რა არის წყლით ნათლობა?
წყლით ნათლობა არის რიტუალი/წმინდა საიდუმლოება, რომელიც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა და რომელიც უნდა აღესრულებოდა საუკუნეთა დასასრულამდე (მათე 28:18-20).ნათლობა აღნიშნავს მორწმუნის გაერთიანებას იესო ქრისტესთან მის სიცოცხლეში, სიკვდილში, დამარხვასა და აღდგომაში და ასევე, მორწმუნის გახდომას ეკლესიის წევრად, ღმერთის ახალი აღთქმის ხალხის ნაწილად.
წმინდა წერილის მიხედვით, ნათლობის დანიშნულება, სულ მცირე, ორმაგია: პირველი, ეს არის ინიციაციისა და ეკლესიისადმი შეერთების ნიშანი, რაც წინ უნდა უძღოდეს პიროვნების მიერ უფლის ზიარებაში მონაწილეობის მიღებას და მეორე, ეს არის საკუთარი რწმენის შესახებ განცხადება და და ქრისტეს უფლობისადმი დამორჩილება.
ახალი აღთქმა არ იცნობს ისეთ ქრისტიანს, რომელიც მონათლული არ არის. ამის შესახებ მოწმობას მოციქულთა საქმეების წიგნში ვპოულობთ. ორმოცდაათობის დღის შემდეგ ყველა ადამიანი, ვინც სახარებას ირწმუნებდა, ინათლებოდა და ამით საჯაროდ აცხადებდა ქრისტეს მიმართ საკუთარი რწმენის შესახებ (საქმეები 2:41; 8:12-13, 36-39; 9:17-18; 10:47-48; 16:14-15, 31-33; 18:8; 19:5).
ეკლესია არ ასრულებს საკუთარ მოწოდებას, თუკი ის არ იმოწაფებს ადამიანებს ნათლობისა და სახარებისეული ჭეშმარიტების სწავლების მეშვეობით. ისმის კანონიერი კითხვა: სახელდობრ, რა არის ნათლობა?
ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც იცნობს ისტორიულ თეოლოგიას, იცის, რაოდენ ხანგრძლივი ისტორია აქვს უთანხმოებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ნათლობის მნიშვნელობა, ვინ უნდა მოინათლოს და როდის და ასევე ნათლობის რომელი სახე უნდა იქნეს გამოყენებული. ამ დებატების გათვალისწინებით, ნათლობა მეორეხარისხოვან საკითხად არ უნდა მივიჩნიოთ. ნათლობა ნაბრძანებია ჩვენი უფლის მიერ და ეს გახლავთ სახარების ხილული განცხადება.
აგრეთვე, ნათლობასთან დაკავშირებულ პაექრობათა ქვეშ ძევს არსებითი მნიშვნელობის მქონე ბიბლიურ-თეოლოგიური საკითხები. ნათლობასთან დაკავშირებული ყოველი პოლემიკა მთლიან თეოლოგიურ სისტემებს აირეკლავს. თითოეული სისტემა მაჩვენებელია იმისა, თუ როგორ ესმის ამა თუ იმ ადამიანს ბიბლია, განსაკუთრებით, ის, თუ როგორ ესმის ხსნის ბუნება და ურთიერთდამოკიდებულებანი ბიბლიურ აღთქმათა შორის.
წყლით ნათლობის მნიშვნელობა და დანიშნულება
ბევრი შეიძლება დაიწეროს ნათლობის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ. უფრო მეტიც, ნათლობასთან დაკავშირებული საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა მე-16 საუკუნის რეფორმაციიდან მოყოლებული. მიუხედავად ამისა, ვისაუბროთ ნათლობასთან დაკავშირებული იმ ოთხი ჭეშმარიტების შესახებ, რომელიც ახალაღთქმისეულ სწავლებას შეესაბამება.
