თვითმფრინავი, მატარებელი, ავტომობილი… ნებისმიერი ტრანსპორტით შეძლებთ მისვლას თქვენთვის სასურველ ადგილას, მხოლოდ სახელი თქვით. გსმენიათ კი ამ სახელების წარმოშობის შესახებ?
სახელის ჩამოყალიბება მრავალეტაპიანი პროცესი და ინტერპრეტაციის საგანია, განსაკუთრებით, როდესაც ეს სახელი მრავალჯერ ითარგმნება; მაგრამ საინტერესოა იმის მოკვლევა, საიდან იღებს სათავეს აღნიშნული სახელები.
ევროპა
„ფრანკების ქვეყანა“ – სახელმწიფო, რომელიც ფრანკებმა შექმნეს V საუკუნის ბოლოს. ძველ გერმანულში “franka” ნიშნავს „ყოჩაღს“ ან „მრისხანეს“.
გერმანიის სახელწოდების წარმოშობა უცნობია, შესაძლოა იმიტომ, რომ იგი 1871 წლამდე მრავალი ტომისა და ერთეულისგან შედგებოდა. გერმანიის სახელია “Deutschland” – გერმანულად, “Almenia” – ესპანურად, “Niemcy” – პოლონურად და “Saksa” – ფინურად. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ეს სახელი მოდის კელტური სიტყვიდან “gair” – “მეზობლისთვის”.
ხმელთაშუა ზღვაში, ჩექმის ფორმის ქვეყნის – იტალიის – სახელი წარმოიშვა სამხრეთ იტალიური ტომის “Vitali”-ს სახელიდან. სახელი უკავშირდება ლათინურ სიტყვას “vitulus“, რომელიც ნიშნავს „ხბოს“. სხვა განმარტების მიხედვით, სახელი წარმოიშვა ფრაზიდან „diovi-telia“, რომელიც ითარგმნება, როგორც „სინათლის მიწა“.
ბორცვი, რომელზეც ვატიკანი დგას, ძველთაგანვე იწოდებოდა, როგორც “Vaticanus”. ლათინურიდან “vaticinari” ნიშნავს „წინასწარმეტყველებას“. ძველად ეს ადგილი გამოყოფილი იყო მისნებისა და წინასწარმეტყველებისათვის.
„ბოსნია“ – ეს სახელწოდება წარმოდგება მდინარე ბოსნიის სახელიდან. „ჰერცოგოვინა“ – ტიტულისაგან „ჰერცოგი“, რადგან სწორედ ჰერცოგები მართავდნენ წინათ ამ ტერიტორიებს.
მაკედონია – ერთ-ერთი ძველი ვერსიის თანახმად, დასახელება წარმოდგება სახელისაგან „მაკედონი“, რომელიც ამ ადგილებში მცხოვრები ტომის ბელადს ერქვა. უფრო თანამედროვე ვერსიით, დასახელების ფუძეა სიტყვა “maketia”, რაც „ნახირს“ ნიშნავს. ამ ადგილებში მოსახლეობა ოდითგანვე მისდევდა მესაქონლეობას.
სან-მარინო სიტყვასიტყვით „წმინდა მარინოს“ ნიშნავს. დალმაციიდან დევნილმა ქრისტიანმა მარინომ 301 წელს აქ პირველი დასახლება დააარსა. სან-მარინო ერთ-ერთი უძველესი დამოუკიდებელი სახელმწიფოა ევროპაში.
აზია
ისრაელი – 1948 წელს, ახლად ჩამოყალიბებულ ებრაულ სახელმწიფოს ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო ეწოდა, თუმცა არსებობდა სახელწოდების კიდევ რამდენიმე ვერსია: „ისრაელის მიწა“, „სიონი“, „იუდეა“. ისტორიულად, სიტყვა „ისრაელი“ გამოიყენებოდა ისრაელის სამეფოსა და, ზოგადად, ებრაელი ერის აღსანიშნავად. ბიბლიის თანახმად, „ისრაელი“ იაკობს უწოდა ღმერთმა („ისრაელი“ ძველებრაულად „ღმერთთან შეჭიდებულს“ ნიშნავს), მას შემდეგ, რაც ის ღმერთს შეებრძოლა: „უთხრა: ‘ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.’“ (დაბ. 32-28). პირველი არქეოლოგიური არტეფაქტი, სადაც სიტყვა „ისრაელია“ მოხსენიებული, მერნეპტაჰას სტელაა, რომელიც ძველ ეგვიპტეშია შესრულებული და ძვ. წ. აღ. XIII საუკუნითაა დათარიღებული.
ჩინეთის სახელი ცინის დინასტიას უკავშირდება, პირველი ერთიანი და მრავალეროვანი სახელმწიფოა ჩინეთის ისტორიაში. დინასტია არსებობდა მხოლოდ ჩვ. წ. აღ-მდე 221-207 წლებში. ამ დინასტიას დიდი და გრძელვადიანი გავლენა ჰქონდა ქვეყნის განვითარებაზე. გასაოცარი ამბავია, რომ ჩინეთის სახელი თავდაპირველად შემოვიდა სპარსული ენიდან და უფრო ძველი ფესვები აქვს სანსკრიტში.
ინდოეთის სახელი ბერძნულიდან და სანსკრიტიდან შემოვიდა. “Sindhu“ ორივე ენაში მდინარის აღსანიშნავად გამოიყენებოდა.
ჩრდილოეთ ამერიკა
კანადის სახელი აბორიგენი ჰურონის ხალხისგან მოდის. “Kanata” ნიშნავს „დიდ სოფელს“ ან „დასახლებას“ მათ ენაზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს სახელი იტალიელი აღმომჩენის, ამერიგო ვესპუჩის, საპატივსაცემოდ ეწოდა. ვესპუჩიმ კოლუმბის შეცდომა გამოასწორა. ამ უკანასკნელმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ახალი მიწა აღმოსავლეთ ინდოეთი ეგონა.
მექსიკის სახელი არის გამარტივებული ფორმა − ესპანური თარგმანი აცტეკების დედაქალაქისა, რაც ნიშნავს „ადგილს მთვარის შუაგულში“.
სამხრეთ ამერიკა
„ბრაზილია“ არის შემოკლებული ვერსია სახელისა „Terra do Brasil“ („ბრაზილიის მიწა“). სიტყვა „ბრაზილია“ მომდინარეობს მცენარე ბრაზილიური ხისგან, რომელიც ერთ დროს უხვად იზრდებოდა ბრაზილიის სანაპიროს გასწვრივ. პორტუგალიურ ენაში ამ ხეს პაუ-ბრაზილი ჰქვია, სიტყვა „ბრაზილი“ ნიშნავს „ნაკვერჩხალივით წითელს“. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხე დიდი რაოდენობით წითელ საღებავს გამოყოფდა, გამოიყენებოდა ევროპული ტექსტილის ინდუსტრიაში მატერიის წითლად შესაღებად და საკმაოდ ძვირადაც ფასობდა მე-16 საუკუნის ევროპაში.
„ურუგვაის“ რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: პირველი, „Bird’s Tail“ – „ფრინველის კუდი“ „uru“-სთან კავშირში, „uru“ არის მწყრის სახეობა, რომელიც მდინარესთან ცხოვრობს. ურუგვაი ასოცირდება ასევე ნიჟარის ერთ-ერთ სახეობასთან, რის გამოც ქვეყანას ჰქვია “River of Sellfish”.
ვენესუელის სახელი იტალიის ქალაქ ვენეციას უკავშირდება, იგი ნიშნავს „პატარა ვენეციას“. სხვა ქვეყანაც არსებობს, რომელსაც ევროპული სახელი აქვს, ასეთია კოლუმბია, რომლის თავდაპირველი სახელი იყო „ახალი გრანადა“, ესპანური პროვინციის რეგიონული ცენტრის მსგავსად.
ოკეანეთი
ავსტრალია – ცნობილი, როგორც “the land Down Under”, ეწოდება მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. ლათინური სიტყვა “australis” აღნიშნავს „სამხრეთულს“. მის აღმომჩენს, მეთიუ ფლინდერსს, წვლილი მიუძღვის 1804 წლიდან სახელის პოპულარიზაციაში. სახელმა „ავსტრალიამ“ ჩაანაცვლა კონტინენტის ოფიციალური სახელი „ახალი ჰოლანდია“.
მაორის ენაზე ახალი ზელანდიის სახელია “Aotearoa”, რომელიც განიმარტება, როგორც „გრძელი თეთრი ღრუბელი“ – ადრეული პოლინეზიელი ნავიგატორები ქვეყნების აღმოჩენისას დამოკიდებულნი იყვნენ ღრუბლების მოძრაობაზე.
აფრიკა
სახელი „ეგვიპტე“ მომდინარეობს ძველბერძნული სახელიდან “Aiguptos” და ლათინური “Aegypus”, ასევე სახელიდან “hut-ka-ptah” („ღვთაება პტას სულის ტაძარი“). ქვეყნის ძველეგვიპტური სახელი „კემეთ“ ნიშნავს „შავ მიწას“ ნილოსის ველის ნაყოფიერი ნაპირებიდან. დღეს ეგვიპტის ოფიციალური სახელია “Jumhūrīyat Miṣr al-ʻArabīyah” ან “Arab Republic of Egypt” (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა).
სამხრეთ აფრიკას, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, მართებულად ჰქვია ეს სახელი. საინტერესოა, რომ სახელმწიფოს აქვს განსხვავებული სახელები ქვეყნის 11 ოფიციალურ ენაზე.
წყარო: https://www.visualcapitalist.com