ქრისტიანის ცხოვრება სავსეა ბრძოლით – ბრძოლა სიტუაციებთან, გარემოებებთან, პრობლემებთან, ბრძოლა საკუთარ თავთან, ძველ კაცთან, რომელიც მკვდრეთით აღდგენას ცდილობს ყველა შესაძლო მომენტში. როგორც ბიბლია ამბობს, ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, ჩვენ სულიერ ომში ვიბრძვით! ხშირად ჩვენი პრობლემები იმდენად ხელშესახებია, რომ ვივიწყებთ ამ მარტივ ჭეშმარიტებას და მათ მოგვარებას საკუთარი ხელებით ვცდილობთ, გვავიწყდება, რომ სულიერ ომში ხორციელად ვერ ვიბრძოლებთ… თუ ახლა ბრძოლაში ხარ, ალყაში ხარ მოქცეული და არ იცი, გადარჩენა გიწერია თუ არა, თუ ფიქრობ, რომ უკვე უამრავი დამარცხება იგემე და დანებება გამოსავალია, თუ დაიქანცე და გამოსავალს ვერ ხედავ, თუ ფიქრობ, რომ გამარჯვება შორსაა, აიღე უფლის ცოცხალი სიტყვა, რომელიც არის სულიერი მახვილი და იბრძოლე რწმენით. იცოდე, რომ არის ძალა უძლურებაში, რომ უფლის აღთქმები საუკუნოა და იგი თავისი სიტყვების უკან დგას. გამაგრდით უფლით, ის ყოვლისშემძლეა და ეს უბრალო სიტყვა არ არის, ის იმას გულისხმობს, რასაც ამბობს! რთულ მომენტებში გვახსოვდეს, რომ უფლის სიტყვა ცოცხალია, მოქმედი და მას ჩვენი ცხოვრების შეცვლის ძალა შესწევს…
შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, რადგან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამა სოფლის ბნელეთის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ, ამიტომ აიღეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლეველებმა გაძლოთ.
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ მტრებთან საბრძოლველად, თქვენ გადასარჩენად.
როცა ომში გახვალ შენი მტრის წინააღმდეგ და დაინახავ ცხენს და ეტლს და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეუშინდები მათ, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან.
თუ გავივლი საფრთხეში, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.
უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი – ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლის – ვისგან შევძრწუნდე?
ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.
ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ?