როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.
ქრისტიანული ქცევის ოქროს წესები ერთ მარტივ ჭეშმარიტებას ემყარება: „როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ, თავადაც ასე უნდა მოექცეთ სხვებს.“ ხშირად, ჩვენ გვიჭირს სხვა ადამიანების ადგილას თავის წარმოდგენა და ჩვენი ქცევებიც მათ მიმართ მხოლოდ საკუთარი თვალთახედვიდან გამომდინარეობს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ უფალ იესო ქრისტეს ეს გაფრთხილება უბრალოდ კარგი სურვილი კი არ გახლავთ, არამედ წესი, რომელიც ბიბლიის სხვა ადგილას ასეა ნათქვამი: „ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.“ ყველა ჩვენი ქცევა ერთგვარი თესლია ჩვენი მომავლისთვის, ყველა ჩვენი საქციელი სხვებისადმი იმის ანარეკლია, რისი ხილვაც ჩვენს ცხოვრებაში გვსურს.
ზოგჯერ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ დაზარალებული რჩებით, თუმცა ასე არ არის, სწორი ქცევა არასდროს ჩაითვლება არასწორად უფლის წინაშე და არც სამართლიანობა გახდება უსამართლობა, როგორც არ უნდა გვიმტკიცებდეს ამას სხვადასხვა სიტუაცია. ყოველ ჩვენს ნაბიჯს შედეგი აქვს, ყოველ ქმედებას – საზღაური, ყოველ არჩევანს – მიზანი. ამიტომ იყავით მტკიცენი თქვენს არჩევანში, აირჩიეთ ქრისტიანული ქცევის მაღალი სტანდარტი და არაფრის გამო არ წახვიდეთ კომპრომისზე, რადგან თითოეული ჩვენგანი ანგარიშს ჩააბარებს არა ადამიანთა, არამედ ღმერთის წინაშე, ღმერთი კი უცვლელი, სამართლიანი და თავისი სიტყვის ერთგულია.
1. თუ ადამიანზე კარგის თქმა არ შეგიძლიათ, ჯობია, საერთოდ არაფერი თქვათ.
ჩვენმა ცხოვრებამ უმეტესწილად სოციალურ ქსელში გადაინაცვლა, რამაც საშუალება მოგვცა, ყველასა და ყველაფერზე გამოვხატოთ საკუთარი აზრი. მაშინ, როდესაც ადამიანს პირდაპირ არ ვუყურებთ თვალებში, უფრო მეტად უხეშნი ვართ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ სიტყვით ხშირად ვჭრით ერთმანეთს და ამას უფრო დიდი გასაქანი ინტერნეტმა მისცა, რადგან დაწერილ ტექსტებში არ ჩანს განწყობა, მიმიკა და ინტონაცია. გვიყვარს ადამიანების კრიტიკა კომენტარებში, ხოლო ხალხს ამის კითხვა მოსწონს. დღეს სიძულვილის ენა ერთგვარი სტანდარტი და თვითგამოხატვის საშუალებაა სოციუმში და თითქოს ადამიანებიც მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით ვმოქმედებთ, რათა მიღებულნი ვიყოთ ამ სოციუმში.
ქრისტიანული ქცევის საუკეთესო მაგალითი კი ისაა, რომ თუ ერთ ადამიანთან საუბრისას მეორე ადამიანზე კარგის თქმა არ შეგვიძლია, ჯობია, თავი შევიკავოთ რაიმეს თქმისგან, იქნება ეს პირადი თუ ონლაინსაუბარი, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს განკითხვაში გადაგვდის და საბოლოოდ, ურთიერთობებიც გვიფუჭდება.
2. ხშირად თქვით „გთხოვ“ და „გმადლობ“.
