რას ნიშნავს ხელახლა შობა?
შეგვიძლია, შემდეგნაირად განვსაზღვროთ ის: ხელახლა შობა ღმერთის მიერ აღსრულებული საიდუმლო აქტია, რომელშიც იგი ახალ სიცოცხლეს გვაძლევს.
ა. ხელახლა შობას/აღორძინებას აღასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი
გამოსყიდვის პრაქტიკული გამოყენების ზოგიერთ ნაწილში ჩვენ აქტიურ როლს ვასრულებთ, მაგრამ ხელახლა შობის საქმეში პასიურნი ვართ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის საქმეა.
ამას ვხედავთ, მაგალითად, იოანეს სახარებიდან, სადაც იოანე მოციქული წერს იმ ადამიანთა შესახებ, რომლებსაც ქრისტემ მიანიჭა ძალაუფლება ღვთის შვილებად გახდომისა:
„ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ“
აქ მოციქული ხაზს უსვამს იმას, რომ ღვთის შვილები არიან ისინი, ვინც „იშვნენ… ღვთისაგან“. ჩვენს ადამიანურ ნებას („ხორცის ნებას“) არ ძალუძს ამგვარი შობის გამოწვევა. ის ფაქტი, რომ ჩვენ პასიურნი ვართ აღორძინებისას, იქიდანაც ცხადი ხდება, რომ წმინდა წერილი ამას „შობას“ ან „ხელახლა შობას“ უწოდებს (შდრ. იაკობი 1:18; 1-ლი პეტრე 1:3; იოანე 3:3-8).
ჩვენ არ აგვირჩევია ის, რომ ფიზიკური სიცოცხლე მოეცათ ჩვენთვის; არც ის აგვირჩევია, რომ დავბადებულიყავით, ეს უბრალოდ მოხდა ჩვენს თავს. მსგავსადვე, წმინდა წერილში მოხსენიებული ეს ანალოგიები გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სრულიად პასიურნი ვართ ხელახლა შობისას.
ღმერთის მიერ აღსრულებული აღორძინების ეს უზენაესი საქმე ასევე ეზეკიელის მიერაც იყო ნაწინასწარმეტყველები. მისი მეშვეობით ღმერთი დაჰპირდა თავის ხალხს, რომ მომავალში მათ ახალ სულიერ სიცოცხლეს მისცემდა:
„მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ“
სამების რომელი წევრი იწვევს ხელახლა შობას? „სულისაგან შობაზე“ (იოანე 3:8) საუბრისას, იესო მიუთითებს იმაზე, რომ განსაკუთრებით სულიწმიდა ღმერთია ის, ვინც იწვევს ხელახლა შობას. ამავდროულად, სხვა მუხლები მიგვანიშნებს იმაზე, რომ აღორძინების საქმეში მამა ღმერთიც მონაწილეობს. პავლე მოციქული აზუსტებს, რომ სწორედ ღმერთმა „გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად“ (ეფესელთა 2:5; შდრ. კოლასელთა 2:13). ასევე იაკობიც წერს, რომ „ნათელთა მამა“, რომელმაც მოგვცა ახალი სიცოცხლე:
„მან თავისი ნებით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ, ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის“
და ბოლოს, პეტრე მოციქული ამბობს, რომ ღმერთმა „თავისი მრავალი წყალობით, ხელახლა გვშვა ჩვენ [მოგვცა ახალი სიცოცხლე] იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით“ (1-ლი პეტრე 1:3). შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მამა ღმერთიც და სულიწმიდა ღმერთიც წარმოშობენ ადამიანში სულიერ აღორძინებას.
ბ. ხელახლა შობის ზუსტი ბუნება საიდუმლოა ჩვენთვის
ზუსტად რა ხდება ხელახლა შობისას, ეს ჩვენთვის საიდუმლოა. ვიცით, რომ სულიერად მკვდარი ადამიანები (ეფესელთა 2:1) როგორღაც ცოცხლდებიან, „ხელახლა იბადებიან“ (იოანე 3:3, 7; ეფესელთა 2:5; კოლასელთა 2:13). თუმცაღა ჩვენ არ გვესმის, როგორ ხდება ეს, ან ზუსტად რას აღასრულებს ღმერთი ჩვენთან მიმართებით ამ ახალი სიცოცხლის მოსაცემად. იესო ამბობს:
„ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი“
წმინდა წერილი აღორძინებას განიხილავს, როგორც რაღაცას, რაც მთლიანად ჩვენს პიროვნებაზე ახდენს გავლენას. რასაკვირველია, ჩვენი სული „ცოცხალია“ (რომაელთა 8:10) ღვთის წინაშე ხელახლა შობის შემდეგ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აღორძინება მთლიანად ჩვენს პიროვნებას ეხება. მხოლოდ ჩვენი სულები როდი იყო მკვდარი უწინ, არამედ ჩვენ ვიყავით მკვდარნი ჩვენს დანაშაულსა და ცოდვებში (ეფესელთა 2:1). არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ ხელახლა შობისას მხოლოდ ჩვენი სულები ცოცხლდება, რამეთუ ჩვენი არსების ყოველ მხარეზე ახდენს გავლენას აღორძინება:
„მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია“
იმის გამო, რომ აღორძინება ღმერთის მიერ ჩვენში აღსრულებული საქმეა, რომელიც ახალ სიცოცხლეს გვანიჭებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს მყისიერი მოვლენაა. ის მხოლოდ ერთხელ ხდება, თუმცაღა ყოველთვის როდი ვიცით, ზუსტად როდის ხდება ეს მყისიერი ცვლილება. სწორედ ისეა, როგორც იესო ამბობდა ქარის შესახებ: გვესმის მისი ხმა და ვხედავთ მისი მოქმედების შედეგს, მაგრამ თავად ქარს ვერ ვხედავთ.
