მიმაჩნია, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ხუთი სფერო, რომლებშიც განსაკუთრებით ძნელია ღმერთზე მინდობა. ეს მოსაზრება სტატისტიკურ მონაცემებს კი არა, არამედ მსახურების ოცდახუთწლიან გამოცდილებას ეყრდნობა. ადამიანური ბუნება ღმერთს არ გადასცემს კონტროლს ამ ცხოვრებისეულ სფეროებში.
მიუხედავად ამისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს შემდეგი დარიგება:
„დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.“
აი, ის ხუთი სფერო, რომელთა მართვის სადავეების ღმერთისთვის გადაცემა ასე გვიჭირს:
1) ჩვენი კარიერა
სიცოცხლე მეტისმეტად ხანმოკლეა იმისათვის, რომ ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს.იმ ადამიანთა გამონათქვამებს ვკითხულობდი, რომელთაც ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ, სიცოცხლის აღსასრულს მიუახლოვდებიან და მიხვდებიან, რომ მათ ცხოვრებაში არსებულ სხვადასხვა მიღწევებს არავითარი აზრი და მნიშვნელობა არ გააჩნიათ. ის, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენს ცხოვრებას − უკიდურესად დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხია. სწორედ ამიტომ, თუ ღმერთს ჩვენი ცხოვრების ნამდვილ პრიორიტეტად ვაქცევთ და მხოლოდ ხანდახან კი არ ვიფიქრებთ მასზე, ის გაასწორებს ჩვენს ბილიკებს და გვიჩვენებს ჩვენს ცხოვრებისეულ მოწოდებას.
ყოველი ადამიანი სამყაროს შემოქმედის მიერ შეიქმნა გარკვეული ჩანაფიქრის, გარკვეული მიზნისა და მოწოდების მიხედვით. არსებობს რაღაც, რის კეთებაც ნამდვილად მოგწონთ და რაც კარგად გამოგდით, ამავდროულად, რაღაც ახალს ქმნით ამით. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სწორედ ამ მიმართულებით მოგიწოდებთ ღმერთი.
ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი კარიერა იმისთვის არის საჭირო, რომ ‘შემდგარ’ ადამიანებად ვიგრძნოთ თავი, ავიდეთ კარიერის კიბეზე, გამოვიმუშაოთ ფული და მოვიხვეჭოთ სახელი, თუმცაღა, თუ იესო ქრისტეს მიჰყვებით, მას სურს, რომ კარიერული წინსვლისას ზრუნავდეთ არა საკუთარ თავსა და საკუთარ დიდებაზე, არამედ უფლის განდიდებაზე.
მაშინ, როდესაც სწორედ ეს ხდება ჩვენი მიზანი და მაშინ, როცა მზად ვართ ვაკეთოთ ის, რასაც უფალი მოელის ჩვენგან და წავიდეთ იქით, საითაც ის მიგვიძღვის, მაშინ შეგვიძლია ჭეშმარიტი სიამოვნება და სიხარული მივიღოთ იმისგან, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ უბრალოდ კი არ „დავდივართ სამსახურში“, არამედ ყოველდღიურად მზად ვართ რაღაც ახლის შესაქმნელად და არსებულის შესაცვლელად.
2) ჩვენი შვილები
არ არსებობს ქრისტიანი მშობელი, რომელსაც შინაგან წინააღმდეგობათა გადალახვა არ უხდებოდეს იმისათვის, რომ იესო ქრისტეს მიანდოს თავისი შვილები.მახსოვს, პირველად როგორ წავიყვანეთ ჩარისი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში მე და კრეტამ (მეუღლე). ჩარისი სამზარეულოს კარადიდან გადმოვარდა და თავი ძლიერად დაარტყა. კრეტა იმ ოთახში შევიდა, სადაც უნდა გაერკვიათ, ჩარისის ტვინში ჰემატომა ხომ არ წარმოიქმნა, მე კი კარს მიღმა ველოდებოდი. იმისათვის, რომ ექიმებს ანალიზები აეღოთ, ჩარისი გაუნძრევლად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას ეს არ მოსწონდა და ხმამაღლა ყვიროდა.