არსებობს სიტყვები, რომლებიც ადამიანებზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს და ამ სიტყვებს შორის არის: „გთხოვ“ და „გმადლობ“. მხოლოდ ერთი სიტყვის ჩამატება თქვენს ტექსტში ადამიანს თქვენდამი კეთილგანწყობილს ხდის. დღეს გამუდმებით ვწუწუნებთ, რომ მომსახურების სფერო არც ისეთი გამართულია, როგორიც უნდა იყოს. ამბობენ, რომ არ უღიმით კონსულტანტი, მოლარე, ტაქსის მძღოლი… სცადეთ და ერთხელ თავად გაუღიმეთ, გადაიხადეთ მადლობა ყოველი მომსახურებისთვის და მიმართეთ თხოვნით ადამიანებს, დამერწმუნეთ, თქვენი ცხოვრება უფრო პოზიტიური გახდება და დიახ, ამისთვის მთების გადადგმა არ დაგჭირდებათ, მხოლოდ ამ ორი სიტყვის ხშირად გამოყენება.
3. გაუფრთხილდით სხვის საკუთრებას.
როდესაც სტუმრად ხართ, პატივი ეცით სხვა ადამიანის პირად სივრცეს და გაუფრთხილდით მის საკუთრებას ისე, როგორც საკუთარს. როდესაც ვინმესგან რაიმე ნივთს თხოულობთ, აიღეთ პასუხისმგებლობა უკან მის უვნებლად დაბრუნებაზე, დაზიანების შემთხვევაში კი შეუცვალეთ ახლით. ერთი შეხედვით მარტივი წესია, თუმცა ამ წესის არგათვალისწინება ახლობლებს შორის ხშირად ხდება წყენის და გაუგებრობის მიზეზი, რადგან ადამიანები თავის დროს, ენერგიას და ფულს დებენ ყოველივე იმის შექმნასა და შეძენაში, რაც აქვთ და ეს ყველაფერი ხშირად იმაზე პირადულია, ვიდრე გგონიათ. ასე რომ, გაუფრთხილდით სხვის საკუთრებას, რადგან ამით ურთიერთობებსაც უფრთხილდებით.
4. არასოდეს დაუშვათ წყევლა და ბილწსიტყვაობა თქვენი პირიდან.
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.
ეს ბიბლიური ციტატა ერთგვარ საზომად შეგიძლიათ აქციოთ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით ან სოციალურ ქსელში კომენტარს წერთ. შეგიძლიათ, დაუსვათ თქვენს თავს კითხვა: „ის, რასაც ვამბობ, აშენებას ემსახურება თუ არა? მადლს ანიჭებს თუ არა მსმენელს?“ პასუხს მარტივად იპოვით, თუ იმ ადამიანის ადგილას წარმოიდგენთ თავს. ყოველთვის, როდესაც ადამიანის მიმართ ბილწსიტყვაობას მიმართავენ, ეს მის დასამცირებლად და შეურაცხყოფისათვის არის განკუთვნილი, რაც ვერასდროს იქნება ქრისტიანული ეთიკისთვის მისაღები საქციელი, ამიტომ როდესაც განრისხებულნი ვართ, სანამ რაიმეს ვიტყვით, უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ადამიანის გამო, რომელიც ჩვენ წინ დგას, უფალ იესო ქრისტეს ძვირფასი სისხლი დაიღვარა.
5. არასოდეს ისაუბროთ ადამიანებზე ზურგს უკან და არ მოისმინოთ ჭორები.
ყველამ იცის, რომ ამბების მიტან-მოტანა არ არის კარგი საქციელი, თუმცა ჭორაობა იმაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მათ შორის ქრისტიანებშიც. შესაძლოა, თქვენი სუსტი წერტილი სხვაზე ლაპარაკი სულაც არ გახლდეთ, მაგრამ ჭორების მოსმენაზე ვერ ამბობდეთ უარს; თავს ნუ დაიმშვიდებთ, ეს თითქმის ერთი და იგივეა, რადგან თქვენი პასიურობით და მოსმენით, ხელს უწყობთ ჭორების გავრცელებას. ქრისტიანული მორალი გვასწავლის, რომ გაბედულნი უნდა ვიყოთ, ეს კი მიგვითითებს, რომ უნდა შეგვეძლოს – პირდაპირ ვუთხრათ ადამიანს, რასაც ვფიქრობთ, ან გვწყინს. პირისპირ საუბარი თითქმის ყოველთვის აგვარებს დაძაბულ სიტუაციას, რადგან იქ, სადაც სინათლეა, არ რჩება ადგილი სიბნელისთვის.
