ჩარლზ უესლი გახლდათ მეთოდისტური მოძრაობის დამაარსებლის, ჯონ უესლის უმცროსი ძმა. ჩარლზი იყო სამუელ და სუზანა უესლების მე-18 შვილი (ცხრამეტი შვილიდან მხოლოდ ათმა მიაღწია სრულწლოვანების ასაკს). დედა, სუზანი, კარგად ფლობდა ფრანგულ, ლათინურ და ბერძნულ ენებს და შვილებს დღეში 6 საათის განმავლობაში ამეცადინებდა. ჩარლზმა 13 წელი უესტმინსტერის სკოლაში, ხოლო 9 წელი ოქსფორდში ისწავლა, სადაც მიიღო კიდეც მაგისტრის ხარისხი. ჩარლზ უესლი 8989 საგალობლის ავტორია.
1742 წლის 4 აპრილს ჩარლზ უესლიმ ოქსფორდის უნივერსიტეტში წარმოთქვა ცნობილი ქადაგება „გაიღვიძე, მძინარევ.“ ქადაგება ეფუძნება ეფესელთა მიმართ წერილის მე-5 თავის მე-14 მუხლს: „გაიღვიძე, მძინარევ, და აღდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე.“
„უპირველეს ყოვლისა, მივმართავ მათ, ვისაც სძინავთ. ძილი აღნიშნავს სულის იმ ღრმა ძილს, რომელიც ადამის ცოდვამ მოჰგვარა მის ყველა შთამომავალს ‒ ის სიზარმაცე, მცონარობა და უგრძნობლობა, რაც თან დაჰყვება ამქვეყნად მოსულ ყოველ ადამიანს და თან სდევს მანამ, სანამ ღვთის ხმა არ გამოაღვიძებს მას.
ამიტომაც, ‘გაიღვიძე, მძინარევ, და აღდექ მკვდრეთით’. ღმერთი მოგიწოდებს ჩემს ბაგეთაგან და შეგაგონებს, რომ ჩასწვდე საკუთარ თავს, შენ, დაცემულო სულო, რათა გაისიგრძეგანო შენი ნამდვილი მდგომარეობა და ის, თუ რა გჭირდება:
რას დაგიძინია? ადექი, შენც შეღაღადე შენს ღმერთს, ვინ იცის, შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ.
დიდი განსაცდელი მღელვარებს შენ გარშემო და დაღუპვის სიღრმეებში იძირები, ღვთის სამსჯავროს ტალღები შთანთქმას გიპირებს. ძმანო, დროა იმისა, რომ გამოვერკვეთ ძილიდან მანამ, სანამ ‘უფლის დიდი საყვირის ხმა გაისმება’ და სანამ ჩვენი მიწა სისხლით მოირწყვება. ო, დაე, მალე დავინახოთ ის ყოველივე, რაც სიმშვიდეს მოგვანიჭებს მანამ, სანამ ჩვენს თვალთაგან მიეფარებოდეს იგი!
მოგვაბრუნე, უფალო, შენკენ, და ჩვენც მოვბრუნდებით! ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს და გაგვაგებინე შენი ‘მონახულების ჟამი’. დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის, გადაგვარჩინე და შეგვინდე ცოდვები შენი სახელის გულისათვის, რათა არ უკუვდგეთ შენგან. გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ! უფალო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ. გვიჩვენე შენი სახის ბრწყინვალება და დავიხსნებით!“
წყარო: https://www.whdl.org/