გ. ჭეშმარიტ ხელახლა შობას შედეგები უნდა მოჰყვეს ადამიანის ცხოვრებაში
ხელახლა შობის რამდენიმე შედეგის შესახებ იოანე მოციქული წერს თავის 1-ელ წერილში. მაგალითად, ის ამბობს:
„ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი“
აქ იოანე განმარტავს, რომ ხელახლა შობილ ადამიანში არის სულიერი „თესლი“ (სიცოცხლის წარმომქმნელი და მზარდი ძალა) და რომ ეს აძლევს მას უნარს, იცხოვროს უწყვეტი ცოდვისგან თავისუფალი ცხოვრებით. რასაკვირველია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ადამიანი სრულყოფილად იცხოვრებს, არამედ იმას, რომ მისი ცხოვრება არ იქნება ცოდვისადმი მუდმივი მისწრაფება. აღსანიშნავია, რომ იოანე მოციქულის თქმით, ასეა ყველა ხელახლა შობილი: „ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს“ [არ განაგრძობს ცოდვის ჩადენას].
სხვანაირად ამის თქმა ასე შეიძლება: „ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი“ (1-ლი იოანე 2:29). ხელახლა შობის ერთ-ერთი, კონკრეტული შედეგი იქნება ნამდვილი, ქრისტესმიერი სიყვარული: „ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს“ (1-ლი იოანე 4:7).
ამ ახალი სიცოცხლის კიდევ ერთი შედეგი ქვეყნიერების ძლევაა:
„მისი მცნებები მძიმე როდია. რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა“
აქ იოანე განმარტავს, რომ ხელახლა შობა ადამიანს აძლევს ქვეყნიერების ცდუნებათა და ზეწოლათა დაძლევის უნარს, როლებიც სხვა შემთხვევაში ხელს შეგვიშლიდა ღვთის მცნებათა მორჩილებასა და მის გზაზე სიარულში. იოანე ამბობს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ზეწოლათა დაძლევას და მაშასადამე, ჩვენთვის „მძიმე“ როდი იქნება ღვთის მცნებათა მორჩილება, არამედ, პირიქით, სასიხარულო.
და ბოლოს, იოანე აღნიშნავს, რომ ხელახლა შობის კიდევ ერთი შედეგია დაცვა თავად სატანისგან:
„ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას“
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სატანამ მრავალჯერ სცადოს თავდასხმა, იოანე აფრთხილებს თავის მკითხველს: „ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად“ (1-ლი იოანე 4:4). ჩვენში მოქმედი სულიწმიდის ძალა გვიცავს დიდი სულიერი ზიანისგან, რომელიც ბოროტმა შეიძლება მოგვაყენოს. იოანე მოციქული ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს შედეგები აუცილებლად უნდა ჩანდეს ხელახლა შობილი ადამიანის ცხოვრებაში. ზემოხსენებული მუხლები ცხადყოფს იმას, რომ შეუძლებელია – პიროვნება ხელახლა იშვას და ჭეშმარიტად არ მოექცეს ღვთისაკენ.
აღორძინების სხვა შედეგებს ჩამოთვლის პავლე მოციქული „სულის ნაყოფზე“ საუბრისას, ანუ ეს გახლავთ შედეგი, რომელიც თითოეული მორწმუნის ცხოვრებაში მოქმედი სულიწმიდის ძალის მიერ წარმოიქმნება:
„ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“
თუ პიროვნება ჭეშმარიტად ხელახლა შობილია, სულის ნაყოფის ხსენებული შემადგენლები აუცილებლად იჩენს თავს მის ცხოვრებაში, ამის საპირისპიროდ, ურწმუნო ადამიანების ცხოვრებაში (მათ ცხოვრებაშიც, ვინც თავს მორწმუნეებად აჩვენებენ, მაგრამ არ არიან) არ იქნება შესამჩნევი ხასიათის ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები.
ქრისტე ეუბნებოდა თავის მოწაფეებს:
„ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს? ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს – კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ“
ქრისტეც, იოანეც და პავლეც მიუთითებენ იმაზე, რომ ხელახლა შობის მოწმობა ხასიათის თვისებებით უნდა გამოიხატებოდეს და არა სასწაულებით ან ეკლესიაში სხვადასხვა საქმის კეთებით. ზემოხსენებული სიტყვების შემდეგ იესო დასძენს:
„ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.“
წინასწარმეტყველება, ეგზორციზმი და იესოს სახელით აღსრულებული სხვა მრავალი სასწაული თუ ძლევამოსილი საქმე (რომ აღარაფერი ვთქვათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეკლესიაში ინტენსიურ მსახურებაზე) არ იძლევა დამარწმუნებელ მოწმობას იმისას, რომ ადამიანი ხელახლა შობილია. აშკარაა, რომ ეს ყოველივე შეიძლება ადამიანური ძალით იქნეს აღსრულებული ან თუნდაც, ბოროტის დახმარებით.
თუმცა, ღვთისა და მის შვილთა მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული, გულწრფელი მორჩილება მისი მცნებებისადმი და ქრისტესმიერი ხასიათის თვისებებია ის, რასაც პავლე სულის ნაყოფს უწოდებს და რაც პიროვნების ცხოვრებაში დროთა განმავლობაში იჩენს თავს. შეუძლებელია ამ ყოველივეს წარმოქმნა სატანის ან ადამიანური ძალის მეშვეობით. სულის ნაყოფს მხოლოდ სულიწმიდა ქმნის, რომელიც მოქმედებს მორწმუნის ცხოვრებაში და ანიჭებს მას ახალ სიცოცხლეს.
წიგნიდან „სისტემატური ღვთისმეტყველება“.