6. იყავით სტუმართმოყვარე და გულუხვად გაუმასპინძლდით სხვებს.
იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე.
სტუმართმოყვარეობა ერთ-ერთი ქრისტიანული სათნოებაა და ბიბლიაშიც მრავლად ვხვდებით გულუხვი სტუმართმოყვარეობის მაგალითებს. ადამიანი ისე არსად არის თავდაჯერებული, როგორც „საკუთარ ტერიტორიაზე“, საკუთარ მიწაზე, საკუთარ სახლში და ისე არსად არ გრძნობს თავს მარტოდ, როგორც სხვის ქვეყანაში, სხვის ჭერქვეშ ყოფნისას, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი თავმდაბლური მომსახურება სტუმრის მიმართ, არა უპირატესობის ჩვენება, არამედ გულითადი, ქრისტიანული ძმათმოყვარეობა, მიმღებლობა და მომსახურება. აგრძნობინეთ თავი კომფორტულად სტუმარს თქვენს სახლში და აჩვენეთ ღვთიური სიყვარულის მაგალითი, რომლის წყალობითაც ჩვენ ყველა, ოდესღაც უცხონი, უფლის შვილებად ვიწოდებით.
7. იყავით გამცემნი ანგარების გარეშე.
გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.
გაცემა ქრისტიანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სხვაზე ზრუნვის გარეშე ჩვენს ეგოიზმს ვაძლევთ გასაქანს. არასდროს თქვათ, რომ არაფერი გაქვთ გასაცემი, მინიმუმ სიყვარული და ყურადღება შეგიძლიათ გასცეთ ადამიანების მიმართ. გადახედეთ თქვენს შესაძლებლობებს, დააკვირდით თქვენს სულიერ თუ მატერიალურ წინსვლას და მის შესაბამისად იმოქმედეთ. მიმოიხედეთ, აუცილებლად დაინახავთ ადამიანებს, რომელთაც თქვენი გვერდით დგომა სჭირდებათ, ისწავლეთ განაწილება და თქვენთვის ღირებული რაღაცების გაცემა, რადგან სწორედ ესაა მსხვერპლი, მსხვერპლი კი გვცვლის. და რაც მთავარია, არასდროს გააკეთოთ სიკეთე სხვათა დასანახად ან იმიტომ, რომ უკან ორმაგს მოელით, ეს მას მთლიანად უკარგავს ფასს, თქვენ კი იმედგაცრუების გზაზე გაყენებთ, რადგან აუცილებლად მოგეჩვენებათ, რომ სათანადოდ არ დააფასეს თქვენი მსხვერპლი. სიკეთის კეთებისას არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ღმერთი ყოველივეს ხედავს, აქციეთ ეს თქვენს მთავარ მოტივაციად და გადაიტანეთ ყურადღება ადამიანებიდან შემოქმედზე, დამერწმუნეთ, არასდროს დარჩებით იმედგაცრუებული.
P.S. და ბოლოს, ყველაფერს ქრისტიანულ, უფლის მოსაწონად ცხოვრებაში საფუძვლად სიყვარული უდევს. ყოველი ჩვენი ქცევა განპირობებული უნდა იყოს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, ხოლო იქ, სადაც სიყვარულია, არ რჩება ადგილი სიძულვილისთვის.
ავტორი: ნატალია ჩიქოვანი