ადრექრისტიანული ხელოვნება გახლავთ პერიოდი ქრისტიანობის დასაწყისიდან ბიზანტიური ხელოვნების ჩამოყალიბებამდე VI-VII საუკუნეებში.
ადრექრისტიანული კულტურისა და არტეფაქტების შესახებ ჩვენი ცოდნა, ძირითადად, არქეოლოგიურ აღმოჩენებს ეფუძნება. სამწუხაროდ, ქრისტიანობის გავრცელების პირველი სამი საუკუნის ხელოვნების ნიმუშებიდან ძალიან ცოტა შემოგვრჩა, რაც მნიშვნელოვანწილად იმითაა განპირობებული, რომ ქრისტიანობა იდევნებოდა და გარდა ამისა, ქრისტიანები, ძირითადად, ღარიბები ან მონები იყვნენ.
ყველაზე ადრეული ნიმუშები პრაქტიკული ნივთებია, მაგალითად, საბეჭდავები და ბეჭდები, რომლებზეც ამოტვიფრულია სიმბოლური მოტივები: მტრედი, ღუზა, შუქურა და სხვ. 200 წლიდან ამას მოჰყვა კეთილი მწყემსის, თევზისა და პურის და ასევე სხვა გამოსახულებები. ფაქტობრივად, დღემდე მოღწეული ქრისტიანული გამოსახულებები რომის კედლებს გარეთ არსებული მიწისქვეშა სამარხების, ანუ კატაკომბების კედლებმა შემოგვინახა.
წინამდებარე სტატიაში საუბარია იესო ქრისტეს ადრეულ გამოსახულებებზე, რომელთაგან ზოგიერთი 1600 წელს ითვლის. ქრისტეს უძველესი, ჩვენამდე მოღწეული გამოსახულებანი, რომლებზეც ქრისტე პიროვნულად არის გამოსახული, თარიღდება, დაახლოებით, მე-2 საუკუნის დასასრულიდან მე-4 საუკუნემდე დროით და ძირითადად, რომში არსებულ კატაკომბებში ვპოულობთ. ეს უძველესი გამოსახულებები მარტივი იყო და ხშირად ასახავდა ქრისტეს მიერ კეთილ საქმეთა აღსრულებას.
დავრდომილის განკურნება
„დავრდომილის განკურნება“ მიიჩნევა მსოფლიოში ქრისტეს ყველაზე ძველ ნახატად, რომელიც დღესაც არსებობს და რომელზეც მკაფიოდაა გამოსახული მაცხოვარი. ნახატი სირიაში, დურა ევროპუსში არსებული ერთ-ერთი საშინაო ეკლესიის კედელზეა შესრულებული. ეს ეკლესია მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს, დღემდე მოღწეულ ქრისტიანულ ეკლესიად. ნახატი აღმოჩენილ იქნა 1921 წელს და თარიღდება, დაახლოებით, 235 წლით. ნახატზე გამოსახულია, როგორ კურნავს იესო დავრდომილს, რომელიც შემდეგ დგება ფეხზე, იღებს თავის სარეცელს და მიაქვს. კედლის ნახატი ინახება იელის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების გალერეაში დურა ევროპუსში მდებარე ამავე ეკლესიაში აღმოჩენილ სხვა ფრესკებთან ერთად.
ფრესკები აღებულ იქნა ოთახიდან, რომელიც ბაპტისტერიად გამოიყენებოდა. ეს კი საფუძველს გვაძლევს, პარალელი გავავლოთ ნათლობასა და დავრდომილის განკურნების სასწაულს შორის; ანუ ისევე, როგორც ნათლობა აღადგენს ცოდვით დაცემულ სულს, ასევე კურნავს ქრისტე დავრდომილს.
ქრისტეს ეს გამოსახულება მოციქულ იოანეს სახარებაში აღწერილი ამბის ასახვაა, როცა მაცხოვარმა 38 წლის განმავლობაში ლოგინად ჩავარდნილი კაცი განკურნა სიტყვებით: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე“.
კეთილი მწყემსი
სახარებებში არ არის აღწერილი ქრისტეს გარეგნობა, თუმცა, სამაგიეროდ, უამრავ ხატოვან აღწერას ვხვდებით, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილია „კეთილი მწყემსის“ მეტაფორა. ქრისტეს, როგორც კეთილი მწყემსის სიმბოლიზმი მოციქულ იოანეს სახარებიდან მომდინარეობს, სადაც ვკითხულობთ მაცხოვრის სიტყვებს: „მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გაწირავს ცხვართათვის.“ (იოანე 10:11).
სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ადრეული პერიოდის ქრისტიანი მხატვრები კეთილი მწყემსის სახეს ირჩევდნენ იმისათვის, რომ ქრისტე გამოესახათ. ასევე აღსანიშნავია, რომ ბერძნულ და რომაულ წარმართულ ხელოვნებაში უკვე არსებობდა მხარზე ცხვარშემოსმული მწყემსის მოტივი, რაც შემდგომ ქრისტიანობაში გადავიდა.
რომში არსებული კატაკომბები, სადაც „კეთილი მწყემსის“ უძველესი გამოსახულებაა აღმოჩენილი, წმ. კალისტოს სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც პაპ ზეფირინუსის გადაწყვეტილებითა და მითითებით რომის ქრისტიანული თემის ყველა წევრისათვის სამარხის მოწყობა დაიწყო.
წმ. კალისტო მაშინ დიაკვანი გახლდათ, ხოლო შემდგომ რომის მომდევნო პაპი გახდა. წმინდა კალისტოს თითოეული გარდაცვლილი ქრისტიანის პატივით დაკრძალვა ევალებოდა. ამასთან, ღარიბ ქრისტიანთა დაკრძალვას ეკლესია უზრუნველყოფდა. კატაკომბები II-IV საუკუნეებში გამოიყენებოდა სამარხად.
წმ. კალისტოს კატაკომბები ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდია რომის კატაკომბებს შორის და ცნობილია თავისი ფრესკებითა და ასევე პაპების კრიპტით. კატაკომბები 1854 წელს ხელახლა აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ჯოვანი ბატისტა დე როსიმ.
წმ. კალისტოს კატაკომბებში აღმოჩენილი „კეთილი მწყემსის“ ნახატი კატაკომბის ჭერზეა შესრულებული და თარიღდება მე-3 საუკუნის შუა ხანებით და ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კარგად შემონახული ნახატია მაცხოვრის გამოსახულებათა შორის. ნახატზე ვხედავთ ახალგაზრდა, უწვერო იესოს, რომელსაც ცხვარი ჰყავს მხრებზე შესმული. იმ დროისათვის ქრისტეს ამგვარად გამოსახვა დიდად გავრცელებული გახლდათ.
მოგვების მიერ ყრმა იესოს თაყვანისცემა
იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე პრისცილას კატაკომბა II-IV საუკუნეების ორი სართულის მქონე სამარხია. ტრადიციის თანახმად, კატაკომბის სახელწოდება უკავშირდება კონსულ მანიუს აცილიუს გლაბიონის ოჯახის წევრი ქალბატონის, პრისცილას სახელს. კატაკომბა მე-15 საუკუნეში იქნა ხელახლა აღმოჩენილი.
ფრესკა რომში არსებული პრისცილას კატაკომბებიდან მიჩნეულია სამი მოგვის ყველაზე ძველ გამოსახულებად. ის თარიღდება მე-3 საუკუნის შუა ხანებით და გამოსახულია კატაკომბის თაღზე. ნახატი მარტივადაა შესრულებული და მასზე გამოსახულია სამი, ერთნაირ სამოსში გამოწყობილი, ერთნაირი აღნაგობის კაცი, რომელთაგან თითოეულს ხელში უჭირავს დედის კალთაში მჯდარი ყრმისათვის განკუთვნილი საჩუქარი. „მოგვების თაყვანისცემის“ სცენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოსახულება გახლდათ ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებაში.
ქრისტე პეტრე და პავლე მოციქულებს შორის
მე-4 საუკუნით დათარიღებული მარცელინუსისა და პეტრეს კატაკომბებში აღმოჩენილია გამოსახულება, რომელზეც ქრისტე პეტრე და პავლე მოციქულებს შორის ზის, მათ ქვემოთ კი გამოსახულია ოთხი წამებული: გორგონიუსი, პეტრე, მარცელინუსი და ტიბურტიუსი, რომლებიც კატაკომბაში არიან დაკრძალულნი. ისინი მიუთითებენ მთაზე მდგარ ღვთის კრავზე.
ეს გამოსახულება, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება, ერთ-ერთი უძველესია მათ შორის, რომელზეც ქრისტე უფრო ასაკოვანია გამოსახული, წვერით. ხშირად სწორედ ასე გამოსახავდნენ ქრისტეს მე-4 საუკუნის მიწურულის ქრისტიანულ ხელოვნებაში.
ხსენებული კატაკომბების სახელი დაკავშირებულია ქრისტესათვის წამებულ მარცელინუსისა და პეტრეს სახელებთან, რომელთაგან ერთი გახლდათ მღვდელი, მეორე კი ეგზორცისტი. მათ შესახებ ვიგებთ „მარტვილოლოგიიდან“, რომელიც წმ. იერონიმეს კალამს მიეწერება.
2016 წელს დასრულდა მარცელინუსისა და პეტრეს კატაკომბებში არსებული რამდენიმე ფრესკის რესტავრაცია.
ტახტზე მჯდარი ქრისტე
სანტა პუდენციანას მოზაიკა მიჩნეულია მსგავს სტილში შესრულებულ მოზაიკათაგან უძველეს აფსიდის მოზაიკად. ამასთან, სანტა პუდენციანას ეკლესია რომში არსებული ეკლესიებიდან ყველაზე ძველ ეკლესიად მიიჩნევა. მოზაიკა შეიქმნა 410-417 წლებს შორის, პაპ ინოკენტი I-ის დროს. გამოყენებული მასალებია თაბაშირი და ოქროს ფურცლები.
მოზაიკაზე გამოსახულია ქრისტე, რომელსაც მეწამული ორნამენტებით შემკული ოქროსფერი ტოგა აცვია, ზის ძვირფასი თვლებით მოჭედილ ტახტზე. ეს ყოველივე რომის საიმპერატორო ხელისუფლების სიმბოლოებია.
მარჯვენა ხელი მბრძანებლურად აღუმართავს (ისე, როგორც გენერლების, და განსაკუთრებით იმპერატორების ბრძანებას გამოსახავდნენ იმ დროისათვის), ხოლო მარცხენა ხელში წიგნი უპყრია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ღვთის სიტყვას აცხადებს. ეს კიდევ ერთი სიმბოლოა რომაული საიმპერატორო ხელოვნებიდან, რომელიც ასახავს იმპერატორის მიერ კანონის გამოცემას.
ქრისტეს უკან გამოსახულია ქალაქი, რომლის ცენტრშიც მოჩანს მთა და მასზე აღმართული ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ჯვარი. ეს ქალაქი იერუსალიმია, ხოლო მთა არის გოლგოთა, მაგრამ ეს არ გახლავთ ამქვეყნიური ქალაქი, არამედ ზეციური იერუსალიმი. ამაზე მიუთითებს ცაში გამოსახული ოთხი ფიგურა, რომლებიც ჯვრის გარშემო დაფრინავენ. ეს ფიგურები გამოცხადების წიგნში აღწერილი კრავის თანმხლები ოთხი ცხოველის სიმბოლოა.
ფრთოსანი კაცი, ფრთოსანი ლომი, ფრთოსანი ხარი და არწივი ქრისტიანულ ხელოვნებაში ოთხი მახარებლის სიმბოლოებად იქცა, მაგრამ სანტა პუდენციანას მოზაიკის კონტექსტში ეს ცხოველები აღნიშნავს ცათა სამეფოს, რომელიც ამქვეყნიური დროისა და სივრცის მიღმაა. მაშასადამე, ქრისტე წარმოდგენილია, როგორც ზეციური ქალაქის მმართველი. ჯვარი კი მისი გამარჯვების სიმბოლო გახლავთ.
მე-4 საუკუნისათვის უკვე დამკვიდრებული იყო შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ რომის ეპისკოპოსი, იგივე რომის პაპი, გახლდათ წმ. პეტრეს მემკვიდრე, რომელიც მიჩნეულია რომის ეკლესიის დამაარსებლად. ისევე, როგორც ძალაუფლება მოდის ქრისტესგან, დროთა აღსასრულს, ეს ძალაუფლება ისევ ქრისტეს დაუბრუნდება. ფეხზე მდგარი ქალების ფიგურები გახლავთ პერსონიფიკაცია წარმართთა ეკლესიისა და ებრაელთა ეკლესიისა. ისინი გვირგვინებს აძლევენ ქრისტეს ისევე, როგორც გამოცხადების წიგნში აღწერილი 24 უხუცესი, რომლებიც თავიანთ გვირგვინებს ქრისტეს ფერხთით აწყობენ.
მოზაიკას მე-16 საუკუნეში ჩაუტარდა რესტავრაცია, თუმცა მისი ნაწილები შეცვალეს და სულაც მოაშორეს. რესტავრაციისას ორი მოციქული მოაშორეს კედლიდან ისევე, როგორც მოზაიკის მთელი ქვედა ნაწილი.
კეთილი მწყემსი
„კეთილი მწყემსის“ კიდევ ერთი გამოსახულება წმ. დომიცილას კატაკომბებშია აღმოჩენილი და თარიღდება 350-375 წლებით. დახატულია დიდი ოთახის აფსიდზე.
კეთილი მწყემსი დგას ბაღში, ერთი ცხვარი მხრებზე ჰყავს შემოსმული, ოთხი კი მის აქეთ-იქით დგას. ქრისტესთან უფრო ახლოს მდგარი ორი ცხვარი მას შეჰყურებს, ხოლო დანარჩენი ორი შებრუნებულა და მშვიდად ბალახობს.