პირველი, ნათლობა ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა, რომელიც ღმერთმა მისცა ეკლესიას იმისათვის, რომ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს რწმენა საჯაროდ ვაღიაროთ. განა ასე არ იყო სულიწმიდის მოფენის დღესაც, როდესაც პეტრე მოციქულის ქადაგების შემდეგ ხალხმა შესძახა: „როგორ მოვიქცეთ, კაცნო ძმანო?“
პეტრემ ის-ის იყო იქადაგა იმის შესახებ, რომ სულიწმიდის გადმოსვლა იყო მოწმობა იმისა, რომ გამოსყიდვა აღსრულდა; რომ იესო უფალი და ქრისტეა (საქმეები 2:36) და რომ ძველ აღთქმაში დაპირებული ახალი ეპოქა უკვე დადგა (იოველი 2:28-32; ეზეკიელი 36:25-27; იერემია 31:31-34). როგორი იყო პეტრეს პასუხი მათ კითხვაზე?
„მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად…“ (საქმეები 2:38).
ნათლობა მშვენიერი და შთამბეჭდავი სურათია ქრისტეს მიმართ ჩვენი მორჩილებისა და ასევე სახარების ჭეშმარიტებისა, რომელსაც სხვა საეკლესიო რიტუალი ვერ ჩაანაცვლებს.
მეორე, იოანე ნათლისმცემლის ნათლობისგან განსხვავებით, ქრისტიანული ნათლობა აღნიშნავს მორწმუნის გაერთიანებას ქრისტესთან მის სიკვდილში, დამარხვასა და აღდგომაში (რომაელთა 6:3-7; კოლასელთა 2:11-12); ასევე, ამ ერთობის თანმხლებ ყველა სიკეთეს. სწორედ ამიტომაც, ნათლობა ახალ აღთქმაში მიჩნეულია შინაგანი რეალობის აღმნიშვნელ გარეგან სიმბოლოდ, ნიშნად. რწმენით ნათლობა აღნიშნავს სულიწმიდის მიერ აღსრულებულ განახლებას (ტიტე 3:5), შინაგან განწმენდას და ცოდვების მიტევებას (საქმეები 22:16; 1-ლი კორინთელთა 6:11; ეფესელთა 5:25-27).
მესამე, წყლით ნათლობა აღნიშნავს მორწმუნის შესვლას ქრისტეს სხეულში, ეკლესიაში.
„ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით. უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.“
(გალატელთა 3:27-28)
მაშასადამე, ნათლობა არის, როგორც უფლისადმი კუთვნილების, ასევე ქვეყნიერებისგან გამიჯვნის ნიშანი (შდრ. საქმეები 2:40-41).
მეოთხე, წყლით ნათლობა არის დაპირება და მოლოდინი იმისა, რომ ქრისტეში მოიყრის თავს ყოველივე (ეფესელთა 1:9-10). ქრისტიანული ნათლობა აღნიშნავს იმას, რომ მორწმუნე ახალი ქმნილებისა და ახალი აღთქმის გარიჟრაჟში შეაბიჯა ქრისტესთან ერთობის მეშვეობით. სწორედ ამიტომაც ამბობდა მოციქული პავლე:
„მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია.“
(მე-2 კორინთელთა 5:17)
რასაკვირველია, გაცილებით უფრო მეტის თქმა შეიძლება წყლით ნათლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ოთხი ჭეშმარიტება მოიცავს ნათლობის შესახებ ახალაღთქმისეული სწავლების უდიდეს ნაწილს. მიუხედავად ამ საკითხთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ: ყოველი ქრისტიანი უნდა მოინათლოს ღვთისადმი მორჩილების ნიშნად; ნათლობა ნიშანია ქრისტესთან ერთობისა და ახალი აღთქმის ყველა სიკეთისა; ნათლობით ვხდებით ქრისტეს ეკლესიის ნაწილნი; ესაა ქრისტეს რწმენის საჯარო აღიარება და ასევე, ნათლობა ქმედითია მხოლოდ მადლით, მხოლოდ რწმენის მეშვეობით და მხოლოდ ქრისტეში.
https://www.thegospelcoalition.org/essay/water-baptism/