შეხება, თავისთავად, არაფერ ცუდს არ წარმოადგენს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვილებს სჭირდებათ ხშირად შეხება ზრდისა და განვითარებისთვის. ბევრი ადამიანი შეხებით გამოხატავს ერთმანეთისადმი გრძნობას, ზრუნვას და ერთგულებას; მაგრამ თუკი შეხებას დაუდევრად განვკარგავთ, შესაძლოა, საპირისპირო სქესის ადამიანებში უნებლიე და არასასურველი სიგნალები გამოვიწვიოთ.
ჩვენ არა მხოლოდ სიტყვებით ვსაუბრობთ
დაოჯახებულ მამაკაცებსა და ქალბატონებს შეუძლიათ, თანდათან გაწვრთნან საკუთარი თავები, რათა თვალი აარიდონ ზედმეტად დაჟინებულ თვალით კონტაქტს საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მიმართ.
ბევრი ადამიანი შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ შეუძლიათ საპირისპირო სქესისადმი თავიანთი „გზავნილების“ გაკონტროლება. სამწუხაროდ, ისინი ცდებიან.
ჩვენ შეიძლება ვიყოთ ძალიან ფრთხილები და ვცდილობდეთ, გავფილტროთ „გზავნილთა“ შექმნის პროცესი, მაგრამ არანაირი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია იმაზე, თუ როგორ იქნება ეს „გზავნილები“ ინტერპრეტირებული და გაგებული მიმღები მხარის მიერ. ზოგჯერ, შესაძლოა, სრულიად უწყინარი შეხებაც კი იყოს ცოდვილი იმპულსის კატალიზატორი, და ამასთანავე ბევრი სხვა არავერბალური ფაქტორიც არსებობს, რომლებიც, თუკი კარგად დავაკვირდებით, ცოლქმრულ ღალატამდე მიყვანის პოტენციალს ფლობენ.
მოდით, ვისაუბროთ ამ არავერბალური კომუნიკაციის არხებსა და გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომელთა უგულებელყოფაც დაუშვებელია.
მზერა
გარკვეულწილად, ყველას გვქონია ფლირტის მაგვარი რამ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. ხანდახან ასეთ თამაშსაც ვთამაშობთ: ეცადე, დაიჭირო მზერა; როგორც ერთ-ერთ სიმღერაშია: „მე გავხედე მას, რათა დამენახა, მანაც ხომ არ გამომხედა, და ეს იმისთვის, რომ ენახა, როგორ გავხედე მას…“
ოთახის სხვადასხვა ბოლოში სხედხართ თუ ერთმანეთის პირისპირ, თვალით კონტაქტს შეუძლია, აღძრას გრძნობები: მეგობრულიც და სექსუალურიც. და როდესაც თვალით კონტაქტი ასეთი მიზნებისთვის განზრახ გამოიყენება დაქორწინებული ადამიანის მიმართ, ამას აუცილებლად მოჰყვება გარკვეული შედეგი. თუკი ანკესზე წამოეგებით, ხანგრძლივი თვალით კონტაქტი საპირისპირო სქესის რომელიმე წარმომადგენელთან შეიძლება გახდეს მოწვევა საუბრის დასაწყებად. ამ დროს სასაუბრო თემები, შესაძლოა, სრულიად უწყინარიც იყოს. ისევ და ისევ ხაზს გავუსვამ: საუბარი თავისთავად ამორალური არ გახლავთ, თუმცა ხშირად უწყინარ თემებს როგორღაც მივყავართ ისეთ საკითხთა განხილვისკენ, რაც მხოლოდ მეუღლეებს შორის არის მართებული – ადამიანები იწყებენ გრძნობებსა და ოცნებებზე საუბარს.
ასეთი საუბრები კიდევ უფრო საშიშია, როდესაც ისინი სოციალური ქსელებისა და პირადი მიმოწერის სივრცეშია გადატანილი, რადგან იქმნება უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება. ტექსტური მიმოწერა და ვირტუალური ურთიერთობანი იძლევა უსაფრთხოების ცრუ განცდას და გგონიათ, რომ შორ მანძილზე ყოფნა და ვირტუალური სამყარო რამდენადმე იცავს თქვენს რეალურ ქორწინებას…
ამრიგად, როგორ მოვიქცეთ? ყურადღებით იყავით საკუთარ მზერასთან. პირადად ჩემთვის ეს მარტივი არ აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მიყვარს ყველაფერზე დაკვირვება, განსაკუთრებით ადამიანებზე დაკვირვება. შესაძლოა, ამაში მგავდეთ კიდეც. იყავით ფრთხილად, რომ თქვენი სიყვარული დაკვირვებისადმი არ იყოს მცდარად გაგებული. დაქორწინებული ადამიანები ვალდებულნი არიან გააკონტროლონ, რომელ მხარეს მიდის მათი მზერა.
იობმა საკუთარ თვალებს აღთქმა დაუდო, რომ არ შეხედავდა ქალებს გულისთქმით. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დღესაც შეუძლიათ დაქორწინებულებს. მათ შეუძლიათ ეცადონ, გამოწვრთნან თავიანთი თვალები იმაში, რომ მოერიდონ თვალით დაჟინებულ კონტაქტს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. რა თქმა უნდა, თანამოსაუბრეს უნდა უყუროთ თვალებში საუბრის დროს, მაგრამ ერთია თვალებში ყურება და მეორეა ფლირტის თვალებით გაბმა. სწორედ ეს უნდა გააკონტროლოთ.
მარტივად რომ ვთქვათ, ნუ ესვრით საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ისეთ მზერას, რომელიც მხოლოდ მეორე ნახევრისთვის არის განკუთვნილი.
შეხება
შეხების სარგებლობაში დარწმუნება საჭირო აღარ არის. მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ შეხებით კონტაქტს შეუძლია სტრესის მართვა, არტერიული წნევისა თუ გულის პულსის ცვლილება და ა. შ. ემოციური თვალსაზრისით, შეხება იძლევა გამხნევებისა და მხარდაჭერის განცდას ტანჯვისა და დარდის დროს, ასევე სიხარულშიც. როდესაც შეხება გამოიყენება არადანიშნულებისამებრ, ან ისე, უბრალოდ, ადამიანმა, რომელსაც ეხებიან, შესაძლოა, ძალიან მცდარად გაიგოს ასეთი „უადგილო გულუხვობის“ მოტივი.
თუკი, ვთქვათ, სამსახურში საუბრის დროს თქვენს ხელს ზედმეტად დააყოვნებთ საპირისპირო სქესის თანამშრომლის ხელზე, ეს შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც ემოციური ან სექსუალური გზავნილი, რომლის გაგზავნასაც შესაძლოა, თქვენს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი არ აპირებდით.
თავის მხრივ, თქვენ ან თქვენი შეხების ობიექტმა შეიძლება იგრძნოთ ისეთი ემოცია ან სურვილი, რომელიც მართებულია მხოლოდ მეუღლეებს შორის ურთიერთობაში. და კიდევ ერთი რამ, შეიძლება თქვენ არ ცდილობდეთ შეხების მეშვეობით საპირისპირო სქესთან „ხიდების აშენებას“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს შეხება არ იმოქმედებს ასეთნაირად თქვენთან მიმართებით.
დააკვირდით თქვენს შეხებას საპირისპირო სქესთან საუბრის დროს. შეამოწმეთ, რამდენად ხშირად ერთვის თქვენს სიტყვებს შეხება და მომავალში ერიდეთ მსგავს სიტუაციას ყველა შესაძლო საშუალებით.
პირად ელექტრონულ საუბრებში გატარებული დრო
ტექსტური მიმოწერა და ურთიერთობანი იძლევა უსაფრთხოების მცდარ განცდას. შესაძლოა გეჩვენებათ, რომ თქვენ შორის არსებული ვირტუალური მანძილი იცავს თქვენს რეალურ ქორწინებას. გახსოვდეთ, დროც ასევე წარმოადგენს ენას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სურვილების გადაცემა: როგორც ემოციებით, ისე სექსუალური თემებით.
