მადლიერება ძვირფასი შესაწირავია ღვთის თვალში. ეს არის შესაწირავი, რომლის გაღებაც ჩვენ შორის ყველაზე ღარიბსაც შეუძლია ისე, რომ უფრო მეტად კი არ გაღარიბდეს, არამედ გამდიდრდეს.
ჭეშმარიტი თაყვანისცემა: მთელი ჩემი არსებით მადლიერებას და ქებას ვუძღვნიდე უფალს იმისთვის, როგორიც არის იგი.
არ ვდარდობ არაფერზე, ვლოცულობ ყველაფერზე, მადლიერი ვარ ნებისმიერი რამისთვის.
ერთია, იყო მადლიერი, მეორეა მადლობის გადახდა. მადლიერება გრძნობაა, მადლობის გადახდა კი – მოქმედება.
ერთი დღე საკმარისი არ არის, რომ ღმერთს მადლობა შევწიროთ ყველაფრისთვის, რაც მან მოგვცა.
მე ვამტკიცებ, რომ მადლიერება აზროვნების უმაღლესი ფორმაა და რომ მადლიერება არის ბედნიერება, რომელიც გაორმაგებულია ღვთის მოწიწებით.
ბედნიერ წუთებში ადიდე ღმერთი. სიძნელის წუთებში ეძიე ღმერთი. სიმშვიდის წუთებში ეთაყვანე ღმერთს. მტკივნეულ წუთებში მიენდე ღმერთს. ყოველ წუთს ემადლიერე ღმერთს.
როცა მადლიერების ლოცვას ვირჩევთ ნაცვლად შფოთვისა და ფორიაქისა, ამით წარმოვაჩენთ ღვთისადმი ურყევ ნდობას.
როგორც არ უნდა ღელავდეს ზღვა, მორწმუნის გულს მაინც შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება უფლისადმი აღვლენილი განუწყვეტელი ქებითა და მადლიერებით.
მადლიერება წარმოშობს ღრმა, ხანგრძლივ სიხარულს, რადგან ვიცით, რომ ღმერთი ძნელბედობის ჟამსაც მოქმედებს ჩვენში.
შენ ამბობ: „ცოტათი მეტი რომ მქონდეს, დიდად კმაყოფილი ვიქნებოდი“. შეცდომას უშვებ. თუ იმით არ ხარ კმაყოფილი, რაც გაქვს, არც მაშინ იქნები კმაყოფილი, ეს ყოველივე რომ გაორმაგებულიყო.
მადლიერი გული მაგნიტივითაა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მადლიერების მიზეზებს აგროვებს.
მადლიერება და წუწუნი ერთმანეთს ეწინააღმდეგება ღვთის შვილის ცხოვრებაში. იყავი მადლიერი და არ იწუწუნებ. იწუწუნე და არ იქნები მადლიერი.
მადლიერების გასაღები ისაა, რომ ღმერთს გარემოებების თვალით კი არ ვუყუროთ, არამედ გარემოებებს ვუყუროთ ღვთის სიყვარულისა და უზენაესობის თვალით.
ღმერთი ყოველთვის ათი ათას რაღაცას აკეთებს შენს ცხოვრებაში, მაგრამ შენ შეიძლება მხოლოდ სამი მათგანის შესახებ იცოდე.
ჩვეულებრივ ცხოვრებაში ძნელად თუ ვაცნობიერებთ, რომ გაცილებით უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე გავცემთ და რომ მხოლოდ მადლიერებით მდიდრდება სიცოცხლე.
ბევრი რამ მქონია ხელში და ყოველივე დავკარგე, მაგრამ ის, რაც ღვთის ხელს მივანდვე, კვლავ მაქვს.
ბედნიერება ის კი არ არის, რამდენი გვაქვს, არამედ ის, თუ რამდენად ვტკბებით იმით, რაც გვაქვს.
მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს ყველანაირი გარემოებისთვის: თუ კარგია, იმისათვის, რომ კარგია, ხოლო თუ ცუდია, იმისათვის, რომ ის მოთმინებას, თავმდაბლობას და კმაყოფილებას აყალიბებს ჩვენში ამქვეყნად, და ასევე, იმედს მარადიული სამკვიდრებლისთვის.
ღვთისათვის მადლობის შეწირვა ჭეშმარიტი ლოცვის განუყოფელი ნაწილია. ის, ვინც მუდამ ლოცულობს, მუდამ ადიდებს ღმერთს კარგად ყოფნისა თუ ტკივილისას, ლხინშიც და ყველაზე დიდ გასაჭირშიც.