ღვთის ნაკეთები იყო ეს დაფები, წარწერაც ღვთისა იყო, დაფებზე ამოკვეთილი
ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი ღვთის ჭეშმარიტი მსახურება და თაყვანისცემა, ღვთისა, რომელიც არის ადამიანის შემოქმედი და გამომხსნელი. ეს რელიგია დაფუძნებულია გამოცხადებაზე: ვერავინ შეიცნობდა ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას ან ვერ შეძლებდა მასთან პირად ურთიერთობას, რომ არა უფლის მოქმედება საკუთარი თავის გამოსაცხადებლად. ღმერთმა კი სწორედ ასე იმოქმედა და ბიბლიის სამოცდაექვსი წიგნი – მათ შორის ორმოცდაცხრა ქრისტემდე და ოცდაშვიდი მის შემდეგ დაწერილი – წარმოადგენს მისი თვითგამოცხადების ჩანაწერს, განმარტებას, გამოხატვასა და განსხეულებას. ღმერთი და ღვთისმოსაობა არის ბიბლიის მთავარი გამაერთიანებელი თემები.
ერთი მხრივ, წმინდა წერილები წარმოადგენს ღვთისმოსავი ადამიანების სარწმუნო მოწმობას ღმერთზე, რომელიც შეიყვარეს და ემსახურებიან; მეორე მხრივ, მათი შედგენისას ღვთაებრივი ზემოქმედების უნიკალური გზით, ისინი წარმოადგენენ თავად ღვთის მოწმობას და სწავლებას ადამიანის ფორმით. ეკლესია ამ წერილებს ღვთის სიტყვად მოიხსენიებს, რადგან მათი ავტორობაც და შინაარსიც ღვთაებრივია.
საბოლოო დადასტურება იმისა, რომ წმინდა წერილი ღვთისგანაა და მთლიანად მის სიბრძნეს და ჭეშმარიტებას მოიცავს, მოდის იესო ქრისტესა და მისი მოციქულებისგან, რომლებიც ასწავლიდნენ მისი სახელით. იესო, განკაცებული ღმერთი, აღიქვამდა ბიბლიას (ჩვენს ძველ აღთქმას), როგორც ზეციერი მამის დაწერილ სწავლებას, რომლისადმი მორჩილება მისთვის ისეთივე სავალდებულო იყო, როგორიც სხვებისთვის (მათე 4:4, 7, 10; 5:19-20; 19:4-6; 26:31, 52-54; ლუკა 4:16-21; 16:17; 18:31-33; 22:37; 24:25-27, 45-47; იოანე 10:35), და რომლის აღსრულებაც გახლდათ მისი მისია (მათე 5:17-18; 26:24; იოანე 5:46). მოციქული პავლე ძველ აღთქმას სრულიად „ღვთივსულიერად“, „ღვთით შთაგონებულად“ მოიხსენიებს – რაც ნიშნავს, რომ ის შედგენილია ღვთის სულის მიერ, ისევე როგორც სამყარო (ფსალმუნი 33:6; დაბადება 1:2) – და დაწერილია ქრისტიანობის შესასწავლად (მე-2 ტიმოთე 3:15-17; რომაელთა 15:4; 1-ელი კორინთელთა 10:11). მოციქული პეტრე ადასტურებს ბიბლიური სწავლების ღვთიურ წარმოშობას მე-2 პეტრეს 1:21-სა და 1-ელი პეტრეს 1:10-12-ში, და იმავეს აკეთებს ებრაელთა მიმართ წერილის ავტორიც ციტირების მეთოდით (ებრაელთა 1:5-13; 3:7; 4:3; 10:5-7, 15-17; შდრ. საქმეები 4:25; 28:25-27). იმის გამო, რომ მოციქულთა სწავლება ქრისტეს შესახებ არის გამოცხადებული ჭეშმარიტება ღვთით ნასწავლ სიტყვებში (1-ელი კორინთელთა 2:12-13), ეკლესია სწორად მიიჩნევს ავთენტურ მოციქულებრივ ნაწერებს, როგორც წმინდა წერილის შემავსებელს. უკვე პეტრე მოიხსენიებს პავლეს წერილებს, როგორც წმინდა წერილს (მე-2 პეტრე 3:15-16), ხოლო პავლე, როგორც ჩანს, ლუკას სახარებას წმინდა წერილად აღიარებს 1-ელი ტიმოთეს 5:18-ში, სადაც ის ლუკას 10:7-ს ციტირებს.
ღვთისგან დაწერილი მითითებების იდეა, როგორც ღვთისმოსავური ცხოვრების საფუძველი, იწყება მაშინ, როცა ღმერთმა ათი მცნება ქვის ფილებზე ამოკვეთა და მოსეს უბრძანა, დაეწერა მისი კანონები და ისტორია მის ურთიერთობაზე თავის ერთან (გამოსვლა 32:15-16; 34:1, 27-28; რიცხვნი 33:2; მეორე რჯული 31:9). ამ მასალის წაკითხვა და მისით ცხოვრება ყოველთვის მნიშვნელოვანი და მთავარი იყო ჭეშმარიტი ღვთისმოსაობისთვის ისრაელში როგორც ლიდერებისთვის, ისე უბრალო ხალხისთვის (იესო ნავეს ძე 1:7-8; მე-2 მეფეთა 17:13; 22:8-13; 1-ელი ნეშტთა 22:12-13; ნეემია 8; ფსალმუნი 118). პრინციპი, რომ ყველა უნდა იყოს მართული წმინდა წერილით – ანუ ძველი და ახალი აღთქმების ერთობლიობით – ასევე წარმოადგენს ქრისტიანობის საფუძველს.
რასაც წმინდა წერილი ამბობს, იმას ამბობს ღმერთი; რადგან, განკაცების ღრმა საიდუმლოს მსგავსად, ბიბლია არის სრულად ადამიანური და სრულად ღვთიური. ამიტომ მისი ყოველი სახის შინაარსი – ისტორიები, წინასწარმეტყველებები, პოემები, სიმღერები, სიბრძნე, ქადაგებები, სტატისტიკა, წერილები და სხვა – უნდა მივიღოთ, როგორც ღვთისგან მომდინარე და ყველაფერი, რასაც ბიბლიის ავტორები ასწავლიან, უნდა ჩაითვალოს ღვთის ავტორიტეტულ მითითებად. ქრისტიანებმა მადლობა უნდა შესწირონ ღმერთს მისი დაწერილი სიტყვისთვის, და თავიანთი რწმენა და ცხოვრება მთლიანად და მხოლოდ მასზე უნდა დააფუძნონ. სხვაგვარად, ვერასოდეს სათანადო პატივს ვერ მივაგებთ მას, ისეთს, როგორსაც იგი მოგვიწოდებს.
ჯ. ი. პეკერი