას გადაკვეთდა. ის აპირებდა, გაეცურა რაც შეიძლება შორს, სამხრეთით, ხოლო შემდეგ ფეხით გაევლო, დაახლოებით, ორასი კილომეტრი სამხრეთ პოლუსის გავლით. თუმცაღა ყინვა ადრე დაიწყო, ხომალდი პოლარულ ყინულში გაიჭედა და დაზიანდა დანიშნულების ადგილიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შეკლტონის ჯგუფი გადარჩენისთვის იბრძოდა ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე ცხოვრების პირობებში, თუმცა ამ ადამიანებისთვის ყველაზე ცუდი იყო არა ყინვა, არამედ სიბნელე. საქმე ისაა, რომ სამხრეთ პოლუსზე მზე ჩადის მაისის შუა რიცხვებში და ამოდის მხოლოდ აგვისტოში. ისინი, ვინც ეს გამოცადა საკუთარ თავზე, ამბობენ, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი სასოწარკვეთილება, ვიდრე პოლარული ღამე – მუდმივი წყვდიადი.
წინასწარმეტყველი იერემია თავისი განცდების შესახებ წერდა, თითქოს მას „ბნელში ატარებდნენ“:
„მე ვარ კაცი, მისი წყრომის კვერთხისაგან ჭირის მნახველი. მან წამიყვანა და მატარა ბნელში და არა ნათელში. მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ აბრუნებს თავის ხელს ისევ და ისევ მთელ დღეს. დააბერა ჩემი ხორცი და ჩემი კანი, დალეწა ჩემი ძვლები. შემომადგა მე და მომიცვა სიმწარითა და შეჭირვებით. ბნელში დამასახლა, როგორც საუკუნოდ მკვდარი. ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გამოვიდე და დაამძიმა ჩემი ბორკილები. კიდევაც რომ ვიკივლო და ვუხმო მშველელს, ჩაახშობს ჩემს ვედრებას.“
(გოდება იერემიასი 3:1-8)
არ არის ნათელი. არ არის იმედი. ასე გრძნობდა თავს იერემია და შესაძლოა, თქვენც იმავეს თქმა შეგიძლიათ საკუთარი თავის შესახებ. იერემია აქ ღმერთის შესახებ საუბრობს. შეიძლება თქვენც გრძნობთ, რომ ღმერთი არ გისმენთ, ან კიდევ უარესი, საკუთარ თავს უსვამთ კითხვას: „ღმერთო, ნუთუ შენ დგახარ ამ საშინელ გარემოებათა უკან? ყოველ შემთხვევაში, არაფერს აკეთებ ამ ყოველივეს შესაჩერებლად.“
შემდეგ იერემია ამბობს: „და მშვიდობისგან მიტოვებულ იქნა ჩემი სული, დამავიწყდა კეთილდღეობა. და ვთქვი მე: დაიკარგა ჩემი ძალა და ჩემი იმედი უფლისაგან. გაიხსენე, უფალო, ჩემი უბედურება და ტანჯვა და სიმწარე. იხსენებს და დამცირებულია ჩემში სული.“
(გოდება იერემიასი, 3:17-20).
ამ მუხლების კითხვისას შეიძლება ვიფიქროთ: „ეს ნამდვილად ბიბლიაში წერია? განა რედაქტორს არ უნდა ამოეღო ეს სიტყვები? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ იერემიაა, ღვთის წინასწარმეტყველი! იერემია, შენ ნამდვილად არ ხარ საუკეთესო მდგომარეობაში. გამოიძინე, კარგად დაისვენე და ხვალ თავიდან დაწერე, როცა დასვენებული იქნები, არ გინდა?“
იერემიას შეიძლება ამოეღო ეს სიტყვები თავისი წიგნიდან, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ასე არ მოიქცა.
ადვილია ვიფიქროთ, რომ უფრო მეტად დადებითი და შთამაგონებელი ფსალმუნები გვჭირდება, ისეთები, როგორებსაც დავითი წერდა უფლის, ჩვენი მწყემსის შესახებ, წყნარი წყლების, ხასხასა მოლის და სავსე თასის შესახებ. დიახ, ადამიანებს მოსწონთ მსგავსი რაღაცები.
თუმცაღა ღმერთმა იერემიას გოდების წიგნი მაინც მოათავსა წმინდა წერილში (მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დამთრგუნველია და ბევრი ქრისტიანი არც სწავლობს მუხლებს ამ წიგნიდან). მას სურს, რომ თქვენ, ვინც ბნელში იტანჯებით, იცოდეთ, რომ უფალმა იცის ამ მდგომარეობის შესახებ; იცის, რასაც განიცდით და გრძნობთ. ღვთის წინაშე საკუთარი ემოციების გამოხატვა სრულიად ნორმალურია, როგორც იერემია გამოხატავდა, მაგალითად.