საპირისპირო სქესთან სტაბილური ტექსტური მიმოწერა მეტყველებს შემდეგზე: „მე მომწონს შენთან საუბარი.“ შემდეგ კი ეს, შესაძლოა, ინტერპრეტირებული იყოს უწყინრად ან აღვირახსნილად. შესაძლოა, უცებ ისეც მოხდეს, რომ ნეიტრალური საუბარი გადავიდეს ისეთ საკითხთა განხილვის ფაზაში, რომელთა განხილვაც მხოლოდ მეუღლეებს შორის არის მართებული.
შეიძლება თქვენ გამოგივიდეთ კიდეც ემოციური კავშირის თავიდან აცილება გრძნობათა და ოცნებათა შესახებ საუბრისას, მაგრამ არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ თქვენი თანამოსაუბრე, დაოჯახებული თუ დასაოჯახებელი, შეძლებს საკუთარი თავის გაკონტროლებას ისევე, როგორც თქვენ.
ყველანაირი ძალისხმევით ეცადეთ, თავი აარიდოთ პირად ვირტუალურ საუბრებს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. უბრალოდ არც კი დაიწყოთ. ასეთი საუბრები მოყინული ბილიკივითაა. ძალიან რთულია, გაცნობიერებულად გააკონტროლოთ თქვენი ემოციური გზავნილები, როდესაც ვირტუალურად საუბრობთ. ცდუნებანი ვირტუალურ საუბრებში სულაც არ არის ვირტუალური.
თქვენი გული
და ბოლოს, შეამოწმეთ, რა გაქვთ გულში. დიახ, სწორედ ასე, გამოიკვლიეთ და შეამოწმეთ საკუთარი გული. საკმაოდ ხშირად მესმის არგუმენტები: „მე და ჩემი მეუღლე მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რაც უმჯობესია ორივესთვის.“ არა, თუ გავითვალისწინებთ ადამიანურ ბუნებას, ადამიანი მხოლოდ იმას აკეთებს, რაც უმჯობესია მისთვის. პრობლემები ქორწინებაში ხდება ეგოიზმის გამო, განქორწინება კი გახლავთ ამ პრობლემათა შედეგი.
კარგად დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ დაქორწინებული ხართ ან აპირებთ დაქორწინებას, მაგრამ არ ხედავთ იმის აუცილებლობას, რომ გააკონტროლოთ ურთიერთობანი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან – პრობლემა გემუქრებათ…
დაელაპარაკეთ საკუთარ თავს გულწრფელად. შეამოწმეთ თქვენი გული. განზრახ არ აკონტროლებთ საპირისპირო სქესთან თქვენს არავერბალურ კომუნიკაციას თუ უბრალოდ მიამიტი ადამიანი ხართ? გახსოვდეთ, თქვენ პასუხისმგებელი ხართ სიტყვებსა და გზავნილებზე, რომელთაც უშვებთ რომელიმე მიმართულებით. ჟესტებს და გამოხედვას, რომელთაც ჩვენ ვიღებთ თუ გადავცემთ, აქვთ უნარი – „გამოიჭირონ“ ადამიანის გული და მშვინვა.
ჩვენ უფალმა შეგვქმნა სხვა ადამიანებთან ვერბალური და არავერბალური ურთიერთობისთვის, მათ შორის საპირისპირო სქესის ადამიანებთანაც. თუმცა, ცოდვით სავსე სამყაროში არ შეიძლება ამ ურთიერთობათა მიშვება ზრახვების შემოწმებისა და სწორი სტრატეგიის ქონის გარეშე.
მეუღლეებს შორის პატივისცემა ნიშნავს პატივისცემას სიტყვებითაც და საქმითაც, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ; ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს და გაგვაცალკევებს ერთმანეთისგან.
ავტორი: ზაკ კარტერი