გული მეფლითებოდა. ჩემი გოგონა თავგანწირვით ყვიროდა, მე კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ამ დროს ღმერთმა წამჩურჩულა გულში: „მე ის შენზე ადრე შევიყვარე, მე ის შენზე მეტად მიყვარს“. ეს ჭეშმარიტება გამუდმებით უნდა შემეხსენებინა საკუთარი თავისთვის!
ცოტა ხნის შემდეგ ჩარისმა მეორე კლასი დაამთავრა. მას თავისი ამბიციები და ოცნებები აქვს და მის გვერდით ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მე, როგორც მშობელი, ვხედავ და მესმის, რომ მის ზრდასთან ერთად ჩემი როლი კონტროლიდან გავლენაში გადაიზრდება… და მე უნდა მჯეროდეს, რომ ის, ვინც ჩემთან იყო ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, მასთანაც იქნება.
3) ჩვენი ურთიერთობები
დაოჯახებული თუ ხართ და თუ თქვენი ურთიერთობები რთულ ეტაპზეა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გიჭირთ ღმერთის ნდობა.
მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ სრულიად დარწმუნებული იყოთ, რომ უფალ იესოსთვის ძვირფასია თქვენი ქორწინება და რომ მან მოგცათ იარაღი და ძალა იმისათვის, რომ სწორად და საუკეთესოდ მოიქცეთ, თუ მიიღებთ შეგნებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ღმერთი აქციოთ თქვენს ნამდვილ პრიორიტეტად, რომ არ იყოს იგი მხოლოდ წამიერად გონებაში გაელვებული აზრი.
მარტოსული თუ ხართ, სხვაგვარი ეჭვები გიპყრობთ…
იმ შემთხვევაში, თუ 20-25 წლის ხართ და მარტოსული ბრძანდებით, ისეთ ეტაპზე ხართ, რომელსაც „ეჰ“ ეწოდება. ამ დროს ადამიანი თავის თანატოლებს შეჰყურებს, რომლებიც დადიან პაემნებზე და ქმნიან ოჯახებს, თქვენ კი კვლავ მარტო ხართ და ფიქრობთ: „ეჰ, მე რა მჭირს, ნეტავ?“
იმ შემთხვევაში, თუ 25-30 წლის ხართ და მაინც მარტოსული ბრძანდებით, ხართ ეტაპზე, რომელსაც „ო, არა“ ეწოდება. ამ დროს ღმერთს უჯანყდებით და ებრძვით, რადგან გრძნობთ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, მაგრამ ყველაფერი არასწორად გამოვიდა. ფიქრობთ, რომ ოჯახის შესაქმნელად კომპრომისის დაშვება მოგიწევთ.
იმ შემთხვევაში, თუ ოცდაათ წელს ხართ გადაცილებული და კვლავ მარტო ხართ, იმყოფებით ეტაპზე, რომელსაც „თავდაჭერილობის დაკარგვა“ ჰქვია. ამ დროს თქვენს სულში ატომური აფეთქება ხდება, რადგან ახლა დარწმუნებული ხართ, რომ უფალ იესოს ერთგულება მხოლოდ დანაკარგი იყო თქვენთვის, ვინაიდან მას რომ ნამდვილად ჰყვარებოდით, უკვე გექნებოდათ ოჯახი.
ვიცი, რომ ეს ძნელია… მაგრამ, როცა ეჭვები ჩნდება, ამას ისე უნდა შეხედოთ, როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას იმისათვის, რომ ღმერთს უფრო მეტად მიენდოთ. დიახ, ჩვენ ვღებულობთ მტკივნეულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ პირველ ადგილზე დავაყენოთ უფალი, ის კი ყოველთვის მიგვიძღვის იმ ადგილისკენ, რომელიც ჩვენს საუკეთესო წარმოსახვას აღემატება.
