ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი სიმბოლო აცხადებს, რომ „ქრისტე, ღვთის ძე შობილია ღვთისაგან და არა ქმნილი,“ შემდეგ: „შობილი მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა,“ ანუ სამყაროს შექმნამდე. გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ: ამ გამოცხადებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ შემდეგ ქრისტე ადამიანის სახით მოევლინა დედამიწას და ქალწულის ძედ იშვა. ახლა ჩვენ უბიწო ჩასახვაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენი საუბრის თემაა ის, რაც ჯერ კიდევ სამყაროს გაჩენამდე ხდებოდა. ქრისტე იყო შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და არა ქმნილი, რას ნიშნავს ეს?
„შვა“ ნიშნავს იქცე მამად, შექმნა ნიშნავს გაკეთებას აღნიშნავს. ამ ორ ცნებას შორის ის განსხვავებაა, რომ თქვენგან შობილს ისეთივე ბუნება ექნება, როგორც თქვენ. ადამიანს ბავშვი უჩნდება, ჩიტი ბარტყებს ჩეკს, მაგრამ, როცა რამეს აკეთებთ, თქვენს ქმნილებას თქვენგან განსხვავებული ბუნება აქვს. ჩიტი ბუდეს წნავს, ადამიანი რადიომიმღებს აწყობს ან ქანდაკებას აქანდაკებს, თუ ის დახელოვნებული მოქანდაკეა, შესაძლოა, ადამიანის მსგავსი ქანდაკებაც შექმნას, მაგრამ უსიცოცხლო ქანდაკება ვერასდროს იქცევა ადამიანად. ის მხოლოდ წააგავს ადამიანს. მას არც სუნთქვა შეუძლია და არც ფიქრი.
ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის, რაც ღვთისგან იშვა ღმერთია და რაც ადამიანისგან – ადამიანი. ის, რაც ღმერთმა შექმნა ღმერთი არ არის და რაც ადამიანმა შექმნა – ადამიანი. აი, რატომ არ არიან ადამიანები ღვთის ძეები იესო ქრისტეს მსგავსად. ადამიანები შეიძლება ღვთის მსგავსნი იყვნენ, მაგრამ ისინი სხვა კატეგორიის არსებები არიან, ისინი უფრო მეტად იმ ქანდაკებას ან სურათს წააგვანან, რომლებიც ღმერთს გამოხატავენ. ისევე, როგორც ქანდაკება, რომელიც ჰგავს ადამიანს, მაგრამ უსიცოცხლოა, ადამიანიც (გარკვეული თვალსაზრისით, რის ახსნასაც ვცდილობ) ჰგავს ღმერთს, მაგრამ მასში ის სიცოცხლე არაა, რაც ღმერთს ახასიათებს.
ის, რაც ღვთის მიერაა შექმნილი, რაღაცით წააგავს კიდეც მას. კოსმოსი წააგავს მას თავისი უსაზღვროებით, თუმცა მისი უსაზღვროება არ არის იგივე, რაც ღვთისა, ის მხოლოდ მის სიმბოლურ გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ. მატერია იმ თვალსაზრისით ემსგავსება ღმერთს, რომ მასაც გააჩნია ენერგია, თუმცა, რასაკვირველია, ფიზიკური ენერგია განსხვავდება ღმერთისთვის დამახასიათებელი ენერგიისაგან. მცენარეული სამყარო იმით მიაგავს ღმერთს, რომ მასაც გააჩნია სიცოცხლე, თუმცა ბიოლოგიური სიცოცხლე ღვთიური სიცოცხლის სიმბოლოდ ან აჩრდილად შეიძლება მივიჩნიოთ. ცხოველთა სამყაროზე საუბრისას, აქ სხვა სახის მსგავსებას ვაწყდებით. მწერების გაცხოველებული ნაყოფიერება და ქმედითუნარიანობა, შეიძლება შორეული მინიშნებაა ღვთის დაუცხრომელ შემოქმედებით აქტივობაზე. ძუძუმწოვრებთან უკვე ინსტინქტურ კავშირებს ვხედავთ, რასაკვირველია, ეს იგივე არ არის, რაც ღვთისთვის დამახასიათებელი სიყვარული, მაგრამ იგი წააგავს მას, როგორც ბრტყელ ტილოზე დახატული სურათი პეიზაჟს.
და აი, ჩვენ მივუახლოვდით ადამიანს, ცხოველთა სამყაროს ყველაზე განვითარებულ არსებას. სწორედ მასში ვპოულობთ ყველაზე რთულ მსგავსებას ღმერთთან. ადამიანი არა მარტო ცხოვრობს, არამედ უყვარს და ფიქრობს კიდეც, ბიოლოგიური სიცოცხლე მასში უმაღლეს დონეს აღწევს, თუმცა ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანი მოკლებულია სულიერ სიცოცხლეს, ანუ სიცოცხლის იმ განსაკუთრებულ და უმაღლეს ფორმას, რომელიც ღმერთს ახასიათებს. როგორც ერთის, ისე მეორის გამოსახატავად ჩვენ ერთსა და იმავე სიტყვას – სიცოცხლეს ვიყენებთ, მაგრამ თუ აქედან დასკვნას გამოიტანთ, რომ ეს ერთი და იგივე რამაა, მწარედ შევცდებით. ეს ერთი და იგივე არ არის, ისევე როგორც სამყაროსა და ღმერთის უსაზღვროება, განსხვავება ბიოლოგიურ და სულიერ სიცოცხლეს შორის იმდენად დიდია, რომ ვაპირებ, შემდგომში მათ სხვადასხვა სახელი ვუწოდო.
ბიოლოგიურ სიცოცხლეს, რომელსაც ბუნებიდან ვიღებთ და თანდათანობით ქრობისა და ხრწნისკენ არის მიდრეკილი (და ამიტომ მუდმივ დასაყრდენს საჭიროებს და იღებს კიდეც ბუნებისგან ჰაერის, წყლისა და საკვების სახით), მე ვუწოდებ „ბიოს: (ბერძ.); მარადისობიდან მომდინარე სულიერ სიცოცხლეს კი, რომელიც ღმერთშია და რომლითაც შეიქმნა მთელი ფიზიკური სამყარო „ძოეს“ დავარქმეც (ბერძ. ასევე ნიშნავს სიცოცხლეს). „ბიოსი“, რასაკვირველია წააგავს „ძოეს“, როგორც მისი ჩრდილი და სიმბოლო. ეს იმგვარი მსგავსებაა, როგორიც ქანდაკებასა და ადამიანს შორის შეიძლება იყოს. ცვლილება, რომელიც ხდება ჩვენში, როცა „ბიოსი“ „ძოედ“ გარდაიქმნება, მარმარილოს ქანდაკების ადამიანად გადაქცევის ტოლფასია.
სწორედ ეს არის ყველა ქრისტიანული გამოცხადების არსი: ჩვენი სამყარო გენიალური მოქანდაკის სტუდიაა, ჩვენ ქანდაკებები ვართ და დადის ხმები, რომ ერთ მშვენიერ დღეს ზოგიერთი ჩვენგანი გაცოცხლდება…
ავტორი: კლაივ ლუისი