ეს გოდება გულწრფელია, თუმცა დაუსრულებელი. ეს არის გულწრფელი ანარეკლი იმისა, რასაც გრძნობს იერემია, თუნდაც მისი სიტყვები სრულად არ განმარტავდეს ღმერთის ქმედებებს. მაშინ, როცა ვერ ხედავთ ან არ გესმით, როგორ მოქმედებს ღმერთი თქვენს ცხოვრებაში – თუნდაც თქვენი ტკივილის მეშვეობით – ნორმალურია მის წინაშე გულწრფელად საუბარი.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ხშირად ვჩქარობთ ადამიანებისათვის პასუხის გაცემას ეკლესიებში: „მოწყენილი ხარ? ცხოვრებამ იმედი გაგიცრუა? ეს ნამდვილად არ იქნება ღმერთისგან! ჩართე კარგი ქრისტიანული საგალობელი ან ქადაგება, რადგან ქრისტიანის ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი დადებითი და გამამხნევებელი უნდა იყოს.“
თუმცაღა დეპრესიაში ყოფნისას თქვენ არ გჭირდებათ სწრაფი გამხნევება; თქვენ გჭირდებათ ღმერთი, რომელიც თქვენ გვერდითაა ამ ტკივილისას.
ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთმა დამაარსებელმა მოგვითხრო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იგრძნო პირველად ღმერთის მსახურებისადმი მოწოდება. მან დატოვა სამსახური და ტენესის შტატიდან ჩრდილოეთ კაროლინაში გადავიდა ოჯახთან ერთად, რათა სემინარიაში ესწავლა. სწორედ იმ დროს სერიოზულმა პრობლემებმა იჩინა თავი მის ცხოვრებაში. გაკოტრდა, განქორწინების ზღვარზე იდგა. ყველაზე ცუდი კი ის წუთები იყო, როცა ხელში თავისი ახალშობილი, გარდაცვლილი ვაჟი ეჭირა. ამ ადამიანმა გვითხრა: „ვერაფერს ვამბობდი. ღმერთს მხოლოდ ერთ კითხვას ვუსვამდი: ‘რატომ?’ არც ღმერთის შესახებ საუბარი მინდოდა და არც მისი სიტყვის ქადაგება. განრისხებული ვიყავი მასზე. მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობდი, ღმერთის კვალდაკვალ მევლო და მან კი ასე მიპასუხა?“
მრავალ მორწმუნეს გამოუცდია ბნელი წუთები და უფიქრია იმაზე, რაზეც ფიქრობდა იერემია, თუმცა ბევრმა მორწმუნემ ჩაახშო საკუთარი ემოციები იმ აზრის საკუთარი თავისათვის ჩაგონებით, თითქოს „ნამდვილი ქრისტიანები თავს ასე არასოდეს გრძნობენ.“
წინასწარმეტყველი იერემიაც ნამდვილი მორწმუნე იყო, თუმცა ის ამბობდა, რომ დაღონებული იყო მისი სული.
ჩარლზ სპერჯენი ნამდვილი ქრისტიანი იყო, თუმცა მან თავის მრევლს უთხრა ერთხელ: „მე უფრო დიდი ხანი მაქვს გატარებული დეპრესიაში, ვიდრე აქ მყოფთაგან რომელიმეს.“ ბევრი ამბობდა, რომ ის უდიდესი მქადაგებელი იყო ყველა დროის მქადაგებელთა შორის, თუმცა ხშირად ფიქრობდა ღვთისმსახურების დატოვებაზე დეპრესიის გამო.
მარტინ ლუთერი ნამდვილი ქრისტიანი იყო, თუმცა მის ცხოვრებაში იყო იმდენად რთული დროები, რომ ცოლი ყველა დანას მალავდა სახლში, რადგან შიშობდა, ლუთერს თავი არ მოეკლა. „კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კარიბჭესთან ვიდექი. გამუდმებით ვცახცახებდი. ქრისტეს შესახებ ფიქრიც კი არ შემეძლო, ჩემს გონებაში მხოლოდ სასოწარკვეთილება და ღვთისმგმობელი აზრები ტრიალებდა,“ – წერდა მარტინ ლუთერი.
ხედავთ თუ არა, რომ მხოლოდ თქვენ არ ხართ ასეთ მდგომარეობაში? ისტორიაში უდიდესი ქრისტიანები ისინი კი არ იყვნენ, ვინც ღმერთმა ყოველგვარი ტკივილისა და მწუხარებისგან გაათავისუფლა, არამედ ისინი, ვინც სწორედ მწუხარებასა და ტანჯვაში გამოატარა. ღმერთი დღესაც მზად არის, თქვენთან ერთად გაიაროს სიბნელეში და თქვენთვისაც იგივე მოიმოქმედოს.
ჯ. დ. გრიარი