ოდნავ მოშორებით ორი მტაცებელი ცხოველია (სავარაუდოდ, ლომები) გამოსახული, რომელთაგანაც იცავს კეთილი მწყემსი თავის სამწყსოს.
წმ. დომიცილას კატაკომბები ყველაზე დიდია რომში არსებული კატაკომბებიდან. ის გახლავთ მიწის ზედაპირიდან 16 მეტრის სიღრმეში არსებული 17 კილომეტრის სიგრძის გვირაბი-ლაბირინთი და მასში უამრავი სამარხია, რომელთაგან ბევრი ეკუთვნის ქალაქის ელიტის წარმომადგენლებს.
კატაკომბები განლაგებულია ოჯახური სამარხის ტერიტორიაზე, რომელიც ფლავიუსების ოჯახს ეკუთვნოდა. შესაძლოა, ეს მიწა ეკუთვნოდა დომიცილას, იმპერატორ ვესპასიანეს შვილიშვილს, რომელიც ქმართან, კონსულ ტიტუს ფლავიუს კლემენსთან ერთად მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა იმპერატორ დომიციანეს დროს, ქრისტიანთა დევნისას.
კატაკომბები 4 დონედ იყოფა, რომელთაგან თითოეული 5 მეტრის სიმაღლისაა. სულ კატაკომბებში 26,250 სამარხია. თავდაპირველად, ამ ადგილას იყო კოლუმბარიუმები, სადაც გარდაცვლილთა ფერფლს ინახავდნენ. მე-2 საუკუნეში ეს ტერიტორია გაფართოვდა და ქრისტიანთა სამარხად იქცა.
წმ. დომიცილას კატაკომბებში არსებული ფრესკები ცოტა ხნის წინ იქნა აღმოჩენილი ახალი ტექნიკის მეშვეობით, რომელსაც „ლაზერული გასუფთავება“ ეწოდება. ლაზერის მეშვეობით ხდება საუკუნეების განმავლობაში ზედაპირზე ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორება. ფრესკების აღმოჩენა მოხდა საღმრთო არქეოლოგიის პაპის კომისიის ორგანიზებით.
სამარხი აკლდამები პირველად 400 წლის წინ აღმოაჩინა მკვლევარმა ანტონიო ბოსიომ. მაცეის თქმით, მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ, სამარხი აკლდამები ჰქონოდათ. ხსენებული კატაკომბები ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ სასაფლაოდ არის მიჩნეული.
ქრისტე და მისი მოციქულები
ასევე წმ. დომიცილას კატაკომბებშია აღმოჩენილი ფრესკა, რომელზეც გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე, რომელსაც მარჯვენა ხელი აუწევია ორი გარდაცვლილი ადამიანისა და მათი მფარველი წმინდანების, პეტრესა და პავლეს წინ. ფრესკა მე-5 საუკუნის დასაწყისით თარიღდება.
კეთილი მწყემსის მოზაიკა
გალა პლაციდიას მავზოლეუმის შესასვლელში არსებული კეთილი მწყემსის მოზაიკა არა მხოლოდ ქრისტეს ერთ-ერთი უძველესი გამოსახულებაა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და კარგად შემონახულიც. ის თარიღდება 425 წლით. მასალად გამოყენებულია ქვა და მინა.
მავზოლეუმი ჯვარგუმბათოვანი შენობაა, რომელიც მდებარეობს იტალიის ქალაქ რავენაში, სან-ვიტალეს ეკლესიის მახლობლად. აშენებულია 425-450 წლებში. მისი მშენებლობა უკავშირდება რომის იმპერატორ თეოდოსიუს I-ის ქალიშვილის, გალა პლაციდიას სახელს, თუმცა თავად გალა პლაციდია არ გახლავთ იქ დაკრძალული. 1996 წელს მავზოლეუმი რავენის სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად შეიტანეს „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
მოზაიკაზე გამოსახულია ქრისტე, რომელიც ოქროსფერ და მეწამულ სამოსშია გამოწყობილი. ეს ფერები ჩვეულებისამებრ, სამეფო სტატუსზე მიუთითებს. მას ხელთ მწყემსის კვერთხი უპყრია. ოქროს კვერთხი ჯვარცმის ფორმისაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქრისტემ სიკვდილზე გაიმარჯვა. მოზაიკა სიმეტრიულია. მაცხოვარი ცენტრშია გამოსახული, გარშემო კი სამ-სამი ცხვარია.
მოზაიკა შესანიშნავი თვალსაჩინოებაა იმისა, თუ როგორ იცვლებოდა ქრისტეს გამოსახულებები დროთა განმავლობაში: თავდაპირველად მას უბრალო კეთილ მწყემსად გამოსახავდნენ, შემდეგ კი უკვე, როგორც ზეცათა მეფეს.
გამოყენებული წყაროები:
http://www.visual-arts-cork.com/