ხშირად ქრისტიანები უფალს უთმობენ დღის “მშვიდ დროს”, კითხულობენ წერილს და ჩუმად ლოცულობენ… ისინი ფიქრობენ, რომ სიმშვიდეში მეტი თანდასწრებაა. არის კი ეს “სიმშვიდე” ის, რაც გვჭირდება? იქნებ ზოგჯერ ხმა უნდა ავიმაღლოთ და ველაპარაკოთ უფალს? იქნებ დიალოგი უნდა გავმართოთ მონოლოგის ნაცვლად? იქნებ ჯობს ვიღაღადოთ, რათა ჩვენი ქება-დიდების და მადლიერების ხმა ზეცას მისწვდეს… იქნებ ჯობს, ხმამაღლა ვიტიროთ და მოვუხმოთ უფალს, ნაცვლად იმისა, რომ ღვთისმოსავი იერის შენარჩუნებაზე ვიფიქროთ?… ხშირად ღმერთი შორეული და მომთხოვნი გვეჩვენება, მაგრამ ეს არ არის მართალი. მიუახლოვდით მას და ესაუბრეთ, როგორც მეგობარს, ნუ ჩაიძირებით მშვიდ და მონოტონურ რიტუალებში, ეს გვიქმნის თვითკმაყოფილების ილუზიას, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა, რომელიც რეალურად არაფერს ცვლის ჩვენს ცხოვრებაში. ის ცოცხალია და ჩვენი მასთან ურთიერთობაც უნდა იყოს ცოცხალი!
ბიბლიაში ვხედავთ პასუხებს დაჟინებულ ლოცვაზე და გულმხურვალე ღაღადზე: “ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს, ჩემს ღმერთს შევძახე, და ისმინა თავის ტაძარში ჩემი ხმა, და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი” (2 მეფეთა 22:7). თუ გგონიათ, რომ თქვენი ლოცვა თქვენი ოთახის ჭერს არ სცდება, თუ ფიქრობთ, რომ ღმერთი პასუხს აგვიანებს, თუ უიმედობა გიპყრობთ და გგონიათ, რომ კიდევ ერთხელ ცდას აზრი არ აქვს… აიღე ბიბლია და ინუგეშე თავი, რადგან არის ძალა დაჟინებულ ლოცვაში! არის ძალა სასოწარკვეთილ ღაღადში! “დაელოდე უფალს და დაემორჩილე მას“ (ფსალ. 36:7) და ის დაგანახვებს გზას, გიხსნის გასაჭირისგან, რადგან მასზე ხარ დაიმედებული, რადგან ცოცხალია უკუნისამდე!
და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, როცა რაიმეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ.
იბეჯითეთ ლოცვაში და ფხიზლად იყავით მასში მადლიერებით.
მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენი, და ერთი ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი. მზერა მომაშორე, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.
ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება.
აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.
ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.
მტკიცედ ვესავდი უფალს; ყური მომაპყრო და შეისმინა ჩემი ვედრება, ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, განამტკიცა ნაბიჯნი ჩემნი, მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა ჩვენი ღმერთის სადიდებლად.