გამარჯვებულებს ტაშს უკრავენ, მედლებსა და დიპლომებს ჩუქნიან, გვირგვინებით ამკობენ და ხალხის აღიარება ხვდებათ ხოლმე წილად… მაშინ, როდესაც სიტყვა „გამარჯვება“ გვესმის, რატომღაც გვგონია, რომ ეს ერთეულთა ხვედრია; ვფიქრობთ, რომ გამარჯვება მიუღწეველი რამაა და ხშირად ვიჯერებთ ტყუილს იმის შესახებ, რომ, უბრალოდ, ჯობს შევეგუოთ არსებულ რეალობას, რადგან ასე ნაკლებად მტკივნეული იქნება. არ დაიჯერო, რომ დანებება გამოსავალია, არ დაიჯერო, რომ შეგუება ტკივილს აგარიდებს, არ დაიჯერო, რომ გამარჯვება არ შეგიძლია.
ახლა თუ პრობლემების მთებს ხედავ, თუ განუწყვეტელი დარტყმები გაიძულებს მხოლოდ ტკივილზე იფიქრო, თუ დაიღალე და ფიქრობ, რომ გზის გაგრძელება აღარ შეგიძლია… აიღე ბიბლია და ინუგეშე თავი, რადგან ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია მარადიულად, უფალი გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა, ცაბაოთ ღმერთია, ჩვენს მხარეზე მეომარი და გამარჯვებული! ღმერთმა უკვე დაძლია თავისი ჯვრის ძალით ის, რაც ჩვენთვის დაუძლეველი იყო. უბრალოდ იბრძოლე, არ დანებდე, გწამდეს და გაიმარჯვე! გახსოვდეს, რომ მასთან ერთად შეუძლებელი არაფერია, ქედს ნუ მოუხრი ქვეყნიერებას, რადგან ის, ვინც შენშია, იმაზე მეტია, ვინც ქვეყნიერებაზეა…
ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ მტრებთან საბრძოლველად, თქვენ გადასარჩენად.
ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლეველებმა გაძლოთ.
ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
და მითხრა: ‘საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა’. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!
გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე.