ამერიკელი მახარებელი და გამომცემელი, დუაიტ ლაიმონ მუდი დაიბადა 1837 წელს, მაგრამ მის მიერ გაკეთებული საქმეები დღემდე ცოცხალია. მან დააარსა გამომცემლობა „Moody Publishers“, მუდის ბიბლიური ინსტიტუტი (Moody Bible Institute), მუდის ეკლესია (Moody Church), ნორტფილდისა (Northfield School) და მაუნტ-ჰერმონის სკოლები (Mount Hermon School). არანაკლებ მნიშვნელოვანი და აქტუალურია მისი შრომებიც − ბიბლიური გაკვეთილები და თხზულებები, რომლებიც მან საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწერა.
დუაიტ ლაიმონ მუდი ცნობილი იყო იმით, რომ შეეძლო ღრმა ჭეშმარიტებათა მარტივად, ბრძნულად და მახვილგონივრულად გადმოცემა.
მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი გამონათქვამები, რომლებიც ნამდვილად გაგვამხნევებს.
ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთს არ მოსწონს, როცა მას ჩვენი სათხოვრებით ვაწუხებთ. სინამდვილეში, ღმერთი მაშინ წუხდება, როცა ჩვენ მასთან საერთოდ არ მივდივართ.
ჩვენ გასაჭირის ატანა უფრო ადვილად შეგვიძლია, ვიდრე კეთილდღეობის, რადგან კეთილდღეობისას გვავიწყდება ღმერთი.
ყველას სწყურია ღმერთისათვის დიად საქმეთა ჩადენა, მაგრამ მხოლოდ ცოტას თუ უნდა, რომ ღმერთს მცირედში ემსახუროს.
ყველაზე მეტად წარუმატებლობის კი არა, წარმატების მიღწევის უნდა გვეშინოდეს იმ საქმეში, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია.
ბიბლია მიზნად არ ისახავს გვიამბოს ის, თუ რა კარგები არიან ადამიანები. მისი მიზანია გვიჩვენოს ის, თუ როგორ შეიძლება ცუდი ადამიანისგან კარგი ადამიანი დადგეს.
ღმერთისთვის მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობის სიმცირეს. არაფერია მცირე, როცა ღმერთია იქ.
სიხარული ამაღლებული სიყვარულია; მშვიდობა მოსვენების მდგომარეობაში მყოფი სიყვარულია; სულგრძელობა მომთმენი სიყვარულია; გულმოწყალება სიყვარულია − საზოგადოების მიმართ გამოვლენილი; სიკეთე ამოქმედებული სიყვარულია; რწმენა ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიყვარულია; თავმდაბლობა სწავლის პერიოდში გამოვლენილი სიყვარულია; თავშეკავებულობა კი განსწავლის პროცესში მყოფი სიყვარულია.
ზეცა ძალიან შორეულად გვეჩვენება, მაგრამ მათთვის, ვინც მას ეკუთვნის, ზეცა წარმოთქმული სიტყვის მანძილზეა მათგან. ზეცა არის მომზადებული ადგილი მომზადებული ხალხისთვის.
ღმერთს არასოდეს მოუცია ისეთი დაპირება, რომლის დაჯერებაც წარმოუდგენელი იქნებოდა.
თუ ჩემს ხასიათზე ვიზრუნებ, ჩემი რეპუტაცია იზრუნებს ჩემზე.
მორჩილება ნიშნავს სწორად სვლას, მოგვწონს ეს თუ არა. ხშირად საკუთარი გრძნობების წინააღმდეგ მივდივართ. რწმენა ერთია, გრძნობა მეორე.
ან ბიბლია დაგიცავთ ცოდვისგან, ან ცოდვა ‘დაგიცავთ’ ბიბლიისგან.
ის, ვინც ხშირად დგება მუხლებზე ღმერთის წინაშე, სხვებზე მტკიცედ დგას ფეხზე.
ღმერთი არ ეძებს ოქროს ჭურჭლებს და არც ვერცხლისას ითხოვს. მას სუფთა ჭურჭლები სჭირდება.
ქვეყნიერებას არ ესმის თეოლოგიის და დოგმის; სამაგიეროდ, მისთვის სიყვარული და თანაგრძნობაა გასაგები.
ჭეშმარიტი რწმენა ღმერთის ძლიერებაზე დაყრდნობილი ადამიანის უძლურებაა.
ცოდვა ხმამაღლა ლაპარაკობს, მაგრამ პატიება ფარავს მის ხმას.
ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასწრება ისეთივე სასიცოცხლოდ აუცილებელი რამაა ქრისტეს მოწაფისათვის, როგორც ჯანსაღი სისხლის გადასხმა სნეული ადამიანისათვის.
ლოცვა არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ჩემს აზრთა და განზრახვათა დონეზე დავიყვანო და მისი ძალაუფლება მოვაქციო ჩემს უგუნურ და ხანდახან ცოდვილ გაგებათა საზღვრებში. ლოცვა ნიშნავს იმას, რომ აღვიზარდო და ავმაღლდე უფალთან ერთობასა და ერთ შეგრძნებაში და სრულად აღვასრულო მისი მიზანი.
რამდენად შორსაა ზეცა? ის არც ისე შორსაა, როგორც ზოგიერთები ამბობენ. ის არ იყო ძალიან შორს დანიელისგან, არც ელიასა და სხვათაგან იყო ზეცა ისე შორს, რომ მათი ლოცვები არ გაეგონათ იქ. სულიწმიდით აღსავსე ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ ზეცაში შეიხედონ.
ასი ადამიანიდან მხოლოდ ერთი წაიკითხავს ბიბლიას, დანარჩენი 99 წაიკითხავს ქრისტიანს.
ჯობს, ერთ ადამიანს ვასწავლო ლოცვა, ვიდრე ათ ადამიანს ვასწავლო ქადაგება.