მტრის მისიაა, დაეუფლოს ადამიანების ცხოვრებას, რათა მოიპაროს, მოკლას და გაანადგუროს (იოანე 10:10).
ის, რასაც სატანა გვთავაზობს, შეიძლება გარეგნულად კარგი და სასიამოვნო ჩანდეს, მაგრამ მისი დაფარული მიზანი განადგურებაა. ის ყოველთვის ცდილობს გზის პოვნას, რათა ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდეს თავისი ბოროტი გეგმების აღსასრულებლად.
სატანა განსაკუთრებით ცდილობს, კონტროლი მოიპოვოს ჩვენი ცხოვრების ხუთ ასპექტზე:
1. ჩვენი გული
„ყველაფერზე მეტად დაიცავი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები“ (იგავები 4:23), – ვკითხულობთ ბიბლიაში.
ეშმაკმა იცის, რომ ის, რაც შენს გულზე მოქმედებს, გავლენას მოახდენს მთელ შენს ცხოვრებაზე. მან იცის, რომ გული არის ადამიანის სიცოცხლის ცენტრი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და ვამბობთ, ჩვენი გულის მდგომარეობის ანარეკლია. რაც აკონტროლებს თქვენს გულს, ის გააკონტროლებს მთელ თქვენს ცხოვრებას. ამიტომ მთელი გულმოდგინებით უნდა დავიცვათ ჩვენი გული. დაე, სულიწმიდამ იბატონოს თქვენს გულზე. ნუ მისცემთ ეშმაკს ადგილს თქვენს ცხოვრებაში. (ეფესელთა 4:27).
2. ჩვენი საზრუნავი/სადარდებელი
„არაფერზე იზრუნოთ/იდარდოთ, არამედ ლოცვითა და მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილები ღმერთს“ (ფილიპელთა 4:6).
საზრუნავი/სადარდებელი გვაშორებს ღმერთს. დარდი და წუხილი, რომელიც საზრუნავს მოაქვს, თესავს შიშს, ღვთის სიტყვა კი ამბობს, რომ ღმერთმა არ მოგვცა შიშის სული. ბიბლია ცხადყოფს, რომ არსებობს შიშის სული, რომელიც ეშმაკისგანაა. იგი გვაიძულებს – ვფოკუსირდეთ პრობლემაზე და არა გამოსავალზე. შიში და შფოთვა ეშმაკის ძლიერი იარაღია. თუ იგი მოახერხებს ჩვენს შეშინებას, შეეცდება შემოგვთავაზოს ისეთი „გამოსავალი“, რომელიც ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება. სირთულეთა დროს უფრო მეტად უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ღმერთი იზრუნებს ჩვენზე. ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რა იქნება ხვალ (მათე 6:33, იგავები 3:5-6), იფიქრეთ იმაზე, რომ ღმერთი აკონტროლებს ყოველივეს.
3. ჩვენი აზრები
ჩვენ მუდმივ სულიერ ომში ვართ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენი აზრების სადარაჯოზე, რათა დავუმორჩილოთ ყოველი აზრი ქრისტეს. მტერს ძალუძს ჩვენს ცხოვრებაში შემოღწევა ჩვენს გონებაში თავისი აზრების ჩათესვის გზით. უფლის ჭეშმარიტი სიტყვის მეშვეობით განწმინდე შენი გონება, კარგად გააანალიზე, თუ რაზე ფიქრობ, რადგან, როგორც წესი, ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებთ, დღის განმავლობაში კი თითქმის არაა ისეთი მონაკვეთი, ძალაუნებურად რაიმეზე რომ არ ვფიქრობდეთ.
4. ჩვენი ბაგე
სატანას სურს, რომ ჩვენი ბაგით ვანგრევდეთ ურთიერთობებს. მას მოსწონს, როცა უხეშად ვლაპარაკობთ და სურს, რომ ჩვენმა სიტყვებმა სხვები დაამციროს. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენი ბაგიდან შეგვიძლია გამოვათავისუფლოთ კურთხევა ან წყევლა, რომ სიკვდილი და სიცოცხლე ენის ხელშია. უნდა ვაკონტროლებდეთ ჩვენს მეტყველებას და ვფილტრავდეთ მას ღვთის სიტყვის შესაბამისად. ჩვენი სიტყვები უნდა ემსახურებოდეს შერიგებას, აღმშენებლობას და მშვიდობას ურთიერთობებში და განადიდებდეს ღმერთს (1-ლი კორინთელთა 15:33).
5. ჩვენი სხეულები
ფასით ვართ ნაყიდნი. ჩვენში იესო ქრისტეს ძვირფასი სისხლია გადახდილი, ამიტომაც ჩვენი სულით, გონებით და სხეულით მას უნდა განვადიდებდეთ, რადგან მთლიანად მას ვეკუთვნით. ჩვენი სხეულები ღმერთს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ სურს სატანას, გამოიყენოს ჩვენი სხეულები. მას სურს, რომ ცოდვაში ვცხოვრობდეთ, ჩვენს სხეულებს გახრწნილებას ვაძლევდეთ, რათა ღვთის სული ვერ დამკვიდრდეს ჩვენში (1-ლი კორინთელთა 6:18-20), რადგან არ ძალუძს წმინდას უწმინდურში დამკვიდრება.
იყავით ყურადღებით, როცა დარდობთ, ფიქრობთ, ლაპარაკობთ ან რაიმეს აკეთებთ, ყოველთვის დასვით შეკითხვა: განადიდებს თუ არა ესა თუ ის აზრი, ფიქრი, სიტყვა და საქციელი ღმერთს, თუ არა, მაშ, მზად იყავით – წინ აღუდგეთ ბოროტს და არ მისცეთ მას თქვენს ცხოვრებაში შემოღწევის საშუალება.
ავტორი: შონ აკერსი