4) ჩვენი „სხვა ცხოვრება“
ძალიან ხშირად ქრისტიანად გახდომა ნიშნავს, მივიღოთ ღმერთის მოწვევა ზეცაში შესასვლელად. ზეცა საოცარი ადგილია და ქრისტიანები იქ სიკვდილის შემდეგ მოხვდებიან.
მიუხედავად ამისა, ქრისტიანობა სიკვდილის შემდეგ ზეცაში მოხვედრა როდია; ქრისტიანობა ნიშნავს ქრისტესადმი მიმსგავსებას. თავად იდეამ იმის შესახებ, რომ „მე ზეცაში წავალ“, მიგვიყვანა იქამდე, რომ საზოგადოება წამოეგო პრიორიტეტიზაციის ტყუილის ანკესზე…
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ქრისტიანობას მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში ვათავსებთ და არ ვაძლევთ ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებში ჩარევის ნებას, თუმცაღა, როცა ქრისტიანები ვხდებით, რომაელთა 10:9-ის თანახმად, უნდა ვაღიაროთ იესო ჩვენს უფლად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი კი არ არის, ის ჩვენი ცხოვრებაა (კოლას. 3:3-4)!
იმ შემთხვევაში, თუ ვაღიარებთ იესო ქრისტეს ჩვენს უფლად და თუ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს მივანდობთ მას, მივიღებთ თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას, სადაც შევძლებთ საკუთარ სისუსტეთა აღიარებას, დახმარების თხოვნას, ცდუნებათა დროს დუმილის დარღვევას და სხვებისთვის ჩვენ გვერდით ყოფნის ნების მიცემას (ნაცვლად იმ შიშისა, რომ ისინი გადაგვაბიჯებენ).
5) ჩვენი ფინანსები
ფული ადამიანის ცხოვრების ის სფეროა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად უმორჩილებს იგი ღმერთს. ეს ასევე გახლავთ ადამიანის ცხოვრების ყველაზე მეტად უმართავი სფერო.
მანამ, სანამ ღმერთს არ გადავცემთ ამ სფეროს კონტროლს, ის ყოველთვის უკონტროლო და უმართავი იქნება.
ფული ძალიან სერიოზული თემაა! უფალი იესო ფულის შესახებ გაცილებით უფრო ბევრს ლაპარაკობდა, ვიდრე სხვა რომელიმე საკითხზე! ის ამბობდა, რომ ჩვენი გული იქ იქნება, სადაც ჩვენი ფულია (მათე 6:21). ის ამბობდა, რომ ფული ღმერთის ყველაზე დიდი მეტოქეა ჩვენი გულის მოპოვებისათვის ბრძოლაში (მათე 6:24). მოგვიანებით კი მოციქული პავლე წერდა, რომ ვერცხლისმოყვარეობა ყოველგვარი ბოროტების ფესვია (1 ტიმოთე 6:10).
მახსოვს, როგორ მარიგებდა ჩემი ხუცესი, როცა ყმაწვილი ვიყავი: ფულისადმი ჩემი დამოკიდებულება მკაფიო მანიშნებელია იმისა, თუ ვინ, ან რა არის ჩემი სიყვარულისა და თაყვანისცემის ობიექტი.
მე თუ მინდა, რომ სრულიად მივუძღვნა თავი ქრისტეს და ერთგულად მივდიო მას, ყველაფერი უნდა მივანდო. და რაც უფრო და უფრო მეტად გახდება ქრისტე პრიორიტეტი (და არა წამიერად გაელვებული აზრი) ჩემი ფინანსური ცხოვრებისა, მით უფრო მეტად თავისუფალი და გულუხვი გავხდები.
ავტორი: პერი ნოუბლი